საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბიშვილმა მე და პაპუაშვილს გვითხრა, ზელენსკი გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

ზურაბიშვილმა მე და პაპუაშვილს გვითხრა, ზელენსკი გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი შეგხვდა მე და შალვა პაპუაშვილს და გვითხრა, აგერ ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო – შეგიძლიათ, იმსჯელოთ, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, გავიხსენო: შალვა პაპუაშვილთან ერთად სალომე ზურაბიშვილთან ვიყავი სტუმრად, თავად ითხოვა შეხვედრა. ეს იყო ომის დაწებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ 27-28 თებერვალი იქნებოდა, რუსეთ-უკრაინის ომი იყო რამდენიმე დღის დაწყებული. შეხვედრაზე ასე დაიწყო, რა გინდათო, – ზრდილობა არც პირადი შეხვედრების დროს ახასიათებს ქალბატონ სალომეს. ჩვენ ხუმრობით ვუპასუხეთ, თქვენ რა გინდათ, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა-თქო. მისი შემდეგი წინადადება იყო გამაოგნებელი – აგერ ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო, აი, რა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება, როდესაც ჩვენ მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს ეს ხომ შემთხვევით არ არის? იქიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. პირდაპირი მოწოდება საითკენ? ამაზე თქვენ იმსჯელეთ. მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, აქ დეტალებში აღარ შევალ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, იმსჯელოთ, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი. თქვენ ერთ წამით წარმოიდგინეთ, ის რომ ყოფილი არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება იმ დღეს, ეს იქნებოდა ბავშვი ასათით ხელში“, – განაცხადა კობახიძემ.