საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

SOS – სამთო დარგს მიხედვა სჭირდება! – საერთო მედია
მაისი 20, 2024

SOS – სამთო დარგს მიხედვა სჭირდება!

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა“ რეჟიმმა ქვეყნის მასშტაბით ფუნდამენტურ მეცნიერებათა ინსტიტუტების ნგრევა დაიწყო, ქვეყანამ წამყვანი დარგების ბევრი პროფესიონალი სპეციალისტი დაკარგა. როგორც უამრავ სხვა სფეროს, პრობლემები შეექმნა სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ საწარმოებს, სადაც დღესდღეობით საქმის სპეციალისტთა დეფიციტია.
„უნდა ველაპარაკოთ მოსწავლეებს, რათა მოვიზიდოთ სტუდენტები, თორემ აღარავინ აღარ აბარებს სამთო საქმეზე… უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ შახტა არ არის „მკვლელი“ და მეშახტეობა ვაჟკაცური პროფესიაა… საჭიროა, მოტივაცია გავუზარდოთ ადამიანს იმისათვის, რომ ეს ურთულესი სპეციალობა შეისწავლოს.“- ასე მიიჩნევს საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალისტი, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების სრული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეცნიერების აკადემიკოსი გელა მაჩაიძე და თავის გულისტკივილს „საერთო გაზეთს“ უზიარებს:
– ის, რაც წლების წინათ მეცნიერებასა და განათლებას დამართეს, ძალიან მძიმე ტვირთად დაგვაწვა ძველი თაობის პროფესორებს, რადგან გაგვიჩნდა სადარდებელი, რომ ჩვენ მივდივართ და ახალგაზრდები აღარ მოდიან. სამთო ინჟინრების მომზადება ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და სპეციალისტების აღმზრდელი თუ არ აღზარდე, რა ეშველება მომავალ თაობებს, ვინ გაუძღვება მათ, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით? ახალგაზრდა რომ დავტოვო უნივერსიტეტში, ჩემი საქმე ვასწავლო და აღვზარდო, როგორც პროფესიონალი, მაინც ყველაფერი ანაზღაურებამდე დადის… ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე სტუდენტი, რომელიც არამხოლოდ ტექნიკურად აზროვნებს, მან უნდა იცოდეს ადამიანებთან ურთიერთობა, უნდა იცოდეს უცხო ენები, კომპიუტერული პროგრამები და ასე შემდეგ…
მთელი ჩემი სიცოცხლე ტექნიკურ უნივერსიტეტში მაქვს გატარებული. 1980 წლიდან მასწავლებელი ვარ. გავლილი მაქვს გზა, ლაბორანტიდან დაწყებული, პროფესორობის ჩათვლით. ამავე დროს, პრაქტიკული გამოცდილება შევიძინე. 2010-2011 წლებში ვმუშაობდი თურქეთის რესპუბლიკაში კარიერების დირექტორად, შემდეგ კი, 2012 წელს ,,საქნახშირის“ მოწვევით დავბრუნდი და ტექნიკურ დირექტორად დავინიშნე. სამთო საქმის ყველა ნიუანსი – როგორც წარმოების პრობლემები, ასევე, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, ზედმიწევნით ვიცი და ამიტომაც ვამბობ, რომ საჭიროა, მოტივაცია გავუზარდოთ ადამიანს იმისათვის, რომ ეს ურთულესი სპეციალობა შეისწავლოს.
– ანაზღაურება ახსენეთ, მაგრამ ეს არის ერთადერთი პრობლემა მოტივაციის გასაზრდელად?
– კანონის დონეზე არის მისაღები ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში საქმის შესწავლის მოტივაციის გაზრდას. 2016 წელს, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად ამირჩიეს, ჩამოვაყალიბე სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრი. მინდოდა ისეთი სტუდენტების შერჩევა და აღზრდა, რომლებიც შედგომში შემცვლიდნენ და დარჩებოდნენ საბადოთა დამუშავების ტექნოლოგიების სპეციალისტებად. მივიღე არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ჩემი გაზრდილი სტუდენტები, უკვე სამი მყავდა შერჩეული, მაგრამ 400 ლარი დაუნიშნეს ხელფასი და 400-500 ლარად ვერ გაჩერდა ახალგაზრდა კაცი! ხშირად ატარებს კონკურსს ტექნიკური ინსპექტირების დეპარტამენტი, წიაღის მართვის დეპარტამენტი… ამ კონკურსებში გაიმარჯვეს ჩემმა ახალგაზრდებმა, ჭკვიანმა, მოაზროვნე ადამიანებმა და სადაც ანაზღაურება გაცილებით მეტია, იქ წავიდნენ… ვერც გაამტყუნებ, უნივერსიტეტში რატომ დარჩება? პროფესიონალად და პროფესორად რომ ჩამოყალიბდე, ამას დრო სჭირდება და მანამდე რა ქნას ადამიანმა, ასეთი დაბალი ხელფასით როგორ იარსებოს, როცა ოჯახი ჰყავს სარჩენი და როცა სხვაგან სამჯერ და ოთხჯერ მეტს სთავაზობენ!..
ბევრი სხვა პრობლემაც არის კომპლექსურად გადასაწყვეტი. ჩვენი სფერო სამ დარგს მოიცავს. ეს არის: წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება; შახტებში მოპოვება და მაღაროებში მოპოვება. ამათ ყველას თავისი სტანდარტი და რეგლამენტი გააჩნია, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ წამყვან თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი ტექნიკური განათლება, ან ხელმძღვანელს აქვს უფლებამოსილება, გასაუბრების საფუძველზე თავად გადაწყვიტოს, ვის შეარჩევს კონკრეტულ თანამდებობაზე. სწორედ ამ „ან“-მა დაუკარგა სურვილი ადამიანს, რომ მიიღოს განათლება სამთო ინჟინრის სპეციალობით, რადგან აუცილებლად გამოჩნდება სადმე ვინმეს ბიძაშვილი, ნაცნობი ან ნათესავი, რომელიც სრულიად დაუმსახურებლად მიიღებს თანამდებობას ისე, რომ ახლოსაც არ იქნება ჩვენი საქმის სპეციფიკასთან და მან როგორ უნდა მართოს ურთულესი პროცესები?!
– თუმცა, უკვე წლებია, საბაკალავრო საფეხურზე სამთო საქმის შესწავლას სახელმწიფო აფინანსებს. ეს ალბათ გარკვეულწილად, გეხმარებათ კონტინგენტის შევსებაში…
– რა თქმა უნდა! სახელმწიფო რომ ამ მხრივ არ დაგვხმარებოდა, კატასტროფის წინაშე ვიდექით. ახლა ჩვენ ვავსებთ კონტინგენტს და, ასე თუ ისე, წელში გამართული ვართ ამ თვალსაზრისით, გვყავს მაგისტრებიც. უკანასკნელ წლებში უფრო წამოვიდა მოთხოვნა მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე, მაგრამ მეტი დაინტერესებული სტუდენტი გვეყოლებოდა, სწავლის ღირებულება რომ მათ შემოსავალს შეესაბამებოდეს. დოქტორანტის სწავლის ღირებულება ჩვენთან 4000 ლარი გახდა, მაგისტრის – 2250, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. ეს კი არა, პროფესორ-მასწავლებლებს მოგვცეს ვალდებულება, ვუხელმძღვანელოთ მაგისტრანტს და დოქტორანტს სრულიად უფასოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.
არადა, არ არსებობს დღეს ისეთი მაგისტრი ან დოქტორანტი, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს სამეცნიერო საქმეში მიიღოს გადაწყვეტილება, ეს მოითხოვს ძალიან დიდ შრომას. თუ გინდა, რომ დღევანდელი მეცნიერების განვითარების დონის შესაბამისი ნაშრომი შექმნა, ამას ცოდნა სჭირდება, უშუალო ხელმძღვანელის მითითება სჭირდება. ხელმძღვანელმა უნდა მისცეს მიმართულება, შეუმოწმოს და სრულად უნდა იყოს ჩართული პროცესში. ამიტომ, ისიც უნდა დააინტერესო, რომ მართლა კაცურად, ლამაზად უხელმძღვანელოს და შექმნას ისეთი სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომი, რომელიც დღევანდელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ანაზღაურების გარეშე ვალდებულება ცოტა რთულია, ყველას არ უნდა უფასოდ მუშაობა…
საბედნიეროდ, კიდევ შემოვრჩით ტექნიკურ უნივერსიტეტში ხანდაზმული ლექტორები, რომლებსაც შეგვიძლია მთელი ჩვენი ცოდნა გადავცეთ მომავალ თაობებს, მაგრამ მე უკვე 70 წელს გადავაბიჯე, გვყავს 80 წლის პროფესორებიც, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია, მომავალი სპეციალისტი აღზარდოს… ამ ადამიანების შრომას და მონდომებას ელემენტარული დაფასება სჭირდება.
– როგორც ახსენეთ, „ბიძაშვილ-მამიდაშვილობის“ გამო ხომ არ არის, რომ წლების წინ შახტებში ამდენი უბედური შემთხვევა მოხდა?
– ხუთი-ექვსი წლის წინათ ტყიბულის შახტებში დიდი უბედურებები დატრიალდა, ორ წელიწადში 18-მდე ადამიანი დაიღუპა… იმ პერიოდში აბსოლუტურად არაკომპეტენტირი წერილები გამოაქვეყნეს ჟურნალისტებმა, რომ თითქოს შახტა არის მკვლელი, რომ შახტაში მუშაობა არ შეიძლება, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვლეს. უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში თუკი რამ უბედურება მომხდარა საწარმოში, ყველა კომისიის წევრი ვიყავი. ყველა უბედური შემთხვევა მაქვს შესწავლილი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად ყველა ტრაგედია იყო მხოლოდ დაუდევრობის ან უცოდინრობის შედეგი. ყველაფერი მოხდა არაპროფესიონალიზმის და დილეტანტიზმის გამო და ეს რომ შახტას დააბრალო, იგივეა, რომ მართვა არ იცოდე და მანქანას დააბრალო ავარია.
სამთო საქმე არის ურთულესი საქმე, რომელიც დილეტანტიზმს ვერ ეგუება! ბუნებასთან გაქვს საქმე, ბუნებას ეჭიდავები და ის უნდა მართო. მუშაობის პროცესში გეცვლება სამთო-გეოლოგიური პირობები, სამთო-ტექნიკური პირობები და ამის მართვა უნდა შეგეძლოს! თუ თუნდაც ელემენტარული შეცდომა მოგივა, არამხლოდ საკუთარი თავი, შეიძლება უამრავი სხვა ადამიანიც დაღუპო…
– ჩვენი ქვეყანა სასარგებლო წიაღისეულით რომ მდიდარია, ცნობილია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, გამოიყენებენ კი ამ რესურსს სრულად და აქვს ქვეყანას ის სარგებელი, რაც ამ სიმდიდრის შესაბამისად უნდა ჰქონდეს?
– გეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ხარისხი დიდწილად დამუშავების ტექნლოგიებზეა დამოკიდებული. დამუშავების ტექნოლოგია და მისი მთავარი პრინციპი – მადნის უშუალოდ სანგრებში მოპოვების ტექნოლოგია არის ურთულესი საქმე და სამთო საქმის ბაზისი. დამუშავების ტექნოლოგმა უნდა განსაზღვროს, როგორ შევიდეს სასარგებლო წიაღისეულში, რა გვირაბები გაიყვანოს, როგორ გაიყვანოს, როგორ მოიპოვოს. სწორედ ამ მიმართულებით ძალიან შემცირდა პროფესიონალი კადრები. გარდა ამისა, სახელმწიფოს არა აქვს ისეთი კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც სამთო საქმეს გაუწევს ზედამხედველობას, არის წიაღის მართვის დეპარტამენტი, არის ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, ბუნების დაცვის კომიტეტი, მაგრამ არა ჰყავთ სპეციალისტები, მადნის დამუშავების ტექნოლოგები. გადაწყვეტილებას იღებენ იურისტები, ეკონომისტები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები, რაც ყოვლად დაუშვებელია…
არ არსებობს მენდელეევის პერიოდულ სისტემაში მინერალი, რომელიც საქართველოში არ არსებობს! აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს. საქართველო პატარაა და არც ეს საბადოებია გიგანტური საბადოები, მაგრამ იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ეს პატარა ქვეყანა, რომ ამის საფუძველზე ძალიან დიდი აღმავლობა და ეკონომიკური სარგებელი უნდა გვქონდეს და არც დასაქმების პრობლემა უნდა იყოს ქვეყანაში. ქვანახშირის ისეთი საბადო გვაქვს, სადაც მარაგების რაოდენობა 500-დან 800 მილიონ ტონამდეა. ამიერკავკასიაში ქვანახშირის ასეთი მარაგი არავის აქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თვალსაზრისით.
ტყიბულის საბადოში არის უნიკალური ფენები, – ეგრეთ წოდებული ლიპტობიოლიტური ქვანახშირის. ეს არის ქიმიური მრეწველობის ისეთი ნედლეული, რომლისგანაც მზადდება არაჩვეულებრივი საღებავები, – გემის საღებავი, რომ შეღებავ, მარილიც კი ვერ მიეკარება. მისგან მზადდება არაჩვეულებრივი იზოლატორები, რასაც იყენებენ რუსეთში, სადაც ყინვები 50 გრადუსს აღწევს. ამ ნახშირებისგან გამოხდილ ზეთს თუ იპოქსიტში შეურევ, შექმნი სივრცეს, რომელიც აბსოლუტურად შეუღწევადი ხდება ყოველგვარი ტალღებისაგან. ეს არის სტრატეგიული ზეთი, რომელიც გრამებით იყიდება და ძალიან ძვირი ღირს. მსოფლიო განიცდის ასეთი ზეთის დეფიციტს. მაგალითად, სუმგაითში პირდაპირი მოთხოვნაა ამ ზეთზე და ჯერ კიდევ ვერც ერთმა ბიზნესმენმა ვერ მოაბა თავი მის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას. მართალია, მისი განცალკევებული მოპოვება ცოტა რთულია, მაგრამ ასეთი სიმდიდრე გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ტყიბულის ქვანახშირს, მას აღარ ჰყავს მომხმარებელი და აღარც განვითარების პირობები აქვს, თუკი იქ თბოელექტროსადგური არ აშენდა. ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია არის იაფი, ნახშირის ბაზაზე აშენებული თბოელექტროსადგური კი სამჯერ ძვირი ჯდება. ამიტომ ფულს არავინ ჩადებს იქ, რაც უფრო ძვირია. არადა, ჰესების აშენებას მოჰყვება ტერიტორიების დატბორვა და სხვა პრობლემები. თუ სამას მეგავატიან თბოელექტროსადგურს ავაშენებთ, ელექტროენერგიის 500 წლის მარაგი გვექნება, შესაბამისად, 600 მეგავატიანის აშენების შემთხვევაში – 250 წლის განმავლობაში ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი და ვიქნებით ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ ეს უკვე ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხია და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა გადაწყდეს.
როგორც „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი, გეტყვით, რომ ახალი შახტის მშენებლობის პროექტი დასასრულს უახლოვდება, სადაც შახტის ველი ისეთი გვირაბით უნდა გაიხსნას, რაც უწყვეტი, დიდი მწარმოებლურობის შახტის მშენებლობის პერსპექტივას გაძლევს და სადაც 3-4 წელიწადში თბოელექტროსადგურის მშენებლობაც გადაწყდება. პარალელურად განვითარდება ქვანახშირის მოპოვება და ეს იქნება უზარმაზარი სამთო საწარმო ტყიბულში. ქვანახშირის მოპოვება სამჯერ გაიზრდება, რაც სამჯერ მეტი სიკეთე იქნება ქვეყნისთვის.
– წლებია, ჭიათურაში მანგანუმს ღია კარიერული წესით მოიპოვებენ, რაც ქალაქს აბინძურებს და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ წიაღისეულის ასეთი წესით მოპოვება ნაკლებად საზიანო გახდეს?
– ჩვენ გვყავს სამთო საქმის სამი ფლაგმანი: ჭიათურა, ტყიბული და მარნეული. ჭიათურის საბადოს კიდევ 20-30 წლის განმავლობაში გააჩნია რესურსი, რომ იყოს ფლაგმანი, თუმცა მანგანუმის საბადოს ძირითადი მარაგი, რომელიც მიწის ქვეშ იყო განლაგებული, უკვე თითქმის ამოწურულია. რასაც ადრე არაკონდენციურად მიიჩნევდნენ, ახლა იმ ველებში შედიან და მას მოიპოვებენ. გარდა ამისა, მიმდინარეობს ზედაპირზე განლაგებული სასარგებლო წიაღისეულის ღია მოპოვება. მართალია, ხარისხობრივი მაჩვენებლებით ის ადრინდელზე დაბალია, მაგრამ დღევანდელ მაჩვენებლებს აკმაყოფილებს.
მიმდინარე ღია სამთო სამუშაოები იწვევს რელიეფის დარღვევას და დაზიანებას. ჭიათურა მეწყერსაშიში რაიონია, არის ეროზიების განვითარების საშიშროებაც, გეთანხმებით, ბუნება ნადგურდება და ადამიანების ჯანმრთელობასაც საფრთხე ექმნება. ამიტომ ჭიათურაში რეკულტივაციის სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. მეწარმე კი, რომელიც იქ არის შესული, ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მოიპოვოს წიაღისეული, რომელიც მას 40-50 წლით აქვს აღებული და მისი გატანა მოასწროს. უკანასკნელ წლებში თითქოს ჩატარდა სარეკულტივაციო სამუშაოები, მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად არის საჭირო.
აქ უნდა იყოს დიდი, თანამედროვე გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც აღჭურვილი იქნება მანგანუმის მტვრის საწინააღმდეგო მოწყობილობებით, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პატარ-პატარა გამამდიდრებელი ფაბრიკები წარმოქმნილ მტვერს ვერ უმკლავდება.
სამთო სამუშაოების სწორად წარმართვის საფუძველთა საფუძველია უმაღლეს დონეზე შემუშავებული დამუშავების ტექნოლოგიური პროექტი, რომელთა 90% ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას არამხოლოდ ჭიათურის პირობებისათვის, არამედ მთლიანად რესპუბლიკის მასშტაბით. ამიტომ, უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, რომელიც სამთო დარგს კანონით დაარეგულირებს.
– პირად საუბარში ახსენეთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს ბერკეტი, მიუთითოს ინვესტორს, რა და როგორ უნდა გააკეთონ და დიდად ვერც კანონმდებლობით ერევა ამ საკითხებში…
– სახელმწიფო ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეუქმნას ინვესტორს. საქართველო არ არის ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ ჩვენი სტრატეგიული მარგი წიაღისეული თვითონ მოვიპოვოთ და თვითონვე შევქმნათ იქ საწარმოები. ძირითადად, დამოკიდებული ვართ ინვესტორზე. როდესაც ინვესტორს აძლევ შენს ობიექტს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექსპორტაციისთვის, ის ცდილობს, რაც შეიძლება იაფად მოიპოვოს ნედლეული. ეს სიიაფე კი იწვევს შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოების, ეკოლოგიური უსაფრთხოების დარღვევას. აბსოლუტურად ყველაფერი რომ უმაღლეს დონეზე იყოს გათვლილი, ამას უამრავი ფული სჭირდება, ეს ფული თვითღირებულებას „აწვება“, თვითღირებულება იზრდება – მოგება მცირდება, რაც ინვესტორისთვის არ არის ხელსაყრელი.
უკანასკნელ წლებში ერთადერთი სინათლე არის კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მადნების შემცველი საბადო, რასაც მე გამონათებას ვუწოდებ სამთო საქმეში. არც ერთი ინვესტორი ისე არ ზრუნავს საბადოს დამუშავებაზე, ეკოლოგიაზე, კადრების მომზადებაზე, რასაც ღMG Gოლდ-ი აკეთებს. უზარმაზარ დახმარებას გვიწევს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ასევე განათლების თვალსაზრისით; შექმნილი აქვთ სტუდენტების მოზიდვისა და სწავლების საზაფხულო სკოლები, გულიანად უდგებიან საქმეს, მაგრამ არც მათ ჰყავთ დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალისტები. ყაზახეთიდან ჩამოჰყავთ ისინი, რომ მიწისქვეშა მეთოდით იმუშავონ, რაც უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არადა, ქართველმა სპეციალისტებმა უნდა იმუშავონ იქ და ქართველმა უნდა მიხედოს თავის საბადოს, ასე ხომ მათაც გაუიაფდებათ მუშახელი, მაგრამ სპეციალისტები არ გვყავს საქართველოში და რა ქნან?!
საჭიროა სამთო საქმის ერთიანი დოქტრინის ჩამოყალიბება, რომელიც დაარეგულირებს დარგში არსებულ პრობლემებს და გახდება სახელმძღვანელო ყველა იმ პირისთვის, რომელსაც შეხება აქვს სამთო საქმესთან. ჩვენი დეპარტამენტი უკვე მუშაობს აღნიშნულ საკითხებზე და, ალბათ, გაზაფხულისთვის წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს.
– კადრების პრობლემა ასე მწვავედ რატომ ან როდის დადგა ჩვენს ქვეყანაში და როგორ შეიძლება ამის გამოსწორება?
– გახსოვთ, ალბათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გაუქმდა ფუნდამენტურ მეცნიერებათა ინსტიტუტები საქართველოში. 2003 წლის შემდეგ ზოგი სამეცნიერო ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის, ზოგი განათლების, ზოგიც თავდაცვის სამინისტროებს გადაეცა… მოხდა სპეციალისტების გადინება. არაჩვეულებრივი სპეციალისტებით იყო ეს ინსტიტუტები დაკომპლექტებული და როცა სამუშაო პირობები მოუსპეს, ეს ადამიანებიც დაიფანტნენ. ჩვენ გვაქვს ბატონი ელიზბარ მინდელის მიერ შექმნილი სამთო მექანიკის ინსტიტუტი. არაჩვეულებრივი ინსტიტუტი იყო ის სამთო მექანიკაში, რომელიც ჩამოერთვა აკადემიას, გადაეცა თავდაცვის სამინისტროს და რომ იკითხო, რა სამთო სამუშაოები სრულდება ახლა იქ, – ყველაფერი გადართულია თავდაცვის სამინისტროზე, მის მშენებლობაზე… არც ერთი ის ინსტიტუტი აღარ მუშაობს, ვერც განათლების სისტემა უზრუნველყოფს, სამწუხაროდ, დღევანდელი მოთხოვნების, ჩვენი მენტალიტეტის და ამ დარგების განვითარების შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდას…
უნდა ველაპარაკოთ მოსწავლეებს, რათა მოვიზიდოთ სტუდენტები, თორემ აღარავინ აღარ აბარებს სამთო საქმეზე. კაცს რომ ეტყვი, რომ შახტა მკვლელია, რომელი დედა გაუშვებს შვილს სასიკვდილოდ?! უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ შახტა არ არის მკვლელი, რომ მეშახტეობა ვაჟკაცური სპეციალობაა და რა უნდა იყოს მეტად საამაყო, როცა შენი შრომით შენს ქვეყანას, შენს ოჯახს გამოადგები!
სასიხარულოა, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკვე მეორედ აირჩია რექტორი, აკადემიკოსი, ბატონი დავით გურგენიძე, რომელიც ძალიან დიდი პიროვნებაა და არაჩვეულებრივად უძღვება საქმეს. მისი მოხსენება რომ მოვისმინე, აღფრთოვანებული დავრჩი, უნივერსიტეტის განვითარების ისეთი გეგმა წარმოადგინა. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და მის მომავალზე ფიქრობს.
ნონა ქარქაშაძე