საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ტაში, კუკური, ევროპაში ვართ! – საერთო მედია
სექტემბერი 16, 2024

ტაში, კუკური, ევროპაში ვართ!

“რა სარგებლობას მოგვიტანს” დღეს არსებული
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ვაშა და სამგზის ვაშა! ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ! უკვე შეგვიძლია, არხეინად ჩამოვსხდეთ, ფეხი ფეხზე გადავიდოთ და ხან კრუასანები ვციცქნოთ, ხან ტორტი “პრაღა” მოვიგდოთ ყბაში, რა გვენაღვლება, ევროები თქეშად წამოვა ციდან. _ ვაი, თქვენს პატრონს ვინც ასე ფიქრობს.
მე სხვა რამ მაინტერესებს, ნაცმოს პარტიული დროშა, სახელმწიფო დროშად რომ დაგვიკანონა მიხეილ სააკაშვილმა, გვერდზე ევროკავშირის და ლურჯი ვარსკვლავებიანი დროშა უნდა დავკიდოთ, მის მომდევნოდ კი საზამთროსგამოსახულებიანი, თუ “ჰამასს” კიდევ რაღაც საკუთარი დროშა აქვს, და, უბრალოდ, პალესტინის ზურგს ეფარებიან?
ძალიან მაინტერესებს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონემ, საქართველომ, 26 საუკუნე რომ ვიფარებდით დევნილ ებრაელებს, ახლა მათი მოძულე ისლამისტები უნდა დავაფინანსოთ ჩვენ გაჭირვებულებმა და იქით დასაფინანსებლებმა?
მე ხომ არ ვთხზავ, ვებერთელა სათაურით გამოქვეყნდა სტატია, რომ ევროკავშირი კვლავ აფინანსებს ისრაელის მოძულე ისლამიტებს. “კვლავ”, ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებდა და კვლავაც განაგრძობს ისლამისტების დაფინანსებას. სწორად ვერ გავიგე?
მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს საფრთხეს, რომლის მიხედვით, შესაძლოა, უნებლიედ “ჰამასიც” დააფინანსონ, ევროკომისია პალესტინის ხელისუფლების (PA) დახმარების გაგრძელებას აპირებს.
როდესაც ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ პალესტინას დახმარებას გაუყინავდნენ, მის განცხადებას ოფიციალურად არ დაეთანხმნენ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კომისრის სიტყვების უარყოფას შესამჩნევად ჩქარობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, დაფინანსების შესახებ ოფიციალური შიდა აუდიტის ჩატარებას მათ მხარი დაუჭირეს.
“ფაინენშელ თაიმსის” ინფორმაციით, აუდიტმა დაადგინა, რომ “პალესტინის დაფინანსება ტერორისტული ჯგუფების უნებლიე დაფინანებას არ გამოიწვევდა”.
ევროკომისიას, რომელიც “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორის უმსხვილესი დონორია, არ სურს ახალი შემოწმების ჩატარება, იმაში დასარწმუნებლად, რომ გამოყოფილი თანხები არასწორი მიმართულებით არ წავა.
პალესტინისათვის ევროკავშირის დახმარების გაყინვის შესახებ მოწოდებებს რამდენიმე მიმომხილველი გამოეხმაურა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება, სინამდვილეში, “ჰამასის” წისქვილზე დაასხამს წყალს.
ბრიუსელში ბაზირებული “ევროპული ახლო აღმოსავლეთის პროექტის” ხელმძღვანელმა მარტინ კონეჩნიმ “გარდიანში” დაწერა, რომ დახმარების შეწყვეტით “დაისჯება “ჰამასის” მთავარი კონკურენტი პალესტინის ხელისუფლება (PA), რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს.” მისი დასუსტება, დასავლეთის სანაპიროზე მისი მმართველობის ჩამოშლა და მისთვის დაფინანსების შეჩერება “ჰამასისთვის” იდეალური საჩუქარი იქნება.
ჟურნალ “თაიმსის” მიმომხილველი მელანი ფილიპსი: “დასავლეთი მიამიტურად აღიქვამს ისრაელის მიმართ გამოვლენილ სიძულვილს”. იგი მკაცრად აკრიტიკებს “დასავლეთში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, რომ “ჰამასი” “ბოროტი” პალესტინელების ერთობლიობაა, პალესტინის ხელისუფლებაში კი “კეთილი” პალესტინელები არიან, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოს ფლობის უფლება აქვთ.
პალესტინის ხელისუფლებისა და გავლენიანი პარტია “ფათჰის” ჩინოვნიკები 7 ოქტომბრის მოვლენებს გამოეხმაურნენ და უფრო მეტი ებრაელის დახოცვისა და ისრაელის სახელმწიფოს განადგურების მოწოდებით გამოვიდნენ. აღფრთოვანდნენ “ჰამასის” სისასტიკით, რომელიც სიამაყის, გმირობისა და პალესტინელი ხალხის ღირსების წყაროა”.
გასულ თვეში, როდესაც მსჯელობდნენ “საჭიროებდა თუ არა დახვეწას” პალესტინის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დახმარება, როგორც ჩანს, ევროკომისიამ გამოტოვა ან უგულებელყო ასეთი მნიშვნელოვანი თემები. კომისიის რუპორები ჯერჯერობით უარს აცხადებენ დახმარების გაგრძელების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.
რაღაც უცნაური სიჩუმეა დასადგურებული აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებითაც და ევროკავშირის მიმართაც პალესტინის დაფინანსების თემასთან დაკავშირებით.
ყველა საკუთარ თავს მიხედავს, ჩვენ რა ვქნათ, როცა სტატუსის მოცემამდე დაიწყეს საქართველოს ტერიტორიით ვაჭრობა?
რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში, ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ თქვა, რომ ევროკავშირი განიხილავს ვერსიას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე.
ამ ანტიქართული და მოღალატეობრივი იდეის შემოგდება პერიოდულად ხდება. კარგად მახსოვს: “აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ” (თინა ხიდაშელი), “აფხაზებს აქვთ უფლება, შექმნან ცალკე სახელმწიფო” (დავით ბერძენიშვილი), “აფხაზეთის აღიარებით საქართველოს ნამდვილი სახელმწფოებრიობა დაიწყება” (პაატა ზაქარეიშვილი) და ა.შ. სხვანი და სხვანი. ვიღაც ფადი ასლიმაც კი იგივე თქვა, საქართველოში ჩაბუდებულმა ბედუინების ქორვაჭარმა შთამომავალმა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “საქართველო მისი ტერიტორიების გარეშე” ვიღაცის იდეა-ფიქსია და ქართველი ერის მუწუკებს ახმოვანებინებენ…
საზოგადოებაში პიტერ სტანოს ჭიკჭიკი ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ასეთი ე. წ. დათქმა მართლაც რეალური გახდეს და მერე რა უნდა ვქნათ, სულთმობრძავ ევროკავშირს ვამჯობინებთ ჩვენს მიწა-წყალს?
რა თამაშის კონტურები იკვეთება, ხედავთ? _ საქართველოს თვითონ ათქმევინებენ უარს ყველანაირ დასავლურ კავშირზე და ე.წ. დასავლური ღირებულებების უარმყოფელიც საქართველო გამოვა… პირადად მე დიდად არ ვინაღვლებ, კავშირებში ხტუნაობის მომხრე არ ვარ, თვითმყოფადობაა ჩემი არჩევანი, მაგრამ მაინც, მივყვეთ საქმის ვითარებას…
ის, რასაც ახლა მე, რიგითი მოქალაქე ვამბობ, რატომ არის ძნელი სათქმელი?
ევროკავშირი, მაგალითად, ითხოვს ევროკავშირის საგარეო კურსის მიყოლას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, დეპოლარიზაციას, სამოქალაქო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
ზოგიერთი პუნქტის შესრულება რომ წარმოუდგენელია საქართველოს საშინაო საქმეებში სწორედ აშშ-სა და ევროპის ჩარევის გამო, ამის პირში თქმას რა უდგას წინ?!
რანაირად შეიძლება, ებრძოლო პოლარიზაციას, ვიდრე დასავლეთი აფინანსებს ოპოზიციას და მის წინაშე მიზნად აყენებს საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზნით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შერყევას?
მასმედიისა და არაკომერციული ორგანიზაციების უმეტესობა, რომელიც ვითომდა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და ყალბ ამბებთან საბძოლველად არის შექმნილი, ისევ მათი მხრიდან ფინანსდება და ისინივე არიან დეზინფორმაციის წყარო…
გარდა ამისა, ევროპული პირობების შესრულება რომ ყოველთვის არ ახდენს დადებით გავლენას იმ ქვეყნებზე, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ამასაც კარგად ვხედავთ. სწორედ ამის გამო მოხვდნენ საბერძნეთი და პორტუგალია ევროზონის სავალალო კრიზისში. კიდევ კრიზისი და უბედურება გვეჭირვება?!
მუდმივად ვიმეორებ: რატომ არ ვუსმენთ დიდ ბრიტანეთს, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი შემქმნელია და პირველმა დატოვა “თავისი” კავშირი ისე, რომ არც დაუფარავს მიზეზი, _ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდაო; გასავალი მეტი იყო, ვიდრე შემოსავალიო და ა. შ.,
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის და უახლოეს მომავალში არც გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დასავლეთი უკვე გვაიძულებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, რომელთანაც ურთიერთობების განვითარება პირდაპირ აისახება ეროვნული ეკონომიკის ზრდაზე.
“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით, საქართველო ვერ გარისკავს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობითა და მისი მოქალაქეების სიცოცხლეებით. ეს არ არის ევროინტეგრაციის ტოლფასი”, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და გულს მომეფონა. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ უარი იმაზე, რაც საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის საზიანო იქნება და ასეთი საქართველო იმ ევროკავშირში ვითომ რატომ არ უნდა ვუნდოდეთ?
ევროკავშირი ხომ ის კავშირია, რომელიც ისე კარგად არღვევს და უგულებელყოფს საკუთარ რეკომენდაციებს, როგორც უკეთესი იქნება მისთვის. მაგალითად, ლატვიას არ გაუწყვეტია ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ აგრძელებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარის თქმით.
“ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თავად კი რუსეთში ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან. ეს არის ორმაგი სტანდარტები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან”, _ აღნიშნა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ესეც კარგია, როდესაც უკვე ღიად ითქმება ორმაგის სტანდარტების შესახებ!
ახლა ველი, როდის ეტყვიან ევროპას (არა მხოლოდ) სხვა დანარჩენ სათქმელს პირდაპირ და ოფიციალურად, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვაში საქართველო არ გულისხმობს იმას, რომ ევროპამ უნდა აკონტროლოს და მითითებები მოგვცეს ჩვენს საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ეუთო-ს კრიტიკაა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების მიმართ, რომელსაც პარლამენტი ქვეყანაში მომზადებული არეულობების შესახებ ინფორმაციის ფონზე განიხილავდა. ასეთ საკითხებში ჩარევა, ზეწოლა და მისთანები, ხელისგულზე გვიდევს და კმარა!
2024 წლის არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა რომ გარდაუვალია 2024 წლის არჩევნებზე, უკვე ჩანს. ე.წ. დასავლეთს იმდენად უსწრებს სული, რომ უკვე წინსწრებით გამოხატა უნდობლობა საარჩევნო პროცესის მიმართ, რითიც კიდევ ერთხელ და არა უკანასკნელად, არსებული პოლარიზაციაა გაამწვავა.
ბუნებრივია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლების პროვოკაციული გამოსვლები გავლენას ახდენს ჩვენი საზოგადოების ხედვაზე _ ერთ მხარეს თუ აღშფოთებას იწვევს, მეორე მხარეს არეულობისთვის აქეზებს.
საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირი არ მიიღებს თავის რიგებში ახალ სახელმწიფოს, რომლის არჩევნების შედეგები კითხვებს აჩენს. როგორც ჩანს, ნებისმიერი შედეგი გააჩენს კითხვებს, თუ რაღაც არ მოხდება ისე, როგორც დასავლეთის ინტერესებშია.
ამჯერად ეკონომიკაში თავზარის დაცემის სავარაუდო მომავალს არ შევეხები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში საქართველომ ფართოდ გაუღო კარი ევროპას, ევროპამ კი უმცირესი ჭუჭრუტანა დაუტოვა საქართველოს, მთლად რომ ოქროცურვილი ხოლ-ბოსტნეული გვქონდეს, ქვოტები გვაქვს დაწესებული…
ჩემსას ვდარდობ, თორემ რა მრჯის…
ახლა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ევროპის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, შესაძლოა, ერთობლივ პაკეტში განიხილონ, სერიოზულად მიჩნდება ეჭვი, რომ იმ ევროპაშიც ვერ არის საქმე დალაგებულად. რანაირად შეიძლება ერთობლივ პაკეტში განიხილო კანდიდატის სტატუსის მქონე და სტატუსის არმქონე ქვეყნები? რა შუაშია უნგრეთის პოზიცია, რომელმაც, შესაძლოა, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, საბავშვო ბაღია და ბავშვები თამაშობენ? თუმცა, თუ ამის კადრებაზე მიდგა საქმე, თვალნათელია, რომელი ქვეყნები იქნებიან წინააღმდეგი _ ლიეტუა, ლატვია და ესტონეთი, რადგან ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მიზეზთა გამო, ზესიმპათიით არიან განწყობილი საქართველოს შიდა მტრების მიმართ.
რატომ არ გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტში მოქმედმა მემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა “იდენტურობა და დემოკრატია” (ID) 3 დეკემბერს ფლორენციაში დიდი ყრილობა ჩაატარა, რაც არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან მომავალ წელს ევროკავშირში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ღონისძიებას, რომელსაც იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის პარტიამ (ლეგა) უმასპინძლა, ევროპიდან 14 სხვადასხვა სუვერენული პარტიის ათასზე მეტი წევრი და წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის: მარინ ლე პენის პარტია “ეროვნული გაერთიანება”, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, “ავსტრიის თავისუფლების პარტია”, გერტ ვილდერსის “თავისუფლების პარტია”, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ნიდერლანდებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პორტუგალიიდან პარტია “ჩეგა”, პოლონეთიდან “კონფედერაცია”, “დანიის სახალხო პარტია”, “ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია” და ახალი პოტენციური წევრები რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.
“ჩვენთვის სასწორზე (ევროკავშირის არჩევნები) ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნება დევს”, _ განაცხადა მარინ ლე პენმა ვიდეომიმართვაში და მაკიაველის სიტყვები მოიშველია: “ტირანების მიერ შექმნილი საუკეთესო ციხესიმაგრე ხალხის უმოქმედობაა”.
მატეო სალვინი, გეროლდ ანემანსი, ტინო ხრუპალა, კოსტადინ კოსტადინოვი, ჯორჯ სიმიონი: “დღეს ისტორიული დღეა. ევროპელებს ექნებათ არჩევანი. თავისუფლებაა, მეორე მხარეს კი შიში; ერთ მხარეს უფლებები და სამუშაო ადგილებია, ხოლო მეორე მხარეს _ ექსტრემიზმი… დღეს ფლორენციაში თავი მოიყარეს ევროპის მეგობრებმა, ევროპის დამცველებმა. დღეს ფლორენციაში შეკრებილი ქალები და მამაკაცები დაამარცხებენ იმ გიგანტს, რომელიც ევროპის პირველი მტერია _ მასონური ბიუროკრატიული რეალობა! ჩვენ არ გვეშინია! ჩვენ ევროპას არ ვუპირისპირდებით, პირიქით, მას ვუჭერთ მხარს. მწვანე და მემარცხენე პოლიტიკურმა კლასმა ევროპის ოცნება გააუპატიურეს. ყველამ, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს. გაერთიანებულ და კონსოლიდირებულ მემარჯვენე ცენტრს შეუძლია გაიმარჯვოს და ბრიუსელი იმ ადამიანებისგან გაათავისუფლოს, რომლებიც უკანონოდ არიან ამ ქალაქში მოკალათებულები და თავიანთ ინტერესებს ახორციელებენ. გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ქვეყნებზე, ისეთმა ადამიანებმა უნდა მიიღონ, რომლებიც კარგად იცნობენ მათ და უყვართ. არ გვინდა გლობალისტური ევროპა. ჩვენს უკან ათობით მილიონი ევროპელი დგას. მილიონობით ევროპელი, რომლებსაც არ სურთ, საკუთარ სახლებში სტუმრები იყვნენ. ჩვენ სოლიდარობას, უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და საკუთრებას ვუჭერთ მხარს. ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა, გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჯერ სალხინებელში გადავინაცვლოთ, შემდეგ კი სამოთხეში. ამას მხოლოდ საერთო ძალისხმევით მივაღწევთ.” ამ მიზნის მისაღწევად სალვინი მოწოდებით გამოვიდა, რომ ბრიუსელში დიდი მემარჯვენე კოალიცია შექმნან.
ყრილობამ მიიღო ახალი საარჩევნო პროგრამა “ფლორენციის მანიფესტი ხალხებისა და ქვეყნებისთვის”, რომელშიც ნათქვამია, რომ არა მხოლოდ ინდვიდებს, არამედ ქვეყნებსაც აქვთ უფლებები. პროგრამაში გაკრიტიკებულია ციფრული სერვისების აქტი, რომელიც ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს; ასევე, “მწვანეთა” დღის წესრიგი, რომელიც იწვვევს ფასების ზრდას და ზიანს აყენებს ევროპის მრეწველობას; რომ ევროპული ინსტიტუტები გამჭვირვალობის საშინელ ნაკლებობას განიცდიან; და არსებული ძალისხმევა არაა საკმარისი, რათა შეიცვალოს ხელშეკრულებები და შექმნას ევროპის “სუპერსახელმწიფო”.
არც იმას გვეუბნებიან, რომ ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფლების პარტიამ” გაიმარჯვა, რომლის ლიდერი გერტ ვილდერსი სასტიკად ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას და ტრადიციული ღირებულებების მატარებელია. მას მიაჩნია, რომ ნირედლანდებმა თვითონ უნდა აკონტროლოს საკუთარი საზღვრები, ფული და კანონები და ამიტომ, ევროკავშირიდან გასვლაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ასევე, მას საჭიროდ მიაჩნია, რომ მთავრობამ დაფინანსება უნდა შეუწყვიტოს ყველა ტიპის მემარცხენე პოლიტიკურ აქტივობებს, მათ შორის “გენდერულ საკითხებზე, კლიმატის სიგიჟეებს და მრავალფეროვან სისულელეებს”; ასევე, იგი მოითხოვს სამთავრობო ინფორმაციის არაბულ და თურქულ ენებზე ტრანსლირების შეწყვეტას.
ჩვენ რა ვართ ასეთი გაჯიქებული შეუსმენლები?
9 დეკემბრის აქციაზე მხოლოდ ევროკავშირის დროშის მკერავები იყვნენ, თუ მხოლოდ 122 საქართველოს მოქალაქე ჰამოვიდა პრეზიდენტის დაძახებაზე: “ქუდზე კაციო”?!
ამ აღტკინებულ უმეცარ ბრბოს სიღრმეებში ჩახედვა არ აინტერესებს, მხოლოდ აკვიატება სჭირს, სახელად “ევროპა”…
გამარჯობის ნაცვლად ერთმანეთს ასე შევძახებთ: ტაში, კუკური, ევროპაში ვართ!
პ.ს. ცხონებულმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მითხრა, პარტია უნდა შევქმნა და ვჩპ (ვაი, ჩვენს პატრონს) დავარქვაო. ამ მოცემულობაში, ვეჭვობ, ეს პარტია შექმნილია უკვე…

ზურა ოშხერელი