საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მოსახლეობის ძარცვის ახალი ტექნოლოგიები და გალაღებული თაღლითების თარეში – საერთო მედია
მაისი 19, 2024

მოსახლეობის ძარცვის ახალი ტექნოლოგიები და გალაღებული თაღლითების თარეში

 

გვესაუბრება ეკონომიკურ
მეცნიერებათა აკადემიური
დოქტორი, სსუ-ის პროფესორი
იური პაპასქუა:

_ ბატონო იური, საქართველოში ბოლო დროს თაღლითური სქემები მომრავლდა. მოსახლეობის ძარცვა ახალი ტექნოლოგიებით ხდება. რა გსმენიათ ამის შესახებ და დაზარალებული მოსახლეობის დაცვის რა მექანიზმები არსებობს?
_ ტექნიკისა და ტექნოლოგიების ევოლუცია ფანტასტიკის ზღვარს გასცდა _ უკიდეგანო სამყაროს ყველა წერტილთან კომუნიკაცია, სისტემების დისტანციური მართვა, ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელებაც წარმოუდგენლად მარტივი გახდა, რამაც ცხოვრება გაახალისა. თუმცა, სარგებლის გარდა, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანებს თავსატეხიც უხვად გაუჩინა. სიკეთესთან ერთად, ადვილი გახდა საზოგადოებრივ, სამსახურეობრივ, პირადულ ურთიერთობებში აბეზარი ჩარევა; გამარტივდა ადამიანების გონებაზე ტოტალური შეტევა და ტვინების გამორეცხვა. დღეს თაღლითობა, ძარცვა, გაყალბება, ცდუნება და დანაშაულის კვალის წაშლაც ძალიან ადვილია. სამწუხაროდ, ადამიანების მასობრივი განათლება ბევრად ჩამორჩება ტექნიკისა და ტექნოლოგიების ევოლუციას. საითაც უნდა გაიხედო, საცდუნებელი სათაგური ყველგან დაგებულია. როცა გშია, გწყურია, გცივა, გაწვიმს, გათოვს, გტკივა და სხვა საშველს ვერ გრძნობ, ცდუნებას, შეცდომის დაშვებას, რისკზე წასვლას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
ამ პლანეტის რიგითი მაცხოვრებელი არც მანამდე იყო უკეთ დაცული, თუმცა უგუნურთა მიერ უკრაინაში ომის აალების შემდეგ, მათი ყოფა უფრო გაუარესდა. უაზრო სანქციები, მათი ადრესატების ნაცვლად, ყველა ქვეყნის მოსახლეს მძიმედ დააწვა _ გაძვირდა ენერგომატარებლები, სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო პროდუქცია. მათი სიცოცხლის გარანტიებიც, ფაქტობრივად, განულდა. მდიდრებს და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს ახალი “სასუსნავი” გაუჩნდათ. მათ ომის შეწყვეტა არც აწყობთ და სისხლისღვრის ახალ სასაკლაოებს აჩენენ. უკრაინიდან, რუსეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან აბარგებული დევნილები სხვა ქვეყნებს შეეხიზნენ და ისეთ სარჩო-საბადებელს ეძებენ, რომელსაც დიდი ინვესტიცია არ სჭირდება.
ხიზანთა “ინტელექტუალურმა” ნაწილმა საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც სამეწარმეო სუბიექტები შექმნეს და მათ ბაზაზე ჩამოაყალიბეს “ქოლ-ცენტრები”, საფინანსო ბირჟა-პირამიდები, საკონსულტაციო ბიუროები, მედიკამენტების შემოტანის და ვაჭრობის დისტანციური თაღლითური სქემები. მათ შორის მხოლოდ “ქოლ-ცენტრების” საქმეზე ატყდა “გაწევ-გამოწევა”.
დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფები ევროპელ პენსიონერებს სთავაზობდნენ მცირედი ინვესტიციებითაც დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას დანაშაულებრივი ჯგუფის კვალმა ევროპიდან საქართველოშიც შემოაღწია და ევროპელი კოლეგების მეცადინეობის შედეგად, რამდენიმე პირი დააკავეს კიდეც. საჩვენებელი ტელესიუჟეტები თითქმის, ყველა არხზე გავრცელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა პოლიტიკური “ძიგ-ძიგი” მოაწყვეს. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებები განეხორციელებინათ, პოზიცია და ოპოზიცია ურთიერთბრალდებებში გადაეშვა. მერე ამ სექტორში დაპირისპირება თითქოს მინელდა, თუმცა მალევე თაღლითურმა სქემებმა საქართველოში ახალი მიმართულებები აითვისეს.
_ ახალ მიმართულებებში რას გულისხმობთ?
_ მომრავლდა კომპანიები, რომლებიც ასაკოვან მომხმარებელს პროსტატის, დიაბეტის, ფსორიაზის, სმენის აღდგენისა თუ სხვა დაავადებების ისეთ “უებარ” უნიკალურ მედიკამენტებს სთავაზობენ, რომელთა შემოტანაზე ვითომ ლიცენზიის გაცემა ხელოვნურად ფერხდება და მათი მეშვეობით ამ მედიკამენტების ადგილზე მიწოდებას “წარმოუდგენლად დაბალ ფასში” ისინი უპრობლემოდ მოახერხებენ. სოციალურ ქსელსა და სხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ რეკლამებში, ფაქტობრივად, ერთი ხელწერა და ხრიკებია ჩართული _ მოგონილი გვარ-სახელებითა და შთამბეჭდავი რეგალიებით, დარგის “ცნობილი” სპეციალისტები აღწერენ გავრცელებული დაავადებების ვერაგობას, დაინტერესებულ პირს არწმუნებენ შეთავაზებული პრეპარატების უნიკალურ შესაძლებლობებში _ თითქოს მათი მიღებისთანავე ჩივილები და ავადმყოფობა დაუყოვნებლივ ქრება. ასევე, მოჰყავთ გამოგონილი გვარ-სახელებითა და ფოტოებით, “მადლიერი” პაციენტების აღფრთოვანების გამომხატველი ფრაზები. საინტერესო ის არის, რომ დამოწმებულ ავტორიტეტულ სპეციალისტებსა და პაციენტებს შორის, შესაძლოა, შენი გვარ-სახელი ან ფოტოც აღმოჩნდეს.
სინამდვილეში, ასეთი პრეპარატები წამლების ჩამონათვალში არც იძებნება; არანაირი შედეგი ამ პრეპარატებისგან არ არის _ არც მოგკლავს და არც გიშველის. მომხმარებელი მოტყუებული რჩება ცალკე თანხის ფუჭად გადახდის და ცალკე უშედეგო მკურნალობის გამო.
ვფიქრობ, სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი ადამიანია და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ყველა სფეროში წესრიგს უნდა უზრუნველყოფდეს!
საქართველოში უფრო სასტიკი თაღლითური კომპანიებიც მომრავლდნენ, რომლებიც თავიანთი მიზნებითა და საქმიანობის ფორმით “ქოლ-ცენტრებისგან” არაფრით განსხვავდებიან. მსხვერპლის მიზიდვის, დაყოლიებისა და გადაგდების ხრიკები თითქმის ერთია _ გულმოდგინედ, დაუნდობლად ასუფთავებენ მოქალაქეების ჯიბეებს და განმკითხავიც არავინაა. დაუსჯელობის გარდა, ამ კომპანიების მომრავლებას ხელს უწყობს საქართველოში შესაბამისი რეგულაციების არარსებობა; მართვის სიმარტივე, უძრავი ქონებისა და მუშახელის სიიაფე, სავალუტო კურსთა სხვაობა, სოციალური ფონი და სხვა მრავალი.
ყველაზე დამაბნეველი და ხელშემწყობი მასშტაბური თაღლითობის განხორციელებაში ის არის, რომ ამ “კამპანიაში” ჩართვის მოწოდებები ქვეყნის პირველ და გავლენიან პირთა სახელით ხდება. სარეკლამო რგოლებში ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერი მოსახლეობას არწმუნებენ, რომ მათ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და “სოკარის”, “ლუკოილისა” თუ სხვა კომპანიების პროგრამებში ჩაერთონ და დამატებითი სოლიდური შემოსავლები გარანტირებულად მიიღონ. ვინც სოციალური ქსელის მომხმარებელია, ამის შესახებ ისედაც იცის. მათთვის კი, ვისაც ვითარების ასეთი აღწერა გადაჭარბებულად ან უსაფუძვლოდ მოეჩვენება.
მაგალითისთვის ერთ-ერთი ასეთი მიმართვის ტექსტს მოვიყვან: “კომპანია “სოკარმა” საქართველოს მაცხოვრებლებისთვის საინვესტიციო პროგრამის დაწყება გამოაცხადა. ახლა ყველას შეუძლია შეუერთდეს ნავთობისა და გაზის გაყიდვას და მიიღოს დივიდენდები თითოეული ტრანზაქციისგან! ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, მითითებულია ვიდეოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დატოვეთ მოთხოვნა და მენეჯერის შემდგომ მითითებებს მიჰყევით”. ან ასეთი: “მოემზადეთ მინიმალური ინვესტიციის დასაწყებად! აქტივების ნაწილის ხალხისთვის მიყიდვის გადაწყვეტილება გამოიწვევს ჩვენი ერის კეთილდღეობის ზრდას! არ გამოტოვოთ თქვენი შანსი! დააწკაპუნეთ საიტზე მეტი დეტალებისთვის და დაიწყეთ ფულის გამომუშავება!”. საყურადღებოა, რომ ამგვარ მოწოდებებს ახლავს წამძღვარება _ დაფინანსებული, სახელმწიფო გარანტია. ბევრს ინფორმაციული სურათებიც ახლავს, სადაც პრემიერი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახი კალაძე არიან გამოსახული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს, ეს ლეგალურად ხდება, სახელმწიფო და ხელმძღვანელი პირები ჩართულნი არიან ამ “კეთილშობილურ” საქმეში. მათი გონივრული და საკუთარ ხალხზე მზრუნველი მოქმედებებით თითქოს მოსახლეობას გარანტირებული შემოსავლები გაუჩნდა. მოუმზადებელი და მიამიტი მხარდამჭერები “ავტორიტეტებს” ენდობიან და თვალდახუჭული ყოფენ თავს სიცრუის, თაღლითობის ყულფში.
“საერთო გაზეთის” მკითხველი დეტალებით რომ არ გადავტვირთო, შემდეგს ვიტყვი: რატომღაც ეს სარეკლამო სურათები, ძირითადად, რუსულ ენაზეა, დაინტერესებული პირების კონტაქტი კომპანიის წარმომადგენელთან უპირატესად რუსულ ენაზე ხორციელდება. ჩვეულებრივ, “მეოცნებე” მსხვერპლი თავს განცხრომაში წარმოიდგენს, ამ ყველაფერს დახარბდება და მითითებულ ბმულზე რეგისტრაციას გაივლის, “დამრიგებლის” რჩევას დაჰყვება და სავალუტო ანგარიშს გახსნის. ამ ანგარიშზე განათავსებს სიმწრით ნაგროვებ ან “რამდენიმე დღით” ნასესხებ რაღაც თანხას, ანიDეკ-ის მეშვეობით ნდობამოპოვებულ “მეგზურს” თავის კომპიუტერში შემოუშვებს. გზადაგზა ხალისით მოუყვება მის ბიოგრაფიულ დეტალებს, გადმოულაგებს საბანკო ბარათებს. ანგარიშზე თანხის განთავსების შემდეგ მას იმიტირებულ, მართულ პანელს ჩაურთავენ, სადაც თვალს მიადევნებს საფონდო ან სანედლეულო ბირჟებზე მის მიერ “ინვესტირებული” თანხის მუშაობას და საშუალება ექნება, სავაჭრო ოპერაციების “წარმატებით” დასრულების შედეგები მის სავაჭრო ანგარიშზე “მიითვალოს”. “ანკესზე წამოგებულ” ყოველ კლიენტს უხსნიან, რომ მათი ინტერესი ამ საქმეში მოგებული თანხის მხოლოდ 10%-ია, რომელიც სავაჭრო ოპერაციების პროცესში იხსნება. სავაჭრო ანგარიშზე დაგროვილი თანხა კლიენტს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიბრუნოს და გამოიყენოს. ასეთი პირობებით აღფრთოვანებულ, უკვე გათამამებულ პირს თანდათან შენატანს აზრდევინებენ. ყველა შემთხვევაში, დამატებითი შენატანები ხორციელდება ლარებში ცენტრის თანამშრომლის პირადი ანგარიშის მეშვეობით. ესეც “იღბლიანი ბიზნესმენის სასიკეთოდ” ხდება, რათა კონვერტაციის თანხა ზედმეტად არ გადაიხადოს.
თაღლითური ცენტრის სახეები კარგად ფლობენ დარწმუნების ხელოვნებას, ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარებს. გამოცდილების, ცოდნის თუ ალღოს მიუხედავად, ანგარიშზე დაგროვილი სოლიდური თანხითა და მოგების ზრდის პერსპექტივით, წარმატების მომლოდინე ბაიყუშებს უგონოდ აბრუებენ. მერე უნებლიე შეცდომას დააშვებინებენ, რასაც შეუძლია მთელი მობილიზებული და ვითომ მოგებული რესურსი “შეიწიროს”. უკვე ჩიხში მოქცეულსა და დასაღუპად განწირულს, კატასტროფული მდგომარეობის გამოსასწორებლად კვლავ შეაგულიანებენ _ შენატანი გაზარდოს. დაარწმუნებენ, რომ ეს სულ რამდენიმე საათის განმავლობაშია საჭირო, სრულ თანხას მალე დაიბრუნებს ბარათზე და ვალებს უპრობლემოდ გაისტუმრებს. ანგარიშზე თანხის დაბრუნების დროს კი მოულოდნელად შეიქმნება გაუთვალისწინებელი შეფერხება, ვითომდა, მომსახურე ბანკი ბლოკავს ტრანზაქციას და გაუგებრობის ასარიდებლად, საჭირო გახდება სადაზღვევო გადახდის განხორციელება. ეშაფოტზე ყულფგანასკვნილ მსხვერპლს ამ თანხის სრულად დაბრუნებასაც დაჰპირდებიან. ზოგს არ აქვს ეს “მარჟის გასაზრდელი” და “სადაზღვევო გადასახდელის” თანხა, ამიტომ სესხულობს, ყიდის აქტივებს, ეძებს ხსნას და ითხოვს შველას. აღწერილ თანმიმდევრობაში, შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული ახალი აფიორები გაჩნდეს. თუმცა, საბოლოოდ, ყველა ხვდება, რომ მახეში გაება და თუ მოთმინება არ ეყოფა, აქ სრულდება მათი “ახალი ბიზნესი” და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. დამჯერებს და მომთმენებს კი წინ ახალი თავგადასავლები ელით. ასეთია წერას აყოლილი მსხვერპლების დასასრული. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი აქ სრულდება.
იმავე სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში გამოჩდნენ ახალი ტიპის იურიდიული კომპანიები, საფონდო ბირჟა-პირამიდების მსხვერპლთა და თაღლითურ სქემებში მონაწილეობით დაზარალებულთა დასახმარებლად. ასეთი კომპანიების ადგილსამყოფელი პოლონეთში, ბელგიაში, სხვა მეზობელ ქვეყნებშია. ისინი არწმუნებენ თავიანთ კლიენტებს, რომ რამდენიმე დღეში დაუბრუნებენ დაკარგულ თანხებს და მხოლოდ ამის შემდეგ აიღებენ საკომისიოს დაბრუნებული თანხის 7-10%-ის ოდენობით. მანამდე კი მათ უნდა მიაწოდონ ყველა დოკუმენტი, რაც თაღლითებისა და შესრულებული ტრანზაქციების იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ, მათ შორის, მოითხოვენ საბანკო ანგარიშების ამონაწერებს, საბანკო ბარათების ნომრებს, კოდებს და პაროლებს, ყველა ბიოგრაფიულ თუ პირად ინფორმაციას. მერე გაირკვევა, რომ რამდენიმე დღე კი არა, საქმის შესწავლას თვეები სჭირდება…
_ რა გამოდის, საშველი არ არის?
_ ჩვეულებრივ, ასეთი კომპანიები და თაღლითები ყალბი სახელებითა და მისამართებით მოქმედებენ. მათთან ხელშეკრულების გაფორმება ან პირადი კონტაქტი არ ხდება. ისინი ხშირად იცვლიან ნომრებს, ლოკაციებს და ასე შემდეგ. მათი აღმოჩენა ძალიან ძნელია. ვის უნდა უჩივლო, ან რომც უჩივლო, განმკითხავი მაინც არავინაა. ვინ მოთვლის, რამდენია მათი მსხვერპლი, რამდენი პირის ანგარიშებია ტოტალური დაკვირვების ქვეშ, რამდენი იმედგაცრუებული ადამიანი სამტროდ განუდგება თავიანთ “ავტორიტეტებს” _ ქვეყნის ხელისუფალთ და საჭეთმპყრობელებს.
ამ სარეკლამო რგოლებს ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს. ბევრი, მოქმედი თაღლითური სქემის მსხვერპლია. მოსახლეობის ძარცვის ღია მოქმედებებზე წაყრუების გამო თაღლითები თავისუფლად თარეშობენ. სამწუხაროდ, ამ უბედურებაზე დუმს საზოგადოება, არ მოქმედებს პროკურატურაც.
_ ასე როდემდე უნდა ითარეშონ თაღლითებმა? ვის აძლევს ეს ხელს?
_ მაქვს განცდა, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობას, რასაც მასობრივი სავალალო შედეგები ახლავს. საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერს მოვუწოდებ: გააქტიურდეს. მით უფრო, დაუყოვნებლივ საჭიროა საზოგადოების, ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კოორდინირებული აქტიური მოქმედებების განხორციელება. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, გამოფხიზლდეს, რომ კიდევ უფრო ღრმად არ შეტოპოს და თაღლითების წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს.

თამარ შველიძე