საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სააკაშვილის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი მიზანი ჰქონდა – დესტაბილიზაცია, სიტუაციის არევა და რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

სააკაშვილის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი მიზანი ჰქონდა – დესტაბილიზაცია, სიტუაციის არევა და რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ!

 “საერთო გაზეთის” ჟურნალისტი ნონა ქარქაშაძე   მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრ თამარ ჩიბურდანიძეს ესაუბრა.
ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ქვეყნის პირველ ოპოზიციად წოდებული „ნაცმოძრაობა“ სისხლიანი ბუნტისთვის ემზადება და სახელმწიფო „გადატრიალებას“ აპირებს. ახლა, როცა მათი გეგმა გაიშიფრა, უნდა ველოდოთ თუ არა რეალურ საფრთხეს ამ ადამიანებისგან?
– რევოლუციის გეგმა რეალურია, თუმცა, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის იმედი, რევოლუციური გზით არ მიდის. არ დაგვჭირვებია კარვები 2012 წელს, ისე მოვუგეთ არჩევნები სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მსოფლიო წინ მიდის, მათ შორის, პოლიტიკური ბრძოლის ფორმებითაც, ჩვენი ოპოზიცია კი ისევ წარსულში ჩარჩა. კარვები, ლეიბები და ქუჩის საბოტაჟი წარსულის მეთოდებია და არსად შედეგი არ მოუტანია, მათ შორის, არც საქართველოში. სააკაშვილის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი მიზანი ჰქონდა – დესტაბილიზაცია, სიტუაციის არევა და რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ახლა კი, უმნიშვნელოვანესი არჩევნები გვაქვს წინ 2024 წელს, და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქართველი ხალხი მოატყუონ, გააკეთებინონ მოტყუებით არჩევანი, მაგრამ მათი ტყუილების საზოგადოების უდიდეს ნაწილს აღარ სჯერა.
ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ახალი, კულტურული და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის წესები დაამკვიდრა. ეს არის ხალხის დარწმუნება სიმართლეში და არჩევნების მშვიდობიანი გზით მოგება, რაც მხოლოდ ძლიერ და ხალხისთვის ანგარიშგასაწევ ძალას შეუძლია. ქართული ოპოზიცია კი არც ერთია და არც – მეორე. აღარც ახალი სახეები ჰყავთ, რომ ხალხის ახლებურად მოტყუება შეძლონ, ამიტომ ცუდ დღეში არიან. ერთადერთი გზა რჩებათ – უცხოელი ლობისტებისა და უკრაინელი მებრძოლების დახმარებით, რევოლუციის მოწყობა, რის საშუალებასაც ხელისუფლება არ აძლევთ.
როგორც ჩანს, უსაფრთხოების სამსახურს ბევრად უფრო მძაფრი ინფორმაცია აქვს ოპოზიციის მზაკვრულ გეგმებზე, რასაც ნაწილობრივ ვხედავთ კიდეც. მიუხედავად მათი გეგმებისა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ოპოზიციას არ გაჰყვება და ასევე მწამს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს გააკეთებს მათი მზაკვრული გეგმის გასანეიტრალებად. უცხოური გრანტების საშუალებით განსაკუთრებით სერიოზულად „ნაცმოძრაობა“ „სტუდენტებზე“ მუშაობს, მაგრამ ამ სტუდენტებშიც მათ წინააღმდეგ განწყობილი გაცილებით მეტია, ვიდრე მხარდამჭერი. რევოლუციური სცენარის დაგეგმვას, ურჩევნიათ, ჩვენს გზას გაჰყვნენ და ხალხთან იმუშაონ, დაარწმუნონ თავიანთ სიმართლეში, თუკი სიმართლე მათ მხარესაა.
რატომ ეშინიათ ამ არჩევნების? – ორი მიზეზის გამო, რადგან იციან, რაც ბოლო არჩევნებზე აიღეს, იმდენ ხმასაც ვეღარ აიღებენ და მეორე – როდესაც საკუთარ ამომრჩეველს აიძულებდნენ, რომ შემოეხაზათ 5-იანი და მისთვის ფოტო გადაეღოთ, ეს აღარ გაუვათ, რადგან ელექტრონული არჩევნებია. მათ წინასწარ იციან საკუთარი შედეგები და ამიტომ უნდათ, წავიდნენ რევოლოციური გზით. ვინც ძლიერია ხალხთან, ვინც მართალია ხალხის წინაშე, ვისაც სჯერა ხალხის ნდობის, მას რევოლუცია არ სჭირდება ხელისუფლებაში მოსასვლელად.
– როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრეზიდენტმა თავისი ვიზიტებით სანქციების თემა გააცოცხლა. თქვენ როგორ მიიჩნევთ, სალომე ზურაბიშვილის თვითნებური „ვოიაჟი“ უფრო მეტად აზიანებს ქვეყანას, თუ მის წინააღმდეგ გამოცხადებული იმიჩმენტი, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში?
– რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვიზიტები. ევროპის უდიდეს სახელმწიფოებს, მსოფლიოს გავაგებინეთ ჩვენი სიმართლე და სანქციების თემა დაიხურა და იმ დროს, როდესაც უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა რუსეთისთვის სანქციებს ამსუბუქებს, სხვადასხვა მიმართულებით, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით… სალომე ზურაბიშვილი ჩადის ბალტიისპირეთში და აცოცხლებს „მკვდარ“ თემას, რომელიც დღეს არც ევროპას სჭირდება და არც ამერიკას, სჭირდებათ მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერებს, იმ პოლიტკურ პარტიას, რომელსაც ხელში უჭირავს ქართული ოპოზიცია და თავიანთ ჭკუაზე ატრიალებენ. საბედნიეროდ, ევროპამაც გაიღვიძა. ევროპა დღეს სულ სხვაა, ვიდრე იყო ერთი წლის წინათ და უკვე არც იქ მუშაობს მოძველებული თემები.
რა საჭიროა პრეზიდენტის ვოიაჟები, რომელიც არაფრის მომცემია, გარდა იმისა, რაც ჩამოიტანა ბალტიისპირეთიდან, რომ თურმე საქართველო ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს. ევროპელი ლიდერები არც კი გამოეხმაურნენ მის სულელურ ინიციატივას. მე არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ სად გაფრინდება, მაგრამ იმას კი ვხედავთ, რომ მისი არცერთი ვიზიტი, სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიტიოსების გარდა, არავის აინტერესებს.
არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველო უფრო სჭირდება ევროპას, ვიდრე ჩვენ – ევროკავშირი. სულ ახლახან კი დაახლოებით იგივე განაცხადა რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა იოზვიაკმა. მისი ვარაუდით, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ევროკავშირი დაინტერესებულია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობით და ხელიდან მის გაშვებას არ აპირებს…
– დიახ, ახალაც იმავეს ვიტყვი, რომ ევროპას დღეს მეტად სჭირდება საქართველო, როგორც დასაყრდენი კავკასიაში. ევროკავშირს სჭირდება საქართველო აღმოსავლეთთან – ყაზახეთთან, ჩინეთთან, ინდოეთთან ურთიერთობისთვის, რადგან ყველა ხედავს, რომ უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ჩინეთის გამავალი გზა არის, ძირითადად, საქართველო. ამიტომ, როცა პოლიტიკოსი ხარ და ხედავ, რომ შენს ქვეყანაზე არის მოთხოვნა, თავჩაქინდრული და შეურაცხყოფილი კი არ უნდა ეხვეწებოდე ვიღაცას, რომ მიგიღოს, არამედ ხარ ამაყი, რადგან შენზე დაჯდა დღეს პოლიტიკური კამათელი. რა თქმა უნდა, შენ გჭირდება ევროპა, მაგრამ მასაც სჭირდები! მას კიდევ უფრო მეტად სჭირდები. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ევროპა აღარ დაუშვებს შეცდომას და გადაირჩენს საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა, რადგან დღეს თვითონ ეს კავშირია გადასარჩენი. ევროკავშირმა ამ საუკუნის პოლიტიკაში ბევრი რამ გააკეთა მსოფლიოში. დიდი პოლიტიკური ტვირთი იტვირთა, კარგად იმუშავა და დღეს სწორედ საკუთარი კეთილდღეობისთვის სჭირდებათ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამიტომ, როდესაც ხედავ ამ რეალობას და, მით უფრო, ბევრად წინ ხარ ნორმატივების შესრულების თვალსაზრისით, ვიდრე უკრაინა და დსთ-ის წევრი სახელმწიფო მოლდოვა, რატომ უნდა ეხვეწო, რატომ უნდა დაიმცირო თავი, რატომ უნდა გაუწვე ფეხქვეშ ვინმეს, რომ ევროკავშირში მიგიღონ? – არა, არ შეიძლება, საქართველო ხოხვით შევიდეს სადმე. საქართველო ევროკავშირში უნდა შევიდეს ამაყად, ღირსეულად, ისე, როგორც დავიმსახურეთ.
ჩვენ ვნახეთ, რომ ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა არ დაუშვა უცხო სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს საბანკო საქმიანობაში ჩარევის პრეცედენტი, რასაც კვლავ მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან ხმაური და რის გამოც სამმა თანამშრომელმა დატოვა ეროვნული ბანკი. ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით?
– ეროვნულმა ბანკმა ისეთი სვლა მოუგო ოპოზიციას, ალბათ, ჯერ კიდევ ვერ მოდიან აზრზე. ეროვნული ბანკი იყო საქართველოში ასაფეთქებლად გამზადებული ძალიან დიდი ბომბი. მათ დაასანქირეს ფარცხალაძე, მაგრამ, როგორც ჩანს, უნდოდათ კიდევ სხვა მოქალაქეების დასანქციება. ეს პროცესი არ შეჩერდებოდა, მალევე მიადგებოდნენ ყოფილ პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებს. ფარცხალაძე იყო მხოლოდ დასაწყისი და ჩაკეტა ხელისუფლებამ ეს გზა, ვეღარ მიდიან იქით. ამით განუცხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მის კანონზე უპირატესი არის ჩვენი შიდა კანონი – ჩემმა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და კი ბატონო, დაასანქცირეთ! ძალიან სწორი სვლა გააკეთა ხელისუფლებამ, მაგრამ ორი დღის განმავლობაში, ვიდრე ეს აჟიოტაჟი იყო ეროვნული ბანკის ირგვლივ ატეხილი, თუ გადახედეთ სოციალურ ქსელს, ამერიკაში მცხოვრები ოპოზიციის მხარდამჭერი ქართველები მოუწოდებდნენ ხალხს, სასწრაფოდ გაეტანათ თანხა ბანკებიდან, რადგან, თურმე, საბანკო სისტემა ჩამოიშალა საქართველოში. ამ ორდღიანი პანიკის შედეგად, დოლარის კურსმა საგრძნობლად აიწია, მაგრამ ამის დარეგულირება შეძლო ხელისუფლებამ. ბომბის აფეთქება უნდოდათ ქართული ეროვნული ბანკისთვის და ძალიან ბევრ ბომბს დაუდებენ კიდევ ქართველ ხალხს! მათ ჰგონიათ, რომ ხელისუფლებას ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში, საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას ებრძვიან, თუმცა, ხალხი კარგად ხედავს, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია და ამის პასუხს ისინი აუცილებლად მიიღებენ 2024 წლის ოქტომბერში. ამომრჩეველი ძალიან მშვიდად მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას მას, ვინც ყველა ამ უბედურებას გადაარჩინა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ თითქოს ახალი მსოფლიო პოლიტიკა ჩამოყალიბდა, ბევრი რამ გადაფასდა და ბევრმა ქვეყანამ თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. მაინც, რა შეცვალა ამ ფაქტმა მსოფლიოს პოლიტიკურ რეალობაში?
– მე ამ ომს უფრო რუსეთ-ამერიკის ომს დავარქმევდი, რის შედეგადაც ევროპა გაიჭყლიტა და უკრაინა განადგურდა. დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკას არაოფიციალურად ამერიკა მართავს. ტრამპის ფიგურა ისეთი ძლიერი იყო ამერიკის ხელისუფლებაში, ვერავინ იმორჩილებდა, მას სხვა პოლიტიკა ჰქონდა, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა უძლიერესი ამერიკა. თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპს ვერ განახორციელელებინეს ის პოლიტიკა, რაც გააკეთებინეს ბაიდენს. ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც იყო საუბარი უკრაინის ომზე. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, მოითხოვოს იქ ყოფნა, სადაც მას უნდა და ნამდვილად აქვს უკრაინას იმისი უფლება, იყოს ნატო-ს წევრი, თუკი ხალხს ეს უნდა, მაგრამ საკითხავი ისაა, ამის უკან რა დგას. გვინდა ვიყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, მაგრამ მივდივართ კი აქეთ? გვიშვებენ კი ევროატლანტიკურ სივრცეში, ან ჩვენ, ან უკრაინას? – არ გვიშვებენ. რატომ ვართ გაბრაზებული? – ტყუილის გამო ვართ გაბრაზებული. რაც უკრაინას დამართეს, მსგავსი უკვე ვნახეთ საქართველოში 2008 წელს და იგივე სცენარის განმეორება უნდოდათ დღესაც, უარესი შედეგებით. ხელისუფლებამ კი არ დაუშვა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, არ უშვებს, რომ ქვეყანა განადგურდეს, არ უნდა, რომ საქართველო იყოს ნებისმიერი ქვეყნის ვასალი სახელმწიფო, გვინდა, ვიყოთ პარტნიორები და ოჯახის წევრები ამერიკისა და ევროპული ქვეყნებისა, მაგრამ არა ვასალი.
როდესაც არჩევანს აკეთებ, უნდა გქონდეს მყარი მხარდაჭერა იმ ოჯახიდან. ნატო-ში გაწევრიანებაზე ვინც აძლევს ხმას, მას სრული კონსენსუსი სჭირდება. რუსეთი ყოველთვის იპოვის ნატო-ს წევრ თუნდაც ერთ ქვეყანას, რომელიც მისი პოლიტიკის გამტარებელი იქნება. ერთი „არა“ მათგან ყოველთვის ექნება საქართველოს და უკრაინას. მე თამაშის წესები არ მომწონს, არ მომწონს ტყუილი. უკვე ევაჭრებიან უკრაინას. ზოგი ამბობს, რომ, როცა ომი დამთავრდება, 10 წლის შემდეგ მიიღებენ ნატო-ში, ზოგი ამბობს, რომ მიიღებენ ახლავე, დაუყოვნებლივ და ასე შემდეგ, მაგრამ მიიღებენ იმ ტერიტორიების გარეშე, რომელიც, ფაქტობრივად, მან უკვე დაკარგა. ეს არის რეალობა. ამ სიმართლეს ხალხს ყველა უმალავს. დიახ, ნატო-ს სჭირდება უკრაინა, უკრაინას კი – ნატო, მაგრამ ამ ტერიტორიებს რომ საკუთარი ნებით არ დათმობდა უკრაინელი ხალხი, ყველამ კარგად იცოდა. ასე რომ, პოლიტიკა ბევრად უფრო შორიდან იღებს სათავეს, ვიდრე ჩვენ გვგონია, პოლიტიკა არ იწყება იმ წერტილიდან, როდესაც პროცესი იწყება და არ მთავრდება იქ, სადაც გვგონია, რომ ყველაფერი დასრულდა.

– რამდენიმე დღის წინ 27 სექტემბერი იყო, სოხუმის დაცემის დღე. ოცდაათი წელი გავიდა და დღემდე ამ ჩვენი მზიანი მხარის დაბრუნების იმედით ვცხოვრობთ. რა შეიძლება გაკეთდეს რეალურად მის დასაბრუნებად?

-ერთი რამ ნამდვილად ვიცი, საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას მისი ძმების წინააღმდეგ. ეს ერთხელ მოხდა და იყო ძალიან დიდი შეცდომა ორივე მხრიდან. გინახავთ, რომ, რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოსულიყო და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გეგმა შემოეთავაზებინა? ახლა, სოხუმის დაცემიდან ოცდაათი წლისთავზე, ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსი იყო თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ღიად, სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ – დიახაც, უნდა ვიომოთ და ომით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი, – რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყნის მტრებს მეორე ფრონტის გახსნა უნდათ საქართველოში. თუ ვინმეს ნამდვილად სჯერა, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს ომით დავიბრუნებთ, მხოლოდ მატყუარა კი არ არის, აზროვნების უნარიც არ გააჩნია. ჩვენზე 15-ჯერ მეტი უკრაინა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეხმარება, მაგრამ ვერ ერევა რუსეთს, ვერ აჩერებს და ჩვენს 3-მილიონიან ერს რა დაემართება? ქვეყნის შიდა დაპირისპირებამ და არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია სწორედ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა, რადგან მტერი ძლიერია მაშინ, როცა ჩვენ ერთმანეთს ვასუსტებთ. იგივე პროექტის განხორციელება სურთ დღესაც, ისევ სამხედრო ძალის გამოყენება სურთ ხელისუფლების წინააღმდეგ და იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ეს, საერთო ჯამში, ქვეყანას გაანადგურებს. როგორ ფიქრობთ, დღეს რომ შიდა არეულობა დაიწყოს, რუსეთი გაჩერდება? არ წამოვა ჩვენკენ და რომელ რეგიონებზეც თვალი უჭირავს, არ დაიწყებს იმ რეგიონებზე მუშაობას?
მსოფლიოს გეოპოლიტიკური ცენტრი ვართ, რაც უკვე გაერომაც აღიარა. ჩვენი ერთ-ერთი უბედურება ისაა, რომ ვართ რუსეთის მეზობლები, მაგრამ ვერც რუსეთს გადავდგამთ სადმე და ვერც ჩვენ გავეცლებით. თუ ოდესღაც მტრად გადაკიდებულ ამერიკასა და იაპონიას შორის მოინახა საერთო ენა და დღეს ისინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრატეგული პარტნიორები არიან მსოფლიოში, ჩვენც უნდა მოვახერხოთ, რომ ტერიტორიები მშვიდობიანი გზით, დიალოგის გზით დავიბრუნოთ და მტრობას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ პოლიტიკაში არც მუდმივი მტრობა არსებობს და არც მარადიული მეგობრობა. პოლიტიკა არის ვაჭრობა და გარკვეულ მოცემულობას იყენებენ გონიერი ხელისუფალნი, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, უკეთესი რეალობის შესაქმელად.

“საერთო გაზეთი”
ნონა ქარქაშაძე