საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

2023 წლის მოკლე პოლიტმატიანე დიდი ფინალით – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

2023 წლის მოკლე პოლიტმატიანე დიდი ფინალით

 

დადაგა 2024 წელი, ახალი 365-დღიანი კალენდარული ციკლი ახალი გამოწვევებითა და ახალი იმედებით. აწმყო წარსულის გარეშე ვერ დადგებოდა, ამდენად, გადავხედოთ გასულ წელს, რაც მოგვეწონა, კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავიმეოროთ; რაც არ მოგვეწონა, გამოვასწოროთ და აღარ გავიმეოროთ…
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამდენად, შესაძლოა, ის, რაც მე გულსა და გონებაში ჩამრჩა 2023 წელს, სრულებით არ იყოს აღსანიშნი სხვისთვის, ან _ პირიქით.
შარშანდელი წლის თბილისის საახალწლო სლოგანი იყო “თბილისი _ მშვიდობის ქალაქი”. ძალიან ბრაზობდნენ შარშან ამ დროს ქუჩის პოლიტმღილები, ჩვენს სამეზობლოში არ არის შუქი, არ არის სინათლე, იხოცება ხალხი და ლაპარაკი იმაზე, რომ აქ მშვიდობაა, ძალიან უხერხულიაო.
“სამეზობლოში” სიტუაცია წელსაც არ შეცვლილა, თბილისი კი ახალი სლოგანით შეხვდა ახალ წელს “თბილისი _ ევროპული ქალაქი”.
მადლობა ყველას, ვინც სამართებლის პირზე ისე გაგვატარა, რომ მშვიდობის ქალაქიდან ევროპულ ქალაქში უღრუბლო ცის ქვეშ მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი. მართებული იქნებოდა, რომ საქართველოს ჰქონოდა სლოგანი “საქართველო _ მშვიდობის ქვეყანა”.
მოკლედ და მსუბუქად მიმოვიხილოთ, რა ხდებოდა 2023 წლის იანვრიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო, აღსანიშნი, ზოგჯერ სასაცილოც კი.

გვერდს ვერ ავუვლით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც გასული წლის იანვრიდან წლის ბოლომდე ისეთი სასწაულებრივი ცვლილება განიცადა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივ, რომ “ვივამედის” კლინიკა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატი უნდა იყოს წესით _ გადადებულ სნეულს უთვალავი დაავადება გადაატანინეს, დემენციისგან კი სასწაულებრივად განკურნეს.

ვერც მეგი გოცირიძის გოდებას ავუვლი გვერდს: “თუ გადაშენების პირას მყოფ საქართველოს და ყოფილი ერების მომლოდინეთა რიგში ჩაწერილ ქართველ ერს ოდესმე ეღირსება ეროვნული ხელისუფლება და კაცთმოყვარე, ჭეშმარიტად მორწმუნე, კაცთმოყვარე ქრისტიანი სინოდი საჭეთმპყრობელითურთ, სამშობლოსთვის წამებულ და გოლგოთაგამოვლილ მიხეილ სააკაშვილს წმინდანად შერაცხავსო”. უკრაინელებისგან მოიპარა ქ-ნმა მეგიმ მიშას გაწმინდანების იდეა თუ უკრაინელებმა მოჰპარეს ქართველ მიშამადიდებლებს “წმინდა მიხეილის” უკრაინის მფარველ წმინდანად გამოცხადება _ ორივე შემთხვევაში კლინიკური სურათი სახეზეა, მაგრამ მაინც…

ექსპრეზიდენტს მოქმედი პრეზიდენტი უნდა მივადევნო, რომელმაც გასული წლის დასაწყისშივე თავად მოჰფინა ნათელი იმას, რასაც ხალხი ამბობდა _ საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად ხელში შეგვრჩა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თანაშემწე, უცხო ქვეყნების ინტერესების მსახური ბიუროკრატი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.

ბატონმა პრემიერმა შუა დერეფნის ბილიკიდან გზატკეცილამდე გაგვიყვანა და ისეთი ფინალური სიტყვა თქვა ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, რომ დამსწრე საზოგადოება მოხიბლული დარჩა. ირაკლი ღარიბაშვილი: “ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა გამონათქვამი “ენდე, მაგრამ გადაამოწმე”. დავოსში მოვისმინე საინტერესო ფორმულა “არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე”. _ ასე რომ, მე მჯერა თანამშრომლობის!” ეს ისეთი გზავნილი იყო პრემიერისგან, ადრესატამდე შხუილით მივიდა!

იმ დროს, როდესაც შვეიცარიის ალპებში საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, ისეთი ამბავი ედგა მავანთ, რაღა თორიას კასრი და რაღა “ენმ”.

ასეთ რია-რიაში, მათი ბელადი “შპიგელს” რომ გაენდო, თუ ცოცხალი დავრჩი, ჩემს მომავალს უკრაინაში ვხედავ ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობითო, იწვა ჩუმად და ფიქრობდა, რა ეთქვა, ვინ ჩამომიტყუა საქართველოშიო? მისი ნათქვამი ასე იკითხებოდა: ჩემი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმილი იყო და ვინც დაგეგმა, რუსები არ იყვნენ, დამგეგმავები იყვნენ რუსეთის აგენტებიო. იმ კონდიციამდე იყო მისული, ან მართლა უნდა გაიტაცებინათ, ან ალაპარაკდებოდა, რასაც მთლად კარგი ამბავი არ მოჰყვებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ჩააჩუმეს და ამ თემაზე ჯერჯერობით დღემდე დუმს.

გასული წლის 18 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმერთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სიტყვა დაასველა, რომ საქართველოს ხელისუფლების გაწონასწორებული პოზიცია ყურადსაღები იყო, რაც შესაძლებლობას იძლეოდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 2019 წლიდან ცალმხრივად შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი გადახედულიყო.
ამის თქმაზე ისეთი ამბავი ატყდა, საქართველოს პრეზიდენტი და აშშ-ის მაშინდელი ელჩი ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, ფრენების აღდგენას არ მივესალმებითო; სჯობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე იფიქროთო, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარ ქვეყანაში ცალმხრივად თვითონ აკრძალა ფრენები საქართველოს მიმართულებით და თუ აკრძალვას მოხსნიდა თავისივე ქვეყანაში, საქართველო არაფერ შუაში იყო… და კიდევ, კავკასიაში სამი ქვეყანა ვართ დღემდე და რატომღაც სომხეთს და აზერბაიჯანს არ ეტევებოდნენ, ნუ გაქვთ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლაო…

ამ ადომხალებულ სიტუაციას თან დაერთო ე. წ. ოპოზიციის მხრიდან უკუღმა წაკითხული ევროკომისიის ანგარიში. პაველ ჰერჩინსკი ამბობდა: “მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება”, ოპოზიცია კი წიოდა: წარმოუდგენლად მაგარი შანსი გაგვიჩნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსისა უკრაინის წყალობით _ ეს ერთი და პირველი; ხოლო მეორე, _ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ აღნიშნული სტატუსი არ მიგვეღო, ბოლომდე გადააზღვია და კანდიდატობის სტატუსის მიღების განხილვამდე ცოტახნით ადრე დაიჭირა გვარამია, რითიც ბეჭედი დაუსვა სტატუსის თემასო. ეს როგორ დამავიწყდებოდა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი თურმე ნიკა გვარამიაზე გადის?

უარი კი გვტკიცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ რაღაცაში იყო საქმე, საკმაოდ დადებითი ანგარიში გამოაქვეყნეს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ირაკლი კობახიძე სტრასბურგში იმყოფებოდა 22-24 იანვარს, შეხვდა მარია ბურიჩსა და ტინი კოგს (მას დაუჭირა მხარი საქართველომ), ხოლო 31 იანვარს ევროპის საბჭომ შეგვაქო და უპირობოდ აღიარა საქართველოს ევროპული მომავალი.

ამასობაში თებერვალი დადგა, ხეში წყალი ჩადგა და სუპერაფერისტებმა ორი კურდღლის დაჭერაზე ოცნება სახელმწიფო გადატრიალების ეგიდით დაიწყეს _ ძველმა აფერისტები კიდევ ერთხელ ჩაიფიქრეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და. ა.შ.
“უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტის ჯერ მხოლოდ ხსენებამ ისეთი ამბავი გამოიწვია ცალკეულ პირებში, რომ ფართო საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, როდის მიიღებდნენ ამ კანონს, ან მიიღებდნენ თუ არ მიიღებენ საერთოდ _ ინიციატივამ უკვე გააკეთა თავისი საქმე, აყვირდნენ ისინი, ვინც საკუთარ თავზე მიიღო იმ სახელის დარქმევის რეალური განაჩენი, რანიც არიან სინამდვილეში. ლუსტრაცია მოხდა!
აღნიშნულ ინიციატივას ისეთი მწვავედ კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა, მრავლისმომსწრე ადამიანიც კი გაოცდებოდი _ იმ გაერომაც კი ამოიგდო ბეჭი, რომელიც მსგავსი განცხადებებით არ გამოირჩევა. ევროკავშირი რას ჩააკვნესებდა, აშშ-ის ელჩის პირით აშშ (“ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს კანონი არ არის საჭირო”), ან მის კალთას გამობმული საქართველოს მადამ-პრეზიდენტი (“ვეტოს დავადებო”), დიდი გამოსაცნობი არ იყო, მაგრამ გაკაპასებული ქართველი ქალების ისეთი ხავილი და ძალაზე მოსვლა მოჰყვა, ყველა “მსოფლიო დონე” გადაფარა. მადამ პრეზიდენტიც გამოენთო “პირდაპირ ვაცხადებ, რომ კანონს “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” ვეტოს დავადებო და აშშ-ში უკვე დაბარებული, შემდგომ იქიდან ამხნევებდა და მხარს უჭერდა პოლიციელებზე თავდამსხმელ გზააბნეულ ახალგაზრდებს… კვლავ არ გამოუვიდათ სახელმწიფო გადატრიალება…

ამასობაში ხეებიც გაიკვირტა და სასწაული გადაძახილი ატყდა შინ თუ გარეთ, რას ჰქვია, საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს, უნგრეთში შეკრებილ პოლიტიკოსებთან და ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს და მომხსენებლადაც კი წარსდგება საერთაშორისო (ჩPAჩ) კონფერენციაშიო?!
კონფერენცია, რომელზეც ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, 1974 წელს დააფუძნეს ამერიკელმა კონსერვატორებმა და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, ევროპაში კი მეორედ ტარდებოდა უნგრეთში, რა იყო საწიოკო, სიტყვა “კონსერვატორი”? ყველა შემთხვევაში, ჩვენ ის გავიგეთ, რომ მავანთათვის ღმერთი, სამშობლო, ოჯახი _ ეს ცნებები პუტინისტური ყოფილა…

მცირე ხანში ტელევიზიით გავრცელდა დოკუმენტური მასალა, სადაც “ჩვენებიც” და “სხვებიც” ახალგაზრდებთან ე. წ. ტრენინგებს ატარებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საფუძვლებში _ ესეც ჩაუვარდათ…

რაღაც მავნებლური ხომ უნდა ექნათ და იდგა შეშინებული რეზიდენტი პრეზიდენტი სათაგურში გამომწყვდეული თაგვივით და სწორედ რომ შეშინებული თაგვივით ჰქონდა გუგები გაფართოებული. საბრალო, სიტყვების გარეშე ამბობდა, რომ დავალება არნახული ზეწოლის გამო შეასრულა, შეიწყალა მისი მაგინებელი ნიკა გვარამია. მე არ ვაპირებ განვმარტო, რატომ ვიქცევი ასეო, _ ესღა ამოღერღა, იმ მცირეოდენად შერჩენილ, მაგრამ დაღვენთილ ღირსებას ასეღა მოებღაუჭა…

იმას რა დამავიწყებს, რაც პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა _ მიშას ბიოლოგიური ნიმუში ქაღალდში რომ გადაახვია, წინდაში ჩაიდო და მის მალულად გატანას ცდილობდა. ხმად არის გავარდნილი, რომ ქართველები ევროპაში იპარავენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებათ. ჩამონათვალში რას არ გადააწყდები კაცი, მაგრამ ქართველს ევროპელის ბიოლოგიური მასალა მოეპაროს, არ გამიგია. უცნაურები არიან ევროპელები, რა მოიპარონ, აზრზე ვერ მოდიან.

ამასობაში, ცოტა უცნაურად გამოეწყო საქმე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში საქართველო ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად იქცა. ვისაც ესმის თანამედროვე მსოფლიოში ჩინეთის როლი და ელემენტარული წარმოდგენა აქვს ჩინეთის ეკონომიკაზე, ის კი მიხვდება ამ მართლაც ისტორიული ვიზიტების არსსა და ფასს. უბრალოდ, უხერხულია მავანთა მხრიდან ბატონი პრემიერის წარმატებების იგნორირება. მაგრამ ფაქტი ერთია, გონივრული საგარეო პოლიტიკური მიდგომებით კეთდება სახელმწიფოებრივი საქმეები. ვისაც ამის დანახვა და აღიარება არ უნდა, სხვა თემაა, სახელად მათ “ქვეყნის მავნებლები” ჰქვიათ. თანამედროვე გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, სადაც, თითქოსდა უკვე ყველა ფიგურა გადანაწილებულია, საიდანღაც ჩნდება რაღაც პატარა საქართველო და ისტორიულ ფუნქციას იძენს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში ჩამოვიდა და როგორ გაბედა პრემიერმა ბორელთან შეპასუხებაო, აჟივჟივდა ე. წ. ოპოზიცია და სასწრაფოდ პრემიერის იმპიჩმენტის საკითხიც დააყენა.
რა დააშავა ბატონმა პრემიერმა? _ მაქსიმალურად კორექტულად გააგებინა ევროკავშირის გაქსუებულ უმაღლეს წარმომადგენელს, რომ სამართლიან მოპყრობას მოვითხოვთ. უთავმოყვარეო ე. წ. ოპოზიციიდან ის არავის უკითხავს, რისთვის ჩამოვიდა ბორელი საქართველოში. არაფერი შეშლია ბატონ პრემიერს, პირიქით, შენიშვნის მიცემა ძალზე წაადგათ მიკერძოებულ ევროპელებს!.. საქვეყნო საქმე ჰქონდა გასაკეთებელი ბატონ პრემიერს, ნიუ-იორკში სიტყვა ჰქონდა სათქმელი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე და დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები კიდევ ცალკე.

იმდენი იცეტა საქართველოს ე. წ. პრეზიდენტმა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურის გადაწყვეტილება მიიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაასახელა კონკრეტული პირები და ორგანიზაციები, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავენ ხელისუფლების პრორუსულობის ეგიდით, რაც, საბოლოოდ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ითვალისწინებდა და, ცხადია, უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმებოდა. დაასახელა სუს-მა ახალგაზრდული ორგანიზაცია “კანვასიც”, რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია “ოტპორი”. გავიხედეთ, სერბები იყვნენ დაკითხვაზე და გაუთქმელობის გამო ვერც მათ თქვეს რამე და ვერც ადვოკატმა, ერთი ის ამოღერღეს, აბსურდული ბრალდებააო. რევოლუციური სცენარებისთვის რომ ახალგაზრდული ჯგუფები მზადდებოდა ყველგან, ცნობილი ამბავი იყო…

ამასობაში, ქალბატონი ე. წ. პრეზიდენტი “კოჭლ იხვად” იქცა, მაგრამ არ ეტყობოდა, რომ წუხდა, პირიქით, ერთგვარად კმაყოფილი იერიც კი ედო სახეზე, აი დარდი, თუ “კოჭლი იხვი” დამერქმევა, ჯონსონი, კარტერი და ნიქსონი თუ იყვნენ “კოჭლი იხვები”, რა დააკლდათო?

უახლოესი წარსულიდან კარგად მახსოვდა ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის მწარ-მწარე ფრაზები, ოპოზიციის გარდა, ყველას ყველაფერს რომ გვიწუნებდა. შემდეგ, უეცრად რაღაც დაემართა და “გლობალური კარიბჭის” ფორუმზე ჩვენი პრემიერი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვია. რომ არ მიეწვია _ გამიკვირდებოდა, მაგრამ რომ მიიწვია, უფრო გამიკვირდა!..
როდესაც ბატონმა პრემიერმა ბრიუსელის ტრიბუნიდან მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო რეგიონალურ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად გადაიქცევა, კმაყოფილს ჩამეღიმა.
“შუა დერეფანი” ვართ, ამაზე საკვირველი ადგილი დედამიწაზე არ არის, ჩვენ გარდა ყველა ხედავს და აქ თვალზე ხელს ვინც იფარებს და ყურებს იხშობს, რა მტრობა სჭირთ ასეთი საკუთარი სამშობლოსი?
“აბრეშუმის გზა” ოდითგანვე საქართველოზე გადიოდა და ისევ გაივლის. სხვა უმოკლესი გზა რომ არსებობდეს, აქამდე გაივლიდა!..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო “პარიზის მშვიდობის ფორუმში”.
ბატონი ღარიბაშვილი, იმყოფებოდა ემანუელ მაკრონისა და ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე, რომელიც “პარიზის მშვიდობის ფორუმის” მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გამართა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა რომელსაც ქართულ ენაზე დაწერილი სტატუსი ერთვოდა: “ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით”.
მნიშვნელოვანი იყო ბატონი პრემიერის გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე “თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში _ მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე”.
პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გაურკვევლობებისა და არაპროგნოზირებადობის პერიოდში ვცხოვრობთ, რის მაგალითადაც უკრაინაში მიმდინარე ომი დაასახელა, რომლის არც დასასრული ჩანს და არც ამ ომიდან გამოსავალი. დაასახელა კონფლიქტები აფრიკასა და ნებისმიერ სხვა წერტილებში და აღნიშნა, რომ ყველა კრიზისა თუ კონფლიქტში გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობისკენ სწრაფვა; რომ მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშვიდობის მისაღწევად.

ამასობაში, “ნაცსექტა” ისე დაშალა უხილავმა ხელმა, ურობოროსივით საკუთარი თავის ჭამა დაიწყეს. სანაპიროზე, “ვეფხისა მოყმის” ძეგლთან რომ საბჭოეთის დროინდელი “აღსანიშნავი” შენობაა, სწორედ ისეა მათი საქმე, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, ვერაფრით აწმინდავებენ.

რაღაც უცნაური სიჩუმეა დასადგურებული აშშ-იდან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან და უკრაინასთან დაკავშირებითაც, რომელსაც ზედ გვაკრავდნენ. თითქოს აღარც ახსოვს უკრაინა _ ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილა ისრაელი ამერიკისთვის, მაგრამ ჩვენ? რას უნდა მოასწავებდეს ეს დუმილი, ქარიშხლის წინ გარინდებას თუ ხანგრძლივ შტილს? არ ვენდობი იანკებს!

2023 წლის 30 დეკემბერი. დიდი ფინალი! ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა!
დღევანდელი საქართველო ის საქართველოა, რომელზეც ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც ხუთი წლის წინათ, რომ ევროპის ნაწილი გახდებოდა რამენაირად… ეს ჩემი საქართველოა, რომელიც აუცილებლად იტყვის თავის კუთვნილ სიტყვას მსოფლიო ასპარეზზე. ალური კუდიანებს! გავაქართველეთ ევროპა!
თვალს მიეფარა საკმაოდ მძიმე და დაძაბული 2023 წელი, რომელიც, ამასთანავე, ტრაგიკული იყო, გაგვიწყრა ბუნება… იმედი ვიქონიოთ, რომ 2024 წელი მხოლოდ წარმატებული და მშვიდი იქნება…

ნინო დაუშვილი