საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სოციალური ქსელი – არასრულწლოვნების დანაშაულის იარაღი? – საერთო მედია
მაისი 19, 2024

სოციალური ქსელი – არასრულწლოვნების დანაშაულის იარაღი?

Handcuffed teenage boy behind bars in a prison cell staring intently at the camera unrepentant of his criminal behavior

 

ბოლო ხანს სოციალური ქსელი არასრულწლოვნებისთვის დანაშაულის იარაღად იქცა. ტექნოლოგიური სიახლეების წყალობით არაერთი მოზარდი ნებით თუ უნებლიეთ დანაშაულებრივ საქმიანობაში ერთვება ხოლმე. სამწუხაროდ, მშობლებმა მომავალი თაობა, როგორც ფაქტები ცხადყოფს, ნებაზე მიუშვა და მასზე კონტროლი საერთოდ დაკარგა. შედეგიც სახეზეა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, სხვისი პირადი საიდუმლოების ხელყოფის ფაქტის გამო 17 არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე დადგა.

ე. წ. სმარტფონის ტელეფონის დახმარებით, როგორც აღვნიშნეთ, არასრულწლოვნები ხშირად გაუცნობიერებლად სჩადიან დანაშაულს. მაგალითად, იჭრებიან სხვის პირად სივრცეში და საჯაროდ ავრცელებენ იმას, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოებას წარმოადგენს. კანონი იმდენად მკაცრია, რომ აღარ ითვალისწინებს, კონკრეტულ შემთხვევაში მოზარდის მიერ რამდენად სწორად იყო გამოხატული ნება. კანონის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 14 წელს მიღწეული არასრულწოვნის მიმართაც დგება. მშობლებს, რატომღაც, ავიწყდებათ, რომ ციხე, მით უმეტეს მოზარდისთვის, არასოდეს ყოფილა ზნეობრივი აღზრდის საუკეთესო ადგილი. პირიქით, როგორც ბევრი შემთხვევიდან ვიცით, მოზარდები გამოსწორების ნაცვლად, უფრო საშიშ დამნაშავეებად იქცევიან ხოლმე, ვიდრე საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნებებად.
სპეციალური საგამოძიებო ორგანოს მიერ მოწოდებული ერთ-ერთი დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, 2023 წლის გაზაფხულზე, არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში” მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა თავისი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მოგვიანებით ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა, დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპიუტერული პროგრამა „ფოტოშოპის“ მეშვეობით მისი ცეკვის ვიდეოს ისე დაამონტაჟებდა, რომ ფოტოებზე დაზარალებული გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში, რასაც შემდგომში გაუვრცელებდა მის მშობლებთან. მუქარის შედეგად, იმავე დღეს, დაზარალებულმა არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი ბინის სააბაზანო ოთახში გადაიღო ინტიმური შინაარსის ვიდეო, რომელიც „მესენჯერის“ საშუალებით ბრალდებულს გაუგზავნა. დაზარალებულის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვით, საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა არასრულწლოვანი გოგონას ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული. დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც სპეციალური საგამოძიებო უწყება აცხადებს, მსგავსი შინაარსის მქონე ბევრი და საგანგაშო ფაქტი არსებობს და დროა, სახელმწიფომ უფრო მეტი ქმედითი ღონისძიებები გაატაროს.
ის, რაც სხვა ქვეყენებში ხდებოდა და მხოლოდ ტელეეკრანებიდან ვადევნებდით თვალს, ახლა ჩვენ თვალწინ ხდება. მაგალითად, რუსეთის პარლამენტმა შემოიღო ფედერაციული კანონი, რომლის მიხედვითაც, არასრულწოვან სკოლის მოსწავლეს აეკრძალა სკოლაში „სმარტფონის“ ტელეფონის გამოყენება და სოციალურ ქსელებში ურთიერთობა.
რა ხდება ჩვენთან? როგორც ჩანს, არც ჩვენი ქვეყანა უყურებს მშვიდად ამ ფაქტს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართა. საინფორმაციო კამპანიის მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენს, რადგან ბოლო პერიოდში ხშირია სოციალური ქსელებით არასრულწლოვნების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალით შანტაჟისა და იძულების, დახურულ ჯგუფებსა და სხვადასხვა პირებთან მასალების გავრცელების ფაქტები.
ქვეყნის მასშტაბით, შეხვედრები, ჯამში, 70 სკოლაში ჩატარდა. მათგან, საინფორმაციო კამპანიამ მოიცვა თბილისის – 22, შიდა და ქვემო ქართლის – 9, კახეთის – 11, იმერეთის – 11, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის – 11 და სამეგრელოს – 6 სკოლა.
შეხვედრების ფარგლებში, გამომძიებლებმა სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს: თუ რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, ვის უნდა მიმართონ მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში მათი შანტაჟის, კიბერბულინგის და მათი პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევაში.
შეხვედრების ციკლი 2023 წლის დეკემბრის თვიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
სპეციალური სამსახური, კონფიდენციალურობის სრული დაცვით ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს. ამ ტიპის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ცხელი ხაზის – 199-ის მეშვეობითაც.
როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, ხშირია დამნაშავეთა მხრიდან არასრულწოვანთა ბულინგის, შანტაჟის შემთხვევები. მათი მიზანი ბავშვების დამნაშავის იარაღად ქცევაა. შანტაჟისა და მუქარის გამოყენებით კრიმინალები არასრულწლოვნებს აიძულებენ, დაყვნენ მათ ნებას და სოციალური ქსელის დახმარებით გაავრცელონ პირადი ხასიათის ინტიმური ფოტო-ვიდეო კადრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო სივრცეში ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებიან.
როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, მოზარდის ფსიქიკა იმდენად სუსტია, რომ ბულინგს, ზეწოლას ვერ უძლებს და ხშირად დამნაშავეთა მსხვერპლი ადვილად ხდება. მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პროპაგანდა ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. რუსეთის მაგალითზე, რაც უდავოდ, მისასალმებელია, სასწრაფოდ მისაღებია სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც, არასრულწოვანს აეკრძალება სოციალური ქსელის გამოყენება. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აღარ შეეძლებათ, თავიანთ „სმარტფონის“ ტელეფონებში შექმნან პირადი ანგარიშები და ისარგებლონ თავისუფალი ინტერნეტ სივრცით; მოახდინონ სხვის პირად სივრცეში შეჭრა და მისი გასაჯაროება და ა. შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელში ზნეობრივად გადაგვარებული, კრიმინალების მსხვერპლად ქცეული თაობა გვეყოლება, რომელსაც მომავალი არ აქვს.

ლევან ჭიღლაძე