საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

არც გადავდგები, არც გადმოვდგები, აჯაგრული ვარ! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

არც გადავდგები, არც გადმოვდგები, აჯაგრული ვარ!

სრულიად საქართველო და არა მხოლოდ საქართველო ელოდა როგორ დასრულდებოდა 16 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაყენებული იმპიჩმენტის მოთხოვნის საკითხი.
ზოგადად რომ ვთქვათ, საქართველოს, ამ ციდა ქვეყნის პრეზიდენტმა, მით უმეტეს, ქალმა, ისე როგორ უნდა აიღოს თავზე ხელი, რომ ქალმაც და კაცმაც, ხელისუფლებამაც და ხელისუფლების ოპოზიციამაც, ერთსულოვნად მოიძულონ. ის სხვა საკითხია, რომ ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციამ პოზიცია შეიცვალა და მანამდე თუ “ლავროვის შნუროკად” და ფეხმრუდად მოიხსენიებდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ნება-ნება დაოკდნენ და ბოლოს მის დამცველ ადვოკატებად იქცნენ. ფაქტად ის დარჩა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყველაფერთან ერთად, ისეთივე უპრინციპო და უთავმოყვარეო პერსონა აღმოჩნდა, როგორც მისი მაგინებელი ე.წ. რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელია.
კონსტიტუციონალისტების ხატოვნად ნათქვამია, რომ იმპიჩმენტის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს “კეისრის ცოლის” პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი არა მხოლოდ პატიოსანი უნდა იყოს, არამედ, ეჭვიც კი არ უნდა არსებობდეს მის პატიოსნებაზე.
“კეისრის ცოლის” პრინციპთან დაკავშირებით მძიმე კი არა უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, _ პატიოსნებაში ეჭვი გვეპარება კი არა, დადასტურებულად ვიცით და ვხედავთ, რომ საქართველოს კისერზე ხათაბალად მოხვეული პრეზიდენტი პატიოსნებასთან ყოველმხრივ მწყრალად არის!
ხალხის სიბრძნე კი გამოჩნდა, არ აძლევდა ხმას საიდანღაც ამოქექილ ვიღაც რეპუტაცია შერყვნილ გაქექილ ქალს, ამიტომაც ნაციონალ გრიგოლ ვაშაძეს უტოლდებოდა “სასურველობით”, მაგრამ იძალა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი” სიძულვილმა, დაერთო ერთი კაცის ხათრი და გაიპლაკა პრეზიდენტის სასახლეში. გაიპლაკა და დაიჯერა, რომ ხალხმა ხმა მართლა მას მისცა და საკუთარ ნებაზე კუნტრუშის მანდატიც გამოუწერა.
იმპიჩმენტის პროცედურას ფაქტობრივად, თვით პრეზიდენტად წოდებულმა სალომე ზურაბიშვილმა გაუკეთა პროვოცირება. სხვა შეფასება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რადგან იგი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მთავრობას მოთმინების ფიალა ავსებოდა. მთავრობას მართლაც მრავალი მცდელობა ჰქონოდა, როგორმე ეს სამარცხვინო აქტი არ ჩაწერილიყო საქართველოს ისტორიის ფურცელზე, მაგრამ ამ გაქსუებულმა ქალმა მრავალგზის დარტყმა-ჩხვლეტით აიძულა მთავრობა, რომ კონსტიტუციის უპატივცემულობისა და, შესაბამისად, მასზე გადაბიჯების გამო, ქვეყნის კონსტიტუციის ღირსება დაეცვა.
იმ დროს, როდესაც ქვეყანა ისედაც უამრავი გამოწვევების წინაშე დადგა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი ენის ტლიკინთან ერთად საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას გადაჯეგავს, ფეხს აიშვერს და სირბილს დაიწყებს მისთვის რაღაცით საინტერესო ქვეყნებში, ასევე მისთვის საინტერესო პირებთან მისთვისვე საინტერესო საკითხებზე საჭორაოდ, პრეზიდენტი რატომ უნდა ერქვას?
გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPჩ) რიგით მე-3 სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას, რატომ უნდა დასჭირვებოდა საქართველოს პრემიერს, ბატონ ღარიბაშვილს ახსნა-განმარტება, რომ საქართველოში არსებული ვითარება ევროპელ კოლეგებსაც აუხსნა?
იმათ ვინ ეკითხება, ჩემთან რა დუღს, მაგრამ, როდესაც მსოფლიო არენაზე გამოსვლის პრეტენზია გაქვს, რაღაცები კისერზე ვალდებულებად გედება…
  ყველას კარგად ესმის ამ “ქალის” გარშემო და გამო რაც ხდება, რომ წმინდა სამართლებრივი საკითხია, მაგრამ თურმე ეს “არ არის ლამაზი”. რა არ არის ლამაზი, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის იმპიჩმენტი?!
რა თქმა უნდა, ძაღლი ძაღლის ძვალს არ დატკვერს, ხან ულამაზოდ მოეჩვენებათ პრეზიდენტად წოდებული ვიღაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაც და იმპიჩმენტიც, ხან შურისძიებად და ხან სხვა, თითიდან გამოწოვილ აღქმად. ხომ არ ჯობს, ყველამ საკუთარ მამიდას მიხედოს და საკუთარ “ტანკზე” დაეტიოს?
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილს, როცა მისგან მიმართვები იყო მთავრობისადმი სადმე წასვლაზე, ყოველთვის თანხმდებოდნენ, რადგან ევროპაში (არამხოლოდ) მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ხმაც, მანამდე, ვიდრე რადიკალურად შეიცვლიდა ორიენტირებს და ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას მხურვალედ ჩაეხუტებოდა უცხო ქვეყნიდან საქართველოს მტრად მოვლენილ დამრიგებლებთან ერთად.
რანაირი წარმოსადგენია, რომ რომელიმე ქვეყნის მთავრობა მის მაგინებელს სხვა ქვეყნებში თავისი მანდატით თავისივე სალანძღავად აგზავნიდეს?
ან რანაირი საყურებელი და მოსასმენია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს მის ქვეყნად წოდებულ ქვეყანაში სამოქალაქო ომიც სურს, “მეორე ფრონტის” გახსნასაც ეშურება, ამავდროულად, ნიანგის ცრემლებს ღვრის ცალმხრივად იმ დაღუპულების გამო, რომლებიც რომელიმე ცხელ წერტილში ერთ მხარეს წარმოადგენენ, ვთქვათ, ნატო-რუსეთის ომში მხოლოდ უკრაინელები არიან დასატირები, ისრაელ-პალესტინის ხოცვა-ჟლეტაში _ დაღუპული ებრაელები, ხოლო საქართველოში დასატირებლების დასატირი განწყობა სულაც არ აქვს!
იმთავითვე ისე აჟივჟივდნენ სხვა გავლენის აგენტები და მათი პატრონები, თითქოს შაყისკვრას უპირებდა ვინმე სალომე ზურაბიშვილს, არადა, ყველა აჟივჟივებულმა კარგად იცის, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობაა, ფორმალური, იურიდიული, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ხაზს უსვამს კანონის უზენაესობას, კონსტიტუციის უზენაესობას და იმას, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას ქვეყანაში
გასული წლის მიწურულს ვითომ პატიმარ ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ისიც კი მოაჩიქორთულა, რომ კარიერის დაზიანებაც არ აშინებს, თუ ეს ზიანი მისი შეწყალების გამო მიადგებოდა. უნამუსოს გარდა ვინ ლოკავს თავის გადაფურთხებულს _ “არა და არასოდეს!” “არ დამავიწყდება ირინა ენუქიძის თვალები”… და უცბად, გამომწვევად, სიმულანტი პათოლოგის შეწყალებაზე საუბარი, მანამდე კი არანაკლები პათოლოგების შეწყალება…
ის, რა დღეშიც საქართველომ თავი ჩაიგდო, იმ აშშ-ისა და მასზე დაქვემდებარებული იმ ევროპის ბრალია, რომელთაც საკუთარი “განსაკუთრებულობის” მითი წარმატებით ჩააგონეს საბჭოეთიდან განთავისუფლებული ქვეყნის, ერთი მხრივ, ჭურში გაზრდილ მოქალაქეებს, მეორე ნაწილს _ ჭურსზემოთ მყოფ, მაგრამ ქვეყნის გამყიდველებად დაბადებულებს.
პირში და ე.წ. კახურად თუ ვერ მიახლი რომელიმე განარცისებულს იმას, რასაც ფიქრობ, დიპლომატიურ ენაზე ხომ შეიძლება იმის გაგებინება, რომ კარგად ხედავ ხელისგულზე დადებულს _ ე.წ. კოლექტიური დასავლეთი, “საქართველოს დაუძინებელი მეგობრები” წამი-წამზე იგონებენ სათავისო მსოფლიო წესრიგსა და წესებს და პირველივე საჭიროებისთანავე “გემრიელად” არღვევენ მათ, მაგრამ თუ სხვას ეხება, ვინც მათ მიბაძავს, დამრიგებლებს, როგორც მაგალითს, მაშინ მათგან რასისტიც გამოვა, ნაცისტიც და ქსენოფობიც.

საჯილდაო ქვად რომ აქციეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა (მაინც ვერ გავიგე, რა თავში სახლელად გვინდა, რაში წაგვადგება, როცა ვხედავთ, რომ მათ წევრებს ამ კავშირის დატოვებაზე უჭირავთ თვალი, დიდი ბრიტანეთი კი უკანმოუხედავად გაიქცა) საქართველოს ე.წ. პრეზიდენტიც და ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნების გავლენის აგენტი საქართველოს მოქალაქეებიც ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარის თქმის მოლოდინში არიან, რომ მიზეზი მიეცეთ მოლოტოვის კოქტეილების სროლისა და სხვა მავნებლური მოქმედებების ჩასადენად.
არც ერთ მხარეს არ გაუპროტესტებია, რომ ასეთ ვალდებულებებს აკისრებენ მეორეხარისხოვან ქვეყნებს, სადაც მეორეხარისხოვანი ადამიანები ცხოვრობენ; რომ ეს ყურით მოთრეული ვალდებულებები ამახინჯებს ქვეყნის კონსტიტუციას. იმ კონსტიტუციას, რომლის აბუჩად აგდების გამო პრეზიდენტს ვთხოვთ პასუხს. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი ავია თუ კარგია, ჩემია და, იქნებ არც მოვთხოვო პასუხი, მაგრამ ევროპა და აშშ ვინ მიგდია, რომ სუვერენული (სახელად მაინც) ქვეყნის კონსტიტუციას მიმახინჯებს, რადგან ამის “დილიხორი” აქვს. ვინ მიგდია, რომ ჩემს ეროვნულ მენტალიტეტს შეურაცხყოფს და ჩემს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება?
აი, აქ მარხია ძაღლის თავი!
ქვეყნის პრეზიდენტი რომ საკუთარი ქვეყნის მტრებს შეეკვრება (შინაურსა და გარეულს ერთად) და საკუთარი ქვეყნის, ამომრჩევლისა და საპრეზიდენტო სკამზე დამსმელის წინააღმდეგ რატრატსა და ტუტრუცანობას დაიწყებს, მე რომ მკითხონ, მისთვის იმპიჩმენტის პროცედურა კი არა, იმპიჩმენტით დასრულებაც “თამაში და მღერაა”.
საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტერი ღირსებადაკარგული პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტი განა სასჯელია?
„არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რა თქმა უნდა, არც გადადგება და არც გადმოდგება მანამ, სანამ პატრონები არ უბრძანებენ, პატრონებმა კი ამ ეტაპზე მაინც, რატომ უნდა უბრძანონ, მორჩილი ტიკინა ჰყავთ ამოიღლიავებული…
ქვეყნის პრეზიდენტობა წყალშეყენებული ქალი ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს ხალხს, მაგრამ, ნეტავ ვინ ხალხს, არაფრად რომ აგდებს თუ პირად ნაცსექტა და კრებსით ლომჯარიებს? ისიც კი ვეღარ გაუაზრებია, რომ იმ გაჭირვებულებს სათავისოდ ვერ გამოუყვანიათ ხალხი, სალომეს საიდან და როგორ დაუხატონ?
საშინელება ყოფილა ყოვლად უთავმოყვარეო ქალი!…

“საერთო გაზეთი”
ნინო დაუშვილი