საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ძაღლი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა… – საერთო მედია
მაისი 20, 2024

ძაღლი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა…

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე “ქართული ოცნების” ინიციატივამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. შედეგად, დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციას ეხებოდა, ევრონესტზე აღარ განიხილება.
რეზოლუციის ინიცირებისთვის ათი ხმა იყო საჭირო, მაგრამ ხელი მხოლოდ “ქართული ოცნების” დელეგაციამ და მოლდოვამ მოაწერეს, ხოლო უკრაინის დელეგაციამ და საქართველოს ოპოზიციამ ხელმოწერაზე უარი განაცხადეს.
დიახ, არაფერი შემშლია, ის ოთხეული საქართველოდან, რომელიც ბრიუსელში ევრონესტზე იყო წარმოდგენილი: გიორგი ვაშაძე, ანი წითლიძე, თამარ კორძაია და გიორგი ბოტკოველი, ხელისუფლების ოპოზიცია კი არა, საქართველოს ოპოზიციაა.
ნეტავ, რატომ გაუკვირდა ვინმეს _ ეს ხომ საქართველოს დააკლდა, ხოლო რაც საქართველოს დააკლდება, მათ შეემატებათ, ვითომ ოპოზიციას, რეალურად კი უსამშობლო ბოროტ მავნებლებს.
ეს რა მოუშორებელი ჭირი გვჭირს?
ერთი კვირა მაინც გავიდეს ისე, რომ ქართველების მიერვე საქართველოს წინააღმდეგ გამოხდომა არ დაფიქსირდეს!
აბა, საქართველოს საზიანო რეზოლუცია #1633 ყოფილიყო, ერთმანეთს თავზე გადაევლებოდნენ კისრისტეხით და ისე მოაწერდნენ ხელს
არსებობს ეჭვი, რომ მათ უკრაინაში გადაქაჯული კიდევ ერთი უსამშობლოს, დავით არახამიას მითითება შეასრულეს, რადგან ამ კაცუნას მონოპოლიურად აქვს ჩაბღუჟული ყველა მიმართულება, რაც საქართველოს ეხება _ ვითომ ქართველია. საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი, უკრაინაში აღზევებული ეს მდაბიო კაცისებრი მხოლოდ გვარს ატარებს ქართულს, მეტყველებით _ რუსულ ენაზე მეტყველებს, საქმით _ ჯერ მხოლოდ საქართველოს მტრობს. იმ უკრაინისთვისაც კი, რომელმაც რაღაც პერსონად აქცია და გაღლეტილ-დამშეული თვალში გამოახედა, არაფერი გაუკეთებია სასიკეთო.
რა ეწერა რეზოლუციაში? _ რეზოლუცია მომზადებული იყო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ ჩანაწერით, მაგრამ დახეთ, რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი უარყვეს, არ დაეთანხმნენ, ფაქტობრივად, არ აღიარეს. ესენი იმზირებიან დასავლეთისკენ?
საქართველოს ოპოზიცია რასაც წარმოადგენს, კარგად ვიცით, მაგრამ უკრაინელებიც კარგი ხვითოები ყოფილან!
დრო ყველაფერს გამოაჩენს. ალბათ, არ მოგვიწევს დიდხანს ლოდინი და დავინახავთ, როგორ გაუყვებიან ომის დანაშაულის ბრალდებას გადარჩენილი დღევანდელი ბობოლა უკრაინელები ალექსეი არესტოვიჩის გაკვალულ გზას…
ბრიუსელიდან ჩამოსულ მავნებლებს აეროპორტში ქართველი ახალგაზრდები დახვდნენ და “მოღალატეს” და “მონას” ძახილებით ვითომ შეარცხვინეს, მაგრამ რანაირად შეარცხვენ ადამიანს, რომელსაც შუბლის ძარღვი გაწვეტილი აქვს? ესენი ის ადამიანები არიან, ბოლოს როდის გაწითლდნენ, სრულებით რომ არ აგონდებათ…
საკუთარი ქვეყნის აეროპორტში რომ გეკითხებიან, რამდენად გაიყიდეო და შენი ხალხისგან თავდასაღწევად პოლიციის რაზმის დახმარება გჭირდება, შენ, უშნო ნიანგივით მაინც გაღიმებულს, ოდნავ მაინც უნდა შეგრცხვეს, მაგრამ ამათ ხომ სირცხვილის გრძნობა, დიდი ხანია, უცხო ქვეყნის შარაზე გამობმულებმა დაკარგეს…
საქმე ის გახლავთ, რომ ეს ქვეყნის ბალასტი, ფსევდომედასავლეთეებიც კი არ არიან, არაფერი და არც არავისტები არ არიან, მხოლოდ საკუთარი თავისტები არიან და, შესაბამისად, ვინც კარგად გადაუხდით, იმათიანები იქნებიან, ტიპური კოსტაიები არიან. ეს ის კატეგორიაა, ფულს რომ სუნი არ უდის და კარგი საფასურის სანაცვლოდ, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მცველებად დიდი სიამოვნებით დადგებიან…
რა დონის უტიფრებიც არიან, მათივე კომენტარებში გამოჩნდა _ ერთი ამბობდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მათთან არ იყო შეთანხმებული და ამიტომ არ მოაწერეს ხელი; მეორე ამბობდა, იმიტომ არ მოვაწერეთ ხელი, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდაო; მესამე ამბობდა, ხომ ხედავთ, ასამბლეის მონაწილეებმა არ დაუჭირეს მხარი, ვერ შეაგროვეს ხმებიო; მეოთხე ამბობდა, რეზოლუცია თვალით არ მინახავსო და ა. შ. მეორე-მესამე წრეზე ახალ-ახალი ვარიანტებით პასუხობდნენ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი სეფე-სიტყვა თქვა, მაკა ბოჭორიშვილმა რეზოლუციის ინიცირება ევრონესტის ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წევრების გვერდის ავლით სცადა, ამიტომ რეზოლუციის ინიცირების მცდელობა ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდაო.
ვინ არიან ეს უგვანი უმეცრები, სირცხვილი არ არის, რომ ეს გაურკვეველი სახის არსებები საერთოდ ჩანდნენ პოლიტიკაში?
თამარ კორძაია, მიუხედავად ლგბტ პირებისადმი უდიდესი სიმპათიისა, არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ბაიბურში არ არის არაფრისა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისიც გვარიანად აჭრილი ყოფილა _ რეზოლუციის ინიცირებას საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას წარმომადგენლებისგან ხელმოწერა სჭირდებოდა და არა ვინმე სხვებისგან. შენ თუ ფეხზე გკიდია შენი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარები რა ვალდებულები არიან, შენს ქვეყანაზე იზრუნონ და შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვან _ მათ თავიანთ ქვეყნებზე ზრუნვა ევალებათ, თუმცა, ეს მათი რატრატი, ალბათ, მათნაირ უმეცრებზეა გათვლილი, ხოლო საქართველოში რომ უმეცრების ზეიმია, ასეთი, ჯუნგლების რომელიღაც ტომშიღა თუ იქნება…
“სამწუხაროა, რომ ეს რეზოლუცია, ალბათ, თავიდანვე იმისთვის შედგა, რომ მხარი არ დაჭერილიყო და ამიტომ არ იყო კომუნიკაცია ჩვენთან. რა შედეგიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ეს არის საზიანო ჩვენი სახელმწიფოსთვის,”, _ ისე უტიფრად განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, ჩემს წარმოსახვაში ცივ-გომბორის მაჩვად გარდაისახა.
“სახელმწიფოსთვის საზიანო” რომ იყო და ხელის მოუწერლობით ერთგვარ ზიანს მიაყენებდნენ საქართველოს, ამიტომ არ მოაწერეს ხელი, მაგრამ ისე მოუვიდათ, უტვინო თავი ფეხებს ძალას რომ ატანს _ ევრონესტზეც ნათლად დაინახეს ოპოზიციად რა სახის მავნებლები ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას.
ამ დეგრადირებულ ადამიანებს ვერაფრით გააგებინებ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ, როდესაც საქვეყნო საქმე კეთდება, საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე უნდა იფიქრო და არა ხელისუფლების წარმომადგენლების კონკრეტულ სახეებზე. თუმცა, სად აქვთ საკუთარი ქვეყანა, სადაც კარგ დახლს დაუდგამენ, მათი ქვეყანაც ის იქნება…
ამ ნაკრებს ხომ ერთადერთი ინტერესი აქვს, მთავარია, რამენაირი შესაძლებლობა მიეცეთ, _ ფორმატი იქნება, პლატფორმა, რეზოლუცია თუ სხვა რამ, რაც საერთაშორისო არენაზე სიტყვის თქმას ნიშნავს, აუცილებლად საქართველოს წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ.
ამ ნაცგვარდიის ე. წ. პოლიტიკურ სპექტრს რომ ვუყურებ (ჭიაღუებს არაფრად ვაგდებ), პარტიაში ჩარჩენილებსაც და გაშლილ-გაფანტულებსაც, ვხვდები, რამდენი დრო გასულა _ ორ კაპიკზე მოსკოვში დარბოდნენ პრიმაკოვ-კოჟოკინთან, ახლა კი ასიათასობით აშშ დოლარი აღარ ჰყოფნით, ჭამაში მადა მოუვიდათ. ჩემ თვალწინ გაიზარდნენ და გაჭაღარავდნენ კიდეც. ვუყურებ და ქართული ანდაზა მახსენდება _ გიორგობულა გოჭიო, გაზაფხულზე ღორიაო…
სერიოზულად მაინტერესებს, ასე ერთნაირები დაბადებიდან არიან ე. წ. ოპოზიციონერები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” (მათზე მიტმასნილი “რესპუბლიკური პარტიითა” და ხლამიანად) თუ ნორმალური ადამიანები იყვნენ, მაგრამ ხარი ხართან დააბის პრინციპმა იმუშავა და გადასხვაფერდნენ? რანაირად შეიძლება, ასე ერთმანეთის მსგავსი იყოს ამდენი ადამიანი, ამდენი უსირცხვილო, უნამუსო, უტიფარი, მოძალადე, პროვოკატორი და ა. შ. ყველანაირი უარყოფი ნიშან-თვისების მატარებელი? ერთნაირად დემაგოგები როგორღა არიან, რა ტრენინგები გაიარეს ასეთი და ვისთან _ დემაგოგობა ნიჭია და ამ თავფუტუროებს რაღა დემაგოგობის ნიჭი აღმოაჩნდათ ასე მოძალებულად…
გამოდგა შარაზე კიდევ ერთი უმწიკვლო უტიფარი ხატია დეკანოიძე და ვითომ მართლა ნაღვლობს, სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ჩვენი 10 საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების დეპუტატების მობილიზება იმისათვის, რომ რეზოლუციის ინიცირება მომხდარიყოო; ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის და ამაზე პასუხისმგებლობა უმრავლესობის დელეგაციას ეკისრება, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, ანტიდასავლური პოლიტიკა აწარმოაო. მოკლედ, ისე წუხს, რომ სულ წუხს და წუხს.
უკრაინის დელეგაციის ყრუბანჩალა წარმომადგენლებზე სიტყვის თქმაც კი მეზარება, იმდენად უგვანოდ იქცევიან იმთავითვე…
დოკუმენტში მოწოდებული იყო, რომ ევროკავშირს სასწრაფოდ გაეხსნა მოლაპარაკებები აღნიშნული სამი კანდიდატი ქვეყნისთვის.
ხელისუფლების არ ვიცი, მაგრამ საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის დღესავით ნათელია, რომ ევროკავშირს თავისი მიზნები აქვს, 12 და 9 დათქმა კი არა, საკუთარი მოგონილი ზედდართული 749 დათქმა რომ შეასრულოს საქართველომ (ან სხვა ქვეყანამ), თუ ევროკავშირის ინტერესში არ არის, დოს მარილიც დააკლდება და იმის იქითაც წავა _ ჩვეულებრივი მედღეხვალიე მუქთამჭამელი ორგანიზაციაა. ეს ჩემი შეფასება არ არის. ასე აფასებენ ევროკავშირს ევროპის ქვეყნების პირუთვნელი წარმომადგენლები იმავე ევროპარლამენტსა თუ მის გარეთ… გეკუთვნით, ჰო, გეკუთვნით, მაგრამა არ გეკუთვნითო, _ ასეა ჩვენი საქმე და ასეც დარჩება. ვისაც რაიმე კარგის იმედი აქვს ევროპიდან, ჰქონდეს, ნეტარ არიან მორწმუნენი…
თუ ასე არ არის და ხალხი ვცდებით, აგვიხნან, რაშია საქმე, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, როდესაც საქართველო ყველა პარამეტრით მასზე და უკრაინა-მოლდოვაზე მაღლა დგას.
სამივე ქვეყანაზე ყველაფრით მაღლა მდგომი საქართველო თუ მიუღებელია მათ ე. წ. ევროპულ ოჯახში (ოჯახის დეფინიცია როგორც ესმით, ევროკავშირიც ისეთ ევროოჯახად აქვთ, ალბათ), ამის თქმა პირდაპირ შეუძლიათ და რატომღა იქცევიან წინაპარი მოღალატე რაინდებივით, გენი მაინცდამაინც ჩვენზე უყივით?
მშვენივრად ვხედავთ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები მთელ რიგ შემთხვევებში (ევროვიზიისა არ იყოს), დამსახურებაზე კი არა, არამედ რაღაც სხვაზე, თუნდაც იმ დროს არსებულ წამიერ მოცემულობაზეა დაფუძნებული,.
ამდენად, 9 ნაბიჯთან დაკავშირებით რა სამუშაო ფორმატები ექნება საქართველოს საპარლამენტო ნაწილს, ვისთან ერთად განიხილავენ და რამდენი მოსმენით მიიღებენ, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ევროკავშირისთვის.
ესენი ხომ იგივენი არიან, ბატონ ღარიბაშვილს წერილი რომ მოსწერეს, პოლიციელებზე “მოლოტოვის კოქტეილების” დამშენებს თითი არ დააკაროთ, პირიქით, ბოდიში მოუხადეთ, ხოლო ის პოლიციელი, რომელმაც წყლის ჭავლის მიშვების ბრძანება გასცა, უმკაცრესად დაისაჯოსო?
კაცმა რომ თქვას, როცა ვიღაცას არ უნდიხარ და თვითონ არ გეპატიჟება სახლში კი არა, აბეზარი წუკლაკი ძაღლივით ფეხით გიგერიებს მასზე ადევნებულს, რომ რამენაირად სახლში არ შეუვარდე, რატომ უნდა ეღრიჯო, სახლში შემომიშვიო; როცა, იმ სახლში თუ შეგიშვა, პარმაღის სიახლოვეს ვერ გაცდები, შავი მოსამსახურის ფუნქცია გექნება და ვერასდროს ვერ აიწევ ერთი საფეხურითაც კი, თავი რატომ უნდა დაიმცირო?
არ ვიცი, არ ვიცი!..
ყველა _ ყველა და, იმ ოთხი დაცურებულის ბრიუსელში წასვლის მიზანი ვერ გავიგე, რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს და მათი ხილვის წადილით გულშეღონებული იქ არავინ იყო, საქართველოში დაბრუნებულები თბილისის აეროპორტში გინების მოსმენას ესწრაფვოდნენ?
ძაღლი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა…

მაია ჭელიძე