საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ბიძინა ივანიშვილი ქართულ სინამდვილეს განსაზღვრავს – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ბიძინა ივანიშვილი ქართულ სინამდვილეს განსაზღვრავს

 

“საერთო გაზეთის” სტუმარია ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი:

_ ზაზა, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური კამპანია დაიწყო. ამ პროცესის გახსნას ხელი ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ შეუწყო. როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის ქართულ პოლიტიკაში მისი დაბრუნება?
_ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით ქართული პოლიტიკა ბევრად სტაბილური, გარე რყევებისგან დაცული იქნება. ასევე, საგარეო ურთიერთობები და ის საფრთხეები, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, უფრო მდგრადი გახდება. მთლიანობაში ბატონი ბიძინას დაბრუნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრად არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. რიგი ქვეყნები, მაგალითად, აშშ, ჩინეთი საკუთარ დღის წესრიგს თავად ქმნიან. მათი შიდა პოლიტიკა გარესამყაროზე აისახება. ჩვენთან ყველაფერი, პირიქითაა.
_ ჩვენი პირველი ინტერვიუ სწორედ პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლისას ჩაიწერა. მახსოვს, მითხარით: ღვთის ნებაა ის, რასაც ადამიანი როგორც შემთხვევითობას ისე აღიქვამს, რისი ახსნაც ადამიანს არ შეუძლია. სწორედ ასეთი “შემთხვევითობაა” ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლაო. ამჯერად ეს “შემთხვევითობაა”, თუ…
_ გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი ქართულ სინამდვილეში არის ფაქტორი. როცა იგი პოლიტიკაში მეორედ დაბრუნდა, ეს გარკვეული ტიპის კრიზისს უკავშირდებოდა. ახლა არავითარი კრიზისი არ არსებობს. პირიქით, ოპოზიცია, როგორც თავად აღნიშნა, აბსოლუტურად დეგრადირებულია. აქედან გამომდინარე, ესეც ერთგვარი გამოწვევაა, რომ არჩევნებში დიდი უპირატესობით კვლავ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს, რასაც, შესაძლოა, ჩვენი ე. წ. პარტნიორების, დამკვირვებლების მხრიდან გარკვეული რეაქცია მოჰყვეს. მსგავსი რისკების მინიმუმამდე დაყვანა _ ესეც ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზია. 2024 _ არჩევნების წელია აშშ-შიც, სადაც ყველაფერი გაურკვეველია. თან, პარალელურად, ორი ომი მიმდინარეობს და, შესაძლოა, ტაივანთან დაკავშირებით, მესამეც დაიწყოს. ივანიშვილის გამოჩენა, გარკვეულწილად, ამ გამოწვევებზე პასუხია. ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება გარანტიაა, რათა საქართველოში არ მოხდეს ახალი ფერადი რევოლუცია, რომლის შანსი ძალიან დაბალია, თუმცა რისკები მაინც არსებობს. ამის მაგალითად წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებული ისტორიაც კმარა. მსგავსი მცდელობები კიდევ იქნება. ამ თემის შემოგდებით დაიტესტა, თუ რამდენად შესაძლებელია საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა.
ბუნებრივია, ეს დიდი ხნის მოფიქრებულია. ჯერ “აღმოაჩინეს” ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული. ვიღაცამ ხომ მოძებნა ეს ხატი, მერე ამის შესახებ გააჟღერა. ეს დღეს არ დაწყებულა, ხატი თვეებია, რაც ჩამოტანილია. ახლა ერთმანეთს ეკითხებიან: მატრონა ვინ იყოო. ლადარიამ თქვა, ვიღაც, რუსი გიჟი იყოო. ვიღაცამ ბერ გაბრიელს შეადარა.
_ თქვენ აღნიშნეთ: მეორედ ივანიშვილის მობრუნება გარკვეულ კრიზისს უკავშირდებოდაო. ამჯერად, პოლიტიკაში დაბრუნება ნიშნავს თუ არა, რომ მმართველ პარტიას გაუჭირდა?
_ არ მგონია. მსგავსი ტიპის პრობლემები ყველგანაა. გარე ძალების მთავარი პრობლემა ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავს და უპირობოდ იმარჯვებს. დასავლეთი კოალიციური მთავრობის შექმნას ითხოვს, რათა პროცესები მარტივად მართოს. ბუნებრივია, ცეკა-ს მდივანს ვერ დაგვინიშნავენ, ამიტომ სჭირდებათ კოალიცია, რათა რიგი პრობლემები, შესაბამისად, აშშ-ის, ბრიტანეთის, ან საფრანგეთის ელჩთან გადაწყდეს. გააჩნია, ვის დაეკისრება ეს მისია. აშშ-ს ახლა ამისთვის არ სცხელა. ამიტომ, რომელი ქვეყნის ელჩიც იაქტიურებს, მას გადაგვაბარებენ, ოღონდ არ მგონია, ეს დანია იყოს. თუმცა, ამ ქვეყანას სერიოზული კულტურა აქვს. მაგალითად, მე უდიდეს პატივს ვცემ დანიელ ფილოსოფოსს ზერენუს კირკეგორს.
ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” მეშვიდე ყრილობაზე ყურადღება ოპოზიციის სისუსტეზეც გაამახვილა. ზოგადად, ოპოზიციას ლეგიტიმურობა გააჩნია. თუმცა, ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია პირდაპირ მეხუთე კოლონაა.
ნაცებს ძალიან საინტერესო ელექტორატი ჰყავთ, რომელიც მათ არჩევნებზე ხმას აძლევს, მაგრამ აქციებზე არ გამოდის. ანუ, “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველს, შინაგანად, დესტაბილიზაცია არ სურს.
1988 წლიდან 2008 წლამდე მოყოლებული, ომების ოცწლიანი ციკლი გამოვიარეთ _ სად, ვის არ ვეომეთ, თავს რა აღარ დავიტეხეთ, შესაბამისად, იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა. “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, ღვთის ნებით, საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს. ჩვენ მშვიდობისთვის ვიბრძვით.
დავუბრუნდეთ არჩევნებს, რაც აშშ-ისთვის პრობლემატურია, რადგან იქ შიდა წინააღმდეგობებია. საქართველოსთვის კი არჩევნები პრობლემატურია, რამდენადაც ის გარედან მართულია. არჩევნები მთავარი ხიფათია. ჩვენი ტიპის ქვეყნები, არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით, მეორე, მესამე დღეს, მოწყვლადია _ მთლიანად საერთაშორისო აღიარებაზე ვართ დამოკიდებულნი. ჩვენ ხომ რუსეთი არ ვართ. პუტინს სულ ფეხებზე ჰკიდია, აღიარებენ თუ არა მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს. ისეთი ტიპის ქვეყნები, რომელთაც სუვერენიტეტი აქვთ, საერთაშორისო აღიარებაზე დამოკიდებულნი არ არიან. საქართველოში კი არჩევნების არაღიარება შიდა ძალებისთვის _ მეხუთე კოლონისთვის პირდაპირ გააქტიურებისკენ მოწოდებას ნიშნავს. ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს, მაგრამ ქაოსში ქვეყნის ჩათრევა ნამდვილად შეუძლია, რისი შესაძლებლობაც სწორედ არჩევნების მეორე დღეს ეძლევა.
მთავარი რა არის _ თუ ვის აქვს საქართველოში ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია? _ რა თქმა უნდა, ივანიშვილს. სწორედ ამ ლეგიტიმურობის საფუძველზე ხდება საზოგადოების კონსოლიდაცია. ივანიშვილს საზოგადოების მხრიდან უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა აქვს. იგი სტაბილურობის წყაროა. საქმე ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს მშვიდობა და არა დესტაბილიზაცია, რისი გარანტიც ბიძინა ივანიშვილია.
_ ოპოზიცია, წლებია, არჩევნებს გაყალბებულად წინასწარ აცხადებს. უკვე საუბრობენ, რომ ელექტრონული არჩევნები გაყალბების ტოლფასია. ასევე, გვიმტკიცებენ: თუ სააკაშვილს ციხიდან არ გამოუშვებთ, არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლებაო.
_ ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმშია. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალ პროცენტს მიიღებს “ქართული ოცნება”, მით უფრო ხმამაღლა დაიყვირებენ, არჩევნები გაყალბდაო. მათი ბელადი სააკაშვილი, როგორც ფიგურა, განულებულია, მხოლოდ გარკვეული ტიპის სექტანტები უჭერენ მხარს. მას ყველა იყენებს. სააკაშვილი მეფე მიდასივითაა, რომელიც, რასაც შეეხებოდა, ყველაფერს ოქროდ აქცევდა. მიშას შემთხვევაში პირიქითაა _ ვინც მას ეხება, ისიც ნულდება. ვინც სააკაშვილს ხელში აიღებს, სააკაშვილითვე დაეცემა. გახარიასაც იგივე დაემართა _ როგორც კი ერთი წლის მანძილზე შენარჩუნებული სახე დაკარგა, რეიტინგიც ზედ მიჰყვა. ასე რომ, მოსახლეობა, მათ შორის ნაცების ელექტორატიც, აღარ ტყუვდება. მარტის აქციები გაკვეთილი აღმოჩნდა _ ახალგაზრდობა გარეთ გამოვიდა, მაგრამ მალევე მიხვდა, თუ რაში მიიღო მონაწილეობა. ერთადერთი წარმატებული, პრეზენტაციული აქცია “შინ ევროპაში” იყო, სადაც ოპოზიცია არ ჩანდა. მაგრამ როგორც კი “ნაცმოძრაობა” წინა პლანზე გამოვიდა, ხალხიც გაქრა. არსებობს გარკვეული პროევროპული ელექტორატი, მაგრამ აქაც პარადოქსს ვაწყდებით _ ჩვენ ევროპა სტაბილურობისთვის გვჭირდება, ამ დროს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მომხრეები დესტაბილიზაციის წყარონი არიან. მათი ელექტორატი ამ ყველაფერს ხედავს. ამიტომ “შინ ევროპის” აქციებზე გამოდის, მაგრამ, როცა დესტაბილიზაციის რისკი ჩნდება, ელექტორატი საერთოდ ქრება. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, რათა არჩევნების შემდგომ მსგავსი რისკები შემცირდეს და მომდევნო ციკლში დანაკარგების გარეშე გადავიდეთ.
საქმე ის არის, რომ დღეს თავად დასავლეთი შევიდა კრიზისში. აშშ-ში რეალურად სამოქალაქო ომის ვითარებაა _ არჩევნებში გამარჯვებული მხარე დამარცხებულს აუცილებლად დაიჭერს. არადა, აშშ-ის შიდა პოლიტიკა რაზე იდგა? _ ოპოზიციის ლიდერის დაჭერა არ შეიძლებოდა! ჩვენ რას გვიკიჟინებდნენ? _ რადგან მელია ოპოზიციის ლიდერი გახდა, მისი დაჭერა არ შეიძლებოდა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ამერიკა არც მიშას აძლევდა საშუალებას, ოპოზიციონერი ლიდერები დაეჭირა. ახლა, აშშ-მ ეს წესი თავად დაარღვია. ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან. პოლიტიკოსები, ალბათ, ვერ იტყვიან, მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა: ჩვენ ევროპა იმდენად არ გვინდოდა, რამდენადაც ამერიკა. მაგრამ ამერიკაში პირდაპირ ხომ ვერ შევიდოდით, როგორც შტატი. ევროკავშირი ამერიკასთან დაახლოების გარკვეული საშუალებაა. ახლა კი, ჩვენი იდეალი ვინც იყო, ვისაც 60-იანი წლებიდან მოყოლებული, შევსციცინებდით, იქ გაუგონარი რაღაცები ხდება. ასეთ ვითარებაში ჩვენ თვითგადარჩენის პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ლომჯარია რომ გამოდის და ცოტნე დადიანის დისკურსით საუბრობს, გასაგები ხდება, რასაც ნიშნავს გამოთქმა _ პატრიოტიზმი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარია. ანუ, ქალი, რომელიც არაფერს წარმოადგენს, ნულია, ცოტნე დადიანის ენით ლაპარაკობს. საქმე ისაა, რომ უმძიმეს ოცწელგამოვლილ (1988-2008 წლები) საზოგადოებას _ ამ ორგანიზმს არ უნდა, რომ დაიღუპოს. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ქართველი ხალხის თვითგადარჩენის ინსტინქტს გამოხატავს, რის რეპრეზენტირებასაც საუკეთესოდ ახდენს. ეს კონსოლიდირებული საზოგადოება სწორედ მას ენდობა და არა ვინმე სხვას.
ანუ, პირობითად, რეზიუმეს სახით ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: გვყავს ორი ძალა. ერთი გახლავთ კონსოლიდირებული ხალხი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც არ უნდა სიკვდილი. მას თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს. მეორე მხარეს დგას ის, ვინც თვითგანადგურებით არის შეპყრობილი. ყველა ორგანიზმში არის ბაქტერიები, რაღაც დონეზე ეს საჭიროც კი არის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. თვითგამნადგურებლების შემხედვარე, იმუნიტეტს ვიცავთ. თუ ბაქტერიების დონე ორგანიზმში კრიტიკულად მოიმატებს, შეიძლება ორგანიზმი დაიღუპოს, რაც უკრაინას დაემართა. ამ თვითგამნადგურებლებსაც აქვთ გარკვეული საჭიროება _ მათი არსებობა, რაც უფალმა დაუშვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა ვიცოდეთ, როგორ არ უნდა მოვიქცეთ.
_ წეღან გახარია ახსენეთ. იგი ივანიშვილს დებატებში იწვევს…
_ მეც ავდგები და დებატებში ტრამპს გამოვიწვევ. დაჯდება ტრამპი ჩემთან სადებატოდ? _ არა, ხომ. რაც მე ვარ ტრამპთან, იგივეა გახარია ივანიშვილთან.
_ ივანიშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. რამდენად მოსალოდნელია საკადრო ცვლილებები?
_ ივანიშვილი საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ეს ნიშნავს, რომ ის ძალები, რომლებიც პოლიტიკიდან მის წასვლას მოითხოვდნენ, შესუსტდნენ და ამ თემით იმდენად დაინტერესებულნი აღარ არიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ “ზონას” მეთვალყურე აღარ ჰყავს. უბრალოდ, “დიდმა ბიჭმა” (ამერიკა) “ზონის” მეთვალყურეობა სხვას დაავალა. ახლა საქართველოს ვიღაც “უყურებს”. მე არ ვიცი, ეს ვინ არის. ვახსენე, რომ “დიდ ბიჭს” დრო არ აქვს, სამ ფრონტზე იბრძვის. ამიტომ ეს საქმე ქვემდგომს დაავალა. ამას თავის რისკები აქვს. ერთი მხრივ, კარგია, რომ რაღაც ეტაპზე გავიმარჯვეთ და ჩვენი ძალა ვაჩვენეთ, რის გამოც კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.
კანდიდატის სტატუსის მონიჭება რას ნიშნავს? _ ჩვენს საქმეებში პირდაპირ ვეღარ ჩაერევიან, მაიდანს ვეღარ მოგვიწყობენ. მაგრამ ვიმეორებ, ყველაზე დიდი რისკი ისევ და ისევ არის არჩევნების მეორე დღე, როცა შეიძლება შედეგები არ აღიარონ. ასეთ შემთხვევაში ყველა დესტრუქციულ ძალას ხელ-ფეხი გაეხსნება.
ზემოთ, წმინდა მატრონასთან დაკავშირებვული ისტორია ვახსენე. მატრონა კი არა, ნაცებმა წესიერად თავიანთი ლიბერალიზმიც არ იციან, რაც ბედნიერებაა, რადგან სწორედ ამ არცოდნამ გადაგვარჩინა. ეს ვითომ ლიბერალები რელიგიურებიც არიან, ოღონდ მათი თაყვანისცემის ობიექტი მიწაზეა და არა ზეცაში. თაყვანს სცემენ აშშ-ის დეკლარაციას, რომელიც მათთვის არის ყურანი. ევროკავშირის დროშა თუ დაწვი, დასაჭერი ხარ და ხატს თუ საღებავს შეასხამ, ეს თურმე არაფერია. რატომ? _ იმიტომ, რომ მათთვის ის დროშაა საკრალური. სინამდვილეში ხომ ყველაფერი საკრალურია. ვიღაცისთვის საკრალური არის ტაძარი, ვიღაცისთვის _ ლგბტქ+. ვიღაცისთვის ყურანი არის დეკლარაცია და ა. შ. ერთი საკრალური ებრძვის მეორეს, მესამე მეოთხეს და ა. შ. სახარებაში ნათქვამია: სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი დრო, რომელიც რაღაცის სიყვარულში ჩადო. წარმოიდგინე, რომ მისი თაყვანისცემის ობიექტი ინგრევა ან კვდება, მაგრამ მას ეს არ სჯერა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ადამიანი არის რელიგიური, მაგრამ ამის არტიკულირება ნებისმიერს არ შეუძლია. დეკლარაცია ან დროშა ცუდი კი არ არის. მთავარი დამოკიდებულებაა, როცა ამას როგორც საკრალურ ობიექტს, ისე აღიქვამ. მაგრამ პარადოქსი იცით, რა არის? _ ნატა ფერაძე, რომელიც ხატს საღებავს ასხამს, ამით მის საკრალურობას ამტკიცებს. აი, ამაშია საქმე. თუ ამის სეკულარიზაცია გინდა, ეს ასე არ ხდება. მთელი ამბავი ის არის, რომ სეკულარიზაცია არ არსებობს. ისინი, უბრალოდ, ცდილობენ, ქრისტიანობა გარეთ გაიტანონ და მის მაგივრად სხვა ხატი შემოიტანონ.
გაიძახიან, სამების ტაძარი უნდა დაინგრესო. რატომ? _ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ააშენა. ამიტომ კართაგენი უნდა დაინგრეს.
შეიძლება საკრალური იყოს სხეულის ის ნაწილი, რომელიც აბანოში გამოჩნდება, თეთრია თუ შავი. ანუ, საკრალური მათთვისაც არსებობს. რადგან არსებობს ეს დაპირისპირება, ამიტომ შებილწვაც არსებობს. როცა ხატს საღებავს შეასხამ, ამით ამ ხატს და საკრალურის მნიშვნელობას ამტკიცებ. ეს ძალიან საინტერესო მომენტია.

თამარ შველიძე