საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზნედაცემული ანგელოზი – საერთო მედია
მაისი 19, 2024

 

სამსახურიდან გვიან და დაღლილი გამოვედი, მაგრამ ისეთი კარგი საღამო იყო, ფეხით ავუყევი ვაგზლამდე. ქალბატონი თამარის ძალისხმევით კარგი ნასვამ-ნაჭამი გახლდით, ამდენად, ვაგზლის მოედანზე ცერადღა გავხედე საცხობს, სადაც ჩებურეკების მირთმევა და ვაგზლის ბოზების თვალიერება მიყვარს _ ყველანი ადგილზე იყვენენ ერთის გარდა, არადა, იქვე ცხოვრობს, გოგოლის #10-ში. დიდუბე-ჩუღურეთის უსაქმური კრიმინალური პოლიციაც ადგილზე იყო. მათ ყურებაში ჩემი #466 “მარშუტკა” დაიძრა და ამხელა კაცი პატარა ბიჭივით შევხტი დაძრულ მანქანაში. რა ძალა მედგა, დასაჯდომი ადგილი არ იყო და დავრჩი მოკაკვული. ადგილს ვინ დაგითმობს…
ვარაზისხევი რომ ავათავეთ, შუქნიშანზე გავჩერდით და გავიჭედეთ. გავხედე ტარას შევჩენკოს განათებულ ძეგლს და რას ვხედავ _ შევჩენკოს მუხლებზე ფეხმორთხმით დასკუპებულა კოხტად გამოწკეპილი ცილინდრიანი მამაკაცი და შუა მარტში, ღამე, ნაყინს ისე ტლეკს, რომ მის წითელ ენას სამოცი მტრიდან ვარჩევ. ვიცანი. ბევრი აღარ მიფიქრია, ჩამოვედი გაჩერებაზე და მისკენ წავედი.
_ აქ რა გინდა, საქმე არაფერი გაქვს? _ შევუძახე ჩემებურად.
_ ჩემს საკეთებელს თქვენ აკეთებთ და მე რა საქმე უნდა მქონდეს? _ არ შემობრუნებულა, ისე მიპასუხა გაზეპირებული ფრაზით.
_ აქ რატომ ზიხარ? _ ვკითხე და დაბალ კვარცხლბეკზე გვერდზე მივუჯექი.
_ ვისვენებ და თან ვფიქრობ.
_ ძეგლზე ჩამოჯდომა არ შეიძლება, გთხოვთ, აბრძანდეთ! _ თავზე დამადგა საიდანღაც ამომძვრალი ახალგაზრდა პატრული.
_ რა გაცინებს, მახინჯო? _ დავიღრინე მაქსიმალურად ხმადაბლა, მაგრამ პატრულმა მაინც გაიგო და, რა ბრძანეთო?
რაც ვთქვი, მშვენივრად გაიგონა, მაგრამ რა მეთქვა, თქვენთვის არ მითქვამს, აგერ, ნაცნობი ეშმაკი ზის და იმას ველაპარაკები-მეთქი? ხომ ეგრევე გადარეკავდა და რომელიმე ფსიქიატრთან გამაქანებდნენ.
_ ფიქრებში ვიყავი გართული და… _ აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.
პატრულმა იჭვნეულად შემათვალიერა და გამერიდა.
_ წამოდი, სახლამდე მაინც გამაცილე, უსაქმურო! _ მივმართე ეშმაკს.
_ მეზარება… თუ გინდა, “მარშუტკით” წავიდეთ, რაღაცნაირად მიყვარს ეგ შენი “მარშუტკა”. ცოტა შეცდომით აწერია, მაგრამ არა უშავს, 466 კი არა 666 უნდა ეწეროს. მაშასადამე, ვაკელები ჩემი ახლობლები ხართ, _ ახითხითდა და გამოაჩინა ღრჯოლები.
რა უცნაურია, აზრად არ მომსვლია ასეთი რამ.
_ წამო, ჰო, _ ვუთხარი და გაჩერებისკენ წავედით.
გაჩერებაზე არავინ იდგა, მაგრამ იქვე, “არკიდან” გამოსულმა ჰასკის ჯიშის ძაღლმა უეცრად მოკურცხლა, გამსეირნებელი პატრონი გაითრია და გაექცა. საწყალი ქალისკენ გავიქეცი, ფეხზე წამოვაყენე _ გაოგნებული იყო, რა მოხდა წამიერად, ვერ მიხვდა, მერე კი “ლორდი, ლორდის” ყვირილით გაიქცა იქით, საითაც ძაღლი გავარდა.
_ არ გრცხვენია? ქალს რას ერჩოდი, _ დამასწრო ეშმაკმა და ჩემი სათქმელი ისე მითხრა, მეგონა, ჩემს ხმას ვისმენდი.
ხელი ჩავიქნიე და სიგარეტს მოვუკიდე.
_ კარგია. ადამიანმა სიგარეტიც უნდა მოწიოს, _ ამოაძვრინა ჯიბიდან ორი ცალი იდეალის” ნაჭერი და ერთი მე მომაწოდა. არ მინდა, დიეტა დავიწყე-მეთქი და ახლა ორი ბოთლი ამოაძვრინა გულისჯიბიდან _ “ხვანჭკარა” და “ქინძმარაული”, რომელი ჩავცხოთო.
_ მომწყდი თავიდან! _ ისე ვუყვირე, მიპირდაპირე მხარეს მიმავლებმა გამომხედეს.
ამასობაში მომდევნო #466-იც მოვიდა და ავედით. ტრანსპორტში უკვე აღარ იყო ბევრი ხალხი და დავჯექი. ინსტინქტურად მიმოვიხედე. პატარა გოგონა დავინახე, ჩანთიდან ავტოკალამი ამოეღო და სკამზე ხატვას აპირებდა. სასწრაფოდ შევაჩერე, არ შეიძლება-მეთქი. გვერდზე მჯდომი ქალი მეცა, რა გნებავთ, ბატონო, ჩემი შვილიშვილისგანო? გავხედე და ის მახინჯი სიცილისგან ბჟირდებოდა.
_ გაჩერებაზე გამიჩერეთ! _ გავძახე მძღოლს.
ჩამოვედი და ამომიდგა გვერდში, რა იყო, რას ბრაზდები, იუმორის გაგებაში არა ხარო.
_ ზურა, ეხლა ჩვენ რომ ფალიაშვილის ქუჩაზე სკოლა გამოვიარეთ, ხომ გრუშევსკის სახელობისაა? _ მკითხა უმწიკვლო ხმითა და ინტონაციით.
_ მერე?
_ იქ ტარას შევჩენკოს ძეგლი ხო გიდგათ, ვაკე-ვერას საზღვარზე, აქ _ მიხეილ გრუშევსკის სახელობის სკოლა; დადიხართ მარშრუტზე ვაკე-ვაგზალი, იქ კიდე ნიკოლაი გოგოლის ქუჩაა. ვაკელები უკრაინა ხართ? _ ისე მოეწონა საკუთარი ნათქვამი, თვითონვე გადაიხარხარა.
რა უცნაურია, არც ეს დამიკავშირებია არასდროს ერთმანეთთან.
_ ის იენს სტოლტენბერგი რომ გყავდათ, ვაკეში რატომ არ გამოასეირნეთ, ეტყოდით, ჩვენი უკრაინა აქ არის, თუ დაბომბვაა, აგერ, ვაკე დაგვიბომბოს რუსეთმაო, _ ხარობდა მახინჯი.
_ ერთი იმის კარგიც… _ შევუკურთხე გემრიელად.
_ მე, ხომ იცი, მაღლა, ცაში ვერ ავდივარ, მაგრამ დაბლა, აეროპორტის წინ, თითი მოვაწეწკვე მანქანის კარებში, _ გაულურჯდა და გაგიჟდა ტკივილისგან, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. ახლა ოხშივარადენილი ჩაქაფულიანი ქვაბი ამოაძვრინა ეშმაკმა ჯიბიდან და თვალი ჩამიკრა, მაგრამ ისეთი დავუბღვირე, სასწრაფოდ უკანვე ჩააბრუნა.
_ რას მოათრიე ის სტოლტენბერგი? _ ვკითხე მკაცრად.
_ მე რას მოვათრიე, ლუციმ გამოუშვა კავკასიაში.
_ სომხეთში რაღა უნდოდა, ან ბაქოში?
_ საქართველოში რა უნდოდა, ხომ ძალიან გაიგე, რააა… ლუციმ ტოტალიზატორში წააგო და თათბირზე ისეთი რამე თქვა, ყველას პირი დაგვრჩა ღია _ უკრაინაში ვეღარ ვერთობი, რაღაც ახალი უნდა მოვიგონოო.
_ მერე?
_ რაღა მერე, ლუცის რა უნდა მთლად მაგაზე არ არის საქმე, ღმერთი ზემოდან იყურება. ერთი ახალი გვყავს, ის დაასვა მხარზე სტოლტენბერგს და თვითონაც აზრზე არ არის საწყალი იენსი, რას დაცუნდრუკობს კავკასიაში, დაუზეპირებია სიტყვები და რაღაც “ღრმად ღირებული პარტნიორობა” და “კავკასიური ტურნე” გაუდის. ვერ ვიტან ამ ანგლოსაქსებს, თავიანთი სექტა აქვთ, ჩვენ არ გვეკონტაქტებიან, ზედაც არ გვიყურებენ, ვითომ ჩემზე მაგარი ეშმაკები არიან, _ ისე დაგრიხა ტუჩები, ისევ ორივე ღრჯოლი გამოუჩნდა.
_ იქაცა გაქვთ სექტები? _ გულიანად გამეცინა.
_ რა გაცინებს? ყველაფერი გვაქვს, რაც ადამიანებს გაქვთ. ისინი იმთავითვე ჩაკეტილ სისტემაში არიან, მხოლოდ ლუციმ იცის ყველაფერი. ასე რომ, რამდენიც გინდა, ენა გიჩლიქონ ანგლოსაქსებმა, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ასევე, თქვენს ძალისხმევას თქვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევადო, არც დაიჯეროთ და არც მოინდომოთ, _ ლუცისგან ვიცი, რომ ღმერთი მაგას არ დაუშვებს. ამ ევროპას კიდე, თავისი გასჭირვებია, თქვენ რაღას ეკიდებით _ გვეხვეწებიან, კეთილად დაგვაჯექით მხრებზეო და ვინც კარგ ხასიათზე ვართ, დროდადრო ვასხდებით ხოლმე. ვინც ანგლოსაქსები არ არიან, მაგარი ცოდოები არიან… აგე, სურათად გქონდეს, რა იქნება მაგათი ბოლო, თუ მაშინ არ დაგვიჯერებენ, როცა კარგ ხასიათზე ვართ. აგე, ევროპელებს თვითონ დავახატინე, _ მითხრა და სურათი ამოაძვრინა ჯიბიდან, შენი იყოსო.
_ რომ არ უნდა დავიჯერო, ვიცი, მაგრამ მონდომებას რა უდგას წინ? _ ევროპა არ მენაღვლებოდა, ჩემი მაწუხებს.
_ ბიჯო, ომი და უბედურება კი გინდათ ამ საქართველოში, მაგრამ ღმერთს არ უნდა და ძალაა?! საქართველო ღვთისმშობლისაა და რას ეძალავებით?!
_ რაც საქართველოს ომები და სისხლისღვრა აქვს გადატანილი, მაშინ ღვთისმშობლისა არ იყო?!
_ იყო და იმიტომაც ხართ ისევ, თორემ აბა, გადახედე, სად გაქრა მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი ცივილიზაციები? მოიცა, შენ რა გინდა, თითი არ გაანძრიოთ? თქვე კაი ხალხო, ქრისტე თქვენს გამო ეცვა ჯვარს და თქვენ ღმერთის მოცემული სისხლის დაღვრაც არ გინდათ? მიწა ხართ და მიწად უნდა იქცეთ, მაშ, როგორ გინდათ? ყველა ერთად თუ დაიხოცეთ, ეგრე არ გამოვა, გაქრებით, ამიტომ ზოგი დღეს, ხოგი ხვალ, ზეგ და მაზეგ უნდა გაუყვეთ გზას. ვაჰ, რატომ გაგაკეთათ ღმერთმა ეგეთი უმადურები? _ აღშფოთდა და ჯიბიდან ამოღებულ ჩუპა-ჩუპსის ჯოხს ნახევრადშიშველი ქალის სურათი ფრიალით ამოჰყვა და აბაშიძის ქუჩაზე გაფრიალდა.
_ ეს რაღა იყო? _ ჩავეკითხე ეჭვით.
_ შენთვის არ იყო, დაიკიდე და მოგეშვება, _ გამიცინა და ჩუპა-ჩუპსი ისე გატლიკა, ზედ ორკეცად შემოახვია თავისი ენა.
_ საქართველოს ქალებიც შენ გაბარია? _ გამეცინა ჩემივე შეკითხვაზე.
_ ქალებიც, მაგრამ უფრო პედერასტი კაცები.
_ ბოროტი ხარ…
_ არა, მე ბოროტი კი არა, ზნედაცემული ანგელოზი ვარ, ამიტომ ძალიან მინდა, რომ ყველა ჩემსავით ზნედაცემული და მახინჯი იყოს. თუ კარგ ხასიათზე ვარ, კეთილად ვაეშმაკებ, ვისაც მოვისურვებ. რას ჩაფიქრებულხარ?
სიგარეტი გამითავდა და იმას ვფიქრობდი, რომელ მარკეტში იქნება, რაც მე მინდა-მეთქი და მის შეკითხვაზე ინსტინქტურად ხელი მოვისვი ჯიბეზე _ ჩავიყავი ხელი და გაუხსნელი კოლოფი ამოვიღე. ვერაფრით გავიხსენე, როდის ჩავიდე მეორე კოლოფი ჯიბეში და ცერად გავხედე ეჭვმიტანილს.
_ მე რას მიყურებ, სამი დღის წინათ ჩაიდე გულისჯიბეში და იმის მერე არ გცმია ეგ პალტო. რა ყველაფერს მე მაბრალებ? ბარემ ადექი და რუსეთის უკრაინაში შეჭრაც მე დამაბრალე! _ აღშფოთდა ეშმაკი.
_ აბა, ვის დავაბრალო?
_ რუსეთს არა, ჩვენ უკრაინას ჩავეხუტეთ, ჩვენიანი ეგაა. ვერა ნახე, კიევ-პეჩეორის ლავრას რა უქნეს? გუშინწინებზე კიდე, ლვოვის რაიონის სოფელ სმიჟოში უკრაინელმა ბანდერელებმა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია დაწვეს. ხალხი იჭყლიტება არა ისა! უნდათ და იჟლიტება _ აბა, თვითონ რატომ არ იჟლიტებიან? კარგი, წავედი, ეხლა იმ ტიპს უნდა დავაჯდე მხარზე, ვისთვისაც იმ გოგოს სურათი გავაფრიალე. ჭკუით იყავი, მე არსად მივდივარ, აქ ვარ და სიტუაციას ვაკონტროლებ! _ დამიბარა და გაქრა.
შენ რა გითხარი, დავით ბატონო, ეს რა შავი ღვინო დაგიწურია, მოჩვენებები დამეწყო…

ზურა ოშხერელი