საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თუ ქვეყნის ქვაკუთხედს არ გავუფრთხილდით, საფრთხე თავად ჩვენს არსებობას დაემუქრება – საერთო მედია
მაისი 20, 2024

თუ ქვეყნის ქვაკუთხედს არ გავუფრთხილდით, საფრთხე თავად ჩვენს არსებობას დაემუქრება

 

გვესაუბრება პოლიტოლოგი,
საერთაშორისო ურთიერთობათა
მკვლევარი თამარ კიკნაძე:

_ ქალბატონო თამარ, პრემიერი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციას დაესწრო. როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას?
_ რა თქმა უნდა, დადებითად. უნგრეთი სწორედ კონსერვატიული მოძრაობის ავანგარდში მოიაზრება, რასაც პრემიერი ორბანი ყოველთვის ღიად აფიქსირებს. ზუსტად მისი კონსერვატიული ფასეულობებია იმის საწინდარი, რომ იგი ამ ხნის განმავლობაში იმყოფება ხელისუფლებაში. თავად ევროპაში მემარჯვენე კონსერვატიული ძალები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ევროპულ სტრუქტურებში წარმოდგენილი არ იყვნენ. საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება ევროპარლამენტის არჩევნებს. არსებული ტენდენციებით, მემარჯვენე ძალები გაძლიერდებიან. მახსენდება ანდერსენის ზღაპარი შიშველ მეფეზე, როცა სიმართლის თქმას ვერავინ ბედავს. საქართველო იმ პატარა ბიჭუნას როლშია, რომელმაც გაბედა იმის აღიარება, რომ მეფე შიშველია.
საქართველოს განსაკუთრებული მისია გააჩნია. მიუხედავად ქვეყანაზე შიდა თუ გარე ზეწოლისა, ჩვენმა ხელისუფლებამ სიმართლის თქმა გაბედა, რაც მისასალმებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მამული, ენა, სარწმუნოება _ ქვეყნის ქვაკუთხედი არაფრად ჩავაგდეთ, მაშინ არათუ განვითარებას, საფრთხე თავად ჩვენს არსებობას შეექმნება. დღეს რა ხდება? _ ადამიანები ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ მათ ქართველის არაფერი სცხიათ. თუ ჩვენს იდენტობას არ გავუფრთხილდით, დავიღუპებით. რა დღის წესრიგს გვთავაზობს დასავლეთი? _ ეს არის ლგბტ პროპაგანდა, ანუ ადამიანის უფლებებს ამოფარებული ფასეულობები, რაც ძალიან კარგად არის შეფუთული, მაგრამ რეალურად უდიდეს საფრთხეს შეიცავს. მთავარია, ამ საფრთხეების იდენტიფიცირება და თავიდან აცილება მოვახერხოთ.
_ საქართველო კონსერვატიულ ევროპაში ადგილს იმკვიდრებს?
_ კონსერვატიული ევროპის დიდი კოალიცია, ჯერჯერობით, არ იკვეთება. თუმცა, სახეზეა უნგრეთი, სლოვაკეთი, რომელსაც საქართველო უერთდება თავისი პოლიტიკითა და განცხადებებით. მინდა მჯეროდეს, რომ კონსერვატიული ფრთა გაძლიერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული საფრთხეები არამხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ადამიანის არსებობა-არარსებობაზე ჰპოვებს ასახვას. დიახ, ის დღის წესრიგი, რასაც ულტრალიბერალური ძალები გვთავაზობენ, პირველ რიგში, თავად ადამიანის არსებობისთვის არის საფრთხის შემცველი. ადამიანს პიროვნებად აქცევს მორალური, ზნეობრივი პრინციპები, რაც ქრისტეს ათ მცნებაშია მოცემული. თუ ამ მცნებებს არ ასრულებ, ესე იგი ღმერთს არ აღიარებ. ულტრალიბერალების გაგებით, თურმე სიყვარული ავადმყოფობაა, ხოლო გეები, ლესბოსელები ნორმალურები ყოფილან. ისინი ქადაგებენ სექსს ყოველგვარი გრძნობის გარეშე. ანუ, ადამიანის გაცხოველებას, რომელსაც არავითარი მორალური, ზნეობრივი პრინციპები არ უნდა ჰქონდეს და მხოლოდ არსებობდეს. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები არ არის. სამწუხაროდ, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის გზიდან აცდენა შეძლეს, რაც ფრიად შემაშფოთებელია.
_ კონფერენციაზე ორბანმა საქართველოს მკაფიოდ სუვერენული პოლიტიკა აღიარა.
_ ჩვენ პოლიტიკური კუთხით უნდა შევაფასოთ, რა პროცესები მიდის ევროპაში. რუსეთ-უკრაინის ომი, პირველ რიგში, სწორედ ევროპას ასუსტებს, რუსეთს კი დიდად ვერაფერს აკლებს. დავაკვირდეთ, რა პოლიტიკა წარმოებს მის მიმართ: ერთი მხრივ, ლატენტურად მიმდინარეობს რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი, იმპორტი კი, ფაქტობრივად, შეწყვეტილია, რაც რუსეთს არათუ ასუსტებს, არამედ მისი შიდა წარმოების განვითარებას უწყობს ხელს. რუსეთმა სამხედრო წარმოება გააძლიერა და მას დასუსტების არაფერი ეტყობა. ასე რომ, პროცესები ნათლად უნდა აღვიქვათ. სამაგიეროდ, სუსტდება უკრაინა, რომელიც ევროპაში მეექვსე ეკონომიკა იყო. ახლა კი განადგურებულია, სახელმწიფოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იქ უდიდესი ადამიანური მსხვერპლია. ამ დროს, ომის ხარჯზე რიგი ადამიანები, მდიდრდებიან. ის დახმარება, რაც უკრაინას მიეწოდება, საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაშიც, მეფე შიშველია.
_ ორბანმა კობახიძე ასე დაახასიათა, დიდი მოჭადრაკეა ქართულ პოლიტიკაშიო.
_ პრემიერი კობახიძე თავის მისიას წარმატებით ასრულებს. ღარიბაშვილმა გაჭრა ეს სივრცე და კობახიძე ღირსეულად აგრძელებს დასახულ მიზნამდე სვლას, რაც საქართველოს გადარჩენის გზაა. მის პოლიტიკას მხარს სრულად ვუჭერ. ორბანმა კობახიძე დიდ მოჭადრაკეს შეადარა, რადგან ნათლად ხედავს, რომ, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, ჩვენი პრემიერი სათქმელის მიტანას შესაბამის სტრუქტურებამდე და სათანადო პოლიტიკის განხორციელებას წარმატებით ახერხებს.
_ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა დიდია, რაზეც პასუხი, ალბათ, უნგრეთში გამართული კონფერენციაც იყო. კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში შევალთ, მაგრამ შევინარჩუნებთ მამულს, ენას და სარწმუნოებასო.
_ როგორც აღვნიშნე, ევროპარლამენტში მალე არჩევნებია, რაც მემარჯვენე კონსერვატიული ძალების რაოდენობას გაზრდის. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, “ქართულმა ოცნებამ” დრო კარგად შეარჩია იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მყარად დაეფიქსირებინა მაშინ, როცა ევროკავშირი არჩევნების მოლოდინშია. ძველები მიდიან. ზოგი ისეთ განცხადებას აკეთებს, აშკარად აგონიაშია. ჩვენი ენჯეოები გაიძახიან, ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებენო. საერთოდ, ევროპულ სტრუქტურებში კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. ამიტომ რეზოლუციით მიღებული გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას ნაკლებად შეძლებენ თუნდაც იმიტომ, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ამ გადაწყვეტილებების რატიფიცირებას არ მოახდენენ. ასე რომ, საქართველოსთვის სუვერენული პოლიტიკის დაფიქსირება სახიფათო სულაც არ არის. ჩვენი მხრიდან ყველა ქმედება კვალიფიციურად, კარგად არის გათვლილი _ თან სუვერენიტეტს ვაფიქსირებთ და თან ვაჭრობის ბერკეტებს ვიტოვებთ. ეს სწორად წარმართული პოლიტიკაა.
_ ნატო უკრაინაში სამხედრო ნაწილების შეყვანას იწყებს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი მეორე ვადით არჩევას ელოდება და უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების შეყვანის თაობაზე ბრძანების გაცემას გეგმავს…
_ კონვენციონალურად ამის გაცხადება პირდაპირ მსოფლიო ომის დაწყების წაქეზებაა, თანაც, დაპირისპირება ატომურ ქვეყნებს შორის ხდება. არ მგონია, ეს დაუშვან. თუმცა ომი იწელება, რაც უკრაინის გარდა, ყველას ინტერესშია. უკრაინელები ომის, ნგრევის რეჟიმში ცხოვრობენ. რაც შეეხება ბაიდენის მეორედ არჩევას, გაპრეზიდენტების უფრო მეტი შანსი ტრამპს აქვს. ამას წინათ ილარიონოვს ვუსმენდი. მან თქვა, რუსეთი და ამერიკა ერთმანეთში მოლაპარაკებულია, მაგრამ არა უკრაინის სასარგებლოდო. ის თანხები, რაც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, სასაცილოა, 70 მილიარდი ზღვაში წვეთია. მით უმეტეს, რომ მისი უდიდესი ნაწილი ამერიკულ სამხედრო წარმოებას, ინსტრუქტორების მომზადებას უნდა მოხმარდეს. უკრაინისთვის ძალიან ცოტა თანხა რჩება, რასაც უშუალოდ მიიღებს. ამიტომ ეს წარმატების საწინდარი არ არის. ომის მანქანა ჩართულია. ევროპელებისგან ისმის განცხადებები, რომ სისხლისმღვრელი ომი უნდა შეჩერდეს. როგორც ვთქვი, ეს ომი ყველაზე მეტად ევროპელებს აზარალებს.
_ ფრონტის მეორე ცხელ წერტილში გადავინაცვლოთ. ერდოღანმა განაცხადა, მზად ვარ, “ჰამასის” ლიდერები შევიფარო და შტაბბინად კატარის მაგივრად თურქეთი შევთავაზოო.
_ ეს პოპულისტური განცხადებაა. რაც შეეხება ისრაელ-პალესტინის ომს, ესეც მეორე ტრაგედიაა. თუმცა, თუ დავაკვირდებით, მთელ მსოფლიოში ანტიებრაული განწყობებია. ეს თავისთავად არ ხდება. როცა პარიზში, ამერიკაში სტუდენტები მასობრივად გამოდიან ანტიებრაული და პროპალესტინური განცხადებებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დღევანდელი სახით ისრაელის არსებობა ამერიკას უკვე აღარ აწყობს. სულ უფრო ხშირად გვესმის საუბარი იმაზე, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უნდა მოხდეს. მაგალითად, კისინჯერი გარდაცვალებამდე საუბრობდა, რომ ისრაელი, როგორც პროექტი დამთავრდა და დღევანდელი სახით ის თავის უკანასკნელ წლებს ითვლის. ესეც მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესია, რომლის თავისებურება შემდეგშია _ ბევრმა ქვეყანამ შეიძლება იმ სახით აღარ იარსებოს, როგორც აქამდე იყო. ამიტომ ჩვენ პოლიტიკური რუკის ცვლილებასაც უნდა ველოდოთ.
_ ბოლოს, რა დაგანახათ 29 აპრილის შეკრებამ?
_ ოპოზიციის გამოსვლები ყელში ამოვიდა. ბევრ ადამიანს უკვე ნერვები ეშლება მათ რიტორიკაზე, თითქოს მთელი საქართველო ეს არასამთავრობოები არიან. ამ ყველაფერში დიდი რესურსი იხარჯება, რასაც ხშირად ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებენ. ბევრ ადამიანს ვიცნობ, მათ შორის მეც ვარ, ვისაც საკუთარი აზრის დაფიქსრება სურს, რათა მსოფლიოს გააგონოს: ეს ენჯეოები ქართველი ხალხის განწყობების გამომხატველი ნამდვილად არ არიან. გაცილებით ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კონსერვატიულ ფასეულობებს უჭერს მხარს. სწორედ ეს გამოჩნდა 29 აპრილს, როცა უამრავი ადამიანი გარეთ გამოვიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა.
ენჯეოების საშუალებით საქართველოში ბევრი პროცესის მანიპულირება ხდება. ქვეყნის საქმეში გარედან ჩარევები უნდა დასრულდეს. ჩვენ საკუთარ ფესვებს უნდა დავუბრუნდეთ. ეს ენჯეოები, გარე ძალები, პირველ რიგში, ჩვენი რელიგიის, ეკლესიის შეურაცხყოფაზე, დექრისტიანიზაციაზე მუშაობენ. თუმცა, ავიწყდებათ, რომ ღმერთის წინააღმდეგ სვლა ჯერ არავის გამოსვლია. ქართულ სინამდვილეში, ყველა ადამიანი, ძალა, რომელიც ეკლესიას დაეჯახება, თავის არსებობას ცუდად ამთავრებს. ვისურვებდი, ახლაც მათი მცდელობები მათივე მარცხითა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს.

თამარ შველიძე