საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ახალგაზრდების დროა, თანამედროვეობას ახლებური ხედვა სჭირდება – საერთო მედია
ივლისი 21, 2024

ახალგაზრდების დროა, თანამედროვეობას ახლებური ხედვა სჭირდება

გვესაუბრება საქართველოს
აზერბაიჯანელთა ეროვნული
კონგრესის თავმჯდომარე
ალი ბაბაევი:
– მსოფლიოში მძიმე სიტუაციაა. ვხედავთ, რომ დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინაში, ფართოვდება კონფლიქტი და ჯერაც არავინ იცის, როდის და რა შედეგებით დასრულდება ეს ომი; თავდასხმებია წითელ ზღვაზე… სასიხარულოა, რომ პაკისტანსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა, თუმცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას ჯერ კიდევ ვერ მოაწერეს ხელი, რადგან ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესები გამოიკვეთა ამ კონფლიქტში, სომხეთი კი უცხო ქვეყნების დირექტივებს ასრულებს.
მისასალმებელია, რომ ამ ყველაფრის ფონზე საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს და ქვეყნის სტაბილურად განვითარების გზებს აფართოვებს. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ახლახან დავოსიდან დაბრუნდა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეც კი აღნიშნა, რომ რეგიონის სტაბილურად განვითარებისთვის დიდი მიღწევა იქნება, როდესაც საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობიან თანაცხოვრებას განაგრძობენ და როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი ხელს მოაწერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას.
მინდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი ქვეყნის როლზე ამ მიმართულებით. 12 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოა“, არც ერთი კონფლიქტი, არც ერთი დესტაბილიზაცია არ გვქონია სხვა ქვეყნებთან იმ მშვიდობიანი პოლიტიკის დამსახურებით, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ეს მოწმობს იმას, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დგას, რასაც ადასტურებს, ასევე, საერთაშორისო ინსტიტუტები და მსოფლიო ბანკის შედეგები. რეგულარულად ვრცელდება მთავრობის დადგენილებები ჯანდაცვის სფეროში, სოფლის მეურნეობაში, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რაც მოწმობს, რომ მთავრობა ცდილობს, უფრო მეტად კომფორტული და შეღავათიანი გახადოს ჩვენი ხალხის ყოფა.
ბევრ რეგიონში ჩასვლა მიწევს და ვხედავ, რომ პატარა ქალაქებიც უკვე ისეთივე მოვლილი და გალამაზებულია, როგორიც თბილისი: გამწვანება, ინფრასტრუქტურა, გზები, საჭირო ობიექტების მშენებლობები თუ კომუნიკაციები, განახლებული საბავშვო ბაღები თუ სკოლები იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ქვეყანა ატარებს. ეკონომიკა იზრდება, პენსიები გაიზარდა, სოციალური შემწეობები გაიზარდა, რაც, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია ქვეყნის მოყვარული თითოეული ადამიანისთვის.
– „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რაც იმედისმომცემია, როგორც აღნიშნეთ, ქვეყნის მოყვარული ადამიანებისთვის, თუმცა ოპოზიციისთვის ეს ნამდვილი „შოკი“ იყო…
-ნამდვილად სასიხარულოა „ქართული ოცნების“ აქტივისტებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2007 წლიდან ქუჩაში ვიდექით სამართლის მისაღწევად.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 12 წლის წინათ უდიდესი ბოროტება დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, თორემ არავინ იცის, დღეს სად იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. კარგია, რომ ბატონმა ბიძინამ ისევ აიღო პოლიტიკური ვალდებულება, როგორც პარტიის საპატიო თავმდომარემ და იმედი მაქვს, 2024 წლის არჩევნებშიც წარმატებას მივაღწევთ.
ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება ახლა ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო, რადგან არის ისეთი საკითხები, რისი მოგვარებაცაა საჭირო, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით. ყველაფერი უნდა დალაგდეს, საჭიროა იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებსაც დამსახურება აქვთ პარტიის შექმნაში და დღესაც მისი ერთგულები არიან. მათი გარკვეული რაოდენობა დღეს ჩრდილშია დარჩენილი. უნდა გაანალიზდეს, რა ხდება პარტიაში, რა ხდება რეგიონულ პარტიულ ორგანიზაციებში, გაანალიზდეს თითოეული პარტიული ორგანიზაციის მუშაობა, მათი ნაკლოვანებები, წარმატებები და უნდა მივუჩინოთ დამსახურებული ადგილი იმ ადამიანებს, რომლებიც სიცრუის პიარკამპანიებში არიან ჩართული.
მოვუწოდებ უმრავლესობას, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩავა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, დაელაპარაკება ადგილობრივ მოსახლეობას და გააცნობს ყველა იმ სიკეთეს, რასაც ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებს.
ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენა ესწავლათ და კარგი შედეგებიც გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ღრმა სოფლებში, ძირითადად, უფროსი თაობის ადამიანებმა, ჯერ კიდევ არ იციან ქართული ენა. ამიტომაც, მათ არ შეუძლიათ გაიგონ ის, რასაც სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისთვის აკეთებს. ზოგს სამკურნალოდ ექიმთან მისვლა უნდა და ისიც არ იცის, რომ არაერთი დაავადების მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს. მაგალითად, არ იციან, რომ გულის ოპერაცია და უმძიმესი დაავადების, ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა სრულიად უფასო გახდა; არ იციან, რა შემთხვევაში როგორი შეღავათები ეკუთვნით და კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს ავუხსნით ადამიანებს.
დეპუტატები უნდა დადიოდნენ თავიანთ ამომრჩეველთან და ელაპარაკებოდნენ მათ, რადგან ხალხს ოპოზიციის ტყუილების უფრო სჯერა, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლებისა. უნდა ჩატარდეს ტრენინგები, შეხვედრები, უნდა იმუშავონ პარტიის ავტორიტეტზე… 2012 წელს 17 რაიონში და 90 სოფელში ფეხით ვიარე, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ჩვენი აზერბაიჯანელები და ახლაც გავაკეთებ იგივეს, თუკი ეს ჩემს ქვეყანას მშვიდობას და ბედნიერებას მოუტანს.
– სამაგიეროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ეზარებათ რეგიონებში სიარული: ოფისებს ხსნიან, წარმომადგენლებს ნიშნავენ და ამომრჩეველსაც უამრავ დაპირებას აძლევენ…
– გეთანხმებით. დღეს ვუსმენდი „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის გამოსვლას, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ოფისებს ხსნის და პარტიის წარმომადგენლებს ნიშნავს, – მათ შორის მარნეულშიც და მინდა შევახსენო მას, რომ სწორედ მათი, ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელმძღვანელობის პერიოდში 15 ოჯახს გაუყიდა ბინები მარნეულში „თიბისი ბანკმა“, თან ისე, რომ მეპატრონეებიც არ გააფრთხილა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში კორუფციით და ათასი მაქინაციით მდიდრდებოდნენ და ახლა რა სინდისით დგანან ხალხის წინაშე, როგორ ბედავენ და ატყუებენ მათ?! რატომ ჰგონიათ, რომ ხალხი ამას დაიჯერებს?
ზოგი ათასლარიან პენსიას ჰპირდება პენსიონრებს. საიდან, როგორ?! – ეს კითხვა ხომ უნდა გაუჩნდეთ ადამიანებს!
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომ მოუწოდებს ქართველ ხალხს, ოღონდ თქვენ გამათავისუფლეთ და უკეთესი მომავალი ექნება საქართველოსო, ამდენი წლის განმავლობაში რომ ატერორებდა, ხოცავდა და აწამებდა ადამიანებს, რატომ თვითონ არ შეისმინა არავის ვედრება? გამოვიდეს მაშინ, ერთხელ მაინც მიხეილ სააკაშვილი, სახალხოდ და კაცურად აღიაროს, რომ შეცდა, რომ დააშავა და პატიება ითხოვოს. თქვას, რომ ბევრი ცოდვა ჩაიდინა და განიცდის ამას და იქნებ მოულბოს კიდევაც ვინმეს გული! ის კი პირიქით, იმუქრება და მხარდამჭერებს, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს! ან ვაშაძე როგორ ჩნდება ხალხში, ეს ადეიშვილის მარჯვენა ხელი! მარიონეტი ხაბეიშვილით ხომ საბოლოოდ მოიჭრეს თავი და გააფარჩაკეს თავიანთი პარტია! რისი იმედი აქვთ? ხომ ხედავთ, დაერივნენ ერთმანეთს.
– ახალი წელი ახალი რეალობით დაიწყო. ევროკავშირს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, რასაც უკვე კარგა ხანია ველოდით…
– რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო დამსახურებულად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა სცადა, ამაში თავისი წვლილი შეეტანა. კარგი იქნებოდა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც ამომრჩევლის გვერდით დამდგარიყო და ამ საერთო მიღწევაში ავანგარდული როლი ეთამაშა, მაგრამ მისმა მოღალატეობრივმა ქცევებმა ამომრჩეველს იმედი გაუცრუა.
ცოტა ხნის წინ ქალბატონი პრეზიდენტი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა, რაც იყო იმის აფიშირება, რომ თითქოს ქვეყნის პრეზიდენტს ახსოვს ისინი და ძალიან აღელვებს მათი ბედი.
ახლა მე ვეკითხები სალომე ზურაბიშვილს, რა გააკეთა მან თავისი საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის?! – თუნდაც ერთი მაგალითი დაგვისახელოს! რამდენი აზერბაიჯანელი შეიწყალა, ან ეროვნული უმცირესობის რამდენ წარმომადგენელს მისცა დამსახურებული ჯილდო?! პრეზიდენტმა იმედი გაუცრუა ერთგულ ადამიანებს და არამხოლოდ პრეზიდენტმა, ბევრმა ისეთმა ადამიანმა უღალატა პარტიის ლიდერის ნდობას, ვინც მან თავის დროზე გვერდით დაიყენა. “ენჯეოებისგან” დაფინანსებულმა უმადურებმა ისიც კი იკადრეს, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევის _ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაკრიტიკება დაიწყეს. კარგი იქნება, თუ მმართველი გუნდი ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს.
– ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, როგორც ვიცი, ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში. შედეგად, მათმა უმრავლოსობამ სახელმწიფო ენა ისწავლა და უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდა…
– ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება, მათ შორის, განათლების მიმართულებით. ადრე თუ ქართულს არ სწავლობდნენ, ახლა მშობლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ საბავშვო ბაღიდანვე ისწავლოს მათმა შვილმა სახელმწიფო ენა, რათა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირდეს, დაამთავროს უმაღლესი სასწავლებელი და საქართველოში დასაქმდეს. მოვიდა დრო ვთქვათ, რომ ბევრი აზერბაიჯანელი, სომეხი თუ სხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა სპეციალობას ეუფლება. ბევრი წარმატებით ამთავრებს უნივერსიტეტს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ ახალგაზრდების დასაქმებასაც შევუწყობთ ხელს. მათი მოზიდვა და შენარჩუნებაა საჭირო, როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში… რათა იძულებულნი არ გახდნენ, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. ახლა ახალგაზრდების დროა, თანამედროვე ცხოვრებას ახლებური ხედვა სჭირდება და კარგი იქნება, რომ ასაკოვანმა დირექტორებმა თუ პედაგოგებმა, რომლებიც თანამედროვეობას ვეღარ ეწევიან, გზა იმ ახალგაზრდებს დაუთმონ, ვინც ქართული ენა იცის და ვისაც შეუძლია თაობები ახლებურად აღზარდოს. ეს არის ჩვენი მისია, – გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს და ახალ თაობას მივცეთ საშუალება, რომ იყოს მასწავლებელი, იყოს დეპუტატი, იყოს საჯარო მოხელე… და სახელმწიფოს მშენებლობაში ჩაერთოს.
მინდა აღვნიშნო, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სწავლა-განათლებაში დიდი წვლილი მიუძღვის კომპანია „სოკარს“, რომელიც აზერბაიჯანელი სტუდენტების სწავლას აფინანსებს და კარგი იქნება, თუ მას სხვა აზერბაიჯანული კომპანიებიც მიბაძავენ.
ნონა ქარქაშაძე