საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თავისუფლება კანონმორჩილებას და პასუხისმგებლობას გულისხმობს… – საერთო მედია
მაისი 19, 2024

თავისუფლება კანონმორჩილებას და პასუხისმგებლობას გულისხმობს…

 

„მიმაჩნია, რომ ზედმეტი სიმკაცრით გაზრდილი ადამიანი კარგ პიროვნებად არ შეიძლება ჩამოყალიბდეს. თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობა ვერაფრით იაზროვნებს ისე, როგორც საბჭოთა ეპოქაში დაბადებულები აზროვნებდნენ, – ამის შესახებ „საერთო გაზეთთან“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მენტორი პედაგოგი, დირექტორის მოადგილე მედეა კალანდარიშვილი საუბრობს.
პედაგოგი, 50-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, რომელიც ახლა უკვე თავისი პირველი მოსწავლეების შვილიშვილებს ასწავლის, მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში ბევრი რამ შესაცვლელია, შედეგის მისაღწევად კი კომპლექსური მიდგომებია საჭირო.

– ქალბატონო მედეა, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი, როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის ხარისხს ევროპისკენ მიმავალ გზაზე?
– ევროპისა და ევროპული განათლების მიღების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყანა, თავისი ისტორიითა და კულტურით, ამ დიდ ოჯახში შესვლას იმსახურებს, მაგრამ ვართ თუ არა მზად ამისათვის? – მე ვფიქრობ, რომ ჯერ არა! მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, ჯერ განათლების სისტემის ერთი რეფორმაც არ მინახავს, რომელიც ბოლომდე მიიყვანეს, რომელმაც დადო თავისი შედეგი. არ მინდა, ჩემი ნათქვამი ისე გაიგოთ, თითქოს არაფერი კეთდება, მაგრამ რისთვის ვატარებთ რეფორმას, თუ მან სასურველი შედეგი არ მოგვცა?
– ვინც თანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოებს საფუძვლიანად იცნობს, ისინი ამტკიცებენ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმას, კარგა ხანია, ეროვნული სული ამოაცალეს…
– შეიძლება გარეთა თვალი ასე ხედავს, თითქოს სასწავლო პროგრამას ეროვნული სული ამოაცალეს, რადგან, უმეტესწილად, სახელმძღვანელოების მიხედვით მსჯელობენ, მაგრამ არც ასეა საქმე. რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენისთანა პატარა ქვეყანას, ჩვენს ძლივს გადარჩენილ ქართველობას, ეს ეროვნული მიმართულება და პატრიოტიზმია. მე ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პატრიოტიზმს (ოღონდ არა ფსევდოპატრიოტიზმს) იდეოლოგიად გამოვაცხადებთ, რადგან ჩვენ ვერც ეკონომიკით და ვერც ტექნოლოგიებით გავაკვირვებთ მსოფლიოს, ჩვენ თავი ქვეყნის სიყვარულითა და მისთვის ბრძოლით უნდა გავიტანოთ, მისი კულტურის დაცვითა და ისტორიის პატივისცემით!
ყველაფერი მხოლოდ სახელმძღვანელოზე არ არის დამოკიდებული და არც იმაზე, ვინ რას მიგითითებს „ზემოდან“. სიმართლე თუ გაინტერესებთ, სხვისი კარნახით იშვიათად ვაკეთებ რამეს. ვაკეთებ იმას, რაც მართებულად მიმაჩნია და ამ მხრივ არც არასდროს ვიზღუდებოდი. ასე ვმუშაობდი საბჭოთა პერიოდშიც, ვცდილობდი და ვცდილობ, ისე ვასწავლო ბავშვს, რომ მაღალი სულიერება და ეროვნული ღირებულებები ჩამოვუყალიბო. დღეს ძალიან პრაგმატული თაობა მოდის, ტექნოლოგიების თაობა, იოლი არაა მათი ლიტერატურით, კითხვით დაინტერესება. ათასნაირ ხერხს ვიყენებ, რათა ისინი დავაინტერესო ჩვენი გენიოსი მწერლების ნააზრევით, სულიერი ფასეულობებით… ვეძებ გზებს, ვთავაზობ მათ, ძირითადად, ჩემს მოაზრებულს, გაკეთებულს, ნაცადს და არა რომელიღაც უცხო ქვეყანაში გამოცდილს, უცხო ენიდან თარგმნილსა და ცუდად გადმოქართულებულს… მაქვს ჩემი ტაქსონომია, რადგან 50 წელია მოსწავლეებს ყოველდღიურად ვუყურებ და ვხედავ მათ საჭიროებებს, გამოწვევებს. ვხედავ, როგორ იცვლებიან ისინი და ვფიქრობ, როგორ უნდა შევიცვალო მეც, დროისა და ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. ამის გამო ჯერ არავის დავუსჯივარ. არავინ მოსულა და არ უთქვამს, ამას რატომ აკეთებო. მთავარია, სასწავლო მიზნები შეასრულო! ამიტომაც მიმაჩნია, რომ მასწავლებელზეა მაინც ყველაფერი დამოკიდებული. დიახ, გამართული სახელმძღვანელოები მნიშვნელოვანია, სასწავლო რესურსებიც, მაგრამ მასწავლებელია ყველაზე მთავარი რესურსი. მხოლოდ მას შეუძლია ხელიდან არ გაუშვას მომავალი თაობის ეროვნული სული.
– გახსენდებათ რამე „საბჭოთა სკოლიდან“, რასაც თანამედროვეობაშიც სასურველად მიიჩნევდით?
– ნებისმიერ დროს, როგორი „ავადსახსენებელიც“ უნდა ვუწოდოთ მას, ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა „ოქროს შუალედი“ ყველა დროში შეიძლება მოძებნო. ადრე, შესაძლოა, ცოტა მეტ დაზეპირებას ითხოვდნენ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ტექსტიდან ადგილების ზეპირად სწავლა უამრავი თვალსაზრისით კარგია, თუნდაც მეხსიერებისთვის, რაც დღეს აქტუალურია. თუმცა, უაზროდ კი არ უნდა დაიზეპირო, ანალიზი უნდა შეგეძლოს. ქართველი კაცი რომ რუსთაველს, ილიას, ვაჟას ვერ მოიშველიებს… ერთ სტრიქონსაც ვერ გაიხსენებს არგუმენტისთვის – მოსაწონია? არგუმენტს ლიტერატურული პარალელი სჭირდება და თუ არაფერი იცი ზეპირად, როგორ უნდა დამაჯერო, რომ რაღაც თემაზე შენი მსჯელობები მართებულია. მოსწავლეებს არაფერს ვაძალებ, მაგრამ ვახერხებ ისე, რომ ისინი მნიშვნელოვან ტექსტებს ზეპირად სწავლობენ. თუმცა, არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც დაზეპირება უმარტივდებათ, მაგრამ ტექსტის ანალიზი უჭირთ. ერთდროულად ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომა, ინტერპრეტაციის უნარი უნდა განუვითარო მოსწავლეს. მიმაჩნია, რომ ადრე შედარებით ნაკლები მოთხოვნა იყო ანალიტიკურ აზროვნებაზე, მიჰყვებოდნენ მხოლოდ ერთი კრიტიკოსის იდეოლოგიას და მოსწავლეს არავინ ეკითხებოდა, მიაჩნდა თუ არა კონკრეტული მოსაზრება მართებულად… ახლა ამაზე მეტი მუშაობა მიდის. საბჭოთა ეპოქაში ვიბრძოდით ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის, ახლა ვიბრძვით იმისათვის, რომ ტესტი უკეთ ისწავლონ და შემდეგ მასზე არგუმენტირებულად მსჯელობა შეძლონ.
– აჭარაში ცხოვრობენ განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები, ქართველი მუსლიმები… ჰაგიოგრაფიის სწავლება, მუსლიმ ბავშვებთან პრობლემას ხომ არ გიქმნით?
– ჩემი აზით, ჰაგიოგრაფიაზე ცოტა გადაჭარბებული აჟიოტაჟია. განათლება არავითარ შემთხვევაში არც პოლიტიკასთან და არც მინისტრების ცვლასთან არ უნდა დავაკავშიროთ. მინისტრები შეიძლება გამუდმებით იცვლებოდნენ, მაგრამ უნდა არსებობდეს მიზანი, რომელსაც გააზრებულად მივყვებით. შეუძლებელია, ოდესმე ისე დასვან საკითხი, რომ ჰაგიოგრაფია სკოლაში აღარ ისწავლებოდეს. აქ საუბარი იყო ტექსტების შემცირებაზე და არა ამოღებაზე. მე თუ მკითხავთ, ამ სამივე ნაწარმოებს საშუალო საფეხურზე გადავანაწილებდი. 15 წლის ბავშვის გონება ნაკლებად არის ორიენტირებული ისეთი სირთულის ტესტების გასააზრებლად, როგორიცაა ჰაგიოგრაფია. მათ უწევთ ერთ კლასში შეისწავლონ არა მხოლოდ ჰაგიოგრაფია, არამედ „ვეფხისტყაოსანი“, სულხან-საბა, გურამიშვილი… მაგალითად, როდესაც „შუშანიკის წამებას“ ვიწყებთ, ბავშვები ინტერესით ერთვებიან სწავლის პროცესში, შემდეგ, როდესაც „აბო თბილელის წამებაზე გადავდივართ“, მათი ინტერესი იკლებს, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე“ კი, – უფრო მეტად! ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ბავშვებს სძულთ, ან არ მოსწონთ ჰაგიოგრაფია – მათი ასაკი ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას ხანგრძლივად, იღლებიან… ამიტომ ეს ტექსტები უნდა გადანაწილდეს მომდევნო კლასებზე. ასე ძველ ნასწავლსაც გაიხსენებს ბავშვი, ახალ ნაწარმოებთან პარალელს გაავლებს და უკეთესად გაიაზრებს. მიმაჩნია, რომ ქრონოლოგიურად სულაც არ უნდა იყოს დალაგებული ძველი ქართული, ახალი ქართული და უახლესი ქართული ლიტერატურა. უნდა ვასწავლოთ იმ თანმიმდევრობით, რაც მოზარდის ასაკს და განვითარებას შეესაბამება. სასურველია, თემატურადაც ახლოს იყოს სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებები შერჩეული.
რადგან გვყავს როგორც ქრისტიანი მართლმადიდებელი, ასევე მუსულმანი მოსწავლეებიც, მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვებს შორის რელიგიური წინააღმდეგობა არ წარმოიშვას. როდესაც ვსაუბრობთ ან გაკვეთილს ვხსნით, ვითვალისწინებთ იმასაც, რომ რომელიმე მათგანის რწმენა არ შეურაცხვყოთ, თუმცა, არასოდეს მქონია პრობლემა მუსლიმ ბავშვებთან ჰაგიოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებით. იციან, რომ მე მათ რელიგიას არ ვასწავლი, ეს არის ლიტერატურა, ეს არის ჩვენი კულტურა, ქართული ლიტერატურის ისტორიის დასაწყისი, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მას და ისიც უნდა იცნობდეს, როგორც ქართველი! მაგალითად, როდესაც „აბო თბილელის წამებას“ გავდიოდით, ერთმა მუსლიმმა მოსწავლემ მკითხა, აბომ ხომ უღალატა თავის სარწმუნოებას და ის არ არის მოღალატეო?! ქრისტიანს რომ ეღალატა, მოგეწონებოდათო?! – რეალურად კი, თვითონ ტექსტია ამოსავალი, ის გვცემს ყველა კითხვაზე პასუხს. როდის „უღალატა“? – როდესაც გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეს ჭეშმარიტებად მიიღო. ის ხომ განსწავლული ადამიანი იყო. ვინმემ ფულით მოისყიდა? შეაშინა? – არა. შესაბამისად, ეს იყო აბოს თავისუფალი ნება, მას როგორც სჯეროდა, როგორც სწამდა, ისე მოიქცა. შენ ხარ ქართველი და გაქვს მუსულმანური სარწმუნოება, ანუ, თავისუფალი ადამიანი ხარ და არჩევანში არავინ გზღუდავს. ჩვენ შენს თავისუფალ ნებას პატივს ვცემთ. აბო თბილელი არის სახე თავისუფლებისა, რომელიც არაფრით იხიბლება და იმ რწმენას მიჰყვება, რასაც ჭეშმარიტებად მიიჩნევს, – ეს იყო ჩემი პასუხი.
– ქალბატონო მედეა, ახლა „მათი დროა“ – ახალგაზრდების, რომლებმაც ხვალ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაიბარონ და „კანონებსაც“ ისინი გვთავაზობენ. საინტერესოა თქვენი, როგორც „ყველა ეპოქის“ მასწავლებელის გამოცდილება. რა მოიტანა დრომ, რა შეიცვალა, რა სურთ ბავშვებს?
– მახსოვს დრო, როდესაც ურჩი მოსწავლის მშობელი შვილის დასჯას თავად მთხოვდა – არ გიჯერებს? -დასაჯე და დაგიჯერებს! აბა, ახლა ვინმემ გაბედოს და მის შვილს ხმამაღლა დაელაპარაკოს! თუმცა, ყველა დროში დასჯის მეთოდის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მიმაჩნია, რომ ზედმეტი სიმკაცრით გაზრდილი ადამიანი კარგ პიროვნებად არ შეიძლება ჩამოყალიბდეს. თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობა ვერაფრით იაზროვნებს ისე, როგორც საბჭოთა ეპოქაში დაბადებულები აზროვნებდნენ. „ჩემს დროს“ რომ, მაგალითად, ენას ვერ შეუტრიალებდი მასწავლებელს, რაღაცის კითხვა გინდოდა და ვერ ბედავდი, თვალს ვერ უსწორებდი – მოგწონდა? ამაზე უნდა დაფიქრდე პედაგოგი! ახლა მე ჩემს მოსწავლეებს ვავალებ, ვაძალებ, ვეხვეწები, რომ ყველაფერი თქვან, თავისუფლებას ვაძლევ, რათა ვიცოდე, რას ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ, როგორ მოსწონთ… თუმცა, ახლა ზოგიერთს გაუგონია, რომ მასწავლებელს უფლება არა აქვს, ბავშვს შენიშვნა მისცეს, არადა, მშობელი თვითონ უნდა თხოვდეს პედაგოგს, რომ შეუსწოროს მის შვილს, თუკი რამეს არასწორად აკეთებს. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ტრადიციებს დიდ პატივს სცემს და უფროსი ადამიანის წინაშე მოკრძალება გვმართებს.
სკოლაში ინფორმაცია გამოაკრეს, რომ თურმე 112-ში უნდა დარეკოს ბავშვმა, თუკი რამ არ მოეწონება, თუ ვინმე „უფლებებს უზღუდავს“. ეს „შეზღუდვა“ კი შეიძლება იყოს შენიშვნის მიცემა… მიმაჩნია, რომ არც ეს არის სწორი დამოკიდებულება. ასე თავისუფალ მოქალაქეს კი არა, ეგოისტ თაობას გავზრდით. თავისუფლება, ამავდროულად, კანონმორჩილებას, პასუხისმგებლობას გულისხმობს… სად არის აქ კანონმორჩილება, ან პასუხისმგებლობა?! გადაჭარბებულია ეს ყველაფერი და არაფრით არ მოგცემს სასიკეთო შედეგს. უფროს ადამიანებსაც გვაქვს უფლებები, მასწავლებელსაც შეუძლია ტაქტიანად მიუთითოს ბავშვს შეცდომაზე და პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოუყალიბოს. მთავარია, შეურაცხყოფა არ მიაყენოს მას, თავმოყვარეობა არ შეულახოს..

ნონა ქარქაშაძე