საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ამ “შავი” ფულით რევოლუციური პროცესებისთვის მზადებაა დაგეგმილი – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ამ “შავი” ფულით რევოლუციური პროცესებისთვის მზადებაა დაგეგმილი

 

“საერთო გაზეთის”
სტუმარია კინორეჟისორი
გოგა ხაინდრავა:

_ ბატონო გოგა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნოს. როგორ ფიქრობთ, მიზეზი რა არის?
_ მიზეზი მარტივია, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება ფსევდოდემოკრატი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც, როგორც გაირკვა, ერთი ცენტრიდან ღილაკზე თითის დაჭერით იმართებიან. გაეროდან დაწყებული ნატო-ს გენერალური მდივნით დამთავრებული, ყველანი ერთი მესიჯბოქსით ხელმძღვანელობენ. ე. წ. დემოკრატიულ სამყაროში სამარცხვინო ვითარებაა შექმნილი. მათ სურთ, თავიანთი მოსყიდული პოლიტიკოსები, ენჯეოები, ფონდები, ანუ საკუთარი აგენტურა, როგორმე გაახელისუფლებონ და მათი მეშვეობით ჩვენი ქვეყანა უსიტყვო, მუდმივ მორჩილებაში ამყოფონ. ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ამ კოლონიზატორების თავდასხმა რა გასაკვირია, როდესაც “ევროსპარლამენტში” _ 550-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც სააკაშვილის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, მაშინ, როდესაც მიშა “ვივამედში” რვა თვის წინ იყო გადაყვანილი. ეს ჩვენ საბჭოთა კავშირში უკვე გავლილი გვაქვს! ხელმომწერებს არც კი წაუკითხავთ, ხელი რას მოაწერეს!
ევროკავშირი თავის ევროსაბჭო-ევროპარლამენტიანად მთლიანად ჩალპა. ამ გაერთიანებას, რა სახითაც ახლაა წარმოდგენილი _ კუბილიუს-ფოტიგებით, მომავალი არ გააჩნია. რა ნატო-ს გენერალური მდივნის საქმეა, საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი?! განა შეიძლება, ნატო-ს გენერალური მდივანი რეაგირებდეს პარლამენტში ორი დღის შემოტანილ ჯერ მხოლოდ საკანონდებლო ინიციატივაზე მაშინ, როცა, მსოფლიოში უმძიმესი ვითარებაა _ შუაგულ ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში ორი ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, რაშიც ნატო პირდაპირ ჩართულია. ნატო-ს გენერალური მდივანი ასეთ განცხადებას რომ გააკეთებს, მის ორგანიზაციას რა მომავალი უნდა ჰქონდეს?!
საქართველოს თავისი გზა და ათასწლოვანი თავგადასავლი აქვს. ქართული საზოგადოება, სახელმწიფო მომწიფდა საიმისოდ, რომ ამ უსირცხვილოებს სათანადო პასუხი გასცეს. ევროპული ქვეყნები, რომელთაც ჰგონიათ, რომ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი არიან, ძალიან მეცოდებიან. უბედურება ის არის, რომ მათ არ ძალულთ, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი _ რასაც “შტაბიდან” ჯონ “მწვანე” ბასი უკარნახებს, ექოსავით იმავეს ამოსძახებენ. ეს არარაობა, რომელიც აქ ელჩად ბრძანდებოდა, 26 მაისს ჩადენილ ბარბაროსობას ამართლებდა. სტოლტენბერგიც მის დაკრულზე ცეკვავს. ამის მერე რაზე ვლაპარაკობთ. ასეთმა დასავლეთმა ომი როგორ უნდა მოიგოს, როგორ უნდა დაამარცხოს ეს “ნაბუქოდონოსორი”, რომელმაც ცენტრალური ევროპის უდიდესი ქვეყანა _ უკრაინა გატკეპნა. რისი მაქნისები არიან ეს ჩასვრილი, დაკომპლექსებული, სქესგაურკვეველი ჩინოვნიკები. ქართველ „აღშფოთებულებზე” ლაპარაკიც კი ზედმეტია, პროტესტის სათავეში ნატა ფერაძე რომ გეყოლება, ხომ ხვდებით, რა დღეშიც არიან. ეს უსამშობლო, სამარცხვინო ხალხი ერთად შეიკრიბა. “ლელოს” გაპროტესტებული არ გაიშვას არსად, ხაზარაძის, ამ ღალატის ფორმულის თამადობით. ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს და, რაც მთავარია, ნება, თავად გადაწყვეტს, რა გზით წავიდეს. ამ ფორმაციის ევროკავშირიც და ნატო-ც მომაკვდავი ორგანიზაციებია.
_ კანონპროექტის თანახმად, ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ, იანვარში ხარჯების დეკლარირება ევალებათ. რატომ არის ეს ე. წ. ოპოზიციისთვის ასე მიუღებელი?
_ ხელთ მაქვს ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის დასკვნა ანალოგიურ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაზე დააინიცირეს, სადაც ყურადღებას მის აუცილებლობაზე ამახვილებენ. რა გამოდის, ევროკავშირისთვის, ამერიკისთვის, საფრანგეთისთვის, ისრაელისთვის ამ კანონის მიღება აუცილებელია და საქართველოსთვის აკრძალულია, რადგან ეს მათ აგენტურას ეხება?! ევროკავშირი საბჭოთა კავშირად გადაიქცა. ამერიკელები ზუსტად იმ ბოროტების იმპერიას დაემსგავსნენ, რასაც თავის დროზე თავადვე ებრძოდნენ და რის გამოც ვცემდით ამერიკას პატივს და მასთან სტრატეგიული პარტნიორობაც იმიტომ გადავწყვიტეთ. დღეს, თავის ბაიდენიანად, რომელიც ცოლს საპირფარეშოს კარისგან ვერ არჩევს, ჩერნენკოს საბჭოთა კავშირს დაემსგავსნენ. დღეს მსოფლიოს აპოკალიფსური პერიოდი უდგას. ამიტომ ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს, ვისთან გვაქვს საქმე. ის, რომ ნატო დაგვიცავს, მითია. ხომ ვხედავთ, უკრაინა როგორც დაიცვა. გავიძახით: ევროკავშირი უსაფრთხოების გარანტიააო. საკუთარი უსაფრთხოება არ იციან, როგორ დაიცვან და ჩვენ რა გარანტია უნდა მოგვცენ?! მითებში ცხოვრების დრო დამთავრდა.
რაც შეეხება კანონპროექტის ინიცირებით ოპოზიციის შეშფოთებას, მათი წუხილის მიზეზი გასაგებია, მოსყიდულები არიან და ფულის დაკარგვის საფრთხე ექმნებათ. ეს “შავი”, უკონტროლო ფულია, რომლითაც მოლოტოვის კოქტეილების დამზადება და ადამიანების ცოცხლად დაწვაა დაგეგმილი. ასევე, რევოლუციური პროცესების მომზადება. ჩვენ ხომ ვნახეთ კადრები, თუ როგორ “ამეცადინებს” ახალგაზრდებს შარვალჩახდილი ჯაფარიძე ავტომატის სროლაში. მაგის ნასროლი არ გაიშვა, მაგრამ ახალ თაობას ხომ წამლავს. საიდან გაჩნდა საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების დამზადების დირექტივა? _ როდიდან გახდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ბლინკენი მოლოტოვის მიმდევრები?! მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხი ყველაფერს ხვდება. ჩვენთან ეს აღარ გაუვათ, ამ ჭინკების მატარებელმა ჩაიარა. მათი დიდება გუშინწინდელ დღეში ჩარჩა. დეგნანსაც ეგონა, რომ „პარადი” მიჰყავდა ჩვენთან, მწვერვალზე იყო, თუმცა თავისი კარიერა გარაჟში საქმის გარჩევით დაასრულა. მისი ადგილი სწორედ იქ არის.
_ ბატონო გოგა, კანონპროექტის ინიცირების მერე, ოპოზიციურ ტელეარხებს პირზე აკერიათ, რუსული კანონიაო. რა არის მასში რუსული?
_ ეს ტელესაროსკიპოები, ამავდროულად, “სადაზვერვო დაწესებულებები”, იმ ძალების ინტერესებს ემსახურებიან, ვისაც მიზნად ჩვენი ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევა განუზრახავთ. საერთო ჯამში კი, ომის პარტიის ინტერესებს ატარებენ, რომლის სათავეში სოროსები, როკფელერები, როტშილდები და ა. შ. დგანან. როგორ ფიქრობთ, კეზერაშვილი რატომ აფინანსებს “ფორმულას”, რაიმე იდეოლოგია გააჩნია? იგი თავისი არსით, განათლებით, ცოდნით ტიპიური ქორვაჭარია. მავანმა მას საქართველოდან ნაძარცვი მილიარდების გატანის და ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება იმიტომ მისცა, რომ მათ სამსახურში დგას. ასევე, კანიბალი ადეიშვილიც.
განათლებული და დემოკრატიული ევროპა იყო კანონი, სამართალი, წესრიგი, ზნეობა, კულტურა. დღეს რად გადაიქცა?! ადეიშვილი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა, გვამებზე აბამდა, დღეს ბრიუსელში, ბერლინში, ჰააგაში თავისუფლად დასეირნობს, მათი მეგობარი და პარტნიორია! ეს არის დღევანდელი ჩინოვნიკური ევროპა. ოღონდ, არა ევროპელი ხალხი, ცივილიზაცია, არამედ ბიუროკრატია, რომელიც ევროპას ღუპავს. ამის შედეგს ევროპა უკვე იმკის.
ანგლოსაქსური იმპერია ჩამოლპა და ფიქრობენ, რომ ამ ლაფში ჩვენც ჩაგვითრიონ.
“დემოკრატიის ეროვნული ფონდი” საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სადაზვერვო დაწესებულებაა, რომელიც მის მიერ მოსყიდულ დაჯგუფებებს აფინანსებს. ამ ფონდებში ერთი-ორი ადამიანი მუშაობს. გვეუბნებიან, რომ 50 ორგანიზაცია პროტესტს აცხადებს. რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები, ვინ დგას მათ უკან?! _ მხოლოდ სახელწოდებები და დავალებები. მათი მიზანია, საქართველო მუხლებზე იდგეს და რასაც ეტყვიან, შეასრულოს. თუ დავალება არ შესრულდება, ამ ჭინკებს შემოგვასევენ.
თავად არასამთავრობოები არიან პოლიტიკურ პარტიებში, პარტიები არასამთავრობოებში, მედასავლეთეები კომკავშირლებში, კომუნისტები კონსერვატორებში, ყველანი ერთად კი ლეიბორისტ-პროკურორ შალიკოს ფანჩატურში. ხაზარაძე, „ლელოს” ჩრდილოვანი მაყურებელი, აშშ-ში დახურულ შეხვედრებს მართავს. ისეთი ბეცია, ისიც არ იცის, რომ პოლიტიკური ლიდერები უცხო ქვეყნებში დახურულ შეხვედრებს არ მართავენ. ასე დაზვერვის აგენტები იქცევიან. შედეგად, გუნდი შეკრეს, მოფიქრება ხომ უნდოდა: უსუფაშვილი ამჟამად „ტაივანჩიკი”, როგორც კომუნისტების დროს იტყოდნენ, მის ყოფილ პარტიაში – „პო სოვმესტიტელსტვუ”, აქეთ ნაცვლიშვილი “უმანკო” იურისტთა ასოციაციიდან, იქით სამადაშვილი “დიპლომატიური ნაცი”, გეგელია “ამოუცნობი მფრინავი ობიექტი”, ჯაფარიძე, როგორც გვარამიას საყვარელი სალომე პრეზიდენტი იტყოდა – „მართლმადიანი” ლგბტ დროშით ხელში. ამათ პოვნა ხომ უნდოდა. გაირკვა, რომ დოლარს ჰქონია ასეთი თვისება, მსგავს პერსონაჟებს იწებებს.
_ რა ბედი ელით უცხოელ აგენტებს გამოააშკარავების შემდეგ?
_ რაც ყველა აგენტს, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება! სირცხვილი და თავის მოჭრა!
_ პაპუაშვილმა განაცხადა, რაც შარშან ოპოზიციას გაუვიდა, წელს აღარ გაუვაო. რა რეაგირებას ელოდებით ამჟამად ქართველი ხალხისგან?
_ მამიკოს დუნდულების ბებუთით მჭრელი, ცეცხლის მფრქვეველი, ევროსკავშირის თანავარსკვლავედში „ჩაკარტოჩკებული” ლაზარეს დროშის ფრიალით თუ შეგვიტევს „შიგ ევროპის” დამცველთა რაზმი, ნატა ფერაძისა და „რუსული ბანის” ბურჭულაძის წინამძღოლობით. ფლანგებს თუ ორი ნიკა და მათი პარტნიორი კიკა გაამაგრებენ, ხოლო ავანგარდში აბჯარასხმული „ხალხოსანი ალეკო”, პრარაბი კიკუს და მისი კლონით გაძლიერებული იქნებიან, მაშინ მოგვიწევს საერთო სახალხო მობილიზაციის გამოცხადება, სხვა გზა არ გვექნება. ხოლო თუ „თბილისი პრაიდი” დაემატათ, შარვალჩახდილი „ზურა-გირჩი” ჯაფარიძის უკუსვლით და თაკო ჩარკვიანი… მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რა გამოსავალი იარსებებს.
_ ზურაბიშვილი “ევროპული გზის საბოტაჟს” აპროტესტებს და ოპოზიციას წინ ევროპის დროშით მიუძღვება.
_ ზურაბიშვილზე ფიქრიც მზარავს. ინფორმაციამ გამოჟონა, რომ ლგბტ დროშის ტარად აპირებენ მის გამოყენებას! უკვე მეშინია…
_ ოპოზიციის ნაწილი რუსეთის გავლენისგან დაცვის პროექტს აინიცირებს…
_ რუსეთის ძუძუზე გაზრდილი გახარია აინიცირებს ანტირუსულ კანონს?! არ გამაცინოთ! არ ვიცნობდე მაინც. დაველოდოთ! პარასკევი და ხვალეო…

თამარ შველიძე