საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“ოპოზიცია” იმ ძალას წარმოადგენს, რომელიც ქვეყანას, ეროვნულ ტრადიციებს და ინტერესებს მტრობს – საერთო მედია
მაისი 19, 2024

“ოპოზიცია” იმ ძალას წარმოადგენს, რომელიც ქვეყანას, ეროვნულ ტრადიციებს და ინტერესებს მტრობს

 

“საერთო გაზეთის” სტუმარია
მხატვარი შოთა გლურჯიძე:

_ ბატონო შოთა, მელიამ და გვარამიამ პარტია “ახალი” ჩამოაყალიბეს…
_ ამაზე ცნობილი ფაქტი მახსენდება, როცა ეშმაკები შეპყრობილი ადამიანიდან ღორის კოლტში გადავიდნენ. მაცხოვარმა შეპყრობილ ადამიანს ჰკითხა, რა გქვიაო. კაცს იმდენად ბევრი ეშმაკი ჰყავდა შეჩენილი, ასე უპასუხა, ჩემი სახელი ლეგიონიაო. ასე რომ, მათ ბევრი სახელები აქვთ. სახელი მათი არის “ლეგიონი”. ისინი იმ ძალებს წარმოადგენენ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ტრადიციებს, ინტერესებს მტრობენ. ამიტომ სულ ერთია, “გირჩი” ერქმევათ, “ნაცმოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” თუ სხვა, მათი სახელი “ლეგიონია”.
_ სხვათა შორის, გვარამია პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადება.
_ უკვე აღარაფერი მიკვირს. სადაც შესაძლებელია, რომ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი იყოს, გვარამიას რა შეუშლის ხელს, პრემიერი გახდეს?! ზელენსკიც ტელეშოუდან მოვიდა პოლიტიკაში და გვარამიაც.
_ “ნაცებმა”, არჩევნებში 20%-ს ავიღებთო, გვარამიასაც იგივე ციფრზე აქვს პრეტენზია. როგორც ჩანს, ამომრჩეველის მიმხრობის იმედი აქვს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ხმას ვის მისცემს…
_ კი მაგრამ, ქვრივ-ობლებს არაფერი დაუტოვეს?! უკვე ყველაფერი დაინაწილეს?! ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გლეხკაცისთვის მხოლოდ სტალინი იყო.
_ რეალურად, თუ ჩანს პოლიტიკურ არენაზე ძალა, რომლიც იმ ამომრჩეველს მიიმხრობს, ვისაც არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია?
_ პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალა რომ გამოჩნდეს, ამისთვის თანამედროვე სამყაროში დიდი რესურსია საჭირო. პატიოსანი ხალხი, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურის მატარებელია, თამაშგარე მდგომარეობაშია. ოპოზიცია ლეგიტიმაციას აბსოლუტურად სხვაგან იღებს. ანუ, იმ ხალხისგან ვინც ფულს, რესურსებს აწვდის და ამ “დღის წესრიგს” და “ელიტას” ქმნის. ხალხს ოპოზიციაში თავისი წარმომადგენელი არ ჰყავს და ვერც ეყოლება. სელექცია იმის მიხედვით ხდება, ვინ უფრო მეტად იქნება გლობალისტური ძალების მარიონეტი, ვინ უკეთ გამოიჩენს თავს _ მელია გამოიჩენს თავს? _ ფსონიც მასზე დაიდება და ა. შ. სააკაშვილი, მგონი, საერთოდ ჩამოწერეს. დიდი ნამცხვრის განაწილება ხდება, რაშიც ქართველი მოსახლეობა ჩართული არ არის. ხალხი თავის კულტურაში, ტრადიციებშია. მის უდიდეს ნაწილს პოლიტიკის გაგონებაც არ უნდა, რადგან ხვდება, რომ პოლიტიკოსები თაღლითები არიან. ჩვენ ჩვენი “შპს”, დღის წესრიგი გვაქვს და ამ პოლიტიკოსებთან არაფერი გვაერთიანებს _ არც რწმენა, არც ტრადიცია, არც კულტურა. ხომ ხედავთ, გვარამია მელიას კონკურენტია. ეს ბუნებრივია. მათ მატერიალური, პირადი ინტერესების გარდა, არაფერი აინტერესებთ. ისინი ჩვეულებრივი მტაცებლები არიან. მათ უნდათ, უფრო მეტი შეხვდეთ იქიდან, რის გაყოფასაც ცდილობენ _ ეს არის ფული. ბრძოლა ფულისთვის მიდის.
_ წეღან ახსენეთ, ლეგიტიმაციას სხვაგან იღებენო. ბოკუჩავამ განაცხადა, ბრიუსელს უნდა დავანახვოთ, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არსებობსო.
_ ქართველ ხალხს უნდა დავანახვოთო, არ უთქვამს, ხომ?! დიახ, მათ ქართველი ხალხის წინაშე არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვთ. თანაც, ახლა მაჟორიტარული არჩევნები აიკრძალა და ხალხთან კავშირი საერთოდ გაწყდება. დიახ, ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან კი არა, ბრიუსელიდან იღებენ. ადრე, წინასაარჩევნოდ ხალხს ხვდებოდნენ, ახლა ბრიუსელში, აშშ-ში დადიან, მოსახლეობას აღარ ხვდებიან.
_ როგორც ვიცი, თიბისი ბანკმა თქვენგან 500 ლარი ისესხა, მანამდე ზურაბიშვილი გესესხათ ევროპული ვოიაჟებისთვის 50 ლარს…
_ კი ასეა და ფული აღარ დამიბრუნეს. ხაზარაძემ მანქანის გასაკეთებლად ისესხა, “მუსტანგი” რომ გაუფუჭდა, მაგრამ თანხა აღარ დაუბრუნებია. ხომ ხვდებით, ეს ყველაფერი კისერზე ქართველ ხალხს აწვება. ამ თაღლითების ფულები, მათი “მუსტანგები” და “დოლჩე-გაბანები” ჩვენი გადასახდელია.
_ როგორ ფიქრობთ, ზურაბიშვილი შეიწყალებს ჩვენი სახელმწიფოსა და დროშის “შემოქმედს”?
_ სამგლე დამოუკიდებლად არ მოქმედებს, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს. მთავარია, ჩვენ საკუთარ შვილებს, ოჯახებს მივხედოთ და შევეცადოთ, ნაკლებად დაგვაყაჩაღონ. ეს სწორი ტაქტიკა იქნება.
_ ევროკავშირის ელჩმა აგვიხსნა: ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდებაო.
_ და პენსიონერებს ევროპული პენსია ექნებათ, ხომ. საიდან უნდა მოვიდეს ეს თანხები, ან როდის აპირებენ ჩვენს მიღებას, ედემში როდის მოვხვდებით. ან იმ დროს იქნება, საერთოდ, ევროკავშირი, თუ დაშლილებში გვიღებენ?! მერე რა, თუ ევროკავშირი აღარ იარსებებს, ჩვენს კონსტიტუციაში ყოველთვის იქნება ჩაწერილი: სწრაფვა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ეს მემორიალური კონსტიტუცია იქნება _ ევროკავშირის და ნატო-ს ადეპტებს შეუძლიათ მოვიდნენ და მას ემთხვიონ. არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში, რომელიც ნატო-სა თუ ევროკავშირში შევიდა, ასეთი პირობა არ ეწერა. ეს მხოლოდ ჩვენ და უკრაინამ ავსახეთ. ასე რომ, ნატო და ევროკავშირი რომ დაიშლება, უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი კონსტიტუცია გავაქირავოთ, რათა მას ემთხვიონ.
თუ ნატო-ს უნდა, საქართველო მისი წევრი გახდეს, გარკვეული ნაბიჯები თავადაც უნდა გადადგას. მაგალითად, უკრაინას ახლა რომ ტენიან ბომბებს და ამ ომზე უკვე 300 მილიარდზე მეტი დახარჯეს, ასე კი ნუ მოგვექცევიან, არამედ მანამდე მოგვხედონ. ჩვენი შეიარაღებული ძალები უფრო გააძლიერონ, ეკონომიკის განვითარებაში დაგვეხმარონ. ანუ, რომ დავიღუპებით, მერე კი არ მოგვაწოდონ შეიარაღება, ყვავილები გასვენებაში კი არ მოგვიტანონ, არამედ ახლა დაგვეხმარონ, სანამ დავიხოცებით. ლეტალურ დაზიანებებს თუ მივიღებთ და ჩვენი არსებობა სათუო გახდება, ისევე, როგორც უკრაინისა, მერე დახმარება რაღაში გვჭირდება!
_ წელს მსოფლიოს 47 ქვეყანაში არჩევნებია. ტრამპი რევანშს აიღებს?
_ ქართულ პოლიტიკაში ვერ გავრკვეულვარ, რა ხდება და ამერიკისაზე რა გითხრათ. ბაიდენის პოლიტიკა ჩვენს ტყავზე განვიცადეთ, მას არ ვგულშემატკივრობ. თუმცა, არც ის ვიცი, ტრამპი რისი გამკეთებელია. ერთადერთი, ვინც ჩვენ დასავლეთიდან გამოგვადგა, საქართველოსა და ლუქსემბურგის თამაშის ესპანელი მსაჯია, რომელმაც ჩვენს კარებში გოლი გააუქმა. ეს კაცი მომწონს, არ არის დასაკარგი. მგონია, რომ აშშ-შიც მძიმე სიტუაციაა. იქ ბევრი რამ წყდება. ჩვენ მაინც კოლექტიური დასავლეთის კოლონიალური ნაწილი ვართ. მნიშვნელოვანია, ვინ დაჯდება აშშ-ის ტახტზე. ჯობს, ისევ ტრამპმა მოიგოს, ის ნაკლებ ტოქსიკური მეჩვენება.
_ ევროპა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას ითხოვს, გვემუქრებიან, თუ ცხრა დათქმას არ შეასრულებთ, მოლაპარაკებები არ გაიხსნებაო…
_ ჩვენი სუვერენიტეტი იმდენად ეფემერულია, არაფერს ეყრდნობა. რეალურად სუვერენული ქვეყანა არც ვართ. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, მოსამართლეებს სხვა ქვეყნის ელჩი შეამოწმებს თუ არა. ყველამ ვიცით, რომ მურუსიძე პატიოსანი კაცი არ არის. გინდა შეამოწმონ და გინდა _ არა, მნიშვნელობა არ აქვს.
_ ბატონო შოთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხს თამარ კორძაიამ არააქტუალური უწოდა.
_ მსგავსი რეზოლუცია არაერთი გვინახავს, მაგრამ მერე რა, გაიყვანა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები?! ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა რაში მდგომარეობს, რამე ძვრა არის ამ მიმართულებით?! ნებისმიერი თემის აქტუალიზაცია შეიძლება, როცა მედია, ფინანსები შენს ხელშია, ასე, ადამიანების ტვინების გამორეცხვა მარტივია.
_ ჩვენი ოპოზიცია ბრიუსელში იმის სათქმელად დადის, რომ საქართველო ევროინტეგრაციას არ იმსახურებს. ძველად ზოგი ქართველი მეფე სპარსეთში იყო გადახვეწილი, მაგრამ სამშობლო არასდროს დაუბეზღებიათ.
_ რომელია ამათგან სამეფო გვარის წარმომადგენელი _ მელია, გვარამია, ხაბეიშვილი თუ ვაშაძე?! ჩვენ ვლაპარაკობთ ხალხზე, რომლებიც მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, თუ რომელს უფრო დიდი ჯიპი და აუზი ექნება ვილაში. ქართველი მეფეები სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ. ისტორიულ გმირებთან მათი შედარება როგორ შეიძლება. ესენი ჩვეულებრივი თაღლითები არიან.
_ ასამბლეაზე საქართველოს ევროინტეგრაციას არც უკრაინელმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მან აღნიშნა, საქართველო რუსეთს სანქციების თავის არიდებაში ეხმარებაო.
_ ჩვენი ქვეყნის უშიშროების კურატორი ამერიკის სადაზვერვო სამსახურია. ჩვენი პერიმეტრი, საზღვრები მთლიანად კონტროლდება, მასთან შეთანხმების გარეშე საქართველოდან ნემსსაც ვერ გაიტან. თუ ქვეყნიდან რამე გადის, ეს ჩვენს დაუძინებელ მეგობრებთან არის შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, იმის მიზეზი, რომ საქართველო ასეთ ქმედებებში დაადანაშაულო, არ არსებობს. მეტიც, 26 სექტემბრიდან ამერიკიდან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ტრანსპორტის რუსეთისა და ბელორუსის მიმართულებით გაყვანა აიკრძალა. ქართველი დილერები იძულებულნი არიან, სადილერო ლიცენზიები, რაც კოდების სახით აქვთ აღებული, ამერიკულ აუქციონებზე შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლებს ყაზახებს, უზბეკებს, ტაჯიკებს მიჰყიდონ. შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე ავტომანქანებით ვაჭრობას ისინი აგრძელებენ _ ქართველი დილერების მიერ შეძენილ ავტომობილებს ხვდებიან და პირდაპირ შუა აზიაში ეზიდებიან. ჩვენი სადილერო კომპანიები კოტრდება, ასევე, ინდივიდუალური მეწარმეებიც. ასე რომ, უკრაინის დეპუტატის ნათქვამი, თითიდან გამოწოვილი ტყუილია. სიმართლეც რომ იყოს, მაშინ ეს აშშ-სთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება და პასუხი ამერიკის საელჩოს მოჰკითხონ.

თამარ შველიძე