საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბიშვილმა დამირეკა: 50 ლარი მასესხე, მაკრონთან უნდა წავიდეო! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ზურაბიშვილმა დამირეკა: 50 ლარი მასესხე, მაკრონთან უნდა წავიდეო!

“საერთო გაზეთის”სტუმარია მხატვარი შოთა გლურჯიძე:
_ ბატონო შოთა, სუს-ის განცხადებაში ითქვა, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მყოფი გარკვეული ჯგუფები საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად ემზადებიან.
_ გამოდის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ მეგობარ ქვეყანას ვუწოდებთ, ჩვენს წინააღმდეგ რაღაც მზადდება. თუ ჩვენ “სუვერენული” ქვეყანა ვართ, მაშინ უკრაინის ელჩი უნდა გამოვიძახოთ, საქმის კურსში ჩავაყენოთ და აღნიშნული საქმის ან გამოძიება მოვთხოვოთ, ან მოსალოდნელი საფრთხის აღკვეთა. განცხადების გაკეთებიდან ხელისუფლების მომდევნო ნაბიჯი უკრაინის ელჩის გამოძახება, ნოტას გაგზავნა უნდა იყოს და არა ჩვენი დაზაფრვა. აბა, ჩვენ ხომ არ ვიმოქმედებთ, როგორც დავით ბაქრაძე გვეუბნებოდა: ჩანგლებითა და დანებით დაიცავით თავიო. მაგალითად, ისრაელის ხელისუფლება მსგავს ინფორმაციას რომ იგებდა, ლათინურ ამერიკაში, სადაც ფაშისტები ეგულებოდა, ფარულად სპეციალურ აგენტურას და სპეცრაზმს აგზავნიდა, მათ თვითმფრინავში სვამდნენ, ჩაჰყავდათ ისრაელში, ასამართლებდნენ და ციხეში უშვებდნენ. ეს ადამიანები, ვინც საქართველოში გადატრიალებას გეგმავს, რატომ არ სხედან დღეს ციხეში ან რა ნაბიჯები იდგმება ამისთვის, მე ეს მაინტერესებს.
ჩვენთან რა ხდება: უკრაინის წამყვანი პოლიტიკოსები, თავად პრეზიდენტიც პირდაპირ გვემუქრებიან: რუსეთთან საქმეს მოვრჩებით და თქვენ მოგხედავთო. არადა, ჩვენ მათთვის არაფერი დაგვიშავებია, პირიქით, აქ უკრაინული სკოლები გავუხსენით, მატერიალურად ვეხმარებით. მიუხედავად ამისა, მათი მთავრობის მხრიდან ჩვენს მიმართ უმადური დამოკიდებულებაა. მეტიც, უკრაინელმა სპორტსმენებმა ქართველებს გამარჯვება არ მიულოცეს. ეს არასწორია. ამ დროს, ნახევრად საომარ მოქმედებაში ვიმყოფებით ქვეყანასთან, რომელსაც ვეხმარებით. ჩვენმა მთავრობამ შესაბამისად უნდა იმოქმედოს, ან საერთოდ გავწყვიტოთ მათთან ურთიერთობა. პრინციპში, დიპლომატიური ურთიერთობა აღარც გვაქვს.
_ შეძლებს ოპოზიცია, დასავლეთის ჩარევის გარეშე ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესი დაიწყოს?
_ საარჩევნო წელი მოდის და მტრის ხატის შექმნა ძალიან მოსახერხებელია. ოპოზიცია ხელისუფლებას, კანონს _ ყველაფერს რუსულს ეძახის, მმართველი ძალა კი გვეუბნება: ოპოზიცია ქვეყნის გასანადგურებლად ემზადებაო. მათი დაპირისპირების არ მჯერა. “ნაცები მოვლენ”-ს ძახილი აღარ მუშაობს. როდემდე უნდა ვიძახოთ: მგელი მოდისო.
_ ბატონო შოთა, ანტიმაიდანის შექმნაზე რა აზრის ხართ?
_ ამისთვის საქართველოში შესაბამისი სტრუქტურები არსებობს _ თავდაცვის, უსაფრთხოების და სხვა. რისთვის გვჭირდება ანტიმაიდანი, მოქალაქეებმა თავად უნდა დავიცვათ საკუთარი თავი?! მაშინ გავაუქმოთ სახელმწიფო, თუ რა ვქნათ?! თუ არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ გადატრიალებას გეგმავს, მისი წევრები ციხეში უნდა ჩავსვათ. ანტიმაიდანი რას ნიშნავს? _ მე რა გავაკეთო, თუ ქვეყნის წინააღმდეგ შეიარაღებული გადატრიალება მზადდება, თოფი ავიღო და მათ ქუჩაში ვდიო?! თოფიც აქვთ და ტყვია-წამალიც, დააპატიმრონ, ვინც დასაპატიმრებელია და ამით მორჩება. ანტიმაიდანი არ არის საჭირო, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს.
_ ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველო დამარცხდეს? ლობისტების დახმარებით, ოპოზიცია, ალბათ, იმასაც მიაღწევს, რომ სტატუსი არ მოგვცენ და მერე არეულობა მოაწყონ.
_ ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს დიქოტომია შენარჩუნდეს და მკვდარი ადგეს. “ნაცმოძრაობა” უკვე წლებია, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ. მიზეზი ისაა, რომ ნაცები არჩევნებს საგრძნობლად აიაფებენ. დიახ, ეს საოცრად კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ არჩევნები უფრო იაფი დაჯდეს.
_ წელიწადზე მეტია, სტატუსის მონიჭებაზე, 12-პუნქტიანი დავალების შესრულებაზე ვმსჯელობთ. რა არის ასეთი ამ კანდიდატობაში?
_ ამაზე არავინ საუბრობს. მართლაც საინტერესო იქნება განმარტება: რისთვის ვიკლავთ ასე თავს, რას გვაძლევს ეს კანდიდატობა, შაქარ-ყინულს დაგვირიგებენ თუ რა მოხდება?! თურქეთს 30 წელია, კანდიდატის სტატუსი აქვს. რა მისცა მას კანდიდატობამ მატერიალური თვალსაზრისით, რა შეიცვალა?! ახლა უკრაინაც კანდიდატია, რაიმე პრეფერენციები მიიღო? თუნდაც ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ეს უსაფრთხოების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი?! სხვა საკითხია ნატო-ში გაწევრიანება, რომელიც შეიძლება, უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი გახდეს. მოქალაქეებისთვის, აი, ამის ახსნაა საჭირო. შეიძლება, კანდიდატობა ბევრ კარგ რამეს იძლევა, რაც არ ვიცი და ხომ უნდა გამაგებინონ. თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ეს კბილებმოცვეთილი დრაკონი “ვავა-მედიდან” გამოვარდება, თუ რა მოხდება? საშიში დრაკონი ამჟამად მოთვინიერებულია, შინაურია. რეალურად, უკვე ყველამ იცის, ის ვისი დრაკონიც არის.
_ უგულავამ, მიშა ცემენტია, რომლის გარეშემოც უნდა გავერთიანდეთო…
_ ცემენტი არა, ბეტონი.
_ ოპოზიციაში დიდი გაერთიანებები, ალიანსები იკვრება. მიშამ უბრძანა: უწყვეტი აქციები დაიწყეთო…
_ ერთი სული მაქვს, აქციებს როდის დაიწყებენ, პირდაპირ ჩემი ფანჯრიდან ვუყურებ ამ ქართული პოლიტიკური ფოლკლორის ანსამბლს. მთელი კვარტალი მათი მუსიკალური ნიჭის მომსწრენი ვართ – სასტვენები, სირენები. ახლა დაემატა დიდი დოლი, რომელზეც გამეტებით უბრახუნებენ. მოკლედ, აქციები დოლ-გარმონის ფონზე, ფშტვენა-ფშტვენით მიმდინარეობს. ძალიან დიადი ხალხია შეკრებილი. ქართველი ხალხი კი ამ დიდი სპექტაკლის შემყურენი ვართ. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ესენი უნდა დარჩნენ და სამეფო კარის თამაშები ერთმანეთში სერიალივით გაგრძელდეს. ქართველი ხალხი ცალკეა, თუმცა მას ჰყავს პატრონი _ ეკლესია, პატრიარქი და ღმერთი. მთავარი რწმენა, ქვეყნის სიყვარული, ქართული კულტურა და ზნეობრივ მაგალითზე ბავშვების აღზრდაა.
_ გვარამიამ, პოლიტიკაში ვბრუნდებიო…
_ ნაცთა გვარამის გამოშვებამ სათანადო ეფექტი არ იქონია. ძალიან ცუდი სპექტაკლის მომსწრენი ვართ. ქართველი მაყურებელი, თეატრის იქნება თუ კინოსი, მაღალი დონის პროდუქტზეა აღზრდილი და ასეთ მდაბიო, მდარე გემოვნების დადგმების ყურებას არც იკადრებს. ამ ამბავს მიშას გამოშვებაც არ უშველის. ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ეს ვამპუკა, რაც ქართული პოლიტიკის ზუსტი განსაზღვრებაა.
_ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე რას ფიქრობთ?
_ ესეც ვამპუკას ნაწილია. ზურაბიშვილი გადანახული ფულით მოგზაურობს. გაწყდა ქალი წელში. წინა კვირას ფული ჩემგან ისესხა. დამირეკა, 50 ლარი ხომ არ გაქვს, მაკრონთან უნდა ჩავიდე ველოსიპედითო. საწყალ პენსიონერს ასე აწამებენ. რა გითხრათ, ამაზე სერიოზული პასუხი როგორ გაგცეთ.
_ რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინა ომს იგებს?
_ რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს ომის კანონების ყველანაირი დარღვევით. ეს ომი დადგმულია. თუ მოწინააღმდეგის განადგურება გინდა, პირველ რიგში, მისი კომუნიკაციები, მარაგები უნდა გაანადგურო, რაც არ ხდება _ ევროპაში უკრაინის გავლით ისევ მიდის გაზი, ნავთობი, ხიდები, რკინიგზა არ ფეთქდება, ვაჭრობა მიმდინარეობს, იარაღის წარმოება ორჯერ გაიზარდა. სამაგიეროდ, ადამიანები იხოცებიან. ასეთი ომი არსად მინახავს. ეს ცინიკური ომია. ამერიკის მიერ გამოყოფილი 111 მილიარდიდან 31 _ გაქრა!
რაც შეეხება რუსეთს, ბუნებრივია, მას საქართველოში ინტერესები აქვს და შეეცდება, არჩევნების წელს თავისი ვირიც აქ დააბას. იგივეს შეეცდება ყველა პოლიტიკური მოთამაშე: თურქეთი, ირანი, საფრანგეთი და ასე შემდეგ. თავად რუსეთში დასავლეთის ინტერესი ძალიან გამოკვეთილია. ვინც იცის რუსეთის პოლიტიკა, დამეთანხმება, რომ მას სათავეში გამოკვეთილად მედასავლეთე ხალხი უდგას. რუსეთი რუსი პატრიოტების ხელში რომ იყოს, მასთან არავითარი პრობლემები არ გვექნებოდა. საქართველოს გარეშე კავკასიაში რუსეთის ინტერესები დაცული ვერ იქნება. ახლა რა ურთიერთობაშიც იმყოფება რუსეთი საქართველოსთან, ეს მხოლოდ თავად მისთვის (რუსეთისთვის) არის მავნებელი. ვისურვებდი, რუსეთის სათავეში უფრო ადეკვატური ხელისუფლება მოსულიყოს, რომელიც რუსი ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებს.
თამარ შველიძე
555 23 28 24