საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ცოცხალი მკვდარი ჰყავთ, მკვდარი ცოცხალი, თუ სულაც, კლონი? – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ცოცხალი მკვდარი ჰყავთ, მკვდარი ცოცხალი, თუ სულაც, კლონი?

დაღმაშენებლის მავზოლეუმი
გავიხედე და, ქალები ჭყლოპინებდნენ, მიშას მისაღები იხსნება, ყველა მსურველს შეეძლება მისვლაო. ამიდუღდა აზრები – ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ “ოცნება” ისე დაამუშავეს, ისედაც კომფორტულად მოკოტრიალე სიმულანტს ახლა მისაღებსაც უხსნიდნენ.
გავიხედე და მართლა მისაღები არ დავინახე? გზად ახალი კამერ-ფრეილინას სამადლობელი სიტყვაც შემომხვდა, ახალდროების სიმულანტ კამოს ისევ პრეზიდენტად რომ აღიქვამს და ასეც მოიხსენიებს. ერთი შეხედვით, ეს ქალი ნორმალურს ჰგავს, მაგრამ აბა, ამასა ჰყოლია ზემოთა უბანში მწყერები! მხოლოდ ამას? ჩინური წარმოების კამერ-ფრეილინა სოფო ჯაფარიძემ მოგვახსენა, რომ მადლობა ეკუთვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსაც, რომელთა დახმარებითა და ჩართულობითაც მიხეილ სააკაშვილის ოფისი გაიხსნა. ამათ რომ ყველას ერთნაირად აქვთ დაცურებული და, შესაბამისად, მიშას ჰანგზე მღერიან, დიდი ხანია, ვიცით, მაგრამ იდეა რომ ჰქონიათ, რომელსაც საქართველოს თავისუფლება რქმევია, ეს მთლად აღმაფრთოვანებელი საქმეა!
ეს ჩიტირეკია კამერ-ფრეილინა ის არ ბრძანდება, კოვიდისტერიის დროს ცრუ უადგილობაში საწოლ-ფონდების გამგებელი რომ იყო, თუ ის კიდევ სხვა არის?
რეები არაკუნა ქალმა – სააკაშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება ჩვენი საზოგადოების აზრი და ის ყოველთვის, როგორც იდგა ჩვენი მოქალაქეების გვერდით, ახლაც, ამ ოფისის მეშვეობით, შეძლებს, რომ თითოეული მათგანის გვერდით იდგესო. იმდენი შენ დაგიმშვენდა ცხვირ-პირი!
რა საინტერესოა, ეს ქალი საიდან და ვინ ამოაძვრინა ჩირგვებიდან სამზეოზე? განა რამეა, ესეც ისეთივე ჩვეულებრივი ნაცია, როგორც ყველა, ტვინი რომ აქვთ გადაგლესილი და დაზომბებულებივით ერთსა და იმავე გაზეპირებულ ფრაზებს იმეორებენ -მიხეილ სააკაშვილი პუტინის ტყვეა! პუტინის არა, სუსლოვის ტყვეა კიდევ და ლავრენტი ბერიასი…
გავიგეთ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და ძალიან მალე გაიმარჯვებენ კიდეც, მაგრამ რა იარაღით აპირებენ ბრძოლას?
  უტიფრობის ზეობა მოაწყო ამ “ვინმე ქალმა”: “ყველამ კარგად ვიცით, სად არის მიხეილ სააკაშვილი! მიხეილ სააკაშვილი არის რუსული რეჟიმის ტყვე. ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ხალხი და მათ არ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი დატოვებდა აი, ამ ძალიან დიდ პატივისცემას და აღიარებას, რაც მას უკრაინაში ჰქონდა და აქვს, მაგრამ მან გადადგა ძალიან რთული და ძალიან პატრიოტული ნაბიჯი. ის ჩამოვიდა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა.”
ეს უდღეური ნაკრები – მათგან არის გასათავისუფლებელი საქართველო და ესენი რომელ საქართველოს ათავისუფლებენ? ამ სექტას ცნობიერ-ქვეცნობიერში თანაბრად დაელექა აწ უკვე ნანახ-ნაგულავები წარმოსახვითი საქართველო, სადაც კვლავ მათი ბელადი და მისი კაციჭამიები იქნებიან.
გეუბნებით, ფსიქიკური აშლილობის ახალაღმოჩენილი ფორმა აქვთ, აი, თუ არა! კიი, ხომ ყველას გვეგონა, რომ ვიცოდით, სად არის მიხეილ სააკაშვილი, ის “ვივამედში” ტინგიცობს, მაგრამ ნურას უკაცრავად, არ გვცოდნია და ისევ თვითონ თუ გაგვანათლებენ: “ხალხო, თქვენ გგონიათ, მიშა სააკაშვილია ის, ვინც დატუსაღებულია?! როგორი გულუბრყვილოები ხართ? კლონია ციხეში. იალაღზეა მიშა, ოღონდ სხვა სახით და სხვა პასპორტით! სხვა რაკურსიდან ყველაფერი ნათლად ჩანს. მიშა ნამდვილად 2 ოქტომბერს შემოვიდა საქართველოში. 1 ოქტომბერს “დაკავებულს” მეორედ ხომ არ დააკავებდნენ?! ფრთხილად, მოკეთენო, ფრთხილად!!!! ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს ცნობადი თვალით!”
    ამათი ცნობად-არაცნობადი თვალით რა ჩანს, კარგად უჭვრიტიმალონ, მაგრამ “სააკაშვილის მისაღების” დანახვამ ბავშვობა გამახსენა. ილუზიონისტი ოთარ რატიანის გამოსვლა იყო თბილისის ცირკში და პირდაღებული ვუყურებდით დიდიან-პატარიანად, როგორ იჯდა კოსტიუმი საწერ მაგიდასთან და უჩინარი კაცი წერდა, ამოძრავებდა უსულო საგნებს, აქრობდა მათ და ა.შ. ჩვენ კი არა, იაპონელები იაპონიაში უყურებდნენ მის გამოსვლას გაოგნებულები. რა ვიცოდით მაშინ ლაზერული აპარატის არსებობის. ჰოდა, “სააკაშვილის მისაღები” სწორედ რომ ოთარ რატიანის საცირკო ნომრის “კაბინეტს” ჰგავს, “კასტუმი” ჩანს, ტიპი – არა.
 კარგად შევათვალიერე “კლონის” მისაღები და თაროზე ხელბორკილი გადმოკონწიალებულიყო გამომწვევად. ნეტავ, რაზე უნდა მიანიშნებდეს-მეთქი? – ამეშალა ფიქრები და დამეძაგრა ტვინი. ის, რომ კლონ-ნამდვილი სააკაშვილის რეჟიმი 9 წელი ბორკილებს ადებდა სრულიად საქართველოს, იმის გამოსახატავად ნამდვილად არ დადებდნენ; არც ის შეეფერება, მისი პატიმრობის სიმბოლოდ გამოეფინათ – კაცი პატიმრობაში არ არის, ხელბორკილის სიმწარე უკრაინის შემდეგ, ქეჩოთი როდესაც მიათრევდნენ, არ უნახავს, ნეტავ, რა დანიშნულება აქვს-მეთქი? ეჭვნეულად გადავხედე “მისაღებს”, ვიფიქრე, აქ სადმე შოლტიც ეგდება-მეთქი, მაგრამ მყისიერად გავიაზრე, რომ შოლტი მოფარებულში იდება… მთლად დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მნახველმა ქალებმა უნდა გაშოლტონ ხელბორკილდადებული აღვირახსნილი თუ პირიქით, მან უნდა გაშოლტოს ახვინტრიცებული ქალები, მაგრამ ლოგიკურად, ორივე მისაღებია.
 ძალიან დამაბნია “სააკაშვილის საზოგადოებრივმა ოფისმა”, მეორადების მაღაზიაა, თუ რა ხდება? დედა “კენზოს” 4 ათას დოლარიანი ჯემპრით დადის, შვილს ტანისამოსს სწირავენ -გეუბნებით, ესენი, ყველანი სერიოზულად სამკურნალოები არიან.
  მიშა-კლონზე ფიქრებმა არ მომასვენა და ბოშათა ბარონებიც გამახსენდა, გარდაცვლილებს რომ საფლავად უძვირფასესი ნივთებით გაძეძგილ მიწისქვეშა ოთახს უწყობენ და ძვირფას მანქანასაც ატანენ საიქიოში – კაცი ცოცხალია და რა მავზოლეუმს უწყობენ, სულ გაგიჟდა ნაცსექტა?
მავზოლეუმზე ლენინი გამახსენდა. ის გვამად მაინც არის წამოპლაკული “ოროთახიანში” და ცოცხალიაო,   გვამღერებდნენ 70 წელი, ეს ჩვენის მიშას კლონი ცოცხალია და, ფაქტობრივად, მკვდარ ბელადად გვასაღებენ. პოლიტიკურად მკვდარი კი არის, მაგრამ მაინც…
მეგრელებმა იცოდნენ და ზოგან ახლაც არის შემორჩენილი მიცვალებულთან დაკავშირებული უცნაურობები, მაგრამ ეს მაინც ნამეტანია.
  თვით მიშა თუ მისი კლონიც რომ ხარობენ? ძალიან მიხარია, რომ სოფო ჯაფარიძემ “ენმ”-სთან ერთად გახსნა ჩემი მისაღები ოფისი. ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი, ჩვენი ხალხით ვცხოვრობ, ვიძინებ და ვიღვიძებ. სოფო უნიჭიერესი, უმაგრესი მებრძოლი და ქვეყნის დიდი პატრიოტია. მოკლედ, თქვენი იმედი მაქვსო, _ შეტყობინებას შეტყობინებაზე აცხობს კლიენტი “ვივამედიდან”.
  ეგონოს, რომ ამ მარაზმით მისი ხალხიც ხარობს! ისეთი დასაბმელია “დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე” ლაშა ბუღაძე, სავარაუდოდ, “უბორნიიდანაც” გამოვიდა და ისე დაწერა: “ახლა შემომხვდა “მიხეილ სააკაშვილის მისაღების” ფოტოები და თავიდან ვიფიქრე, რომ მარინა აბრამოვიჩის ინსტალაციაა. კიდია პიჯაკები, იქვე დევს ბოტასებიც და წინ კი ცარიელი მაგიდა დგას… კართან წარწერით: “საქართველოს პრეზიდენტი”, ოღონდ, თავად სუბიექტი იქ არ მდებარეობს.
ჰოდა, რა არის ეს? ეჟენ იონესკოს პიესაა აბსურდის ჟანრიდან თუ სპირიტისტული სეანსის სივრცე? შეხვალ, პრეზიდენტის პიჯაკს ჩაუთქვამ სურვილს და ბოტასი კი მისაღების გამხსნელის ხმით ამოგძახებს: “გადაგზავნილია”… აბა, ოთახში თავად არ ზის და…
უკაცრავად, მაგრამ რას ამასხარავებთ ამ კაცს, რომელიც ობიექტურად მძიმე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაშია?!
 შეხედეთ მის ჩართვას სასამართლოზე და დარწმუნდებით… თუ თავს თვითონვე იმასხარავებს?! ალბათ, არც უმაგისობაა… ცოტა მეტი სერიოზულობა რომ მართებდეს ყველას, უთუოდ კარგი იქნებოდა. მაგრამ უკვე გვიანია… “მრევლი” პიჯაკებთან კომუნიკაციითაც კმაყოფილია” (რაც დაწერა, ის გაახლეთ. ხელი ცოტა კი წავუკარი პუნქტუაციაზე, მაგრამ გავიფიქრე, რა მრჯის-მეთქი და დავანებე თავი.)
  გავხედე და მართლა ჩამომსხდარან მისაღებში დედა-გიულიდან დაწყებული, ვისაც ესწრაფებოდა “სააკაშვილის მისაღებში” მიღება და ნეტარებასთან ერთად სახეზე აწერიათ, როგორ შურთ ახალი კამერ-ფრეილინასი, რა ნიჭიერი გოგოა, მე რატომ არ მომივიდა აზრად ასეთი დიდებული იდეაო. უფრო მაგარი იქნებოდა, კედელზე ფრთაგაშლილი ანი წითლიძის ფიტულიც რომ მიეჭედებინათ. სულაც არ იქნებოდა დროში გაწელილი ამბავი, გამომშრალი ისედაც არის და მიჭედებას რაღა დიდი ამბავი უნდა.
ჩვენში დარჩეს და, ნიჭიერი თუ არა, მაგარი შებერტყილი კი ყოფილა ეს ახალი სოფო, ჯერ ის რა გაჩარხა კოვიდტერორის დროს და ახლა ეს რა მოიგონა და მოაწონა რომელიღაც მიშას, ან ორივეს ერთად, ნამდვილსაც და კლონსაც. გამოლაყუნდება მერე ნაცსექტა და დაიწყებს გაზეპირებული ფრაზების რახუნს, როცა ის ვერ გაუგიათ, რა ხდება მათი ბელადის თავს, ცოცხალი მკვდარი ჰყავთ, მკვდარი ცოცხალი, თუ სულაც, კლონი?
რა სასაცილოები არიან, ოღონდ, ბოროტი და მავნებელი საზიზღრად სასაცილოები…
“საერთო გაზეთი”
ზურაბ ოშხერელი