პოლიტიკური თანასწორობა – დაკარგული ტერიტორიები
ყველა ლაბირინთი, ნაგებობა იქნება თუ სიტუაცია, ვიღაც(ებ)ის მიერ არის შექმნილი და მხოლოდ დაბნევასა და გართულებას, მიზნის ძნელად მიღწევას ან სულაც, შეუძლებლობას ემსახურება. ამჯერად რუსულ-ქართული დიპლომატიის დალაგება გახდა ის ლაბირინთი, რომლიდანაც ვერანაირად ვერ გამოვდივართ!
ზუსტად 22 წლის წინათ მითხრა ცხონებულმა ვახტანგ გოგუაძემ: “ამერიკული ბომბი რომ ჩამოაგდონ თბილისში “უიმე, დედა, რა კარგი ბომბიაო, იტყვიან…” ასეთი გამოდებილებულია პოლიტიკოსთა ნაწილიო.
2002 წლის მაისი იდგა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო ოკუპანტი, მხოლოდ მტრული სახელმწიფო ერქვა… ალბათ, რადგან ჯერ არ იყო დამდგარი “ახალი წელთაღრიცხვა და საქართველოს ჯერ არც ისტორია ჰქონდა”, ის ხომ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე. წ. ვარდების რევოლუციამ საქართველო შვა…
ცხონებულ ვახტანგთან ჩემი სტუმრობა იმჯერად მისი მოსკოვში ყოფნითა და იქ ჩატარებული კონფერენციის შინაარსის გაცნობის ინტერესით იყო გამოწვეული. კმაყოფილი ჩანდა ბატონი ვახტანგი, როგორც წესი, ასეთი კონფერენციები მხოლოდ ლაი-ლაია, მაგრამ შევცდი, ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრაო. კონფერენციის თემა იყო “საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში”. კონფერენციის შემდეგ “ჩვენებმა” სამი პუნქტი შესთავაზეს რუსეთის წარმომადგენლებს: ერთიან საბაჟო სივრცეში შესვლა, კოლექტიური უსაფრთოების კავშირში შესვლა და ევრაზიულ ინტეგრაციაში გაერთიანება. ეს რომ განხორციელდეს, საქართველო აყვავდებაო, _ სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და ბავშვივით ხარობდა ბატონი ვახტანგი.
ბატონი ვახტანგი, წლების წინათ, ჩემი ლექტორი გახლდათ და სხვანაირად თბილი ურთიერთობა გვქონდა, ვმასლაათობდით, რაც შემდეგ ინტერვიუებად “ცხვებოდა.” ამდენად, რაც გამახსენდა და მნიშვნელოვნად მივიჩნიე. შესაძლოა, თანმიმდევრული არ იყოს, მაგრამ არსი ზედმიწევნითაა გადმოცემული.
ბატონო ვახტანგ, საქართველოს აყვავების მზა რეცეპტი გქონიათ, მის განხორციელებას ხელს რა უშლის-მეთქი?
იმ დროისთვის ერთგვარად გასაოცარი რამ მითხრა _ ბუშის მოსვლამდე ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები იყო გარკვეული ძალები აშშ-იდან, მისი მოსვლის შემდეგ კი, საქართველოს რუსეთთან მეზობლობისა და მეგობრობის უფლება ეძლევაო.
ცხადია, ჩავეძიე ძაღლის თავის დამარხვის ადგილს _ არსებობს რამდენიმე ტრანსნაციონალური ორგანიზაცია, რომელთაც თავიანთი ინტერესები აქვთ და სრულებით არ აძლევთ ხელს, რომ რუსეთ-საქართველოს კეთილმეზობლობა და სახელმწიფოებრივი მეგობრობა შედგესო.
უფრო დამაბნია! მანამდე მხოლოდ ორი რუსეთი ვიცოდი, ახლა აღმოჩნდა, რომ ორი აშშ-იც ყოფილა…
მისგან გავიგე, რომ, როდესაც სსრკ-ის დანგრევა დაიწყო, გეგმაში საქართველოს იმ დონემდე განადგურება იყო ჩადებული, რომ მართლმადიდებლობა მომსპარიყო;
რომ, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შორის იმდენად შერბილდა ურთიერთობა, აშშ-მა შევარდნაძეს მისცა უფლება, აღარ ჰქონოდა დაძაბული ურთიერთიერთობა რუსეთთან. ბინ ლადენის ელემენტი გამოიყენეს, თორემ სახელმწიფო გადატრიალებაზე აქვთ ეჭვი, ამ ამბავში აშშ მონაწილეობდა აშშ-ის წინააღმდეგო…
სჯეროდა ცხონებულს, რომ შევარდნაძე გადადგამდა ნაბიჯს რუსეთისკენ არა აშშ-ის ჯინაზე, არამედ აშშ-ის თანხმობით.
დაიხსომეო: პარლამენტში რომ ანგრევენ ყველაფერს, “ცრუ, ცრუ-ს დავალებით, ცრუ-მ” (ცენტრალური სადაზვერვო უწყება), “ცრუ” რომ ეტყვის ამათ “მოდი, ერთი, აქ, ბიჭიკოო”, დამთავრდება ეს ყველაფერი. როდესაც პუტინი და აშშ გადაწყვეტენ კავკასიის საკითხს, დღეს პარლამენტში რომ არიან და მკვდარსა და ცოცხალს უტრიალებენ პუტინს, ისინი ჩაგვასწრებენ მოსკოვში მე და გრიშა ონიანსო.
შევეპასუხე, რუსეთში ესენი რომ დარბიან და რუსული პასპორტებით, დიპლომებითა და რუსული ფულით არიან ჯიბედამძიმებულები, ისე უნდა-მეთქი!
მიპასუხა: ხომ არიან ცრუ ქართველები, ასე არიან ცრუ რუსებიც და ესენი პოულობენ ერთმანეთთან საერთოს, როგორც კი უბრძანებენ რომ შეწყვიტონ, მაშინვე მორჩებიანო;
“კგბ”-ს ყველა აგენტი “ცრუ”-ს აგენტი გახდა-მეთქი, რომ ვამბობდი, ხომ გახსოვს, ჰოდა, აგენტის დავალება შეიცვალა, თორემ აგენტი კი არ შეცვლილა. ისეთ ვიღაცებს ნახავთ მერე, “რუსეთის კაცი ვიყავიო”, რომ იტყვის, გაოცდებით.
ხალხს რომ ჰგონია, ამერიკელები რას გიშლიდნენ რუსეთთან მეგობრობაშიო _ არ გიშლიდნენ კი არა, შევარდნაძეს მოსთხოვეს, ჩეჩენ ბოევიკებთან ერთად რეგულარულ ომში ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ. შევარდნაძე არ წავიდა ამაზე და ამიტომაც იყო, ეს ცუდად გაზრდილი ლაწირაკი ბაჯაჯღუები რომ დარბოდნენ ვაშინგტონში და აბეზღებდნენ, არიქა, თვალი რუსეთისკენ უჭირავს და არ გაგიძვრეთო. ეს ხელმოცარულები დარბოდნენ ოლბრაითთან, გორთან, ბზეჟინსკისთან და ამისთანებთან, მაგრამ ესენივე დარბოდნენ ევგენი პრიმაკოვთან და ამიტომაც ერქვათ “პრიმაკოვ-კოჟოკინის ბიჭებიო”.
ზოგადად, მტერს რომ მოყვრად აქცევ, ეს არის პოლიტიკური სიბრძნე და არა ის, რომ მოყვარეს მტრად მოიკიდებო…
იმ დროს კოდორის ხეობაში დესანტი გადმოისხა “საიდანღაც” და მათზე რომ ვკითხე, გაიღიმა, ეს ორდღიანი ომი ამერიკული პროვოკაცია იყო, კაი საქმე გაუკეთეს ამ ნორჩმა რეფორმატორებმა შევარდნაძეს, ქულა ააღებინეს რუსეთთან _ მელა იმის ჩიტია, ამათ მახეში მოხვედესო?
აქ ცოტა წავიწიკვინე, ჩვენი “თეთრი მელა” და “კგბშნიკი პუტინი” თუ ასე მაგრები იყვნენ თავიანთი “ინდაურა ბუშით” (ინდაურის შეწყალება ვიგულისხმე), აბა, ის როგორღა იყო, რომ სამივე კინაღამ ერთად ამოატრიალეს, _ რა უცნაური სამკუთხედია, არა-მეთქი?
ის წლები ისე ცუდად მაქვს ჩარჩენილი, ენით ვერ აღვწერ _ რასაც ბრმა-ყრუობა ჰქვია, სწორედ ის იყო საქართველოში მასიურად მოდებული. “საერთო გაზეთის” წინამორბედი “მართლი გაზეთი” გამოიცემოდა მაშინ _ როგორ ვცდილობდით, ხალხისთვის თვალი აგვეხილა… ვუღეჭავდით რეალობას და მოსალოდნელ სავალალო შედეგს ვუხატავდით, ყველაფერს იმ სახელს ვარქმევდით, რაც ერქვა; მოვუწოდებდით ხელისუფლებასაც და ხალხსაც, რომ სარეველა მანამდე გაგვემარგლა, სანამ ფესვებს გაიკეთებდა და ამოსაძირკვად დიდი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო, მაგრამ ვინ გაიგონა, პირიქით, უცხო ქვეყნის ქართველ აგენტებს გულმოდგინედ კვებავდნენ სასუქით და რწყავდნენ, არიქა, დროზე გაიხარონო. კაცმა რომ თქვას, არც ზურაბ ჟვანია იყო და არც სააკაშვილია ქართველი, მაგრამ ამის გაგონებაც არავის უნდოდა, სანამ მათ შორის არ ჩამოვარდა ჟვანიასთვის საბედისწერო განხეთქილება…
მოკლედ, მასიურად არავინ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რითიც ე. წ. სიმართლის სახელით გაწვრთნილი ე. წ. ჟურნალისტები ტვინს უმუშავებდნენ ტელევიზია “რუსთავი-2”-ით _ იმდროინდელი, ყველაფერი, “ე. წ.” იყო,
და აი, რა ხდებოდა “უცნაური სამკუთხედის” გარშემო!
“მოსკოვი პუტინისა და თბილისი შევარდნაძის გარეშე!” _ ასეთი ლოზუნგი რომ არაადეკვატური იყო, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, მაგრამ აკი ვთქვი, ბრმაყრუობა იყო-მეთქი.
რუსული სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავშირებული იყო სპეცსამსახურების იმ ძალებთან, რომლებიც დასავლეთიდან მიღებული დირექტივებით მოქმედებდნენ შევარდნაძე-პუტინის წინააღმდეგ _ საიდუმლოდ დაკავშირებულ პირებს უდიდესი გეგმა ჰქონდათ შემუშავებული.
რუსული “იმიჯკონტაქტი”, რომელიც დაარსებიდანვე დასავლეთიდან მიღებული დირექტრივების შესაბამისად მოქმედებდა, ჟვანია-სააკაშვილის სამსახურში იყო და განახლებული პროგრამით დაიწყეს საზოგადოების ზომბირება.
11 სექტემბრის ნიუ-იორკის ამერიკული ტერაქტის შემდეგ, შანხაიში აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ და იმ ფაქტმა, რომ პუტინმა სუპერსახელმწიფოს პოსტსაბჭოთა სივრცის აზიური სამხედრო ბაზების დროებითი დათმობით მყარი პლაცდარმი შეაქმნევინა ჩეჩნეთის საზღვართან, აშკარად თუ ფარულად, აამხედრა როგორც ბუშის, ისე პუტინის მოწინააღმდეგეები.
ამ გარიგების პროცესუალური შესრულების ბოლო ეტაპზე ატყდა ქართული მედიისა და პოლიტიკური ელიტის ცალკეული წარმომადგენლების კიჟინი კოდორში შეიარაღებული ჩეჩენი და არაბი ბოევიკების დაბანაკებაზე, რასაც რუსეთის მიმართ შევარდნაძის აგრესიული განცხადებები მოჰყვა, თუმცა პუტინი სრულიად მშვიდად იყო. პოსტსაბჭოთა ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს საჯაროდ დაუპირისპირდა, რასაც რუსული “მემარცხენე” პოლიტიკური ძალებისგან საპასუხო აგრესია მოჰყვა და პუტინი მაინც რატომ დუმდა?
ბრმაყრუობაში მყოფ დაბანგულ საქართველოს მოსახლეობას რანაირად გააგებინებდი, რომ “დიდი სამთა შეთანხმება” შედგა, როცა რუსეთსა და ამერიკაშიც ვერ გაიგეს, რა მოხდა და ბუშის დასაცავად რესპუბლიკელებს სრული მობილიზაცია დასჭირდათ.
სხვათა შორის, ერთ წელს თუ კახა თარგამაძის გადადგომამ იხსნა, 2002 წლის გაზაფხულზე კოდორში შექმნილი დაძაბულობისგან შევარდნაძე პუტინმა იხსნა. ამ ორივე შემთხვევაში, სიტუაციების ორგანიზატორები ჟვანია-სააკაშვილი იყვნენ, რომლებიც დასავლეთის ტრიბუნიდან არშემდგარ ქართულ სახელმწიფოზე საუბრობდნენ.
ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფი კრიმინალების მეშვეობით ერთიმეორის მიყოლებით აწყობდა შიდა თუ სასაზღვრო დივერსიებს, რაც თავდასხმებსა და ძარცვაში გამოხატებოდა, არც ვინმეს სიკვდილზე იხევდნენ უკან _ მათ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ იმ ეტაპზე, მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ როგორ ბინძურად ებრძვის შევარდნაძის ხელისუფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრებას საქართველოში. ამ მასშტაბურ აქციებში ამერიკულ-რუსულ-სომხური ფული ტრიალებდა და დასავლეთის რუსი რეზიდენტებისთვის უკვე მიყიდული ჰქონდათ საქართველოს სტრატეგიული საიდუმლო სახელმწიფო ინფორმაციები.
პრიმაკოვ-ლუჟკოვ-სურკოვის ტრიოს ჩაებღაუჭნენ “პრიმაკოვ-კოჟოკინის ბიჭები” და ორმხრივი შეთანხმებით დაიწყეს სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება პუტინ-შევარდნაძის წინააღმდეგ. აბა, ამის გამგები ვინ იყო და რაც ხდებოდა, ან იმის ანალიზის გამკეთებელი, რა მოჰყვებოდა ამ ყოველივეს…
მალე სააკაშვილისა და ოლბრაითის ჟამი დამთავრდება, ორი დევი შეთანხმდება და საქართველო ფეხზე მყარად დაგებაო, _ მტკიცედ სჯეროდა ვახტანგსაც და ბარე ორსაც.
დღემდე ვდაგავართ და ველით, უსაზღვროა ჩვენი ლოდინი… იდექი და ელოდე, როდის შეთანხმდება ორი დევი…
ბატონმა ივანიშვილმა საქვეყნოდ განაცხადა საქართველოს გაერთიანებისკენ სწრაფვაზე, მანამდე, უწმიდესმა თქვა საგულისხმო სიტყვები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მის ამ სოფლიდან მეორე სოფელში გასვლასთან კავშირზე… ქვეყნისთვის ისტორიულად ზემნიშვნელოვანი სასიკეთო სურვილები და მიზნები კარგია, მაგრამ აღსრულების მექანიზმი რომ არ ჩანს?
საქართველო ისევ იმ მოცემულობის მძევალია, რომელშიც გასული საუკუნის მიწურულში მოღალატე ქართველების ძალისხმევით ჩავარდა და 2003 წელს ცხვირამდეც ჩაეფლო. ვართ ახლა პოლიტიკურ ჭაობში და ვერც ვფართხალებთ იმის შიშით, უფრო არ ჩავეფლოთ, ცხვირიც არ ჩაგვაყოფინონ და სამუდამოდ არ შევწყვიტოთ სუნთქვა…
სამწუხაროდ, არ ჩანს არანაირი გეგმა, რაც საქართველოს გამთლიანების წინაპირობა იქნება, პირიქით, თუ რაღაც ინიციატივა ჩნდება, მყისიერად აქრობენ ან სულაც, იგნორირება ხდება და ეს ხდება ისევ იმ მოღალატე ქართველების გაავებული ყეფის გამო.
წლების წინათ, 1997 წლის 14 აგვისტოს, თბილისში იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის ოფიციალური ვიზიტი. ეს იგივე პლეხანოველი, ლენინგრადისქუჩელი პრიმაკოვია, დღევანდელი “ნაცსექტის მამები” ოლია მათხოვარივით რომ აკითხავდნენ მოსკოვში და ორ გროშად ემსახურებოდნენ საქართველოში რუსეთის ინტერესებს _ დღევანდელმა მათმა დაბოლილმა უსახურმა “მასოვკამ” ამის შესახებ რა უნდა იცოდეს, ნილოსი სვანეთში რომ ჰგონიათ. პრიმაკოვმა, ყველასთვის მოულოდნელად, ტუ-134-ის ბორტზე ვლადისლავ არძინბა, სერგეი შამბა და ანრი ჯერგენია აიყვანა, თვითმფრინავი კი, მოსკოვის ნაცვლად, თბილისისკენ გამოფრინდა.
მთელი დღე-ღამის განმავლობაში იმართებოდა მოლაპარაკებები მხარეებს შორის და მეორე დღეს ხელი მოაწერეს საბუთს, რომლის მიხედვითაც, თბილისი და სოხუმი უარს ამბობდნენ იარაღის ენით ერთმანეთთან ლაპარაკზე _ ეს ხდება იმის შემდეგ, რაც 1995 წლის იანვარში, თენგიზ კიტოვანის ძმაბიჭებისგან შემდგარი რაზმი ვითომ “აფხაზეთის გასათავისუფლებლად” გაემართა.
ევგენი პრიმაკოვმა თბილისში ბრიფინგის დროს საჯაროდ განაცხადა, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო. ლოთბაზარა ელცინი რომ არაფრის გადამწყვეტი იყო ერთპიროვნულად ცხადი იყო. საინტერესო ის ფაქტია, რომ პრიმაკოვი არძინბას აფხაზეთის პრეზიდენტად კი არ მოიხსენიებდა, არამედ, უბრალოდ, აფხაზების ლიდერს უწოდებდა.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მოულოდნელად, ვლადისლავ არძინბამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი მიიწვია სოხუმში და ვრცელი ინტერვიუ მისცა (ინტერნეტში იყო სრული ვერსია და, შესაძლოა, ისევ არის). მან გაიხსენა აღნიშნული შეხვედრის წინაპირობა და აღნიშნა, რომ თბილისთან დასალაპარაკებლად რუსებმა დასვეს.
“საწყის ეტაპზე მზად ვიყავით, სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მოგვეწერა ხელი, თუმცა, ქართული მხარე, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში, უარზე დადგა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ერთიანიანი სახელმწიფოს რანგში გაგვეგრძელებინა თანაცხოვრება, მაგრამ…” _ ეს არძინბას სიტყვებია, მაგრამ რა მოხდა, რამ და ვინ ჩაშალა ეს სასიკეთო საქმე, ან რატომ, არავინ ვიცით. არძინბა და შევარდნაძე, ორივე ისე წავიდა საიქიოში, ჯერ არ ჩანს, რომ სადმე, რაიმე ახსნა წერილობით მაინც დაეტოვებინა რომელიმეს. ფაქტად დარჩა ისიც, რომ აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მიესალმა რუსეთის, როგორც მედიატორის როლს აფხაზ და ქართულ მხარეებს შორის, თუმცა, იანკებისას რას გაიგებ, ერთ ხელს რომ კეთილისმსურველის რანგში გიწვდიან, მეორეთი სამსალას გიმზადებენ…
მოცემულობა, რომელიც არ იცვლება, ასეთია, მეზობლების მიერ სხვადასხვა დროს მიტაცებულ საქართველოს ტერიტორიებს ბრძოლით ვერ დავიბრუნებთ, არანაირი საამისო სამხედრო რესურსი არ გვაქვს…
ახლა ყოვლად არარიტორიკული შეკითხვა მაქვს: წინა ხელისუფლების დროს დავით ბაქრაძე სოხუმს ეწვია და სერგეი შამბა თბილისში მოიპატიჟეს. რეგვენთა შორის ურეგვენესი უნდა იყო ადამიანი, რომ დაიჯეროს, რუსეთის ჩარევისა და ნების გარეშე მოიკითხეს ერთ ცისმარე დილას ერთმანეთიო.
2007 წლის 25 ოქტომბერს ჩავიდა დავით ბაქრაძე სოხუმში და რა პირობაც დადო, კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, 27 ოქტომბერს მყისიერად აღასრულეს, გაათავისუფლეს 7 აფხაზი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების დროს დააკავეს. აღსანიშნავი იყო, რომ ოფიციალურ შეხვედრაზე შამბამ აღარ გაიმეორა, რომ აფხაზეთი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოა და მოლაპარაკებები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების რანგში უნდა განიხილებოდეს. დაიგეგმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობაში პირველი და შემდგომი ნაბიჯებიც, ცხადია, დიალოგიც (ამ დათბობისკენ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ მალევე, რაც ჩაიდინეს 2008 წელს, ცნობილია. ასე რომ, ადგილზე ჩაკლეს დიალოგის გაგრძელებისთვის აუცილებელი ყველა წარმონაქმნი).
2014 წელს იმავე ბაქრაძემ მოისაკლისა აფხაზეთი, მაგრამ მხარი არავინ აუბა…
… და გრძელდება ასე. ტყუილად არ საუბრობდა საქართველოს გამთლიანების შესახებ ბატონი ივანიშვილი, მაგრამ “ქართული ოცნება” რატომ არის უძრავად, რატომ არ ცდილობს გზების გამონახვას, თავისით რომ არ ჩაუხტება კალთაში რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, ხომ კარგად იცისო? _ აინტრესებს ხალხს.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გასაღებები რომ კრემლში დევს და არა სოხუმსა და ცხინვალში, ესეც ხომ კარგად ვიცით ყველამ და რა ღვთის სასწაულს ველოდებით ასეთს, _ დალაპარაკება-მოლაპარაკებას ვინ გვიშლის ასე მკაცრად, იგივენი, ვისაც მოღალატე ქართველებმა მიგვყიდეს?
დაისვას შეკითხვა საქართველოს ძირძველი ტერიტორების დაბრუნების შესახებ და მოვისმინოთ პასუხები. როგორც “გამჭვირვალობის კანონზე”, ამ საკითხშიც მოხდეს ლუსტრაცია და გავიგოთ, ვინ არიან ის მოღალატე ქართველები და მათი მეგობრები, რომელთა ვინაობას ასე საგულდაგულოდ ფუთავს ყველა!
შუბი ხალთაში არ იმალება, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი, მაგრამ ოფიციალური სახე მიეცეს, გვინდა თუ არა ორგანიზმი საქართველოს მხარ-ბეჭი _ აფხაზეთი და სამაჩაბლო!
მაია ჭელიძე