საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

რადიკალები გაფართხალების ბოლო სტადიაში იმყოფებიან – საერთო მედია
ივნისი 16, 2024

რადიკალები გაფართხალების ბოლო სტადიაში იმყოფებიან

 

„საერთო გაზეთთან“ საუბრობს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი
ზურაბ ქადაგიძე

– ბატონო ზურა, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრა გამართა. რა გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე და მიიღო თუ არა საზოგადოებამ პასუხები კანონპროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებზე?
– აბსოლუტურად ყველა კითხვაზე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა. თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძეს თითოეულ კონკრეტულ დეტალზე აქვს სრული ინფორმაცია, მზაობა და გარკვეული სტრატეგია იმისათვის, თუ როგორ უნდა ვმართოთ პროცესები და როგორ ავიცილოთ თავიდან არასასიამოვნო სიტუაციები. რაც შეეხება ტექნიკური საკითხს – საერთოდ ვერ მოვისმინეთ დასმული შეკითხვები ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მხრიდან. აქ იყო, უბრალოდ, სურვილები, ვიღაცის ნათქვამი ფრაზების გამეორება, ისტერიკა… თუ ასე სამარცხვინოდ უნდა გამოსულიყვნენ, ჯობდა, საერთოდ არ მოსულიყვნენ ამ შეხვედრაზე. ირაკლი კობახიძეს, ბევრ კარგ თვისებასთან ერთად, აქვს განსაკუთრებული უნარი, რომელიც გამოარჩევს, როგორც ძლიერ პოლიტიკოსს – ის აბსოლუტურად გაწონასწორებული ადამიანია და მას „ამხანაგო ირაკლითი“ და სრულიად დაუმსახურებელი შეურაცხყოფით შენი თამაშის წესებზე ვერ გადაიყვან.
თავიდანვე წაგებულ თამაშში შევიდნენ ჩვენი რადიკალები, როდესაც ასეთი მდარე სპეკულაციები დაიწყეს. რაც ვნახეთ, ეს იყო ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედიის რეალური სახე. სინამდვილეში კი, კრიტიკულ ჟურნალისტიკას აბსოლუტურად სხვა გასაქანი აქვს დემოკრატიულ ქვეყანაში. არის ბევრი საშუალება იმისათვის, რომ საკუთარი პროფესიონალიზმი დაამტკიცო, პროფესიისადმი ერთგულება დაამტკიცო და საქვეყნო საქმე აკეთო, თუნდაც კრიტიკული მიდგომებით მისცე საზოგადოებას საშუალება, სწორად შეაფასოს სიტუაცია და თავად გააკეთოს დასკვნები ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში.
ამ შეხვედრაზე ვნახეთ აბსოლუტურად ანგაჟირებული სუბიექტური პერსონები, სახედაკარგული ადამიანები, რომლებსაც ჟურნალისტებსაც ვერ ვუწოდებ, რადგან ამ ძალიან მაგარი პროფესიის მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა არ მივაყენო… ყველაზე საშინელი იყო მათი განაცხადი, რომ თითქოს მხოლოდ ისინი არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, ამ ქვეყნის შვილები, ყველა დანარჩენები კი მონები ვართ! ფორმალურადაც კი არ დაიცვეს კოლეგიალობა და არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრს, საკუთარ კოლეგებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
– ვფიქრობდი, რომ „კრიტიკული მედიის“ წარმომადგენლების სამარცხვინო გამოსვლის შემდეგ, მათი მხარდამჭერები სულ ცოტა, უხერხულობას მაინც იგრძნობდნენ, მაგრამ კომენტარებს რომ გადავხედე სოციალურ ქსელში, ჟიჟილაშვილმა ისტორია დაწერაო, სიამაყით აცხადებენ…
– რა თქმა უნდა, ჟიჟილაშვილმა დაწერა აბსოლუტური უმეცრების ისტორია! ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ერთი არაეთიკური ანეკდოტი გამახსენდა, – ადამიანს თავზე ანერწყვებენ და, უი, რა კარგი წვიმა მოდისო, ამბობდა… სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ახლა ჩვენი ოპოზიცია. ესენი ხომ სხვა სამყაროში ცხოვრობენ, სადაც მათ გარდა არ არსებობს სხვა მედიასაშუალება, სადაც მხოლოდ მათი აზრია ჭეშმარიტი აზრი, მათი ცხოვრების წესია მთავარი ცხოვრების წესი… ისინი ცხოვრობენ სამყაროში, სადაც ტრანსპარანტებით კეთდება პოლიტიკა, ეკონომიკა… ლაგდება ადამიანებს შორის ურთიერთობები… მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი და სწორედ ამის გამო კადრულობენ ყველაფერს. ამ კანონით ისინი კარგავენ საზოგადოებაზე გავლენის იმ მცირე ბერკეტებსაც კი, რაც გააჩნიათ. ახლა ხომ ვითომ „თავისუფალი მედიის“ სახელი აქვთ (თუკი კეზერაშვილის მედიას ასე შეიძლება ეწოდოს), მაგრამ, როდესაც მათი დაფინანსების წყაროები გაირკვევა, როცა გავიგებთ, საიდან ფინანსდებიან, ვინ აფინანსებს და რა მიზნით, საზოგადოება დაინახავს, თუ როგორი „თავისუფლებიც“ ყოფილან…
გარდა ამისა, პარტია „ხალხის ძალის“ მოთხოვნაა, გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ძალადობრივი მანქანის შემქმნელი სუბიექტი და მოხდეს მისი სამართლებრივად შეფასება. აქედან გამომდინარე, არჩევნების დასრულების შემდეგ, ისინი პოლიტიკურ პერსპექტივასაც კარგავენ და როგორ წარმოგიდგენიათ, კონსტრუქციულად იმოქმედებენ? 12 წელი ჰქონდათ მათ ამისი საშუალება, მაგრამ არ გამოიყენეს, ანჯღრიეს ეს ქვეყანა, როგორც შეეძლოთ და დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოგვიწევდა მისვლა ამ წერტილამდე. დღეს არის მომენტი, როდესაც არანაირი ზღვარი აღარ არსებობს და რადიკალები ბოლო გაფართხალების სტადიაში არიან.
– პატიმარი სააკაშვილი კლინიკიდან ახალ მითითებებს იძლევა და სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს. რას აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ რადიკალებმა თავიანთი გეგმები ვერ განახორციელონ?
– რევოლუციის მოხდენა ქვეყანაში არ არის დამოკიდებული პოლიტიკური უმცირესობის სურვილზე. მათ 12 წელია უნდათ რევოლუცია, მაგრამ არ გამოსდით. რევოლუცია ხდება ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ძალოვანი სტრუქტურები, არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, არ არსებობს პოლიტიკური გუნდი, ლიდერშიპი, ისტებლიშმენტი, არ არსებობს დემოკრატიული პროცესები და ასე შემდეგ… 15-20 ათასი აგრესიული ადამიანი ვერ მოახდენს რევოლუციას, ეს არის აბსურდი და ფარსი. სააკაშვილმა დაამარცხა 50 დაავადება, დემენცია და ახლა გმირად უნდა, რომ მოგვევლინოს. თავისი ტყავის გადასარჩენად ცდილობს, რომ იქნებ, რამე „გამოწუროს“ ამ პროცესებიდან. პრაქტიკულად, ოპოზიცია ვა-ბანკზე წავიდა, მთელი თავისი კაპიტალი ერთ ციფრზე დადო. ეს ციფრი თუ დაუჯდებათ, – იგებენ, თუ არადა, აბსოლუტურად წაგებულები რჩებიან. ეს შანსი უნდა გამოიყენოს სააკაშვილმა, რომ რამენაირად საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახერხოს. ცდილობს, არავის დაავიწყდეს და გაიხსენონ, რომ ისიც აქ არის! ასე აგიჟებენ ერთმანეთს, მაგრამ მათ ამბიციებს ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ!
– გამოქვეყნდა ჩანაწერები, სადაც ოპოზიციის დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთება, თუმცა ჯერ კიდევ დასადგენია მათი ავთენტურობა. არის მუქარები და ზეწოლა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. პოლიციამ დააკავა ბლოგერი, რომლის სახლშიც, იარაღთან ერთად, ასობით ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები აღმოაჩინეს… თითქოს სიტუაცია ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძნელია…
– ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგი ვარ. 2004 -2005 წლებიდან ვიბრძვი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ. ალბათ, სულ 20 კაცი ვიკრიბებოდით ჯერ მხოლოდ, როცა ამ რეჟიმს ვაპროტესტებდით. პირველად მაშინ დაგვარბიეს და სრულიად არამართლზომიერი ძალადობა ვიგემე საკუთარ თავზე. ამიტომაც ჩემთვის ეს მიუღებელია, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს. თუმცა, რაც სამხედრო ანალიტიკოსის, უჩა აბაშიძის შესახებ მოვისმინე, ასეთი მასშტაბის სიბინძურე და სიმახინჯე არ მინახავს და არც მომისმენია. წარმოუდგენელია, რასაც ეს ადამიანი კადრულობდა. ჯერ ერთი, სერიოზულ ფსიქიატრიულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ეს არის ავადმყოფობა, როცა საკუთარ ოჯახის წევრს იღებ და ამ ფარულ გადაღებაში ფიგურირებენ სხვა ადამიანებიც და თუკი ამ ყველაფერს შემდეგ უკვე კომპრომატად ან საკუთარი მიზნის განსახორციელებლად იყენებ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. როგორც გავიგე, კონკრეტულ საქმეზე შევიდა პოლიცია და ამ პიროვნების სახლში გაცილებით საშინელი სურათი დახვდათ. რაც უნდა თქვან, წარმოუდგენელია, ფარული კადრები „ჩაგიდონ“ საკუთარი ხელით დამონტაჟებულ ვიდეოკამერაში, ამ დონის „გაყალბება“ შეუძლებელია. რას საქმიანობდა ეს ადამიანი რეალურად და რა მასშტაბის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ეს აუცილებლად გასარკვევია.
ზოგადად, ფარული კადრებით მანიპულირება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. მათ სხვაგვარად არ შეეძლოთ საკუთარ მეგობრებთან, პოლიტიკურ პარტნიორებთან ურთიერთობაც კი. ასე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამას განაგრძობენ დღემდე. შეიძლება ეს ბიჭი არ იყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ ამ „ბარდაკის“ პროვოცირებაში ერთ-ერთი ამბიციური აქტივისტი იყო.
– საინტერესოა, რატომ ვერ შეძლო დღემდე ხელისუფლებამ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გამჭვირვალეობის კანონის შემოტანის საჭიროება დაანახოს?
– არანაირ კანონზე არ არის საუბარი. ამ შემთხვევაში იტყოდნენ, რა არის მასში რუსული და, კონკრეტულად, რა არ მოსწონთ! არაერთხელ განაცხადა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, რომ მზად არის ელჩებთან შესახვედრად და კანონშემოქმედებითი პროცესის მათთან ერთად გასავლელად, მაგრამ ეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანია. განა ვერ დავანახეთ, მათ არ უნდათ დანახვა! ისეთივე დამოკიდებულება აქვთ კანონპროექტის მიმართ, როგორიც ჩვენს რადიკალებს – შინაარსი არ აინტერესებთ, მაგრამ „იციან“, რომ ეს კანონი არის „რუსული“! ეს არის დავალება რადიკალების მხრიდან, რომ ადამიანებზე ემოციურად იმოქმედონ და, გარკვეულწილად, ახერხებენ კიდევაც ამას.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილი 50 ათას დოლარს სთავაზობს, ქვეყანაში ცხოვრების უზრუნველყოფით, ყველა იმ ევროპარლამენტარს, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მომიტინგეებს შეუერთდება და იყვირებს „არა რუსულ კანონს“!..
– არ არის გამორიცხული. ახლანდელი ევროპარლამენტი ცნობილია კორუფციული გარიგებებით და პოლიტიკური სკანდალებით. კორუფციული გარიგებების გამო პასუხისგებაში მისცეს რამდენიმე ევროპარლამენტარი, ზოგსაც იმუნიტეტი შეუწყვიტეს და რა გასაკვირია, თუ კალიურანდები და კუბილიუსები კეზერაშვილთან გარიგებაზეც წავლენ.
ის ფაქტი, რომ საკუთარი ქვეყნის ჯარის მძარცველი, ქართული საზოგადოების მყვლეფავი და შემდეგ უკვე ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი ევროსტრუქტურებში მიღებული ადამიანია, – მათი სირცხვილი და უთავმოყვარეობაა. ფული რომ აიღონ, საერთოდ არ გამიკვირდება, რადგან ისინი დიდი ხანია, ჩართული არიან ბინძურ პროპაგანდაში, რომელსაც ხან გიული ალასანია აფინანსებს ამერიკიდან და ხან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები. თან, მალე მათთან არჩევნებია, არავინ იცის, ეს დეპუტატები დარჩებიან თუ არა ევროპარლამენტში და ცოტა ფული ნამდვილად არ აწყენდათ.

ნონა ქარქაშაძე