საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ევროპისგან დავიწყებული ევროპა და მარტოობის ოცი საუკუნე- ვახტანგ ხარჩილავა – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ევროპისგან დავიწყებული ევროპა და მარტოობის ოცი საუკუნე- ვახტანგ ხარჩილავა

მოგილოცავთ, ქართველებო, ბოლოსდაბოლოს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ღირსების დაცვას ბედავს და როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასაც არ ეპუება, როგორიც ევროპარლამენტია.
პირველად ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, კერძოდ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, შეძლო, დაემსხვრია ურთიერთობის ის პატრონყმური სტერეოტიპები, რომლის მიხედვითაც, საქართველო ვალდებული იყო, მონური მორჩილებით მიეღო ყველა შენიშვნა, მათ შორის, უსამართლო და უსაფუძვლო შენიშვნები და მითითებებიც.
მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველო ჰგავდა კუთხეში დაყენებულ ბავშვს, რომელიც ვერ ხვდებოდა, რისთვის ისჯებოდა და რას ითხოვდა ახირებული და შარიანი მასწავლებელი, სახელად ევროპარლამენტი.

რისთვის სჭირდება და რისთვის ირჩევს ესა თუ ის სახელმწიფო ხელისუფლებას?
რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, მისი კულტურული და სულიერი ღირებულებები.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლება ყველაფერს პირიქით აკეთებდა. ის ცდილობდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, შეენარჩუნებინა ძალაუფლება, რასაც ხშირად ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მის ღირსებას სწირავდა.
ის, როგორც ჩანს, კულუარულ შეხვედრებისა და კონსულტაციების დროს არწმუნებდა ევროპარლამენტის ცალკეულ დელეგატებსა თუ დელეგაციათა ჯგუფებს, რომ ქართველი ხალხი ერთი უბირი და ველური ერია, რომლისთვისაც უცხოა დემოკრატიული ღირებულებები. ამიტომაც, თუ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვოს, ეს უნდა გაკეთდეს იძულების წესით, ძალისმიერი მეთოდებით, მკაცრი, რეპრესიული ფორმებით.
სააკაშვილს არაერთხელ წამოსცდენია, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების პარალელურად შექმნას ახალი ტიპის საქართველო და ჩამოაყალიბოს ახალი ტიპის ქართველი, რომელიც მენტალურად აბსოლუტურად განსხვავებული იქნება მისი წინამორბედისაგან.
ამ ცხრა წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ დიადი მიზნის, ამ ღვთიური მისიის აღსასრულებლად სააკაშვილს და მის გუნდს მოქმედების სრული თავისუფლება, სრული კარტბლანში მიეცა, როგორც ევროპარლამენტისგან, ასევე, ზოგადად, მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობისგან.
მიზანი ამართლებს საშუალებასო, -ნათქვამია. დიადი მიზანი -დემოკრატიის აშენება ამართლებდა იმ საშუალებებს, ხშირად აბსოლუტურად ანტიდემოკრატიულს, რომელთა მეშვეობითაც ამ ზეამოცანის მიღწევა უნდა მომხდარიყო.
არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ფსიქიკური მდგომარეობის წყალობით დაიჯერა, რომ ის მესიაა, ზეკაცია და მას მართლა შეუძლია შეუძლებელი -გადაასხვაფეროს, გადააკეთოს ქვეყანა, გადააკეთოს ადამიანები, შექმნას თვისობრივად ახალი ნაცია.
დროთა განმავლობაში, მას, ეტყობა, ეცოტავა ადგილობრივი მნიშვნელობის ზეკაცის როლი და საერთაშორისო ტრიბუნებიდან ზოგადკაცობრიულ, გლობალურ პრობლემებსა და მსოფლიო პოლიტიკის საკითხებზე დაიწყო ჭკუისდამრიგებლური ხასიათის ლექციების კითხვა.
მას უსმენდნენ! უსმენდნენ სიყვარულით გაცისკროვნებული თვალებით, მოწონების ნიშნად ტაშს უკრავდნენ და ამხნევებდნენ.
ვერ გეტყვით, რა დოზით არის ჩართული ფროიდისტული ინსტინქტები პოლიტიკაში, მაგრამ სააკაშვილის ურთიერთობა ბებერ ევროპასთან რაღაც ინტიმურ-გლამურულ ელემენტებს შეიცავდა თითქოს.
ეს ენერგიით დამუხტული ახალგაზრდა კაცი აშკარად მოსწონდა მეტწილად ხანდაზმული ადამიანებით გადავსებულ მსოფლიოს პოლიტიკურ აუდიტორიას.
მოგვიანებით, სააკაშვილი ქართული აუდიტორიის წინაშე საერთოდ გაშიშვლდა და ტრუსების ამარა დარჩენილმა საქართველოს მოსახლეობის „საცდუნებლად“ პოზირება დაიწყო, მაგრამ ოქტომბრის არჩევნებში ამანაც ვერ უშველა…

  როგორც მოგახსენეთ, მიზანი ამართლებს საშუალებას.
საერთაშორისო თანამეგობრობისგან, აშშ-ის ადმინისტრაციისგან, ევროპარლამენტისგან დასტურმიცემული და წაქეზებული სააკაშვილი ენერგიულად შეუდგა დასახული მიზნისკენ სვლას, მიზანი კი, როგორც ვთქვით, დემოკრატიის მშენებლობა იყო, თუმცა ის, რასაც სააკაშვილი აშენებდა, სულაც არ ჰგავდა დემოკრატიას.
პირველი, რაც მან გააკეთა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით მთელ ძალაუფლებას საკუთარ ხელში მოუყარა თავი.
ის, ფაქტობრივად, უგვირგვინო მეფე, უგვირგვინო მონარქი გახდა, რომელმაც მეფისა და მონარქიისთვის უჩვეულო საქმეს _ დემოკრატიის მშენებლობას მოჰკიდა ხელი.
საერთაშორისო თანამეგობრობა და, მათ შორის, ევროპარლამენტიც მშვიდად ადევნებდა თვალს _ როგორ ყრიდა ციხეებში ეს გამოუცხადებელი მონარქი და დიქტატორი უდანაშაულო ადამიანებს, ნულოვანი ტოლერანტობის ლოზუნგით როგორ ხვრეტდნენ ქუჩებში ადამიანებს, როგორ ართმევდნენ ქონებას და როგორ აყაჩაღებდნენ ბიზნესმენებს _ ევროპარლამენტის რეაქცია ყოველივე ამაზე ნული იყო.
ცხრა წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ევროპარლამენტს ვთხოვდით, ვეაჯებოდით, ვეხვეწებოდით, რაღაც ეშველა უბედურ დღეში ჩავარდნილი ქვეყნისთვის და ეს გავეშებული ადამიანი როგორმე მოეთოკა, მაგრამ ამაო იყო ყველაფერი _ გამოუცხადებელ დიქტატორს დემოკრატიის მშენებლობაში ხელს ხომ არ შეუშლიდნენ?
სააკაშვილის რეჟიმის უპირობო მხარდაჭერა დემოკრატიასთან კი არ გვაახლოებდა, კიდევ უფრო გვაშორებდა მას, თუმცა ვიღაც-ვიღაცები გვარწმუნებდნენ, რომ გამალებული ტემპებით მივიწევდით წინ და, სადაცაა, დემოკრატიის ოაზისში ამოვყოფდით თავს.
აი, ეს ცინიზმი, ეს უტიფრობა და სიცრუე უაღრესად მტკივნეული და შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 23 ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილი ახალი ფორმით და ახალი შეფუთვით დაგვიბრუნდა უკან.

 ვთქვათ სიმართლე, ვინც დღეს სააკაშვილის რეჟიმს მხარს უჭერს, ის ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე და თანამზრახველია.
საქართველომაც და ევროპარლამენტმაც კარგად უნდა დაიმახსოვროს იმ 23 პარლამენტარის ვინაობა, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ საქართველოსა და მისი ახალი ხელისუფლების მისამართით.
დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ქართული ნიურნბერგის პროცესი აუცილებლად შედგება, სიმართლეც აუცილებლად დადგინდება და მაშინ იმ 23 პარლამენტარსაც მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: რა მოტივით, რა მოსაზრებით აყალბებდნენ ისინი სინამდვილეს?
ადრე მხოლოდ მათიას იორში დადიოდა საქართველოში ევროპარლამენტიდან, რომელიც, მაშინ გავრცელებულ ხმებს თუ ვენდობით, დიდი ჰონორარების საფასურად არჩევნების შედეგებს ისე „ითვლიდა“, როგორც შემკვეთი შეუკვეთავდა ხოლმე…
ახალი იორშები ხომ არ გამოჩნდნენ ასპარეზზე და ახლა ისინი ხომ არ განაგრძობენ მის მიერ გაკვალულ გზას?
იორშმა იმდენი იარა საქართველოში, ბოლოს ფეხი მოიტეხა.
თქვენც არ მოიტეხოთ ფეხი, ახალი „მოწვევის“ იორშებო, ამ ცოდვიან და ოღროჩოღრო პოლიტიკურ ბილიკებზე…

ყოველთვის მაოცებდა და დღემდე მაოცებს „ფრთიანი“ გამოთქმა: საქართველო ევროპისკენ მიდის და სულ უფრო და უფრო უახლოვდება მას.
ამ გამოთქმაში, ჩემი აზრით, ასეთი უხერხული ქვეტექსტი იგულისხმება _ საქართველო არ არის ევროპა, მაგრამ თუ დაჟინებით ივლის ევროპისკენ, მისი სრულუფლებიანი ნაწილი გახდება.
არადა, საქართველო სწორედ რომ ევროპაა, მისი სულისა და სხეულის ნაწილია, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ოთხივე მხრიდან მტრებით გარშემორტყმული მარტო იბრძოდა საკუთარი თავისა და იმ ევროპული ღირებულებების გადასარჩენად, რომელიც მან თავისი სახელმწიფოებრიობის ფუძედ და საძირკვლად აირჩია.
მარტო ვიყავით ჩვენ, მარტოობა იყო ჩვენი ბედისწერა და ალყაში მოქცეულნი სულ ამ ალყის გარღვევას ვცდილობდით, რომ იმ კონტინენტამდე მიგვეღწია, რომლის ნაწყვეტად და ფრაგმენტად მიგვაჩნდა თავი.
მარტოობის ოცი წელი კი არა, მარტოობის ოცი საუკუნე გავლიეთ ასე.
ჩვენ სულ ევროპისკენ მივდიოდით, მაგრამ ევროპა არ მოდიოდა ჩვენკენ.
სააკაშვილის მიერ მოთაფლული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ევროპის სახალხო პარტიის საააშვილისტი წევრების „სადესანტო“ ჯგუფი კი არა, ევროპა გვინდა მოვიდეს ახლოს, რომ კარგად დაგვინახოს და დარწმუნდეს, რომ აქაც ევროპაა, ოღონდ ევროპის მიერვე დავიწყებული და საჯიჯგნად და სახრავად „ნაცბანდისთვის“ მიგდებული ევროპა.
ქართველმა ხალხმა ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის მაღალი კულტურის და მაღალი სულიერების ერია, რომელმაც სააკაშვილის ჯოჯოხეთს გაუძლო და 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად გაიმარჯვა.
სხვა ნურავინ დაიბრალებს იმ ისტორიულ ფაქტს, რომ 1-ელ ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნები შედგა _ ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხისა და კიდევ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის, დამსახურებაა და არა ევროპარლამენტის, არა ევროსაბჭოს, არა ეუთოს და, მით უმეტეს, არა სააკაშვილის, რომელიც თავს იწონებს იმით, რომ მან, თურმე, მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება გამარჯვებულ ძალას, როგორც ეს ჭეშმარიტ დემოკრატს შეეფერება.
არადა, ამ „ჭეშმარიტმა დემოკრატმა“, როგორც შეეძლო და რამდენადაც შეეძლო, ძველ ზნე-ჩვეულებას ვერ უღალატა და ექსპერტთა აზრით, არჩევნების შედეგები 20 პროცენტით მაინც გააყალბა, ხოლო ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ წინასაარჩევნო პერიოდში აკეთებდა, ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება _ ეს იყო ძალადობის, ცინიზმის, თვითნებობის, სისასტიკის არნახული ფეირვერკი.
მიხეილ სააკაშვილი თეთრკანიანი იდი ამინია, გარედან თეთრი, შიგნით კი შავი და ბნელი, რომელსაც 23 ფარისევლის კი არა, 230 ფარისევლის იავნანა და სულის ბერვა ვერ უშველის.

საქართველო არა მარტო გეოპოლიტიკური, არამედ გეოკულტურული გზაჯვარედინია, კულტურათა და ცივილიზაციათა გადაკვეთის წერტილია, რამაც ჩამოაყალიბა ქართული ხასიათის თავისთავადობა, მისი ტოლერანტული ბუნება და შემწყნარებლობა.
შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში არავინ არასოდეს უდევნიათ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით.
ჩვენ არ გვჭირდება დემოკრატიის სწავლება, თანაც არადემოკრატიული მეთოდებით, ჩვენ გვჭირდება ობიექტური, მიუკერძოებელი მედიატორი, რომელიც, პირველ ყოვლისა, ხალხის ინტერესებს დაიცავს და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ამბიციებს მოემსახურება, როგორც ეს ბოლო ხანებში ხდებოდა.
დაბოლოს, ნურავინ ნუ უყურებს საქართველოს, როგორც სამხედრო ბაზების განლაგებისთვის ხელსაყრელ და მომგებიან ადგილს -შემოგვხედეთ, როგორც კულტურათა სახლს, შემოგვხედეთ, როგორც თანასწორს, როგორც პარტნიორს და არა „პაბეგუშკაზე“ გასაგზავნ ხელისბიჭს, რომელსაც ხან ვინმესთვის პანღურის ამორტყმას ავალებენ, ხან ვინმესთვის ენის გამოყოფას ან შეგინებას.
ევროპის სახალხო პარტიისადმი მიწერილ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს დრო დამთავრდა და არასოდეს მობრუნდება.
ევროპის სახალხო პარტიის მისამართით გაგზავნილმა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილმა ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილი ფრიად შეაშფოთა და შეაშინა – როგორ შეიძლება, ევროპარლამენტს სიტყვის შებრუნება ვაკადროთ და ასეთი წერილებით გავაღიზიანოთ? ამას, შეიძლება, ცუდი რეაქცია მოჰყვესო, _ წუხან ისინი.
ნუ ეწყინება ნურავის, მაგრამ ზუსტად ეს არის ის, რასაც არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქვია, რაც ჯერ რუსული, შემდეგ საბჭოური იმპერიის „მფარველობის“ ქვეშ ყოფნის ორასსამოცდაათწლიანმა პერიოდმა დაგვიტოვა.
საქართველოს ხელისუფლებები, წინა და იმის წინა, ვერა და ვერ გათავისუფლდნენ ქვეშევრდომული კომპლექსებისგან და ბრიუსელი, სტრასბურგი თუ ვაშინგტონი ახალ მოსკოვად მიაჩნდათ, მარტენსი კი – სუსლოვად.
სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველო ნახევრად კოლონიურ ქვეყანას დაემსგავსა, რომლის მთავრობები ახალი მოსკოვისა და ახალი პოლიტბიუროს ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულებაზე უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე.
ბიძინა ივანიშვილი მოიქცა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ღირსეული ქვეყნის ღირსეული ხელისუფალი.
მის წერილში არაფერია ისეთი, რაც, შეიძლება, ევროპარლამენტის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ უპატივცემულობის ელემენტებს შეიცავდეს.
რაც შეეხება შეურაცხყოფას, შეურაცხყოფილი თუ ვინმეა, ეს ქართველი ხალხია, რომელსაც არწმუნებენ, რომ ის ცხრაწლიანი კოშმარი, რომელიც საქართველოს თავს დაატეხა სააკაშვილის რეჟიმმა, კოშმარი კი არა, დემოკრატიის დღესასწაული იყო.

საქართველოს ციხის შიგნიდან გამტეხველები არასდროს აკლდა და არ აკლია ახლაც.
მათთვის სამშობლო სამშობლო კი არა აღებმიცემობის და ვაჭრობის საგანი იყო საკუთარი ამბიციების და ეგოისტური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად.
მოღალატეთა ეს კასტა, ეს მარადიული მეხუთე კოლონა, ბოლო წლებში „ნაციონალებისა“ და მისი ბელადის სახით მოგვევლინა.
სულ ახლახან გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი ვალდებულებებისთვის აქვს ხელი მოწერილი, რომლებიც სერიოზულ საფრთხეებს უქმნიან ქართულ სახელმწიფოს.
ერთ-ერთი ამ ვალდებულებათაგანი ამ რამდენიმე დღის წინათ მოკრძალებით შეგვახსენა ჩვენმა სომეხმა ძმამ სამცხე-ჯავახეთიდან _ დაპირებისამებრ, იქნებ, სომხურ ენას რეგიონული ენის სტატუსი მიანიჭოთო.
ჩვენ ჯერ არ ვიცით, კიდევ რა ვალდებულებები აქვს აღებული სააკაშვილს და კიდევ რა დაპირებები ჰკიდია ქვეყნის თავზე დამოკლეს მახვილივით.
არსებობს ეჭვი, რომ საქართველო დახლს ქვემოდან, ჩუმად და ნამალავად არის გაყიდული და მყიდველები ახლა თავიანთი წილი „ტავარის“ მიღებას ითხოვენ.
ასეა თუ ისე, საქართველო დიდი გამოწვევისა და დიდი საფრთხეების წინაშე დგას.
ზედმეტად მიმაჩნია იმის გამეორება, თუ რა როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის ამ საბედისწერო ჟამს.
  არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვთქვი _ ბიძინა ივანიშვილი ეროვნული გმირია-მეთქი.
დრომ დაამტკიცა, რომ სწორად მითქვამს _ ნამდვილად გმირობა იყო ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე აკეთებდა და გმირობაა ისიც, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახლა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აკეთებს…
ასე მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი ადამიანები იქცევიან.
ისევ ადრე ნათქვამს გავიმეორებ: ბიძინა ივანიშვილი ეროვნული გმირია, მაგრამ ახლა ის უნდა გაირკვეს, ვინ ვართ ჩვენ _ ქართველები და რამდენად ვართ მზად ჩვენი წილი გმირობისთვის.
2012 წლის ოქტომბერ