საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

გაერო სავალუტო ფონდის რეფორმირებას ითხოვს! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

გაერო სავალუტო ფონდის რეფორმირებას ითხოვს!

“საერთო გაზეთის” ჟურნალისტი თამარ შველიძე  საბანკო
საქმის ექსპერტს, პროფესორ
ლია ელიავას ესაუბრა.

ქალბატონო ლია, საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა. როგორც თურნავამ განაცხადა: სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე სანქციის დაწესება კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია.

– დავიწყოთ იმით, რომ ერთი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქცია საერთაშორისო არ არის. საერთაშორისოა სანქცია, როცა მას თავად გაერო, ან უშიშროების საბჭო აწესებს. მეორეც, საქართველოს კანონმდებლობა აშშ-ის კანონმდებლობასთან ინტეგრირებული არ არის. მიმაჩნია, რომ მისი განკარგულებების, პირდაპირ საქართველოს კანონმდებლობაში რეალიზება, ნონსენსია. შესაბამისად, თურნავას გადაწყვეტილება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამართლებულია.

კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საერთაშორისო სამართალი უფრო პრივილეგირებულია, ვიდრე საქართველოსი, მაგრამ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის დოკუმენტი არ გახლავთ. ეს გაეროს გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, პირდაპირ, ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე განხორციელებულიყო. ამიტომ, ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ თურნავამ სწორი ნაბიჯი გადადგა.
-ოპოზიცია ამბობს: მსგავს სანქციებს ეროვნული ბანკი ვერ შეაჩერებს, მაშინ ხომ ყველა ქვეყანა ასე მოიქცეოდაო.

-აშშ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ძალიან ბევრ სხვა ქვეყანას უწესებს სანქციებს. მათი სანქციები იმ ქვეყნის გარეთ არსებული ფინანსური სახსრებით შემოიფარგლება. ანუ, ქვეყნის შიგნით ისინი აბსოლუტურად უუფლებონი არიან. თუმცა, ისევ თავისი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქვეყნის გარეთ გატანილი ფულადი სახსრების დასანქცირების საშუალება აქვთ. ამიტომ, კომერციული ბანკების საქმიანობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება. თუ ვთქვათ, აშშ-მა კონკრეტული კომერციული ბანკის დასანქცირება გადაწყვიტა, ეს სხვა საკითხია. ამ შემთხვევში ამ უკანასკნელს ამერიკაში არსებულ ბანკებთან ურთიერთობა აეკრძალება და ასე შემდეგ. ეს ყურით მოთრეული პრობლემაა. ფაქტობრივად, ასეთი პრობლემა, ჯერჯერობით, არ დგას, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საბანკო სექტორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სრული კონტროლის ქვეშ არიან. წარმოიდგინეთ, ეროვნული ბანკის მმართველ ორგანოშიც კი უცხოელი ზის. ამიტომ თურნავას გადაწყვეტილება არანაირად არ უთხრის ძირს საქართველოს საბანკო სექტორის მორჩილებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ. ვიცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ძირითადად, აშშ მართავს. თურნავას გადაწყვეტილება იმდენად უმნიშვნელო პრობლემაა, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება სპეკულაციის ტოლფასია.
– ეროვნული ბანკის საბჭოში უცხოელი წევრის ყოფნა რამდენად მართებულია?
– ეროვნულ ბანკში ყოველთვის მუშაობდნენ უცხოელები, რომლებიც ხელფასს საქართველოდან იღებდნენ. ბოლოს იმდენად მოძლიერდნენ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოშიც კი ამოტივტივდნენ. ეს ფაქტი იმას მოწმობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყურმოჭრილი მონაა და ყველა მის მითითებას ასრულებს.
-თურნავას გადაწყვეტილებას საბანკო სექტორის ჩამოშლასთან დაკავშირებით სპეკულაციები მოჰყვა.
-ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. საგანგაშო აბსოლუტურად არაფერი ხდება და არც მოხდება. საბანკო სექტორს არაფერი ემუქრება, მოსახლეობა არ დაზარალდება, ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო.
ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი თანამდებობიდან გადადგა. ამით ეროვნულ ბანკს ფუნქციონირების საფრთხე ხომ არ შეექმნა?
– საქართველოს ეროვნული ბანკი, ირაკლი ქადაგიძის პერიოდიდან მოყოლებული, ყოველთვის პოლიტიზებული ორგანო იყო. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობას” იქ სერიოზულად აქვს ფესვები გადგმული. საბჭოს სამი წევრის გადადგომა პოლიტიკური დემარში იყო, რაც იგივე პოლიტიკური ბრძოლის გამოხატულებაა. მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან თუ გათავისუფლდება, ეს ბევრად წაადგება თავად ეროვნულ ბანკსაც და ქვეყანასაც. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციონირებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ორგანო ყოველთვის დასაჭურისებული იყო. ყველა საკითხს, ძირითადად, წყვეტდნენ და ახლაც წყვეტენ ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილეები, რომლებიც ასევე, საბჭოს წევრები არიან. საბჭოს წევრობა მაშინაც და ახლაც საკმაოდ მსუყე, უსაქმურ ადგილად ითვლება. მათი ფორმალური შემადგენლობა ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში ამინდს ნამდვილად არ ქმნიდა. ამიტომ მოადგილეების თანამდებობიდან წასვლა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ერთი დღით რომ გაქრეს მთელი საბჭო თავისი პრეზიდენტებიანად, ეროვნული ბანკი მაინც იფუნქციონირებს. ეს აწყობილი სისტემაა. ასე რომ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. უკვე აირჩიეს ორი ახალი წევრი, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ, საბანკო სფეროში რა ხდება. წასულებიდან ზოგს მართლა ესმოდა სიტუაცია, ზოგს _ არა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილების მიმღები მაინც ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.
ამ პერიოდში ლარის გაუფასურება კონკრეტული პირის დასანქცირების თემას დაუკავშირეს. რეალურად რამ გამოიწვია ეს?
– აქ ყველაფერი მარტივად არის: როცა ქვეყანაში პოლიტიკური ძვრები ხდება, ბიზნესის ფული ქვეყნიდან “გარბის”. ეს პროცესი კომერციული ბანკების მეშვეობით ხორციელდება. კომერციულ ბანკებს ფული ან ბიზნესის დავალებით გააქვთ, ან საკუთარი სახსრებით. ლარის კურსის მერყეობა სწორედ ამ გადინებამ გამოიწვია. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ პროცესში საკმაოდ ოპერატიულად ჩაერთო და ერთხელ _ 20, ხოლო მეორედ _ 37 მილიონი დოლარი დახარჯა. 37 მილიონიდან თანხები ბოლომდე არ ათვისებულა. ანუ, კომერციულმა ბანკებმა ვალუტის დანაკლისი რომ შეივსეს, კიდევ დაახლოებით, შვიდი მილიონი დარჩა. ფაქტია, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს გარეთ გასული სავალუტო სახსრები ოპერატიულად შეუვსო და ლარის კურსი დასტაბილურდა. ასე რომ, ამ კუთხითაც პრობლემა არ არსებობს. როდესაც პოლიტიკური რყევები დასრულდება, ფული ნელ-ნელა დაგროვდება _ ბიზნესმენები ფულს დააბრუნებენ.
კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებით იხელმძღვანელებდნენ. ეს რას ნიშნავს, რა შეუსაბამობას აქვს ადგილი?
– კომერციულ ბანკებს გააჩნიათ დისკრეციული უფლება, მომსახურება არ გაუწიონ იმ პირებს, რომლებიც მათ სანდოდ არ მიაჩნიათ. ეს მათ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაუწერა სპეციალურ კანონქვემდებარე აქტებში. ამ გადაწყვეტილებით, მათ შეუძლიათ, ამა თუ იმ პიროვნებას, საბანკო მომსახურებაზე უარი უთხრან. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პირი ვინმეს მიერ დასანქცირებული იქნება თუ არა. შესაძლოა, კომერციულმა ბანკმა მიიჩნიოს, რომ კონკრეტული პირი არაპატიოსან ბიზნესსაქმიანობას ეწევა, ან მის მომსახურებაზე თავი შეიკავოს გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე. ასეთი უფლება კომერციულ ბანკებს ნამდვილად გააჩნიათ. საქმე ის არის, რომ კომერციული ბანკები ყოველთვის აშშ-ის მითითებების შემსრულებლები იყვნენ და დღემდე ასეთებად რჩებიან. ხშირ შემთხვევაში, მათ ეძლეოდათ იმ პიროვნებების სია, რომელთა ან ანგარიშები უნდა ეკონტროლებინათ, ან საერთოდ, უარი ეთქვათ მათ მომსახურებაზე. ამ სიებს კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკი აძლევდა, ხოლო თავად ეროვნულ ბანკს სიებს აშშ აწვდიდა. თვალსაჩინო მაგალითი იყო ირანელების შემთხვევა, რომლებიც აქ ბიზნესს ვერ აწყობდნენ, რადგან კომერციული ბანკები ირანელ ბიზნესმენებს არ ემსახურებოდნენ. ასე რომ, ასეთი ყურმოჭრილი მონის პოზიციიდან გამომდინარე, მე მგონი, კომერციულ ბანკებს იმის არანაირი საშიშროება არ ემუქრებათ, რომ მათ რაღაც სანქციების განხორციელება მოუწევთ.
ბოლოს სავალუტო ფონდის მუშაობის შეჩერებაზეც გკითხავთ. სავალუტო ფონდის თქმით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს 280 მილიონი დოლარის ფინანსებზე გაუჩნდებოდა წვდომა, მაგრამ ეს სამწლიანი პროგრამა სავალუტო ფონდმა ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული ცვლილებების გამო შეაჩერა.
– სავალუტო ფონდის მიერ ამ პროგრამის შეჩერება არავითარ პრობლემას არ ქმნის, ეს არ არის იმდენად დიდი ოდენობის თანხა, რომ მთელი ქვეყანა, ეროვნული ბანკი მასზე ჩამოეკიდოს. იმასაც გეტყვით, რომ ახლახან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეა გაიმართა, სადაც გაჟღერდა, რომ საჭიროა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმირება. როგორ ფიქრობთ, რატომ შექმნა ბევრმა ქვეყანამ და რეგიონმა საკუთარი განვითარების ბანკები? – იმიტომ, რომ მათ თავიანთ ქვეყნებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობა არ აკმაყოფილებდათ. ანუ, სავალუტო ფონდი მათ ეუბნებოდა: მე შენ ფულს მოგცემ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას და ამას გააკეთებო, თან ეს იყო არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მოთხოვნებიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმირების მოთხოვნის საკითხი თანდათანობით გაძლიერდება და ფეხს მყარად მოიკიდებს. ეს მით უფრო აქტუალურია იმ ქვეყნებში, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკუთარი ფულით შემოდიოდა. ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა და პროგრესი შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის. აღნიშნული ქვეყნები მაინც ღარიბებად დარჩნენ ისევე, როგორც ჩვენ. წლებია, სავალუტო ფონდი საქართველოში პროგრამებს ახორციელებს, მაგრამ ჩვენ მაინც ღარიბები ვართ _ არც მრეწველობა ვითარდება, არც სოფლის მეურნეობა…
თამარ შველიძე