საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

უმთავრესი პრინციპი სიმართლის თქმაა – საერთო მედია
მაისი 19, 2024

უმთავრესი პრინციპი სიმართლის თქმაა

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. ახალდაფუძნებულ პარტიას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს და ახლა უკვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ერთით მეტი პოლიტიკური გაერთიანება იბრძოლებს. შეიცვლება თუ არა სტატუსის ცვლილების შემდეგ მათი პრიორიტეტები, პრინციპები და მიზნები, „საერთო გაზეთთან“პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ჩიბურდანიძე ისაუბრებს:

– თამარ, გილოცავთ! იყო მოლოდინი და მოთხოვნაც საზოგადოების მხრიდან, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარტიად ჩამოყალიბებულიყო. თუმცა რატომ სწორედ ახლა, რა იყო ამის მთავარი მოტივაცია?
– დიდი მადლობა! მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან ნამდვილად იყო, რადგან, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური მიზნებისთვის ფუძნდება პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ხალხი მათ მაინც პოლიტიკურ გუნდად მიიჩნევს. ამდენად, დროული იყო მოძრაობის პარტიად დარეგისტრირება. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან დიდი განაცხადი არჩევნების შემდეგ: ჩვენ ვითხოვთ, რომ აუცილებლად გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია და მოხდეს „აგვისტოს ომის“ გამოძიება. ამ ძალიან დიდ საქმეს კი მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, რასაც მხოლოდ საზოგადოებრივი ჯგუფის სახელი არ ეყოფოდა. ამიტომ გვჭირდება წარმომადგენლობითი პარტია პარლამენტში, იმ მთავარი მიზნების განსახორციელებლად, რისთვისაც ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა.
– თქვენი, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი იყო, გაგეხმოვანებინათ ის დაფარული სიმართლე, რისი თქმის უფლებაც მმართველ გუნდს არ ჰქონდა. პარტიად ჩამოყალიბება ამ მიმართულებით ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორი ხომ არ იქნება?
– აუცილებლად შევინარჩუნებთ ჩვენს პრინციპებს. ჩვენი მოძრაობის და ახლა უკვე პარტიის დაფუძნების მთავარი პრინციპი იყო, არის და იქნება იმ სიმართლის თქმა, რაც კულისებში იმალება. სწორედ „ხალხის ძალის“ დამსახურებაა, რომ ქვეყანას ავარიდეთ ომი, საფრთხე – რომელშიც სახელმწიფოს ითრევდნენ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებში „ქართული ოცნება“ იყო უპირველესი, მაგრამ რომ არა ჩვენი ხისტი განცხადებები და გამბედაობა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო. გამბედაობაზე კიდევ მეტი იყო, რაც „ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა სამმა ადამიანმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, გუნდთან ერთად გააკეთეს – მათ გაბედეს და დაიწყეს სიმართლის თქმა. შემდეგი იყო ბრძოლა სტატუსის მოსაპოვებლად და რომ არა „ხალხის ძალა“, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებდა.
ზოგი ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, მაგრამ ჩვენ ვპასუხობთ მათ, რომ ჩვენთვის ღირებულია ის ევროპა, რომელიც დღეს ნაკლებად ჩანს, თუმცა, არსებობს. ევროპა დაფუძნდა ღირებულებებზე და ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებისკენ ვისწარფვით. თუკი კრიტიკულ განცხადებებს ვაკეთებთ, ეს არის არა ევროპის, არამედ, იმ კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ და მის ირგვლივ შემოკრებილ ერთიან გლობალური ომის პარტიებს ლობირებენ. სტატუსის მოსაპოვებლად ძალიან ბევრ დეზინფორმაციას დავუპირისპირდით. ახლა კი უკვე დავსვით საკითხი, რომ „აგვისტოს ომის“ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან ეს იყო უდიდესი ღალატი ქვეყნის წინაშე. „ნაცმოძრაობას“ თავად აქვს ხელი მოწერილი იმ რეზოლუციაზე, რითაც საკუთარ ჯარს ომის დაწყება დააბრალეს. ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ქართველ ხალხს და განსაკუთრებით, იმ დევნილებს, რომლებიც საკუთარი მიწიდან გამოაძევეს.
პირველ რიგში, უნდა აღდგეს მუხლი სამშობლოს ღალატის შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციიდან ამოიღო, რადგან თავად იყო სამშობლოს მოღალატე და არ უნდოდა, ამით დისკომფორტი შეექმნა. ამიტომაც გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ჩვენ ამ მუხლს აუცილებლად დავაბრუნებთ და სწორედ ამ მუხლით გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა“.
– თავად სახელწოდება „ხალხის ძალა“ საკმაოდ მრავლისმთქმელია, რაც, ჩემი აზრით, ერთგვარი პრეზენტაბელური განაცხადიც არის პარტიის დამფუძნებლების მხრიდან. მაინც, რა იქნება თქვენი მუშაობის მთავარი პრინციპი, მიზნები, მთავარი მესიჯი?
– პარტიის პრინციპი და მთავარი მესიჯები, რაც ჩვენმა ლიდერებმა უკვე გაავრცელეს, არის ის, რომ: ძალა სიმართლეში, გამბედაობასა და გონიერებაშია. ძალა ხალხშია! სწორედ აქედან გამომდინარე, სიმართლე არის უმთავრესი პრინციპი. დაიღალა ხალხი ამდენი ტყუილით, ამდენი პოლიტიკური თამაშით, არამხოლოდ ჩვენთან – მსოფლიოში. დღეს მსოფლიო პოლიტიკური თამაშები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავად პოლიტიკა, როგორც მეცნიერება. მახსენდება მაკიაველის სიტყვები, რომელიც წერდა, რომ „ხალხი არის სათამაშო პოლიტიკოსების ხელში“. ეს თამაში უფრო და უფრო სახიფათო ხდება, დეზინფორმაციის კასკადი მოდის ყველა მხრიდან და ამის მოთმენა აღარ შეიძლება. ყველაზე ღირებული რაც არის პოლიტიკაში, ის დაიკარგა – პოლიტიკა აცდა სიმართლეს. არისტოტელემ, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტიკის ფუძემდებელია, გვიანდერძა, რომ პოლიტიკა არის ყოველგვარი სიკეთის საწყისი და თუკი პოლიტიკოსი ამ გზას აცდება – სახელმწიფოს დაანგრევს. უკვე იმდენად აიმღვრა მსოფლიო პოლიტიკა, სიმართლე სად არის, რთული გასაგებია. უამრავი ფაქტის გაშიფვრა გვჭირდება ანალიტიკოსებს იმისათვის, რომ მივხვდეთ, სად არის სიმართლე, საიდან იწყება, რისთვის კეთდება, რისთვის არის ესა თუ ის ქმედება გამიზნული… სიყალბე კი, როცა კულმინაციას აღწევს, მას შემდეგ იწყებს ვარდნას და სწორედ ახლა იწყება მისი ვარდნის პროცესი. საქართველოში „ხალხის ძალა“ ვართ სწორედ ის ძალა, რომელმაც კულმინაციამდე მისული დეზინფორმაციის ვარდნას შეუწყო ხელი და ახლა ამას ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენ გავაშიშვლეთ დეზინფორმაციული პოლიტიკა და მისი შეფუთვა უკვე შეუძლებელია.
ბასრია სიმართლის მახვილი პოლიტიკაში და ამიტომაც, ძალიან ძნელია „ხალხის ძალის“ ოპონირება ოპოზიციის მხრიდან. ხელთ გვაქვს ფაქტები და ინფორმაციები, რომლებიც „ხალხის ძალის“ ლიდერებს ჯერ არ გაუხმიანებიათ, არ ჩათვალეს ჯერჯერობით საჭიროდ, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ბოლომდე იტყვიან სათქმელს. ოპოზიციამ იცის ეს ყველაფერი და ამიტომ აქვთ სწორება „ხალხის ძალაზე“.
– ცნობილია, რომ მმართველი გუნდი თქვენი პარტიის მხარდამჭერია. თუმცა, საინტერესოა, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას „ხალხის ძალა“?
– ძალიან ბევრი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დამოკიდებულებაში ვიქნებით მმართველ გუნდთან, – როგორც ოპოზიცია თუ როგორც მათი ხედვების გამზიარებელი. ღიად ვაცხადებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვართ, სრულიად ვიზიარებთ ხელისუფლების მიდგომებს, პოლიტიკას, საშინაო თუ საგარეო კურსს, მაგრამ გვაქვს ჩვენი შეხედულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, უფრო მაღალი დოზით ითქვას სიმართლე, გვაქვს ხისტი და პრინციპული პოზიციები, რაც ჩვენი პოლიტიკური ხელწერაა. „ხალხის ძალა“ თავისი პოლიტიკური ორიენტირით აძლიერებს ხელისუფლებას და არა პირიქით. ჩვენ არ ვთვალთმაქცობთ, როგორც თვალთმაქცობს ოპოზიცია, რომ თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან, სინამდვილეში კი, ყველა ერთად „ნაცმოძრაობას“ აძლიერებს და ყველანი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე მუშაობენ.
ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ამ საკითხზე განაცხადს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ლიდერები გააკეთებენ.
– ალბათ, ახალი სახეები გეყოლებათ. ვის ვიხილავთ „ხალხის ძალის“ შემადგენლობაში?
– ჩვენთან სპეციალურად ჩამოფრინდა საფრანგეთიდან ქალბატონი ნატა დარჩიაშვილი-ტაპია, რომელიც დიდი ხანია პარიზში ცხოვრობს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა და ყველაზე დიდი ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის ძმა ხელმძღვანელობს. როცა ეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილმა ნახა ტელევიზიით, პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, ზუსტად ხუთ წუთში დაურეკა მას და ჰკითხა, მართლა გაწევრიანდა თუ არა „ხალხის ძალაში“. ეს იყო შოკი პრეზიდენტისთვის. მოულოდნელი იყო მისთვის, რომ საფრანგეთიდან, მისი ქალაქიდან, ქართველთა სათვისტომოდან, სადაც 5800 ჩვენი თანამემამულეა გაერთიანებული და ყველას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, – ჩამოვიდა ძალიან დიდი ავტორიტეტი, ამხელა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წარმატებული ქართველი, დიდი კომპანიის ფინანსური დირექტორი და ჩვენს პარტიაში გაწევრიანდა.
ვპირდებით პრეზიდენტს, რომ ის კიდევ მრავალ ასეთ „შოკს“ მიიღებს, რადგან ჩვენს პარტიას ძალიან მალე შემოუერთდებიან ევროპის 5-6 ქვეყნიდან, ასევე აშშ-დან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩვენი წარმატებული თანამემამულეები, რომლებმაც ყრილობაზე ჩამოსვლა ვერ მოასწრეს. ამ ადამიანებს ველით მაისში, დიასპორის დღეებზე, სადაც მოწვეული არიან მომხსენებლებად და სწორედ აქ გაიცნობს მათ ქართველი საზოგადოება. ამგვარად, მითი იმის შესახებ, რომ „ხალხის ძალა“ პრორუსული პარტიაა, იმსხვრევა. წარმატებული ქართველები, რომლებიც ასევე, ევროპელებიც არიან და ევროპის შუაგულში ცხოვრობენ, არ შევლენ „პრორუსულ“ პარტიაში, ეს აქსიომაა!
ასევე, ჩვენს პარტიას შემოუერთდნენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ევროპული უნივერსიტეტებიდან, მადრიდისა და ჩეხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, საფრანგეთიდან, ლონდონის უნივერსიტეტიდან… ისინი შედიან იმ პარტიაში, რომელიც ეროვნული ღირებულებებითა და ფასეულობებით ისწრაფვის ევროკავშირისკენ. ჩვენ გვინდა ევროპა თავისი ფასეულობებით, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ის ევროპა, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა.
როგორც ლონდონის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა მითხრა, თუკი აქამდე ჩვენი ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს აცნობდნენ უცხოელებს ქართველები და ამით ამაყობდნენ, დღეს უკვე ამაყობენ იმით, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და თავის სუვერენიტეტს იცავს. ანუ, რაც „ხალხის ძალამ“ შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში, ამით შემატა ღირსება ჩვენს ემიგრანტებს უცხოეთში. ამიტომ არის ემიგრანტებისთვის მოსაწონი ჩვენი პოლიტიკა. ვერც ოპოზიცია და ვერც სალომე ზურაბიშვილი ვეღარ შეძლებენ, მათზე თავიანთი ტყუილები „გაყიდონ“.
როგორც დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელს, სადაც მიგრაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა, ახლო ურთიერთობა მაქვს დიასპორულ ორგანიზაციებთან, ვიცი ემიგრანტების განწყობა და ვიცი, რომ ამ არჩევნებს ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ყველა ქვეყანაში უპირობოდ მოიგებს. მათ შორის, პირველ რიგში, მოიგებს სწორედ საფრანგეთში, პარიზში, საიდანაც არის ჩამობრძანებული ჩვენი პრეზიდენტი.

ნონა ქარქაშაძე