საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მთავრობას ფარცხალაძე ბოლომდე რომ დაესანქცირებინა, ბუნებრივია, ამას აუცილებლად გააპროტესტებდა – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

მთავრობას ფარცხალაძე ბოლომდე რომ დაესანქცირებინა, ბუნებრივია, ამას აუცილებლად გააპროტესტებდა

  საზოგადოება დააბნია საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ, რომელიც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას შეეეხებოდა.
გაურკევევლი მდგომარეობა ყოველთვის დამაბნეველია, მით უმეტეს მაშინ, როცა ისეთი მძლავრი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიც ეროვნული ბანკია, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და შემდეგ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ისევ თავად ცდილობს.
ეროვნული ბანკიდან თანამდებობის პირების დემარშით წასვლამ, რასაც შეთქმულების სახე ჰქონდა, საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მწყობრიდან გამოყვანაც კი მოახერხა და მათ ყაჩაღების ბანდა უწოდა. მიზეზი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ქადაგიძის ფაქტორი გახდა, რომელსაც ნაციონალური ხელისუფლების ტყვეობიდან, როგორც ჩანს, თავი დღემდე ვერ დაუღწევია და ბოლო ინციდენტიც ქვეყნის მეთაურმა სწორედ ამ ფაქტს დაუკავშირა.
ბატონი პრემიერის მსჯელობაში არის ლოგიკა, მაგრამ საზოგადოება ეროვნული ბანკისგან ფარცხალაძის ინციდენტთან დაკავშირებით მეტ განმარტებას ითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოების პრეტენზიები ამ უკანასკნელის მიმართ კი არ მცირდება, არამედ მატულობს!
გულწრფელები რომ ვიყოთ, ხშირად ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოქალაქეების ინტერესებს არ ითვალისწინებს. ამის კლასიკური მაგალითი პენსიონერ მოქალაქეებთან “ლიბერთი ბანკის” სასესხო ურთიერთობაა, რომლის შესახებაც ჩვენმა მკითხველმა ერთ-ერთი სასამართლო დავიდან შეიტყო. ამ საკითხს ვრცელი სტატიაც მივუძღვენით, მაგრამ შეჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობა დღემდე უცვლელი რჩება და “ლიბერთი ბანკი” კვლავ არათანაბარ პირობებში განაგრძობს სესხის გაცემას. არადა, ეროვნული ბანკი, როგორც მაკონტროლებელი, პასუხისმგებელია ბანკების მართებულად ფუნქციონირებაზე.
ფარცხალაძის ინციდენტს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები შეუერთდნენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს. აშშ-ში მოქმედებს ორგანიზაცია “აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი” (OFAჩ), რომელიც პასუხისმგებელია სანქციების განხორციელების კონტროლზე.
ისე შევუერთდით ხსენებულ საერთაშორისო სანქციებს, არ გვიკითხავს ჩვენი საზოგადოების ნება. იძულებულნი გავხდით, 2023 წლის 4 აგვისტოს გამოგვეცა ბრძანება N208/04, რომელშიც სრულად ავსახეთ სანქციებთან დაკავშირებული მიზნები. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ვერ მოვახდინეთ მისი დეტალური იურიდიული ანალიზი. აღნიშნული გარიგება და შეზღუდვა არ უნდა ეხებოდეს პირს, რომლის მიმართაც სასამართლოს არ აქვს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი. საზოგადოება დაიბნა და, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვებიც. რა თქმა უნდა, რთულ სიტუაციაში ჩააყენა ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება, ამიტომ გასაკვირი არ იყო ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული კრიტიკაც, “ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას”-ო.
საქართველოს კანონმდებლობა იცნობს კანონს “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ხელშეკრულებების დადების დროს. კანონი ასევე არეგულირებს ხელშეკრულების შეწყვეტის წესებს ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ და ის არგუმენტი, რომ საერთაშორისო შეთანხმებას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ადგილობრივს, უკვე სადავოა. სანქციების დაწესება წინააღმდეგობაში მოვიდა საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და მხოლოდ მაშინ აქვს უპირატესი ძალა, რაც ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.
რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალს ადევნებს და ისმენს მხოლოდ ამ საკითხის პოლიტიკურ შეფასებებს, მაგრამ სად დაიკარგა ფაქტის იურიდიული ანალიზი? პოლიტიკური შეფასება, ბუნებრივია, ვერ გადაწონის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოტანილი ბრძანების საფუძვლიანობას. აქ სიტყვა უნდა თქვან იურისტებმა. ფაქტია, დღემდე ვერ მოვისმინეთ, მათ შორის, პარლამენტში მოღვაწე სამართალმცოდნე პირების დასკვნები. ალბათ, დადგება დრო, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები უფრო მკაფიოდ მოითხოვენ თურნავას, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული ბრძანების იურიდიულ დასაბუთებას. იურისპრუდენცია მეცნიერებაა, რომელიც არგუმენტებითა და ფაქტებით უნდა გამყარდეს. თუ ამ სანქციებთან შეერთების დროს ხელისუფლებას გაახსენდებოდა ადამიანის უფლებები, მაშინ იმ მნიშვნელოვან დოკუმენტში, შეთანხმებაში აუცილებლად გაჩნდებოდა იმ ადამინების კატეგორიების ჩამონათვალი, რომელთაც აუცილებლად შეეხებოდათ სანქციები და, ბუნებრივია, აღარც კითხვები გაჩნდებოდა.
 სანქციების ლოგიკას მაინც რომ გაჰყოლოდა საქართველოს მთავრობა და ფარცხალაძე ბოლომდე დაესანქცირებინა, ბუნებრივია, ამას აუცილებლად გააპროტესტებდა თავად პროფესიით იურისტი ფარცხალაძეც და საქართველოს წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ გზას ისიც დაადგებოდა – სასამართლოს მიერ დადასტურებული განაჩენის გარეშე რატომ მსჯითო. ზოგადად, შეთანხმების დადების დროს თუ ამ არგუმენტს მოიშველიებდა ეროვნული ბანკი და ყურადღებას საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაზეც გაამახვილებდა, არც კითხვები იარსებებდა და არც ჩვენი სახელმწიფო ჩავარდებოდა უხერხულ მდგომარეობაში.

“საერთო გაზეთი”

 იურისტი: ლევან ჭიღლაძე