საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

2007 წლის 27 აპრილს საქართველოს კონსტიტუციიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს – საერთო მედია
მაისი 19, 2024

2007 წლის 27 აპრილს საქართველოს კონსტიტუციიდან სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს

 

ის ძალები, რომლებიც გუშინ სააკაშვილს მართავდნენ დასაქოქი თოჯინასავით, დღეს ზურაბიშვილს მართავენ იმავე გასაღებით. ყველაფერს ველოდი ქაჯების გაქაჯებული მთავარსადლისგან, ამიტომ არ გამკვირვებია, “არა და არასდროს” რომ გადათქვა და სისხლის სამართლის არაერთ საქმეში ბრალდებული სააკაშვილის შესაძლო შეწყალებისკენ გადაწია ისრები.
2012 წლის შემდგომ, ეტაპობრივად “ქართულ ოცნებაზე” სწორედ იმიტომ აიცრუა გული ბევრმა მისმა გულმხურვალე მხარდამჭერმა, რომ სამართალმა პური არ ჭამა, არ გასამართლდა არც “ნაცმოძრაობა”, როგორც მკვლელი სისტემა, არც ამ სისტემის შემქმნელები. ბოლოსდაბოლოს, სამშობლოს ღალატის გამო მაინც უნდა გასამართლებულიყო ყველა მათგანი, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლი სად არის?
დიახ, დიახ, სად არის?
ვფიქრობ, წელი არ მეშლება _ 2004 წლის გაზაფხულიდან საქართველოს რეგიონებში გამოკრული იყო ფოტოები წარწერით “იძებნება სამშობლოს ღალატით”. სააკაშვილის ხელისუფლება ბათუმის 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ რომან დუმბაძეს ეძებდა. რამდენი ვითომ “სამშობლოს მოღალატე” გამოავლინა სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა, რამდენი ვითომ “ჯაშუში”, რომელთაგან ზოგი დააპატიმრა, ზოგი მოკლა, ზოგი დააინვალიდა და ჰოპ, უცბად, სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმების სურვილმა წამოუარა და 2007 წლის 27 აპრილს კონსტიტუციიდან 307-ე მუხლი ამოიღეს.
ნეტავ რატომ, ასეთს რას გულისხმობდა ეს მუხლი?
2007 წლამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ჯაშუშობა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩამდენი თავისუფლდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადებდა ხელისუფლების ორგანოს და თავიდან აიცილებდა საქართველოს ინტერესებისათვის მოსალოდნელ ზიანს.
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ყველაფრის ჩადენას, რასაც ეს მუხლი მოიცავდა, თვითონ აპირებდნენ (ისევე, როგორც მუხლი ცილისწამების შესახებ) და თავი დაიზღვიეს. შესაბამისად, მაგალითად, გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე 308-ე მუხლი მოქმედებს, რაც საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს. “კარტოგრაფების საქმე” კი არა, უმძიმესი მუხლით გასამართლება ეკუთვნით, მაგრამ რანაირად?
დროში უკან რომ გადავიწიოთ და “რაღაც” საქმეები ამოვწიოთ, რატომ ემთხვევა ამ მუხლის გაქრობა და ის “რაღაც” საეჭვო საქმეები, ამის გამოძიება ძნელია? _ არ მგონია. ხალხმა ყველაფერი იცის და ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ამიტომ ითხოვდა იგივეს 2012 წლიდან, მაგრამ არ მოუსმინა “ქართულმა ოცნებამ” ხალხს, მურვან ყრუობა მოინდომა და ახლა იმკის…
კი, შესაძლოა, რომ ყველა მუხლის ცვლილება გადაიხედოს, მაგრამ კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს. ამდენად, ამ კონკრეტული მუხლით ახლა დაკავებულები სამშობლოს ღალატით ვეღარ გასამართლდებიან.
სააკაშვილისა და მისი მოღალატეთა ხროვის მიერ 2008 წლის პროვოცირებული სამ-ხუთდღიანი ომი სხვა რა იყო, თუ არა სამშობლოს ღალატი?
ის ჩანაწერიც გამქრალი ექნებათ, რომელიც ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი _ როგორი რიხით გვამცნობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი, რომ კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად შედიოდნენ სამაჩაბლოში. ეს კაცი, წოდებით გენერალი, ყველა იმ მოქმედების მონაწილე იყო, რაც აგვისტოს ე. წ. ომამდე და ომის შემდეგ ხდებოდა, მერე კი სადღაც გაქრა. ჭორად გავრცელდა, მოკლესო, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ გამოჩნდა და უკუღმა დაიწყო ლაპარაკი, მანამდე რას ამბობდა ტელეკამერების წინ, ისიც კი “დაავიწყდა”. (სად იყო გამქრალი, თვითონ მას და კიდევ რამდენიმე სხვა კაცს ეცოდინება)… აი, ეს გენერალი ამბობდა შემდეგ ინტერვიუში აბდაუბდას, 8 აგვისტომდე დიდი ხნით ადრე მიდიოდა ბრძოლები, გვიტევდნენ ოკუპანტისგან გათამამებული სეპარატისტული ძალები, რომლებიც წინასწარ მოამზადა ვლადიმირ პუტინმაო. გრცხვენოდეს, მატყუარა გენერალო!
სალომე ზურაბიშვილი სიმართლეს ამბობდა, ე. წ. ომი სააკაშვილმა დაიწყო, რომელიც პირდაპირ ამბობდა სიმართლეს მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე და სიტყვიერად მტკიცებულებითი ფორმით საუბრობდა, რომ ეს იყო რუსეთსა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის გარიგება, რითიც რუსეთს საქართველოს განსაზღვრული ტერიტორია გეგმიურად გადაეცა. შავ დღეში ჩააგდეს მაშინ დღევანდელი ფინთიკოზა, რეებს როშავსო, ნუთუ დაავიწყდა? ჩვენ გვახსოვს!
საქმე ის გახლავთ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო თავისი ბანდიდურთ და საქართველოს კი ბრალდებოდა…
სალომე ზურაბიშვილზე უარესი საქართველოს ის მოქალაქეები გამოვდივართ, ვისაც ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი ტელევიზიით, როგორ მოემართებოდა რუსული ტანკების კოლონა როკის გვირაბისკენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცხინვალის თავზე ქართული დროშა კაი ხნის აფრიალებული იყო.
“შპიგელი” წერდა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა სამხედრო ნაწილებმა როკის გვირაბის მიმართულებით სვლა დაიწყეს არაუადრეს 8 აგვისტოს 11 საათისა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აგრესია რუსეთის მხრიდან არ დაწყებულა, მან საპასუხოდ იმოქმედა.
იმხანად თბილისში მყოფი გერმანიის გენშტაბის პოლკოვნიკი ვოლფგანგ რიხტერი აცხადებდა, რომ ქართველები იტყუებოდნენ ჯარების გადაადგილების შესახებ. მისი თქმით, მან ვერ მოიძია ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ სააკაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გასცა თავდასხმის ბრძანება, რაც რუსეთის სამხედრო ნაწილები როკის გვირაბის მიმართულებით დაიძრნენ.
სოზარ სუბარი: “როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა განგაში ატეხა, რადგან იგრძნო იმის საფრთხე, რომ გამოძიება, შეიძლებოდა, მასაც შეხებოდა”.
და რატომ არ შეეხო ბატონო სოზარ და “ქართულო ოცნებავ”? პასუხია: ამ წლების განმავლობაში ჩვენ თავს ვიკავებდით ამ ყველაფერზე საუბრისგან, რადგან საერთაშორისო სასამართლოებში მოსაგები გვქონდა პროცესები რუსეთის წინააღმდეგ. პასუხი მიღებულია.
ახლა? როცა დასაქოქი თოჯინა ბრალმდებელი ზურაბიშვილი სალომე, ახლა უკვე პრეზიდენტი, საკუთარი ენა-პირით ბრალს რომ სდებდა ასევე დასაქოქ თოჯინა პრეზიდენტ სააკაშვილ მიხეილს, აწ პატიმარს, სამშობლოს ღალატში ერთმანეთს ფარად რომ უპირებენ დადგომას, მაყურებლები რას ვშვრებით, ტაში რა მომენტში დავუკრათ?
სააკაშვილისა და მისი ბანდის ღალატის კულმინაციად და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ აქტად რატომ ითვლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის #1633 რეზოლუციაზე ხელმოწერა, არ მესმის, პირიქით, გულახდილობის პიკი და საკუთარი ხელით ყელში დანის გამოსმაა.
ამ დოკუმენტით “ნაცმოძრაობამ” თვითონ დაადასტურა, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული და უღალატა სამშობლოს.
“ნაცმოძრაობამ” თავად განაცხადა, ჩვენ დავიწყეთ 2008 წლის ომი და ამას საკუთარი ხელმოწერებითაც დავადასტურებთო. მათ გამო, ქართულ ჯარს, ჩვენს ვაჟკაც ბიჭებს ომის დანაშაულის ჩადენასა და ადამიანის უფლებების დარღვევასაც ედავებოდნენ. ისტორიას დარჩება მათი გვარ-სახელები: პეტრე ცისკარიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი. ახლა რომ გასუსულან, სად დაიმალებიან…
რაგინდ დაშტვენილი იყოს მიხეილ სააკაშვილი, იმდენი კი ესმოდა მასაც და მის ბანდასაც, რომ რუსეთთან საქართველო ისე იყო (და არის!), როგორც ჭიანჭველა სპილოსთან. ამდენად, რაც მათ ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოსა და საკუთარი ხალხის წინაშე, ყველა ნაბიჯი შეგნებულად გადადგეს. იმას აღარ აქვს მნიშვნელობა, ვისი კარნახით მოქმედებდნენ შეგნებულად.
ჯერ კიდეც 2006 წელს არსებობდა გეგმა კოდური სახელით “ვეფხვის ნახტომი”, რომლის მიხედვით, 1 მაისამდე, აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა აეძულებინათ რუსეთი, რომ გაეყვანა მშვიდობისმყოფელები. ამის კვალდაკვალ დაგეგმილი იყო რამდენიმე რეზონანსული პროვოკაცია ქართველებით დასახლებულ სოფლებში, რაც დესტაბილიზაციას შექმნიდა მთელ რეგიონში. გეგმა ვრცელია, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, გათვლილი იყო, რომ ამ ოპერაციის შესრულებას დასჭირდებოდა 7 დღე, მაგრამ მიზეზთა გამო მაშინ ეს არ მოხდა. სააგენტო “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში მსგავსი გეგმის არსებობა დაადასტურა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ, როდესაც 2005 წლის მაისში შეხვდნენ ჯორჯ ბუშს, პირდაპირ გამოუცხადეს ქართული დელეგაციეს წევრებს, არ ეცადოთ რუსეთთან საომარ კონფრონტაციაში შესვლა, ჩვენ ვერ შევძლებთ სამხედრო დახმარების აღმოჩენასო.
ხომ საინტერესოა, მერე რა მოხდა, 2007 წლის 27 აპრილის შემდეგ, როდესაც სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღეს. ვინ და რა უთხრა ამ ხროვას, რას შეჰპირდნენ ამ 5-დღიანი ომისა და ამ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ?
თვით სააკაშვილი ამბობდა: „მინდა გითხრათ ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეღო, აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.
ახლა კი გამოდის ის ფინტიკოზა ქალი და ნერვებს გვაწყვეტს, დარეტიანებულივით ლაპარაკობს და კბილს გვისინჯავს, აბა, რა რეაქცია გვექნება იმ დარეხვილის შეწყალებაზე.
ხელისუფლებავ, იმას კი ნუ დაელოდებით, რას მოიმოქმედებს ე. წ. პრეზიდენტი, ახლავე, არჩევნებამდე აღადგინეთ სამშობლოს ღალატის მუხლი და გაასამართლეთ ეს ნაცსექტა, ზედ კი ეს ქალბატონი პრეზიდენტიც მიაყოლეთ, რასაც სამშობლოს ღალატის მუხლი გულისხმობს, ამ ქალბატონის “ღვაწლიც” მშვენივრად ჯდება მასში. დამიჯერეთ, თქვენზე გამწყრალ თქვენს ყოფილ გულმხურვალე მხარდამჭერებს გული მოუბრუნდებათ თქვენზე, იმედი მიეცემათ, რომ მომავალშიც აღარ აცდება თქვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს. იმაზე იფიქრეთ, რას იტყვის თქვენი ხალხი და არა იმაზე, რას იტყვის ვიღაც სხვა, გადამთიელი საქართველოს ფარგლებსგარეთ!
* * *
ეს კი ჩემგან ყველა იმ ლაჩარ სამხედრო პირს, ვინც სიმართლე იცის და პირში წყალჩაგუბებული თევზივით დუმს.
მიშასგან დაშინებულ ჯარისკაცს მე ჩემს სამშობლოს ვერ/არ ვანდობ!
ეს ამბავი ასე იყო და საუბარი გლდანის ციხეში შედგა. ცხადია, მე საუბრის შინაარსი ორიდან ერთმა გადმომცა, ან ოთარმა, ან გენერალმა. – თანამოსაუბრეთა სახელები შეცვლილია, მაგრამ გთავაზობთ ამონარიდებს. (ეს ქვეთავი ვრცლად დაიბეჭდა “სგ” N22 2023 წ.)
_ შენ, ოთარი არ ხარ? _ ვკითხე ჩურჩულით.
_ დიახ, ოთარი ვარ, _ ჩურჩულითვე მიპასუხა და სიბნელის გამო თვითონაც კარგად დამაკვირდა.
ოთარი სამშვიდობო ჯარების ასეულის სერჟანტი იყო და 2006 წლიდან ცხინვალში სამშვიდობო მისიას ასრულებდა, მისი ასეული წვერიახოს მთაზე იყო განლაგებული, ხეობას აკონტროლებდა და 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობდა. ოთარი თავისი საქმის პროფესიონალი იყო, თავდაცვის აკადემია ჰქონდა დამთავრებული. გიჟი ეფრეიტორის, სააკაშვილის გადამკიდე, გასაკვირი არ იყო, მაგრამ მისი აქ დანახვა, მაგრამ ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო.
_ ბატონო გენერალო, თქვენ ხართ? _ არანაკლებ გაოცდა ისიც და გადავეხვიეთ ერთმანეთს.
სიბნელე ხელს არ გვიშლიდა. საკანმა ვიცოდით, მოშიებული იქნებოდა და რაც გვქონდა შემთხვევით მორჩენილი, იმით გავუმასპინძლდით.
_ რის გამო გაგიმეტეს ამოდენა ვაჟკაცი? _ დაინტერესდა ზვიადი.
_ ბევრი რამ ვნახე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე და საბრძოლო მოქმედებების დროსაც, ეტყობა, სიმართლის დამალვა უნდათ და იმიტომ დამაპატიმრეს…
_ ოთარ, ომის შემდეგ კვლავ გააგრძელე სამხედრო სამსახური? _ დავინტერესდი მე.
_ ვაზიანის ბაზაზე შეგვკრიბეს ცხინვალიდან გამოსული სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფები. ყველაფერი არეული იყო, არავინ იცოდა რა მოხდა და რისთვის დავიწყეთ საბრძოლო მოქმედებები, ბევრმა უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, ძირითადად ძველი კონტინგენტი დავრჩით. ვატყობდით, რომ დიდად არ სიამოვნებდათ ჩვენი დარჩენა და ნაირ-ნაირ ხაფანგებს გვიგებდნდნენ, მაგრამ არ მოვდიოდით. გაუგებარი წარმომავლობის ვიღაც ოფიცრები მოჰყავდათ, ისეთები, სამხედრო საქმეზე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ. იმდენიც იკადრეს, რომ მადლობები გამოუცხადეს და ორდენები ისეთ ადამიანებს ჩამოჰკიდეს, რომლებთაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ საომარ მოქმედებებში…
_ დაგეწერა პატაკი და წამოსულიყავი, შენთვის ხომ იცოდი, რომ ისეთი და იმდენი რამ ნახე, რაც არ უნდა გენახა?
_ ძალიანაც არ მინდოდა იმ ბინძური საქმიანობის მოწმე გავმხდარიყავი რაც ამათ ჩაიდინეს ომის დაწყებამდე, მაგრამ რა მექნა, ისეთ ადგილზე ვიყავი ჩემი ასეულით, რომ მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც მიწევდა დანახვა და მოსმენა…
_ მაგის მეტი რა ვიცი… რომელი ქართული ქვედანაყოფი ატარებდა დივერსიულ აქტებს 2008 წლის მაისში ოსურ სოფლებში, გეცოდინება…
_ 2008 წლის მაისის შუა რიცხვები იქნებოდა, როდესაც წვერიახოს მთაზე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ათკაციანი ჯგუფი ამოვიდა და ჩვენი ხელმძღვანელი იკითხეს. შემდეგ ჩანთები გადმოიღეს, იქვე გამოიცვალეს, ძველი, სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვეს, რუკა ამოიღეს და სიმაღლიდან ოსური სოფლების დათვალიერება დაიწყეს. შემდეგ ქართულ სოფლებს გადახედეს, მე მხოლოდ ქართული საგუშაგოების განლაგების მითითება მთხოვეს და დაღამებამდე არაფერი მოუმოქმედებიათ. კარგად რომ დაღამდა სპეციარაღებით აღიჭურვნენ, ნიღბები გაიკეთეს და ხეობის ქართული სოფლებისკენ წავიდნენ. ღამის სამი საათი იქნებოდა როდესაც ინტენსიური სროლების ხმა გაისმა ქართული სოფლებიდან. ასეული საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე, სამშვიდობო ძალების შტაბს დავუკავშირდი, არსებული სიტუაცია მოვახსენე და ნებართვა ვითხოვე გადაადგილებისთვის ორი ქვეითი საბრძოლო მანქანისა და დესანტის გამოყენებაზე. შტაბიდან პასუხად უარი მივიღე, ნუ ჩაერევი, პოლიციის ქვედანაყოფები კრიმინალების წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენო. სამხედრო პირი ვარ და ცხადია, ეჭვი შემეპარა შტაბის პასუხში, ელემენტარულად, რაც იქ ხდებოდა, კრიმინალების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებას არაფრით ჰგავდა, როგორც ავტომატური ცეცხლასროლი იარაღიდან, ისე ტყვიამფრქვევებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან ისროდნენ.
_ გქონდათ თუ არა იმის უფლება, რომ ტერიტორიაზე, რომელსაც თქვენ აკონტროლებდით, უცხო ადამიანები შეგეშვათ და იმის უფლება მიგეცათ, რაც მათ მოიმოქმედეს _ ტანსაცმლის გამოცვლა, იარაღების შეტანა-გამოყენება და ა.შ სხვა დროსაც მომხდარა მსგავსი რამ?
_ ამ ჯგუფის შემოსვლის შესახებ შტაბიდან გადმოგვცეს და გაფრთხილებაც მოაყოლეს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ მათ საქმიანობაში, ისინი მანდ კრიმინალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებს გეგმავენ და ინტენსიურად იმუშავებენ ამ მიმართულებითო.
_ ეს ჯგუფი ხშირად მოქმედებდა ხეობის მიმართულებით?
_ მაისი-ივნისი-ივლისი არათუ მხოლოდ ხეობის მიმართულებით, ოსურ სოფლებშიც გადადიოდნენ და იგივე სროლების ხმა იყო. ხეობაში ბევრი ნაცნობი მყავდა და როდესაც მხვდებოდნენ, მსაყვედურობდნენ, წუხელ ოსურმა ბანდამ სოფელს შემოუტია, სახლები დაგვიცხრილეს. შუაღამისას მოგვეპარებიან და ცეცხლს გვიხსნიან ყველანაირი იარაღიდან, ჩვენ ჩვენი ძალებით ვერ გავუმკლავდებით და თქვენ რას აკეთებთ მანდ რომ ხართ, რატომ არ გვეხმარებითო?
მე, რა თქმა უნდა, უკვე დადასტურებულად ვიცოდი, რომ ჩვენთან მოსული ჯგუფის “ოპერაციები კრიმინალების წინააღმდეგ” სინამდვილეში ქართველი და ოსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო, მაგრამ რა პასუხი გამეცა მოსახლეობისთვის, ხან რას ვიგონებდი და ხან რას.
დღითიდღე ისე ძაბავდნენ სიტუაციას, რომ მივხვდი, უკვე რაღაც დიდი პროვოკაცია მზადდებოდა. ერთხელ გოგავა და ყურაშვილიც ამოვიდნენ და ქალაქის მიმართულებით რაღაცას გეგმავდნენ, შემდეგ გოგავამ უთხრა ყურაშვილს, ესენი სხვა მიმართულებითაც დაიწყებენ მოქმედებას და შენები გააფრთხილე, რაც უნდა მოხდეს, ამ საქმეში არ ჩაერიონო. შემდგომი “საქმისთვის” რამდენიმე მშვიდობიანი მოსახლის მსხვერპლი იყო საჭირო, _ გვითხრა ოთარმა.
_ ეს ჯგუფი, რომელიც ქართულ-ოსური სიტუაციის დაძაბვაზე მუშაობდა, ჩვენი სპეცრაზმის ჯგუფია. ამ ადამიანებს მხოლოდ ცხინვალის პროვოკაციაზე კი არ ამუშავებდნენ 2008 წელს, საქართველოს მასშტაბით აქვთ სიბინძურეები და მკვლელობები ჩადენილი… სად დაგაკავეს, რომელმა უწყებამ ჩაატარა შენი დაკავების ოპერაცია?
_ შვებულებაში გამიშვეს, სოფელში ვიყავი ერთი-ორი კვირა და თბილისში დავბრუნდი. ერთ დღეს, საცოლესთან ერთად ავტომანქანით ვმოძრაობდი ქალაქში და გამაჩერეს. ორი ავტომანქანით იყვნენ, ერთი წინ ჩამიდგა, მეორე _ უკან, მანქანიდან სამოქალაქო სამოსში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები გადმოვიდნენ, შსს-ის კონტრდაზვერვის თანამშრომლებად წარმომიდგნენ და საბუთები მომთხოვეს. საბუთების დათვალიერების შემდეგ მოდულის შენობაში წამიყვანეს საცოლესთან ერთად და გაგვაცალკევეს. ოთახში რომ შემიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა იქაც, ლევანი ერქვა. მან კითხვების დასმა დამიწყო, მათ შორის, აინტერესებდა, რამდენი ხანი ვიყავი სამშვიდობო მისიაში და როდესაც პასუხი მოისმინა, აზრი გამოთქვა, რომელიც შეკითხვას მოიცავდა, ბევრი რამ გეცოდინებაო. ვუპასუხე, რომ რაც ჩემს დაქვემდებარებაში არსებული ასეულის ირგვლივ ხდებოდა, ყველაფერი ვიცოდი და პასუხისმგებელი ვიყავი, დანარჩენ საკითხებში, რომელიც არ მეხებოდა, არ ვერეოდი. დამხვდურმა ვიღაცას გასძახა, გამომძიებელი შემოვიდეს, დასაკითხი პირი დაკავებულიაო. რატომ მაკავებთ, რა დავაშავე-მეთქი? გამომძიებელი შემოვა და აგიხსნისო. ჩემი საცოლე მოვიკითხე და მიპასუხა, გვერდზე ოთახშია და შენზეა დამოკიდებული გაუშვებენ თუ არაო. ამ დროს გამომძიებელიც შემოვიდა, დაკითხვის ოქმი ამოიღო და მკითხა, ამა და ამ დღეს სად იყავიო? მე ვუპასუხე, რომ სოფელში ვიყავი და ერთი კვირაა რაც თბილისში ჩამოვედი. ცეცხლსასროლ იარაღზე მკითხა და ვუპასუხე, რომ პირადი იარაღი არ მაქვს, სამსახურებრივი იარაღი კი ჩაბარებულია.
გამომძიებელმა “გამარკვია”, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით რომელიღაც ბენზინგასამართ სადგურთან თურქეთის ორი მოქალაქე დამიყაჩაღებია, რომელთაგან ერთმა წინააღმდეგობა გამიწია და ფეხში დავჭერი. უტყუარი ალიბი მაქვს, უამრავი მოწმეა, რომ აღნიშნულ დროს მე სოფელში ვიყავი და ამას როგორ ჩავიდენდი-მეთქი? ჩემი სახლის გასაჩხრეკად გააგზავნეს თანამშრომლები და დაახლოებით ორ საათში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შემოიტანეს, რომელიც თითქოს ჩემს ავტოფარეხში იპოვეს. იმ ახალგაზრდა ბიჭმა, ლევანმა, ნიშნისმოგებით მითხრა, აკი ამბობდი, ცეცხლსასროლი იარაღი არ მაქვსო, სწორედ ამ იარაღით დააყაჩაღე თურქეთის მოქალაქეები და ერთი მათგანი დაჭერი კიდეცო.
რა თქმა უნდა, მათი ყველა ბრალდება უარვჰყავი, მაგრამ გამომძიებელმა გამომიცხადა, თუ არ აღიარებ, რომ ეს იარაღი შენია და შენ დააყაჩაღე თურქეთის მოქალაქეები, შენს საცოლეს გვერდზე მოგისვამთო. ერთ თვეში ხელი უნდა მოგვეწერა და დავქორწინებულიყავით, ესენი მეუბნებიან, ციხეში მოგიწევთ ხელისმოწერაო. მაინც რას მერჩით-მეთქი? ბევრს ლაპარაკობ და დასვენება მოგიხდება, ცხინვალში ცოტა გადაიღალეო, _ მიპასუხა ლევანმა. მე მივხვდი, რომ ჩემი იზოლირების ამბავი იმ ჯგუფების შემოსვლას უკავშირდებოდა და მათ საქმეებში ჩემი ზედმეტი ჩახედვით იყო გამოწვეული…
ჩემი საცოლისთვის უთქვამთ, ვითომ მე ნარკოტიკებს ვიღებდი და მოსატანად მას ვაგზავნიდი _ ამას თუ არ დაადასტურებ, შენც გვერდზე მიუჯდებიო. ის ისეთი გოგოა, ვერ შეაშინებდნენ _ რაც გინდათ, ის მიქენით, ამისთანა ტყუილს მაინც არ დავწერო. კიდევ რეები უთხრეს, არ ვიცი, მაგრამ გაუშვიათ. მამაჩემს საკუთარი თვალით დაუნახავს როგორ ამოიღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა საკუთარი ავტომანქანის საბარგულიდან ავტომატი და შეიტანა ჩემს ავტოფარეხში… რაში სჭირდებოდათ ამ უბედურების დაწყება, ტყუილად ამდენი ხალხი დაღუპეს… რა ომობანა აუტყდა ამ გიჟს, ყველაფერი ნორმალურად იყო, _ დანანებით ჩაილაპარაკა ოთარმა.
_ რა სიტუაცია იყო მანამდე, ოსებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
_ რას ჰქვია როგორი ურთიერთობა გვქონდა! როცა გვინდოდა ცხინვალშიც მივდიოდით, არანაირი პრობლემა არ იყო და არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ მიგვრძნია. რამდენჯერ მიქეიფია ოსურ სოფლებში, პირიქით, უხაროდათ შერიგების პროცესი რომ ძლიერდებოდა. უკვე ბევრი შერეული ქორწინებებიც იყო, ქართველები, როცა მოისურვებდნენ მაშინ შედიოდნენ ცხინვალში და თავიანთი მიტოვებული სახლების რემონტიც წამოიწყეს. კოკოითი არანაირი პრობლემა აღარ იყო, ისე ჰქონდა უკვე საქმე წასული, თვითონ ოსები გააგდებდნენ ძალიან მალე. აგვისტოს ომამდე ისეთი მომჯდარი იყო ქართულ-ოსური ურთიერთობა, ოსური მხარე ყველანაირ მოლაპარაკებაზე მოდიოდა… სამაჩაბლოს ტერიტორიის კონტროლი პრობლემას აღარ წარმოადგენდა, ნებისმიერი მიმართულებით შეგვეძლო კონტროლი…
_ რუსებს რა პოზიცია ეკავათ როდესაც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შედიოდით?
_ არანაირი პრობლემა არ იყო არც მათთან, სადაც რუსები იდგნენ, საგუშაგოზე ორი ბოთლი ჭაჭას ჩუქება და თვითონ შემოგატარებდნენ მთელ ოსურ სოფლებს. ჩვენი დანახვა ყოველთვის უხაროდათ, იცოდნენ, ხელცარიელი არ მივიდოდით. ამათ რომ თავიანთი გიჟობები არ ჩაეტარებინათ, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებინებდით ჩვენს სასარგებლოდ და არც დღევანდელი დღე გვექნებოდა…
ოთარს 6 წელი მიუსაჯეს, ორ საათში ჩაატიეს ყველაფერი, დაზარალებულები საერთოდ არ მოუყვანიათ… პროკურორს უთქვამს ადვოკატისთვის, თუ ბევრს იყვირებთ და არ გაჩერდებით, სამი მუხლი აქვს, სამივე მუხლის მაქსიმუმს მოვითხოვთ და ოცდაათ წელზე ნაკლებს არ მიუსჯიანო…
ცხინვალში სამშვიდობო მისიის შემსრულებელმა ქართველმა სამხედოებმა კარგად იციან, რომ ასე ხდებოდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს ოსი სეპარატისტების თავდასხმები… შეკვეთილი საქმეების ერთი ჩაქუჩის დარტყმით დამთავრებაც ასე ხდებოდა, ზოგჯერ ცრუ მოწმეც კი ზედმეტად მიაჩნდათ…

მაკა ჯაყელი