საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ელჩებო, ფრთხილად! “ჯორჯიაგეიტი” არ დაგემართოთ! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ელჩებო, ფრთხილად! “ჯორჯიაგეიტი” არ დაგემართოთ!

 

“თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა ამოკვუეთა იყო შენი სამართალი და მერმედა თავისა, კადნიერად კადრებისთვის. აწ არს სიტყუა! ესე წიგნი მიართვი რუქნადინს და არქვი: ჩუენ მზად ვართ წყობად და წინამოგებებად. სამართალი ღმრთისა იყავნ”.
ორ რუსეთს, ბოროტს _ პუტინისას და კეთილს _ ვირტუალურს, შეჩვეული ვიყავით, ახლა ორი აშშ გამოჩნდება ბაიდენის და ტრამპის და ორ-ორად ევროპის ქვეყნები მოჰყვებიან ორი ტაივანის დართვით და კუკუ-დამალობანა ახალი წრიდან დაიწყება?
აი, ასე ვხედავ მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის კონკრეტულმა წარმომადგენელმა სიტყვა დაასველა “ზოგიერთი ქვეყნის კეთილადგანწყობილ ელჩებზე” და დასძინა “თუმცა, მათი კეთილგანწყობის იმედზე ვერ ვიქნებითო.”
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პარტიის თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია.
ერთმანეთში რა საკითხებს ჩაუღრმავდნენ და რა უთხრა “მკვახე მთქმელად” და “არადიპლომატიურად მოსაუბრე” ღარიბაშვილმა დანიგანს, არ ვიცით, მაგრამ ხალხს მხოლოდ ის უნდა, რომ ბატონ ღარიბაშვილს ხალხის სათქმელი ეთქვა!
და კიდევ, ასეთი სამარცხვინო ფაქტი, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსი ან სხვა რამენაირი კურსი ეწეროს, რომელ ქვეყანას აქვს? _ კონსტიტუციაა, თუ საბჭოთა პიონერის ფიცი…
საქართველოს გონიერ ნაწილს კურსი გვაქვს აღებული სიმართლისკენ და ხალხის მოწოდებაა, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ხოლო რაშიც ვერ ერკვევა იგივე ხალხი, გავარკვიოთ.
დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვს კონკრეტული დებულებების დაცვა-გათვალისწინებას, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, მაგრამ საქვეყნო საქმისთვის საკეთილდღეოდ რომ გააჟღერებდა მკაფიო ფრაზებს ბატონი ღარიბაშვილი, საინტერესოა, ქალბატონი დანიგანიც მკაფიოდ უპასუხებდა, თუ როგორც მისი წინამორბედებისგან გვსმენია, “ბლია-ბლიას” დაიწყებდა? ამ კითხვის დასმას საფუძველი აქვს _ ქალბატონი ელჩის განმარტებას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, დამაკმაყოფილებელი პასუხი არ ჰქვია!
ზოგადად, საქართველოში აშშ-ის არცერთი ელჩის მხრიდან არ უგრძვნია ქართველ ხალხს არანაირი მხარდაჭერა, მხოლოდ “ნაცსექტის მეგობარ” აშშ-ის ელჩებს ვიცნობდით და ვიცნობთ. აგერ, ახლაც, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, “ნაცსექტის” პირადმა ელჩმა, იან კელიმ “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებაზე სულ თითი გვიქნია მუქარის ტონში, რას ჰქვია, ჩემს მეგობრებს “შავი ფულის” მიღების წყაროს გადაკეტვას უპირებთო.
სანამ ქალბატონი დანიგანი საქართველოში ჩამოვიდოდა, ავსტრიიდან მითხრეს, ეგ ქალი ჩვენთან იყო და ვიცით, რასაც წარმოადგენს, აშშ-ის ისეთი ელჩი დაგიჯდებათ, კელი დეგნანი ანგელოზად მოგეჩვენებათო. ჯერჯერობით, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების დასრულებამდე, არც გამოჰყოფს ქალბატონი დანიგანი კლანჭს, მაგრამ წინამორბედივით რომ რაღაც 6 მლრდ უკვე დაგვაყვედრა, ნათელია, რომ მთელი აშშ-ის წარმომადგენლობა, ერთ ჰანგზე აწყობილი ბოროტი და ანგარებიანი “სალამურია” _ როგორც ყველაფრისგან არ გამოვა სალამური, ისე აშშ-ისგან არ გამოვა საქართველოს მეგობარი!
“აშშ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. აშშ-მა საქართველოს დახმარების სახით 6 მლრდ დოლარი გამოუყო. ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები, სკოლები. ექიმებსა და მასწავლებლებს ტრენინგები ჩავუტარეთ. ასევე, დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკის გაძლერებას, კულტურული ძეგლების შენარჩუნებას. აშშ-ს სურს, რომ საქართველო ძლიერი, წარმატებული და დასავლური სამყაროს წევრი იყოს”, _ ჩამოარაკრაკა დაზუთხული ტექსტი ამანაც.
ამათი დატრენინგებული ექიმები და მასწავლებლები არ გაიშვა!
სნეულები, თუ ოდნავ მაინც ხელს უწყობთ ფინანსური მდგომარეობა, თურქეთში მიდიან სამკურნალოდ; მათი დატრენინგებული მასწავლებლების მოსწავლეები კი კერძოდ ემზადებიან. ააშენეს კი არა, დააქციეს ყველაფერი და ამ დანგრევაში ფული გადაუხადეს დამანგრევლებს _ ჩვენ რას გვაყვედრიან, ნეტავ? გონება დაუნგრიეს მოზარდ თაობებს და მათი მცირე, მაგრამ მაინც ნაწილი, დაპროგრამებულ უსქესო მასად აქციეს. ეს არის ამ მიმართულებით მათი დახმარება!..
რაშია აშშ საქართველოს მხარდამჭერი, არ ვიცი, მე მხოლოდ იმას ვხედავ, რომ, რაც აშშ საქართველოთი დაინტერესდა, ყველა მიმართულებით უკან-უკან წავიდა საქართველოს საქმე, განათლების მოსპობიდან დაიწყეს და მენტალურად გადააგვარეს მომავალი თაობები _ გადათვალეთ უკან წლები და დარწმუნდებით.
თუთიყუშივით რომ იმეორებენ რაღაც 6 მლრდ დოლარ დახმარებას, რომელიც თითქოს საქართველოს დაუდეს ძღვენად, ერთხელ უკვე მიიღეს პასუხი, კელი დეგნანს მიახალეს, რომ საკუთარ ნჯო-ებში მოეძია იმ მილიარდების კვალი. ვითომ მაშინ მან არ იცოდა და ახლა ამან არ იცის, რომ ის ფული საქართველოს არ მოხმარებია, ნახევარზე მეტი აშშ-ის ქართულ შინაურობაში აშშ-ის ინტერესებისვე შესაბამისი მიმართულებით “გაიბნა”.
რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას _ რაში გამოიხატება აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, მხოლოდ იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს?
სხვა მხრივ _ უვიზო მიმოსვლას ვინ ჩივის, აშშ-ის ვიზებზე განაცხადების დაკმაყოფილების მაჩვენებელია გამაოგნებელი. ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების ვიზებზე განაცხადის დაკმაყოფილება 3-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისა, თვით იმ რუსეთის მოქალაქეებისაც, დასავლეთს ტირანულ სახელმწიფოდ რომ ჰყავს გამოცხადებული;
სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან არც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს;
აშშ-სთან არ გვაქვს პირდაპირი ფრენა (ცხადია, გადაჯდომით) და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას უპირველესად ასაბუთებს და ამყარებს, ასეთი არაფერი გვაქვს აშშ-სთან, არ უნდა და იმიტომ! ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას რომ მოვაწერეთ ხელი, მყისიერად გადაწყდა ყველაფერი, თუნდაც ეს საკითხები და აშშ-სთან მიმართებაში როდემდე ვიქნებით სირაქლემის პოზაში, არც ვიცით… როგორ არ ვიცით, ვიცით, მაგრამ თავს ვიშტერებთ… რატომ!
საქართველოს ე. წ. პრეზიდენტი ელჩებს რომ შეხვდა და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს” სულ ქოქოლა აყარეს, “რუსული კანონიაო”, მათ შორის იყო საფრანგეთის ელჩიც, იმ საფრანგეთისა, რომლის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა საქართველოზე უფრო მკაცრი იგივე შინაარსის კანონი, ევროკომისიას გადასცა უკვე და მაისში ელოდებიან ეროვნულ დონეზე დამტკიცებას.
როდესაც ევროკავშირის ელჩი ჩვენს კანონპროექტს აპროტესტებდა, საფრანგეთში კანონი მიიღეს, რომელშიც წერია: “უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც აღრიცხული იქნება ყველა უცხოური დაფინანსება. ამ ფონდებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ა. შ. ყოველი შემდეგი წლის ბოლოს უნდა წარადგინონ ანგარიში ეროვნულ ასამბლეაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებიან კანონით. ასევე, ანგარიში უნდა წარადგინოს სპეცკომისიამ, თუ რა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოუტანა უცხოურმა ფულმა ქვეყანას. საფრანგეთი იტოვებს უფლებას, რომ გაყინოს ყველა უცხოური ფონდიდან შემოსული თანხა, თუ მას ეჭვი აქვს ამ ფონდების ვერაგი გამოყენების შესახებ.”
ევროკავშირის ელჩს, როგორც ჩანს, მორალის დეფიციტი აქვს, თორემ მას შემდეგ, რაც ევროკავშირში ცნობილი კორუფციული სკანდალები აგორდა, ტონის აწევას როგორ უნდა ბედავდეს!
ევროკავშირში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კორუფციული სკანდალი პირდაპირ დაკავშირებულია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, 7 მარტს ევროპის სახალხო პარტიამ კვლავ მისი კანდიდატურა წარადგინა საარჩევნოდ (6-9 ივნისს). როგორც ჩანს, ევროპარლამენტარებისთვის კორუფციულ სქემებში მონაწილეობა ღირსების შემლახველი ქმედება, კი არა ჩვეულებრივი მოვლენაა.
რასაც ვხედავთ, კი, ასე არის ნამდვილად! “კატარგეიტი” (უოტერგეიტის ანალოგი, რამაც რიჩარდ ნიქსონი გადაიყოლა) ევროპარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე ევა კაილის სახელს დაერთო და დააკავეს “პატივცემული”. თაღლითურ სქემაში, მის გარდა, ჩართულები იყვნენ: მამამისი, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი პიერ ანტონიო პანზერი და საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი ლუკა ვისენტინი. კაილის ადვოკატის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, კატართან მიმართებაში კაილიმ გამოიყენა ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა, რომელიც შეთანხმებული იყო ევროპარლამენტის ხელმძღვანელ რობერტა მეცოლასთან და რომელიც ინიცირებული იყო ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელის მიერ. როგორი ნაცნობი გვარებია… ესენი ხომ იგივენი არიან, რატომღაც თავზემდგომებად რომ დავისვით…
ან ის, კიდევ, აშშ-ში ყველაზე გავლენიანი დემოკრატი კანონმდებელი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ბობ მენენდესი, საკუთარ რეზიდენციაში ოქროს ზოდებს, უამრავ ნაღდ ფულს და ძვირადღირებულ მანქანას რომ მალავდა, გასამრჯელოს, რომელიც სამთავრობო ინფორმაციის მიწოდებასა და ეგვიპტის ინტერესების სასარგებლოდ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ზეწოლაში აიღო.
კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ 73% მიიღო და უკან მოიტოვა ევროკავშირისა და ნატო-ს 14 ქვეყანა. ისღა დამრჩენია, ვიკითხო: რას ამოგვიჩემეს და გადაკვეკიდნენ ეს “ქრთამისტები”, საქართველოს მავნებლობაში ვინღა უხდით?
მავანთ უკვირთ, თუ ამ შემთხვევაში საფრანგეთისა და, ზოგადად, სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი სუვერენული და საზოგადოებრივი ინტერესების უცხოური გავლენებისგან დაცვის უფლება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ვალდებულებაა, საქართველოსთვის რატომ არის იგივე “რუსული კანონი”?
იმიტომ, რომ თავადვე აღნიშნავენ, საქართველოს იგივე კანონი ბევრად შერბილებულიაო. რატომ არბილებ, გადმოიტანე სიტყვა-სიტყვით!
როდესაც დადასტურებულად იცი, რომ საქართველოში არსებული ქვეყნის წურბელა არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი დონორები ევროკავშირიდან და აშშ-იდან არიან, აღნიშნული კანონი უნდა შეარბილო თუ პირიქით, როგორიც არის, მისი კოპიო უნდა გადმოიტანო და წინ დაუდო, თქვენ გბაძავთო.
როდის დასრულდება ეს პატრონყმური დამოკიდებულება, გასკდა გული!
“ჩემი ვასალის ვასალი, იგივე ჩემი ვასალია,” _ სწორედ ასე ბრიტანულად არის ჩვენი საქმე. აშშ-ის ვასალად გადაქცეული ევროკავშირის ვასალია საქართველო და ვართ ასე, სანამ ბუტია და პრეტენზიულ “რუსთ მეფესთან” არ გადაწყვეტენ, ვის ეკუთვნის ჩვენი თავი, ანუ საქართველო…
ყველაფერი ხელისგულზეა, აღარაფერია დაფარული. ვიღაცებმა ახლა ამოიღეს ხმა, თორემ ხალხმა დიდი ხანია, ალღოზე დართული ეჭვით იცოდა, ვინ არიან დონორებიც და ძღვენიჭამიებიც, ვინ ვის უკან დგას, ვინ რას აშავებს და ვინ რას/რამდენს ათეთრებს…
ირაკლი კობახიძე ვიღაც ხომ არ არის, რომ მისი სიტყვები არ ვირწმუნოთ, საქართველოს პრემიერია: “ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე. ესენი არიან ყველაზე რესურსულად ძლიერი, ასევე, ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდანაც გაირკვა, რომ 2012 წლიდან, მათ, მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსებისა, რომელსაც ხარჯავენ.
კერძოდ, მთლიანი თანხა, რაც იყო ნაჩვენები, დეტალების გარეშე, იყო 85 400 000 ლარი. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინიმუმ ამდენი ხარჯი აქვს გაწეული, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობისა და კონკრეტული წყაროების თაობაზე. აქედან ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით, ანუ 15 400 000 ლართან დაკავშირებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მლნ-იდან მინიმუმ 70 მლნ მათ დაკარჯული აქვთ ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ _ არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისთავად, ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, ანუ მე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ. შესაბამისად, საზოგადოებისთვის, საერთოდ ნული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უშუალოდ სამთავრობო დაწესებულებებისთვის ინფორმაციის მხოლოდ 18% არის ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მათი ხარჯებიდან, დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში. მაგალითად, აქ არ შედის სამივლინებო ხარჯები, ოფისის ქირის უდიდესი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები (რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა). შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ მათ მიერ დახარჯული თანხების 90% არის გაუმჭვირვალე. აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია ინფორმაცია, თუ ვინ და რისთვის დააფინანსა შესაბამისი ორგანიზაციები.
არის ერთ-ერთი ფინანსურად ყველაზე ძლიერი არასამთავრბო ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ 0.4% აქვს დეკლარირებული; არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ექსტრემიზმით და მათ “ნული” აქვთ ნაჩვენები.“
იქით მამუკა მდინარაძემ დასვა შეკითხვა: “რანაირად ხდება, რომ არ აინტერესებთ დონორ ორგანიზაციებს ის, რომ ექსტრემისტულ “დროა”-ს, რომელიც ასევე რუსეთიდანაც ფინანსდება, მაინც აფინანსებენ. რატომ ხდება ასე, ამის გამჭვირვალობასთან არ გვაქვს ინტერესი?”
ამის მერე რაღა უნდა თქვა!
ყველა ელჩი იმ ქვეყნის სახეა, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს. როდესაც ვხედავთ, რა ხმაშეწყობილად მღერიან უცხო ქვეყნების ელჩები და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ ჰანგზე (შესაბამისად, მფარველობენ მათ), მათი დანაშაულის თანაზიარები არიან, მაგრამ…
როდესაც კატამ თაგვების მასიურ გაჩანაგებას მიჰყო ხელი, თაგვებმა გადაწყვიტეს, მისთვის ეჟვანი შეებათ, ვეღარ მოგვეპარება ჩუმადო. მოხუცმა თაგვმა იკითხა: კი, მაგრამ კატას იმ ეჟვანს ვინ შეაბამსო? _ ასეა ჩვენი საქმეც, ყველას ხელი უთრთის კრებსითი კატისთვის ეჟვანის შებმაზე, თუმცა, ნელ-ნელა ტემპერატურა მატულობს.
იმავე მდინარაძემ თქვა: “როგორც იქნა, გაბედა ამ ქვეყანამ, რომ ქვეშევრდომივით არ ლაპარაკობს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ თანაბარსწორად ველაპარაკოთ ჩვენს პარტნიორებს; რომ ვიდგეთ ორ ფეხზე მყარად და თავი არავის წავაქცევინოთ არანაირი მიმართულებიდან”.
ღმერთმა ქნას!
ზურა ოშხერელი