საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ეს პროტესტი კი არა, ქვეყნის რყევაა – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

ეს პროტესტი კი არა, ქვეყნის რყევაა

 

გვესუბრება მედიასააგენტო
„იქსნიუსის“ დამფუძნებელი
მირიან ყარაულაშვილი:

– ბატონო მირიან, გავრცელდა ფარული ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი ლიდერების, აქტივისტების მიერ, დედაქალაქის პარალიზებაზე და სხვა ღონისძიებებზეა საუბარი.
– პირველ რიგში, გილოცავთ აღდგომას, კვირაცხოვლობას, ყველას თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერებას გისურვებთ. დიახ, ვნახე ეს ჩანაწერები და რომ გითხრათ, გამიკვირდა-მეთქი, დამიჯერებთ? ჯერ კიდევ 2013-14 წლებიდან ხმამაღლა ვამბობდი პერსონალურ შეხვედრებზეც და ტელევიზიითაც, რომ, რაზეც ჩანაწერებში საუბრობენ, ეს მათი მეთოდებია. რევანში მათი ოცნების აპოგეაა და ამისკენ ხელისუფლების დაკარგვის პირველივე დღიდან – 2012 წლის 2 ოქტომბრიდან მიისწრაფვიან. ნაცებს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი ჩვეულებრივი ტერორისტები არიან. მათ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, ამიტომ ხელისუფლების წაგლეჯვას რევოლუციური მეთოდებით ცდილობენ. „ნაცებს“ არსენალში ბევრად ცუდი, არაადამიანური მეთოდებიც არის – ზოგი კიდეც განახორციელეს, ზოგსაც მომავალში უნდა ველოდოთ.
– პროცესში უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილიც ჩართულია, რომლებიც აქ მაიდნის მოწყობას განიხილავენ…
– მოდი, შევთანხმდეთ, ამ დაქირავებულ მებრძოლებს ეროვნება არ აქვთ. ის შეიძლება ქართველიც იყოს, ფრანგიც, სერბიც, ამერიკელიც… ვინც გასამრჯელოს სანაცვლოდ ომში მიდის, ის დაქირავებული მებრძოლია. რაც შეეხება მათ გამოყენებას საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად, გასაკვირი არ არის. „ბი-ბი-სიმ“ ფილმი გადაიღო, თუ როგორ ხდებოდა 2014 წელს მაიდანზე მსხვერპლშეწირვა, ვინ იყო ამის ინიციატორი და განმახორციელებელი. და ეს გახლდათ სააკაშვილი, მისი ჯგუფი და მათ მიერ დაქირავებული ე. წ. ბოევიკები, რომელთაც მაიდანი განახორციელეს. გამორიცხული არ არის, რომ ეს იანუკოვიჩის კორუმპირებული ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით მომხდარიყო. ეს ორმხრივი ოპერაცია იყო, რამაც ხელისუფლების ჩამოშლა გამოიწვია. საქართველოში მაიდნის მოწყობა, 2016 წლის არჩევნებიდან დაწყებული, არაერთხელ სცადეს. ასე, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მეტიც, მათგან დივერსიები არ გამიკვირდება.
– თვეზე მეტია, ახალგაზრდების პროტესტი მიმდინარეობს…
– ეს პროტესტი კი არა, ქვეყნის ჯანჯღარი, რყევაა. ანუ, ძალიან კარგად დაგეგმილი პროცესია, რომლის სცენარიც წინ უდევთ და ახორციელებენ. ვინ დაწერა სცენარი – აკერმანმა თუ „კანვასმა“, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს სცენარები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სპეცსამსახურებში იწერება და ისინი თავად ახორციელებენ. მხედველობაში რუსეთი მაქვს. რაც შეეხება ლოზუნგს – „არა რუსულ კანონს“, ესეც სწორედ რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. ასე იყო 1991, 2003 და შემდგომ წლებშიც. აქ დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამიტომ ერთადერთი, რაც მინდა ხელისუფლებას ვურჩიო: სახელმწიფო ჩამოშლისგან დაიცვას.
– შსს-მ უცხოეთში აქციების დარბევის კადრები გამოაქვეყნა, სადაც მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებიან. არადა, დასავლეთი ჩვენ გვეუბნება, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული ძალით ზღვარს გადახვედითო…
– ვიდრე შსს გამოაქვეყნებდა, ჩემს „ფეისბუქზე“ კვირაში ორჯერ-სამჯერ ბევრდ მძიმე კადრებსაც ვაქვეყნებდი. 1-ელ მაისს პარიზში „მშრომელთა დემონსტრაციის“ დარბევის კადრები რომ ნახოთ, თმა ყალყზე დაგიდგებათ, მონაგონია იმასთან, რაც საქართველოში ხდება. იგივე ხდება აშშ-ის უნივერსიტეტებში ანტიისრაელური მიტინგების, შეხვედრების გაუვნებელსაყოფისთვის. აქ იმის მტკიცება, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებიან, ლობისტური საქმიანობის შედეგია და სხვა არაფერი.
– ხელისფლებას მუქარის ზარების, თავდასხმების განხორციელებაში ადანაშაულებენ…
– ერთადერთი, ვისაც ეს პროცესები აწყობს, ე. წ. ოპოზიციაა. ხელისფლებას არაერთხელ მოვუწოდე: გამოიძიონ და დადგინდეს, ვინ დგას ამ ქმედებების უკან. თუ ეს მუქარები, თავდასხმები ხელისუფლების სახელით კეთდება, დარწმუნებული ვარ, ამის ჩამდენები ოპოზიციისგან არიან მოსყიდულნი სწორედ ამ პროვოკაციების ჩასადენად და მერე გასახმაურებლად, გასაპიარებლად. ამიტომ საჭიროა დროული გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.
– როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას მართლა სჯერა, რომ გამჭვირვალობა ევროპისკენ სავალ გზას გვიკეტავს?
– ადრეც გითხარით: საზოგადოების დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც არ მივცემდი. არ მინდა, ბავშვებს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ საზოგადოების ყველაზე რადიკალური ნაწილი ყოველთვის სწორედ ჯენზი თაობაა. მეც ვყოფილვარ მათ ასაკში და არასწორი იქნება, ახალგაზრდებს ვუთხრა: თქვენს ასაკში ამას არ ვაკეთებდი-მეთქი. ჩემი თაობა შეიძლება, უარესსაც აკეთებდა. მთავარია, ამ ახალგაზრდებს რეალური ვითარება ავუხსნათ. ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით კიდეც აკეთებს. მაგრამ სჯობს, სახელმწიფო სტრუქტურებმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უკეთ იმუშაონ. პირველ რიგში კი, განათლების კერები პოლიტიკისგან გაათავისუფლონ. რომელ გათავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა მთელი „ილიაუნი“ თევზაძის მეთაურობით, ე. წ. პოლიტიკური ოპოზიციისა და ტერორისტული ორგანიზაციების სულისჩამდგმელია. ერთ-ერთ მიტინგზე ლადო აფხაზავამ თქვა: ჩვენი ბოლო ათი წლის მუშაობის შედეგია ის, რომ ეს თაობა აღვზარდეთო. მართალიც არის. სახელმწიფომ ამ ახალგაზრდების აღზრდა, სწორი მიმართულებით განათლების მიცემა მიატოვა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორშაბათიდან გაფიცვა გამოაცხადეს…
– დიახ, სწავლაც აღარ უნდათ. ეს არც მიკვირს. 1988 წლის 23 ნოემბრიდან ამ პროცესებს ვუყურებთ. სხვათა შორის, დღევანდელი სტუდენტების, ზოგის მამა, ზოგის ბაბუა, სწორედ ამ პროცესების მონაწილე იყო, როდესაც ახალგაზრდებს სწავლაზე უარი ათქმევინეს და უნივერსიტეტებში, სკოლებში სასწავლო პროცესები შეწყვიტეს. ახლა შედეგს ვიმკით – შთამომავლობა წინაპრების „გმირულ“ საქციელს იმეორებს. აქვე, ჟურნალისტებზე მოგახსენებთ, შეხვედრიდან ფრაგმენტები ვნახე. ამ დედაკაცების საქციელი ნამდვილად არ გამკვირვებია. მე უფრო ის გამიკვირდა, პრემიერმა მათთან საუბარში დრო რატომ დახარჯა.
– საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, მოტივით -„არა რუსულ კანონს“, თანამდებობა დატოვა…
– გოჩა ჯავახიშვილი გახლავთ არსება, რომელიც ასეთ ქმედებას პირველად არ სჩადის. იგი შევარდნაძიდან დაწყებული, ყველა ხელისუფლებაში მუშაობდა. 2003 წლის სექტემბერშიც დემარშით დატოვა თანამდებობა ეგვიპტეში. ახლა, როცა საფრანგეთში ელჩად დანიშნეს, მაშინვე ვთქვი, რომ ეს შეცდომა იქნებოდა. მკაცრად უნდა მოეთხოვოს პასუხი მას, ვინც ამ თანამდებობაზე რეკომენდაცია გაუწია. მსგავს ქმედებებს სხვებისგანაც ველი. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, ავსტრიაში საქართველოს ელჩი რატომ არის ქეთევან ციხელაშვილი. ასევე, ძალიან გაუგებარია ბერუჩაშვილის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნა. იგი შევარდნაძის ხელისუფლებაში მინისტრის პირველი მოადგილე იყო და იცით, რას აკეთებდა? – უცხოელ ინვესტორებს, სტუმრებს, რომლებიც მასთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავდნენ, ეუბნებოდა, შევარდნაძე კორუმპირებულია და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავაგდოთ რევოლუციის გზითო. ეს ჩემი თანდასწრებით აქვს ნათქვამი მაღალი დონის უცხოელი დიპლომატისთვის. ასეთი ელჩები არიან თანამდებობებზე მაშინ, როცა პროფესიონალი დიპლომატები სახლში სხედან. რაც შეეხება უცხოელი ელჩების დემარშებს, რაც ყოველდღიურად ხორციელდება, მინდა „საერთო გაზეთის“ ტრიბუნა გამოვიყენო და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო: თუკი ამ გამოსვლების, დემონსტრაციების საბაბი ეს კანონია, რომელსაც რუსულს უწოდებენ, ოფიციალური წყაროებიდან შეაგროვონ ყველა ქვეყნის ანალოგიური კანონი: აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ავსტრალიის და და ერთ ბროშურად შეკრან. აქვე, ჩასვან ქართული კანონპროექტიც და კომენტარებისთვის ადგილი დატოვონ. დაე, დიპლომატებმა კონკრეტულ მუხლებში კონკრეტული შენიშვნები შეიტანონ; რას გვედავებიან, სად ჩანს რუსული გავლენა, არადემოკრატიული მიდგომა და ა. შ. ეს ბროშურა ოფიციალური დიპლომატიური არხებით გადასცენ საელჩოებს, რომლებიც საქართველოში მოქმედებს. თანაც, ოფიციალური ნოტა გაუგზავნონ, მოუწოდონ, გადახედონ ამ ბროშურას და გვითხრან, საქართველოს კანონი მათ ქვეყანაში მოქმედ რომელ კანონს ეწინააღმდეგება.
– სააკაშვილმა განაცხადა, არჩევნები დროებითმა მთავრობამ უნდა ჩაატაროსო…
– რაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მოწოდებაა. ამიტომ მივმართავ შესაბამის ორგანოებს: ამ განაცხადზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და მის დანაშაულებს კიდევ ერთი მუხლი დაუმატონ. ახლა ქვეყანაში ისეთი პროცესები მიდის, სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილს მავანი საკრალურ მსხვერპლად არ გამოიყვანს და „ვივამედის“ პალატაში არ გააგორებს ინექციით თუ შუბლში ტყვიის დაჭედებით. ამიტომ ერთადერთი უსაფრთხო ადგილი სააკაშვილისთვის იზოლირება, საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანაა. ხელისფლებას მოვუწოდებ: პატიმარი სასწრაფოდ საპატიმროში გადაიყვანონ.
– ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების გაყინვაზე, პერსონალური სანქციების დაწესებაზე და სხვა ღონისძიებებზე მსჯელობენ…
– ევროპარლამენტში მალე ახალი არჩევნები ჩატარდება, პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი შეიცვლება, განახლდება ევროკომისიაც. პროგნოზის თანახმად, დაახლოებით, ცხრა-ათ ქვეყანაში ხელისუფლებაში კონსერვატორების კოალიცია შეიქმნება. ასე რომ, ევროკავშირი გამოსწორების გზას დაადგება. საქართველოს მიმართ მუქარა ამ გაკოტრებული პოლიტიკოსების ბოლო გაფართხალებაა.
თამარ შველიძე