საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რაში სჭირდება მიშას სოფოები? ამოვარდნილია რეალობიდან – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

რაში სჭირდება მიშას სოფოები? ამოვარდნილია რეალობიდან

საქართველო მუდმივად საფრთხის ქვეშაა, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს!
ნომრის სტუმარია
ჟურნალისტი ნუკა არველაძე:
– ნუკა, მინდა საუბარი მსოფლიოს ამჟამინდელი ცხელი წერტილით, ისრაელით დავიწყოთ. მე პირადად, აღარ მეგონა, თუ ოცდამეერთე საუკუნეში კიდევ შეიძლებოდა მსგავსი სასტიკი მეთოდებით ბრძოლა, როგორიც ახლა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარეობს...
-პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ რასაც ვამბობ, ეს ჩემი პირადი აზრი და დამოკიდებულებაა, იქიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და რა გამოცდილებაც ჩემმა პროფესიამ მომცა. თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ყველა საუკუნეში ხდებოდა რაღაც ამდაგვარი მსოფლიოში. ამჯერად თითქმის 50-წლიანი პაუზა გამოუვიდა სამყაროს, თუ ვიეტნამის ომს არ ჩავთვლით. ბუნებით პაციფისტი ვარ და მიმაჩნია, რომ კომუნიკაციითა და გულწრფელობით ყველაფრის მოგვარება შეიძლება, რადგან ძალადობა შობს ძალადობას. თუმცა, ადამიანების გარკვეული ნაწილი ომებისკენ არის მიდრეკილი. ასე რომ, ახალი არაფერი ხდება, უბრალოდ, ყველაფერი მეტად მძაფრად და უფრო დიდი მასშტაბებით მიმდინარეობს, რადგან გვაქვს გახსნილი ინფორმაციული ველი, ვცხოვრობთ ტექნოლოგიურ ეპოქაში, როცა ადამიანს შეუძლია აიღოს ტელეფონი და პირდაპირ რეჟიმში წამებში გაიგოს, რა ხდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამიტომ განვიცდით ყველაფერს ასე მძაფრად, თორემ უარესი ხდებოდა ვიეტნამის ომის დროს, ერაყის ომში, სულ რაღაც ოციოდე წლის წინათ. გამომდინარე აქედან, ისრაელის თემა გლობალური ომის გაგრძელების ერთ-ერთი ეტაპია.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ომი შეიძლება გადაიზარდოს რელიგიურ დაპირისპირებაში, რაც ყველაზე საშიშ ელემენტად მიმაჩნია. ერთია, როდესაც მიდის ტერიტორიებისთვის ბრძოლა, მაგრამ როცა ამას უკვე რელიგიური იდეოლოგია ემატება, ეს საშიში პრეცედენტია მსოფლიოში. მე ვფიქრობ, ეს არის ჰეგემონიისთვის ბრძოლა. ამ შემთხვევაში – ნატო-ს ჰეგემონიის შენარჩუნების მცდელობა. ვხედავთ, რომ დაკვირვების რეჟიმში არიან ნატო-ს ჰეგემონიის მოწინააღმდეგე ქვეყნები: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი… რადგან მკვეთრი პოზიციები არც ერთის მხრიდან არ გამიგია. ისინი მხოლოდ აკვირდებიან, როგორ უმკლავდებიან ადამიანები ხელოვნურად დატრიალებულ ამ უბედურებას. ვერავინ დამაჯერებს, რომ “ჰამასის” მოქმედებები გამოეპარათ მოსადს და ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაციის აგენტებს. ყველამ ვიცით, სადაც აშშ-ის ინტერესებია, ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია მათთვის და ამერიკის ინტერესებში ისრაელი და პალესტინა ნამდვილად შედის. ამიტომ, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც დააზარალებს აბსოლუტურად ყველა ხალხს, ოღონდ არა მათ – ვინც ეს ომი წამოიწყო.
ისრაელი-პალესტინის ისტორია 40-იანი წლებიდან, ომის შემდგომი პერიოდიდან, მას მერე, რაც „გადააბარეს“ ტერიტორია, სახელად „პალესტინა“, სადაც ხალხი ცხოვრობდა. ზოგადად, მაღიზიანებს ნებისმიერი ქვეყნის აღქმა ტერიტორიად, რადგან ჩვენი ქვეყნის მიმართაც იყო ამის რამდენიმე მცდელობა.
პალესტინა აღიქმებოდა არა როგორც ქვეყანა, არამედ, როგორც ტერიტორია და იმიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, ვინც ამ ომისგან ზარალდება, პალეტინელ და ებრალელ ხალხს, რადგან, არც ერთია დამნაშავე და არც მეორე. ჩემთვის ის ხალხია დამნაშავე, ვისაც ვითომ გამოეპარა ერთწლიანი სამზადისი და ამხელა ბუმბერაზმა სადაზვერვო სააგენტოებმა ეს ვითომ ვერ შენიშნეს. იმდენად უკონტროლო სიტუაციაა, თუ სასწრაფოდ არ დაასრულებენ ამ ომს, ეს ისევ ებრაელი ხალხისთვის იქცევა ყველაზე დიდ პრობლემად.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, გარკვეული ძალები სიამოვნებით ჩააბამდენენ ომში საქართველოს, ჩვენმა ხელისუფლებამ რომ თუნდაც ერთი პატარა შეცდომა დაუშვას. როგორ ფიქრობთ, არის ომის დაწყების საფრთხე საქართველოში?
– მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენი ქვეყანა მუდმივი საფრთხის ქვეშაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გვეშინოდეს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკა აწარმოოს. უნდა გვქონდეს დალაგებული ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, რასაც ჩვენი მთავრობა ამ ეტაპზე ძალიან კარგად ართმევს თავს. შეიძლება დიდი მეგობრები არ ვიყოთ მეზობელი ქვეყნების, მაგრამ ინტერესთა თანხვედრა უნდა გვქონდეს, რითაც ერთმანეთს გავუფრთხილდებით. თუნდაც ალიევის ვიზიტი არჩვეულებრივი შედეგებით, უნგრეთიდან ორბანის ვიზიტი – არაჩვეულებრივი შედეგებით, პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში – ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება. როგორი მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე ხელმოწერა… ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ვალაგებთ მეზობლებთან ურთიერთობას. ვნახეთ, თუნდაც ერდოღანი როგორ შეხვდა ჩვენს პრემიერ-მინისტრს – ეს ხომ ჩვენი პატივისცემაა, ჩემს ქვეყანას რომ ღირსეულად მიიღებენ, მეც ხომ ამ ქვეყნის ნაწილი ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე. ეს ხომ მეც მეხება, ხომ ისევე მაფასებენ მე, როგორც ჩემი ქვეყნის მთავრობას, ესაა მთავარი!
 ომის შიში არ უნდა გვქონდეს, მაგრამ უნდა ვიყოთ ფხიზლად, სიფხიზლე საჭიროა, დაკვირვება საჭიროა, შეიძლება რაღაც ისე შემოგვაპარონ, რომ ვერც გაიგო, რადგან არც გარე და არც შიდა მტრები გვაკლია, გვაქვს დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, რაც ოდესმე პირდაპირ დიალოგში უნდა გადავიდეს და ამას ვერავინ უარყოფს! გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა – ჩვენი რეგიონების მშვიდობიანად დაბრუნება. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ შეტევაზე არასდროს გადავალთ. ჩვენი თავდაცვის სისტემა უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ თავდაცვის ძალები უნდა გვყავდეს თავდაცვისთვის და არა თავდასხმისთვის. როგორც ჩვენ დავალაგებთ ურთიერთობებს, საპირისპირო მხარეც ისევე გვიპასუხებს, ამის მჯერა.
– დავით კეზერაშვილთან სამდღიანი ვიზიტის შემდეგ ოპოზიცია ლარნაკადან დაბრუნდა, რის შემდეგაც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „დიდ კოალიციას“ ქმნის, თუმცა, „ბოროტი ენები“ ამბობენ, რომ ხაბეიშვილს მალე გვარამია ჩაანაცვლებს…
გვარამიას გათავისუფლების შემდეგ, ის გახდა მედიატორი საქართველოსა და ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილ არასამთავრობოების ქსელს შორის, რადგან ქვეყნიდან კელი დეგნანის გასვლის შემდეგ გაჩნდა პრობლემა, თუ ვისკენ გადაინაცვლებდა დიდი თანხების გადანაწილების ცენტრი საქართველოში. ხაბეიშვილს ფულს ვინ ანდობდა! სააკაშვილი ციხეშია, არც კეზერაშვილს ენდობიან, რადგან მას, ადრე თუ გვიან, შეიძლება დაავლოს ევროპამ ხელი და დააპატიმროს. როცა აღარ დასჭირდებათ, იმ დღესვე დააპატიმრებენ. ამიტომაც „იჩალიჩეს“, რომ როგორმე გვარამია გამოეყვანათ ციხიდან. ეს დასკვნა გავაკეთე, რომ გვარამია იქნება ცენტრი, რომელთანაც თანხები წამოვა, თუმცა, გვარამია ის ტიპია, რომელიც ხაბეიშვილს არასოდეს აღიარებს, მით უმეტეს, რომ მან მელიას ფიგურის შექმნაში „სისხლი ჩააქცია“ და რაც მელიას დამართეს, მის პატივმოყვარეობასაც შეეხო.
აქვე არ დაგვავიწყდეს ბოკერია და მისი ცოლი, რომლებსაც საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ და აღიარებული არიან ლიბერალურ წრეში. მათი ვითომდა დაპირისპირებაც სააკაშვილთან, აბსოლუტური სიყალბეა, რადგან იმედი აქვთ, რომ თუ „ანტინაცი“ ხარ, ეს პლუსად გეთვლება და მეტს მოიგებ. „ანტინაცი“ თუ ხარ, „ნაცი“ არა ხარ! სწორედ ეს კატეგორიაა საშიში – „ლელო“ და ამდაგვარები, რომლებიც ვითომ „არ ნაცობენ“, ვითომ სააკაშვილს არ იღებენ, რეალურად კი სწორედ ისინი ამარაგებენ არასამთავრობოთა ქსელს ძალიან დიდი თანხებით, რათა ჩვენი ქვეყანა აყირავდეს. ეს არის კატეგორია, რომელიც ადგილს იბევებს იმ სივრცეში, სადაც ვითომ „ოცნებას“ ებრძვიან.
ლევან ხაბეიშვილმა კი ამასობაში ევროპა ნახა, ლარნაკა ნახა, ჩაიცვა, დაიხურა… ვინ იცის, ამას ოდესმე ეღირსებოდა? მისი პათოსი და თავდადებაც მესმის კეზერაშვილის მიმართ, რადგან მან მართლა ბევრი გაუკეთა ფინანსური თვალსაზრისით თუ ოფიციალური სტატუსით ხაბეიშვილს – შექმნა და დადო, ფაქტობრივად!
მიშას ხაბეიშვილი რაში უნდა სჭირდებოდეს?
– სოფოები რაში სჭირდება? ამდენი ქალი რაში სჭირდება? მიშა, ზოგადად, ამოვარდნილია რეალობიდან. მიშას ხომ ჰგონია, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ის ცხოვრობს ირეალურ სამყაროში, სადღაც თვითონ არის პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც. ზუსტად ეს არის საშიში, რომ ყველა ჩარჩოდან არიან ამოვარდნილები. იმიტომ არ შეიძლება, მათ ოპოზიცია ერქვას. ეს არის საშიში ძალა, რომელიც, რაც მეტად სუსტდება, უფრო და უფრო საშიში ხდება.
 ამაზე ამაზრზენი რა უნდა მოიგონო, ხოშტარია-ჯაფარიძემ რომ ახლა რაღაც „საიტი“ გააკეთეს! ყველა მათი ქმედება არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი. ალბათ, რაღაც პერიოდი ოპოზიცია არ გვეყოლება და ეს მოცემულობად უნდა მივიღოთ. ჩვენ გვყავს რადიკალური ძალები, რომელთაგანაც ხალხმა და ხელისუფლებამ თავდაცვის რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ, იმაზე რომ მეტი ვერ გაბედონ, რასაც ბედავენ, რადგან, მეტი რომ „გაუვიდეთ“, ქვეყანა დაიღუპება.
– სულ ცოტაც და, გავიგებთ, გახდება თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის „ღირსი“. როგორ ფიქრობთ, ამჯერად მაინც მივიღებთ სტატუსს? ან რას შეცვლის ეს ქართულ რეალობაში?
– იყო ევროკავშირის წევრი, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ თუ არ იქნები, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას. შეიძლება წევრი არ იყოი, მაგრამ ისეთი რატიფიცირებული ურთიერთობები გქონდეს ქვეყნებთან, როგორიცაა მაგალითად, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობები. ჩემი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ იქნება დაცულობის გარანტი და ვერც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას წაადგება. გარკვეული დროის შემდეგ, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, ან გახდები „ღირსი“ კავშირის წევრობის, ან – არა! როგორ ფიქრობთ, სურვილი რომ ჰქონოდათ, უკრაინას არ გააწევრიანებდნენ ტაშის კვრით, ჩქარ-ჩქარა? მაგრამ რაღაც დონეზე მიიყვანეს და გაყინეს და, ალბათ, ასეც დარჩება.
თუმცა, არის ერთი მომენტი. ევროპა მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება – მასაც ვჭირდებით, რადგან სტრატეგიული ქვეყანა ვართ, განსაკუთერებით ამ ომების ფონზე. აქამდე ჩვენთვის იყო მხოლოდ ევროპა და ამერიკა, დანარჩენი ქვეყნები თითქოს არც არსებობდა და ახლა აღმოჩნდა, რომ არის ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც დაინეტერესებული არიან საქართველოსთან პარტნიორობით და სტრატეგიული ურთიერობით. ანუ, ჩვენ არა ვართ დამოკიდებული მხოლოდ ორ ელემენტზე, რომლებმაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვაღალატონ. ევროპისა და ამერიკის გარკვეული ჯგუფების დამოკიდებულება ჩემთვის შოკისმომგვრელია, რომლებიც დღემდე სააკაშვილს მფარველობენ, კრიმინალის გათავისუფლებას მთხოვენ და ჩემი ქვეყნის მისამართით საშინელ განცხადებებს აკეთებენ. ჩემი ქვეყნის უპირველეს, უმაგრეს ქველმოქმედს, ადამიანს, რომელმაც ქვეყანა ტირანიული ავტოკრატიისგან იხსნა, კრიმინალად მიცხადებენ. როგორ უნდა მივიღო ასეთი ევროპა და ამერიკა? ამიტომაც ვარ მათ მიმართ სკეპტიკურად განწყობილი.
ჩემთვის მთავარია, რომ მყავს ხელისუფლება, რომელიც მე ავირჩიე, ქვეყნის დიდ უმრავლესობასთან ერთად. რომლის გადაწყვეტილებებიც მომწონს, რადგან ჩემს დაკვეთას ასრულებს. დღეს ომი არა გვაქვს ქვეყანაში, ქვეყანა განვითარების გზაზეა, ქალაქები ლამაზდება, ქუჩაში გავლა გსიამოვნებს… თუნდაც ერთი პატარა აყირავების მცდელობა ამ ყველაფერს შეაჩერებს და შემდეგ უკვე თითოეული ჩვენგანი ვიქნებით დამნაშავე, თუ ამას ხელს არ შევუშლით. აქამდე არასდროს ყოფილა, რომ მთავრობა და მმართველი გუნდი ხალხის გვერდით მდგარიყო. ყოველთვის პირიქით იყო. ახლა კი, მთავრობას უწევს უდიდესი წინააღმდეგობის დაძლევა იმისათვის, რომ ხალხის დაკვეთა – მშვიდობა შეასრულოს.

“საერთო გაზეთი”
ნონა ქარქაშაძე