საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ცოცხლად დამარხულები-ვინ მოაჯადოვა თუ დაწყევლა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა?” – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

ცოცხლად დამარხულები-ვინ მოაჯადოვა თუ დაწყევლა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა?”

ნეტავ, ის გამაგებინა, ვინ მოაჯადოვა თუ დაწყევლა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა?” _ მიამიტი სახით ვიკითხავდი გულუბრყვილოდ, მაგრამ გამეცინება და ისეთი ხვიხვინი ამიტყდება, “ტაბულა ბიცოლა” შარს მომდებს, მე ვიცი ასეთი სიცილი და ჩემგან მოიპარაო.
აგერ, ახლა, “ჩერგო” ელენე ხოშტარიას აქილიკებს: “ასეთი პრინციპულობა, რასაც დავით კეზერაშვილის პრომოუტირებასა და დაცვაში იჩენს, არც ერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია. კვოტებიდან ისე მომასრიალა, გაღიმებული დავრჩი, არადა, სულ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა როცა მის პოლიტიკაში შემოსვლას ვუჭერდი მხარს: სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა _ ორივეში გადამაგდო, მაგრამ აი, “კეზერა” ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა. ნეტავ, რატომ?
ჩვენ არ შევეკვრებით არავის, ვინც ოლიგარქიას პრინციპულად არ ემიჯნება. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას!”
მთელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რაგინდ მარტივ მამრავლებად დაიშალოს, მაინც ერთნი არიან, მაგრამ გარედან საყურებლად სხვანაირი დასანახია.
სეფე სიტყვა მაინც გიგი იგულავამ თქვა იმ მათთვის მძიმე დროს, ისეთი, რომ გვეგონა, ყურებს ხელში დააჭერინებდნენ, მაგრამ ისეთ გასაჭირშია “ნაცსექტა”, ერთი კაცი ისედაც ასად ეჩვენებოდათ და ახლა ასი ათასის ტოლფასია, “სხვა რამის თქმა უნდოდა და სხვანაირად გამოვიდაო”, ამის თქმას და “გაპრავებას” რა უდგას წინ, დეფიციტში მოხვედრილი სინდისი თუ ნამუსი.
საქმე ის გახლავთ, რომ რაც მაშინ იგულავამ თქვა დიდი წინასწარმეტყველივით, ეტყობა დღემდე ახსენებენ, არ დაუვიწყეს და წარა-მარა აძახებენ. ეს დაღდასმული კი, ეგებ რამენაირად გამოვისყიდო წამონაყრანტალებიო, ხან ცემენტად მოიხსენიებს მიხეილ სააკაშვილს და ხან დედამიწის ღერძად.
აბა, ამ სიტყვების თქმა შეიძლებოდა?
გიგი იგულავა: “ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა, მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის დღეს ადამიანური ტკივილი. ეს ადამიანი დღეს აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულისტკივილით, იმიტომ, რომ ეს არ არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს. ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებათ თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო როგორც ანტიკვარს და თუ ის ანტიკვარად არ იქცა და თუ ის ისევ გაწუხებს, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო _ ეს მანქანა, შეიძლება, მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე”.
ეს ჩვენის რქოსანი თეძოვიჩი რომელი პოლიტიკოსი მყავს, მაგრამ ჯანდაბას, დაიბრალოს, აი, მიშას ჯართობისა კი საინტერესოა…
რა ქნა იმ ჯადო-კაცმა!
ჩამოუქროლა ალალივით და მიპუტ-მოპუტა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ვინც იგუმანა, რა მოხდებოდა, შეირგო, რაც მოქაფა და ძეძვნარში მიიმალა, დარჩენი დოყლაპიები კი დგანან ახლა და დროდადრო პოლიტიკის უღრან ტყეში დაკარგულები ერთმანეთის ნაკვალევსღა სუნავენ…
ხმა გავარდა, “ნაცმოს” ნარჩენების ნაწილი კუნძულ კვიპროსზე გაილალაო. დიდი “ხაბე”, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბოტკოველი და დავით კირკიტაძე რომ დასტურ წავიდნენ “კეზერასთან”, გავიგეთ, მაგრამ ჭიჭე-კაცის ამბავი როგორ არის, ნეტავ, ჩუმად მიეახლა?
დავით კალანდია: “სტრატეგია აღმაშენებელში” უარყოფენ, რომ გიორგი ვაშაძე დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში გაემგზავრა…
– ბატონი გიორგი უბრალოდ გაემგზავრა კვიპროსში, _ თქვა ოთხკუთხედმა მანჯგალაძემ, _ წელიწადის ამ დროს ის კვიპროსში დადის.
– რატომ დადის კვიპროსში? -ჰკითხა აბეზარა კორესპონდენტმა და დიდი მიკროფონი ოთხკუთხედს პირთან მიუტანა.
ოთხკუთხედმა მიკროფონს უსუნა, დაიჯღანა და ეჭვიანად ჰკითხა: ჩემამდე სად გედოთ ეს მიკროფონი?
– აქ მე ვსვამ კითხვებს, – მკაცრად უპასუხა კორესპონდენტმა, _ და თქვენ ვალდებული ხართ, მიპასუხოთ, რათა არ შეუშალოთ ხელი ჩემს პროფესიონალურ საქმიანობას.
ოთხკუთხედი დაფრთხა.
– გპასუხობთ, ბატონი გიორგი დადის კვიპროსში, რათა არ შეხვდეს კეზერაშვილს.
– აბა, რა უნდა კვიპროსში?
– იქ… იქ…… იქ მისი ბებია ცხოვრობს, _ უცებ მოიფიქრა ოთხკუთხედმა მანჯგალაძემ და გაუხარდა, _ დიახ, უღრან კვიპოროსში ცხოვრობს მისი ბებია, ბებია პელოსი. ბებია პელოსის მოსანახულებლად წავიდა და კალათით ღვეზელი წაუღო.
_ ერთი ღვეზელი?
_ რატომ ერთი? ორი…
_ თავზე წითელი ქუდი ხომ არ ეხურა?
_ და თქვენ რა იცით? _ გაუკვირდა ოთხკუთხედს.
_ ჩვენ ყველაფერი ვიცით, _ ცივად მიუგო კორესპონდენტმა, _ და გზაში ალბათ, კეზერაშვილი შეხვდა და ბებიისკენ მიმავალი მოკლე გზა უჩვენაა?
_ მე დუმილის უფლებას ვიყენებ, _ თქვა ამაყად ოთხკუთხედმა, რომელსაც ყოველთვის უნდოდა ამ კლასიკური წინადადების თქმა და ახლა ამისი საშუალება მიეცა…”
კი, ნამდვილად ასე იქნებოდა, როგორც ბატონი დავითი ბრძანებს, რადგან წყაროთმფლობელმა ელისომ როგორც კი დაწერა, თუ გინდათ, მოგიყვებით, რა მოხდა კუნძულ კვიპროსზე, ლარნაკაშიო (კვიპროსის ექვსი რაიონიდან ერთ-ერთია, რომლის დედაქალაქიც ლარნაკაა), აჟრიამულდნენ ლარნაკის წყალდალეულები.
წყაროთმფლობელი ელისო: “მოგიყვეთ ლარნაკაზე საიდუმლო სერობის დეტალები?
როგორც მოსალოდნელი იყო, პარტიის მენეჯმენტის გამოძახება “ბილტმორის” შეკრების გამოძახილია.
მენეჯმენტი მიიჯირყვნა _ “კეზერამ”, მელია იმიტომ ბლატაობს, რომ თქვენ ხართ უსაქმურები და ვერაფერს აკეთებთო.
თუ არ გაინძრევით და არ იმუშავებთ, მოგვიწევს მისი მიღებაო. გვარამია მოდის და მაგასაც დიდი მადა რომ არ გაეხსნას, ამიტომ მაქსიმუმი უნდა აჩვენოთ რისი ტრ***ი გაქვთო.
ბრძოლა სიებზეა და არა გამარჯვებისთვის. ცხადია, ჩემზეც იყო ლაპარაკი. დეტალები ვიცი, მაგრამ არ დავწერ!
P.შ. მოკლედ, ორი ნიკას ჯიბრზე ბრძოლის ახალ გეგმას ველოდები.
ჰო, ვანო ჩახსნილია ამ ეტაპზე, ერთი არაფორმალური მმართველი დაგვრჩა ოპოზიციაში.”
ისე უცნაურად დაალიანდაგ-დააზიგზაგა იმ უჩინარმა ჯადო-კაცმა მთელი “ნაცსექტა”, ზიგ-ზაუერის კაკალ გულში დაკვრაც აღარ უშველით, _ არიან თუ აღარ არიან, ვერ გაუგიათ.
ზოგადად, მეხსიერება არ მღალატობს, მაგრამ “ნაცსექტის” “დვიჟენიები” 2012 წლის შემდეგ ნაკლებად მაინტერესებდა, ამიტომ, ეგებ კი ვცდები, მაგრამ ასე მახსოვს. “ნაცსექტა” თავდაპირველად ოთხმა დაბოლილმა დატოვა. რა ვიცი, დაბოლილები თუ არ იყვნენ, პარტიას “გირჩი” რა პონტში დაარქვეს? მერე კიდევ, ხან პირდაპირ ეთერში ქოთანში მარიხუანას რგავდნენ და ხან “გირჩი-მამაოები” შექმნეს (მგონი, ის “გირჩიც” გაეყოთ და გადმოცვივდნენ გირჩის თესლები თეთრ-მწვანედ…).
“წარბებშეტრუსულ გოჭზე” და მის “გირჩზე” ნაკლები რითი ვარო და “ეკოლოგიურ კატასტროფაში მოყოლილმა ფრინველმაც” აატყლაშუნა მაზუთიანი ფრთები და ზურაბ ჯაფარიძის გაგირჩებას თავისი გიორგი ვაშაძური “ახალი საქართველო” მიადევნა.
ამის არანაკლებ დაბოლილი და ფანტაზიორი ჭკუა ვატირე, “ახალი საქართველოს” ამშენებელი რომ არ იყო, მიხვდა და “სტრატეგია აღმაშენებლად” გადაიქცა, ვითომ დიდი სტრატეგია, ერთი ნაბიჯი აშორებს დავით აღმაშენებელს, მაგრამ მთავარია, თავმჯდომარე ერქვას და კოლმეურნეობის თავმჯდომარეობასაც სიხარულით დათანხმდება. ნუ, კოლმეურნეობა არ უნდა ერქვას, “კიბუცი” – მოსულა…
არ მოასვენა პოლიტიკური უძლურების განჭვრეტის ღრმა უნარმა და ბოლოს ისე შეესო ეკალივით უხერხულ ადგილზე, რომ მიაფურთხა საკუთარ უშობელ იდეებს და “დიდ ხაბეს” მიუცუცქდა, გავერთიანდეთ, საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდეთო. იმ ჩვენის ნაბეთქმა კიდევ, ოღონდ ახლა ამანაც არ მცემოსო (რისი წინააღმდეგობის თავი აქვს სპორტდარბაზის გარეთ), სასწრაფოდ მისცა დასტური და ერთობლივი ბრიფინგიც დაგეგმეს ამ “მნიშვნელოვანი” ამბის საჯაროდ გასაფორმებლად, მაგრამ “მელია და მისი რაზმი” არ მიიწვიეს. ვიღაც ტიპმა, ბაჩო დოლიძე რომ ყოფილა, ამოიგმინა, თქვე ჩემის პატივცემულებო, რა პერსპექტივა აქვს თქვენს გაერთიანებას, 2024 წლის არჩევნებისთვის დამოუკიდებლად გებრძოლათ, არ ჯობდაო? ელაპარაკე ახლა ამას ვაშაძე აღმაშენებლის სტრატეგიაზე, გაიგებს რამეს?
“ევროპული საქართველო” თავისთვის გადასრიალდა “მძინარე პითონის” თამადობით და “მანგუსტა” დაიყენეს “ნადზორად”…
მოკლედ, ოღონდ ელიავაზე “დაშლილებში” ნუ ჩაგვაბარებთ, სატინგიცოდ მაინც დაგვტოვეთ პოლიტარენაზე და დაშლილები ნულიდან დავიწყებთ, იქით დარჩება ნაცპოპულიზმი და აქეთ იქნება პროგრესი და თავისუფლებაო. რისგან და ვისგან თავისუფლდებიან ეს ჩემის მეორადი ჟანგიანი ჭანჭიკები? _ თურმე მავნებლური არაფორმალური რეჟიმისგან.
ისაო, კი დავიშალეთ, ვეღარც იდეები და აზრები შეგვიწყვია ჩონგურის სიმებივით და ვეღარც ნაცდოვლათი გაგვიყვია, მაგრამ სულისკვეთება და შვანცკის გორისკენ სწრაფვა ერთი გვაქვსო.
ფაქტია, რომ ნიგვზიანელი ქრისტინესავით ერთიმეორის მიყოლებით გაუბოზდნენ ერთმანეთს, ვისი ვიოლინი ვის როიალშია და ვისი ენა ვის ყურში დასლიკინობს, ვერ გაურკვევიათ, სულ “ჩიტები და ჩიტები” დაფრინავენ. ვერ გაფაჩუნებულან, მაშინათვე აფრინდება ერთი ენატანია დიდი ჩიტი და საიდუმლო სერობების ამბები დეპეშად მიაქვს ჩიტთამპყრობელ ელისოსთან და არა მხოლოდ მასთან.
ჩავარდა ივანიშვილის გეგმა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დასუსტებულიყო და დაშლილიყო, ვიწყებთ განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალ გზასო, _ გადავარდნენ უტოპიაში მრავალგულავნანახი “ნაცები” და განახლებულად გადაეწყვნენ.
ერთი “კალოდა” ნაცები “დიდი ხაბეს” ნაკრებშია, ძველ ნაცებში, ტრადიციულში, ოღონდ თვით “ხაბეს” რა უნდა იქ და ვინ შეტენა წიხლით, ან რატომ, “ჩიტებსაც” ვერ გაუგიათ;
მეორე “კალოდაში” სისხლისმოყვარე ნაცების ნაკლებობაა და თითქოს რაღაცის შესაცვლელად ფაფხურობენ;
მესამე “კალოდა” მიშას “უკვდავი პოლკია”, საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პირების ნაკრები, აღტკინებული მიშამადიდებლები, “მიშას მისაღებში” გამოფენილი ბოტასებით ქრონიკული დაავადებებისგან რომ იკურნებიან და მიშას ნაცვამი მაისურიდან მომდინარე მირონს რომ საკუთარი თვალით ხედავენ. აბელა სეთურის პონტში ახლადაღზევებული სოფო ჯაფარიძე უდგათ, ახალდროების მდედრი კვაჭი კვაჭანტირაძე.
ახლა ხუტა უფროსის ხმით ვიკითხავ და ზოგიერთებს მაუზერსაც დავუტრიალებ ცხვირწინ: აბა, ახლა ვინ არის ცოცხლად დამარხული?!

“საერთო გაზეთი”

ზურა ოშხერელი