საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მიეცით ნიჭსა გზა ფართო… – საერთო მედია
მაისი 19, 2024

 

_ ახლახან, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა “პიზა”-ს 2022 წლის კვლევის
შედეგები გამოქვეყნა, სადაც 81 ქვეყნის მოსწავლეთა ცოდნა შეფასდა. საქართველოს
საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს: მათემატიკის ცოდნაში 15 წლის ასაკის
მოსწავლეები 62-ე ადგილს იკავებენ, წაკითხულის გააზრებასა და ბუნებისმეტყველებაში
კი _ 67-ეს და 2018 წლის იმავე კვლევის შედეგებს, 6-8 ქულით ჩამოვრჩებით.

გვესაუბრება
ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი
გიორგი გოგოლაშვილი:

_ აღნიშნული შედეგები ჩემთვის ახალი არ არის. 2021 წელს მთავრობამ სახელმწიფო ენის ათწლიანი სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა, სადაც “პიზა”-ს წინა კვლევის შედეგებიც არის შეტანილი. უფრო მეტიც, მწერალმა კოტე ჯანდიერმა აღნიშნა, რომ ათი წლის წინათ მსგავსი კვლევის შედეგებს გაეცნო, რაც მისთვის შემაშფოთებელი იყო _ 150 ქვეყნიდან საქართველო ბოლო ათეულში იყო. საუბარია წაკითხულის გააზრებაზე, ზოგადად, მშობლური ენის ცოდნაზე. ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოვჩნდით, რომელთა დასახელება არც კი გამიგიაო, _ ამბობს ჯანდიერი. ათი წლის შემდეგაც შედეგები უცვლელია. მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო ენის სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი “პიზა”-ს კვლევის შედეგებით ასკვნიან, რომ მოსწავლეთა ცოდნის დონე ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა. მე სხვა რამ მაინტერესებს: რა რეაქცია აქვს სახელმწიფოს, განათლების სისტემას ამ საკითხის მიმართ?!
2004 წელს განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა კვლევის შედეგების პრეზენტირება მოახდინეს, სადაც მეხუთეკლასელების ცოდნის დონის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე იყო საუბარი. მეხუთე კლასის მოსწავლეთა ნახევარმა წერა-კითხვა არ იცოდა. ამ პრეზენტაციას მეც დავესწარი. მაშინ ვიკითხე: ამ ბავშვებს, რომელთაც მეხუთე კლასში წერა-კითხვა არ იციან, ეს ხომ არც მეოთხეში, არც მესამეში და ასე შემდეგ, არ ეცოდინებოდათ?! ვინ და რატომ გადაიყვანა ისინი მეხუთე კლასში?! პასუხი ვერ მივიღე.
“რუსთაველის საზოგადოების” განათლების კომიტეტის ეგიდით პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში პირველკურსელებთან უმარტივესი გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელთაც ეროვნული გამოცდები ახალი ჩაბარებული ჰქონდათ. მაგალითად, კითხვაზე: რომელ ბრუნვაში, რიცხვში, მწკრივში დგას წინადადებაში ხაზგასმული სიტყვა, უმრავლესობამ სწორი პასუხი ვერ გასცა. ასევე, მათმა დიდმა ნაწილმა არ იცოდა: რომელ საუკუნეში დაწერა ილია ჭავჭავაძემ პოემა “აჩრდილი”. პასუხები იყო: მე-7, მე-8 საუკუნეში, რაც საგანგაშოა.
ბოლო კვლევის მიხედვით, ქართულის ცოდნის თვალსაზრისით, სავალალო მდგომარეობაა. რა ღონისძიებები ტარდება ცოდნის დონის ასამაღლებლად? _ აბსოლუტურად არაფერი. მეტიც, მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს, თუ რა “გაკეთდა”, რამაც მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმა: გასულ წლებში ეროვნულ გამოცდებში ბევრი აბიტურიენტი ჩაიჭრა. და, იცით, რა გააკეთეს “უკეთესი” შედეგის მისაღწევად? _ მინიმალური ზღვარი ქვემოთ დასწიეს. ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა კი არ გამოსწორდა, უბრალოდ, აბიტურიენტებმა უფრო დაბალ ცოდნაში დადებითი შეფასება მიიღეს! ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, რამაც მდგომარეობის გაუარესებას შეუწყო ხელი.
2005-2006 წლებში გაუქმდა კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები, რაც ზარ-ზეიმით აღნიშნეს; ბავშვები სიხარულისგან წიგნებს ჰაერში ისროდნენ. სინამდვილეში, ამან უკუშედეგი მოიტანა. გარდა ამისა, იმავე, 2004-2005 წლებში მიიღეს განათლების ახალი კანონი, ჩატარდა რეორგანიზაცია, რეფორმები. შედეგად რა მივიღეთ: სკოლებში ქართული ენის სწავლება გაუარესდა, უმაღლეს სასწავლებლებში კი ქართული ენის სწავლების სავალდებულოობა გაუქმდა.
1978 წლის 14 აპრილის ბრძოლის შედეგი ის იყო, რომ 1980 წლიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ყველა სპეციალობაზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო იყო.
დღეისთვის, უნივერსიტეტში ევროპული და აღმოსავლური ენების სპეციალობებზე ქართული ენა, როგორც სავალდებულო სასწავლო საგანი, გაუქმდა. სტუდენტს მხოლოდ არჩევის უფლება დარჩა. ვინ ირჩევს ზედმეტ საგანს, მითხარით?!
2005 წლის მერე დიდი დრო გავიდა და ამ კუთხით არც ახალი ხელისუფლების პირობებში შეცვლილა რამე. ესაა უბედურება. სახელმწიფო ენის დეპარტამენტში დავსვით საკითხი, რომ უმაღლეს სასწავლებლებში აღდგენილიყო თხუთმეტი წლის წინ უკანონოდ გაუქმებული საგნის _ ქართული ენის სწავლება. ექსპერტთა საბჭოზე ამ იდეას მიესალმნენ, შემდეგ ამ კანონპროექტს დეპატრამენტიდან პარლამენტამდე უნდა მიეღწია, რათა კანონში შესწორება შესულიყო. სად არის ეს პროექტი გაჩერებული, დღემდე არ ვიცით.
სამწუხაროდ, ამ პრობლემასთან ბრძოლა მე-19 საუკუნეში იაკობ გოგებაშვილსაც უხდებოდა. მაშინ განათლების სფერო იანოვსკის ებარა, რომელიც საშინელი ანტიქართული განწყობის ადამიანი იყო. მან იაკობი დაიბარა და უთხრა: შენს “დედა ენას” პირველ კლასში დიდი დრო ეთმობა, ამიტომ სწავლების საათები უნდა შევამციროთ და მის ნაცვლად სკოლებში რუსული ენა შევიტანოთო. იაკობმა ამაზე სასტიკი უარი განაცხადა, მას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც დაეხმარა. ბავშვმა წერა-კითხვა, ანგარიში ჯერ მშობლიურ ენაზე უნდა ისწავლოს და უცხო ენის შეთვისება მერე დაიწყოს.
2006 წელს, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სკოლებში უცხო ენის სწავლება მესამე კლასიდან იწყებოდა. 2010 წელს, უცებ, განათლების მინისტრმა შაშკინმა გამოაცხადა, რომ ინგლისურის სწავლება ქართულ ენასთან ერთად პირველივე კლასიდან დაიწყებოდა. ფსიქოლოგმა, აკადემიკოსმა შოთა ნადირაშვილმა ეს ინიციატივა თაობების დაღუპვად შეაფასა. იაკობ გოგებაშვილმა რუსეთის იმპერიის პირობებში მიაღწია იმას, რომ ქართული ენა დაიცვა, ჩვენ ამას დღეს ვერ ვახერხებთ. ჩემი მთავარი თხოვნა ხელისუფლების მიმართ შემდეგია: მაჩვენეთ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რაც შედეგად სწავლის დონის ამაღლებას მოგვიტანს.
_ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სწავლება ფინურ მოდელზე გადადის. ეს რამდენად შეუწყობს ხელს სწავლის დონის ამაღლებას?
_ ამ თემასთან დაკავშირებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მიწვეული ჰყავდათ განათლების მინისტრის მოადგილე. წამყვანი დაინტერესდა ცოდნის შეფასების კომპონენტებით, თუ რატომ გაუქმდა საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებების შეფასება. თამარ მახარაშვილმა უპასუხა, რომ არც საკლასო, არც საშინაო და არც შემაჯამებელი დავალების განმსაზღვრელი ანუ, ნიშნიანი შეფასება არ გაუქმებულა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნიშნებით შეფასების სავალდებულოობა გაუქმდა. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შეფასება სავალდებულო აღარ არის. მოსწავლის ნიშნით შეფასება მასწავლებლის, სკოლის ნებაზეა დამოკიდებული! თუ ვალდებულება არ ექნება, რომელი მასწავლებელი ან მოსწავლე “გაირთულებს ცხოვრებას” და იმას ისწავლის, რაც სავალდებულო არ არის?! სხვათა შორის, ამის გამოცდილება უხვად გვაქვს. თავის დროზე სკოლაში ორი საგანი _ ქართული ენა და ქართული ლიტერატურა _ ისწავლებოდა. მიგვიანებით ეს საგნები შეაერთეს. სკოლებს უფლება მისცეს, “ქართული” გაეყოთ _ ცხრილში ცალკე ენა ჩაესვათ და ცალკე ლიტერატურა. არ მოხდა ასე და, ფაქტობრივად, “ქართული ენა” სწავლებიდან ამოვარდა. სავალდებულოობის გაუქმებას ის შედეგი მოჰყვა, რომ ბავშვები სკოლას ამთავრებენ, უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან, ფილოლოგები უნდა გამოვიდნენ და სახელის ბრუნვასა და რიცხვს ვერ ცნობენ. აი, ასეთ შედეგს ვიღებთ სავალდებულოობის გაუქმებით.
_ ბატონო გიორგი, ეროვნული გამოცდების პროგრამაში ხომ არის შეტანილი ბრუნვა, რიცხვი, მწკრივი და ასე შემდეგ. მაშინ რატომ არ იცის აბიტურიენტების ოთხმოცმა პროცენტმა ეს?
_ დიახ, ცოდნის დაბალი დონე განპირობებულია იმით, რომ გამოცდები ისეთი მეთოდით ტარდება, რომ ღრმა ცოდნა აუცილებელი არ არის, ზედაპირულიც საკმარისია. მაგალითად, სულაც არ არის აუცილებელი ბავშვმა “ვეფხისტყაოსანი”, ილია, აკაკი, ვაჟა წაიკითხოს, მას უამისოდაც შეუძლია უმაღლესი შეფასება მიიღოს. აი, რა ღუპავს საქმეს.
_ საბჭოთა კავშირის დროს სწავლება გერმანული მოდელით მიმდინარეობდა. ახლანდელ მოდელს კი “ბოლონიის პროცესად” მოიხსენიებენ. თქვენ რომელ მოდელს ანიჭებთ უპირატესობას?
_ ამაზე მარტივი პასუხი მაქვს: უპირატესობას იმას ვანიჭებ, რაც ქართული სკოლისა და ქართველებისთვის იქნება უკეთესი. გოგებაშვილმა მეცხრამეტე საუკუნეში ეროვნული სკოლა დააფუძნა, რაც ორ ძირითად პრინციპს ემყარებოდა _ ეროვნულობასა და ზნეობრიობას. სკოლას ამ ორ მთავარ პრინციპს თუ გამოვაცლით, გინდ გერმანული მოდელი შემოვიტანოთ, გინდ _ შვედური, არაფერი შეიცვლება. მთავარია, ბავშვები ამ პრინციპებით გავზარდოთ. თქვენ, კითხვაში “ბოლონიის პროცესი” ახსენეთ. იმ პერიოდში, როცა სააკაშვილის ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ რეფორმებს ატარებდა, მაშინ “ბოლონიის პროცესი” მოიშველიეს. იმ პერიოდში კოტე ჯანდიერმა ჟურნალში წერილი გამოაქვეყნა სათაურით: “შევასწროთ ბოლონიაში”. ეს ნიშნავს, რომ, რასაც “ბოლონიის პროცესი” დაარქვეს, ეს არასწორად იყო გაგებული. აქ ფაკულტეტები შეაერთეს. ბოლონიაში ოცი ფაკულტეტი იყო, აქ ეს ექვსამდე დაიყვანეს და “ბოლონიის პროცესს” დააბრალეს. მე არ მაინტერესებს არც “ბოლონიის პროცესი” და არც სხვა, თუ ქართული ეროვნული სკოლა ამ ორ პრინციპს უღალატებს _ ეროვნულობასა და ზნეობრიობას,… მთავარია, ქართული აღარ იქნება!. ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, მომავალმა ქართულის სპეციალისტმა როგორ იცოდეს უკეთ ქართული… ქართულ სკოლას ქართული პრინციპები უნდა ჰქონდეს. მთავარია, ქართული სისტემა ჩამოყალიბდეს…
_ “პიზა”-ს კვლევის თანახმად, მოსწავლეთა შეფასების დონით ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს ჩამოვრჩებით და ისეთი ქვეყნების გვერდით ვართ, როგორებიცაა იამაიკა, ინდონეზია, გვატემალა, მალაიზია. სულ გვესმის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა გვეზრდება, მაშინ რატომ ვიღებთ ასეთ მონაცემებს?
_ ნიჭი არის ღვთიური მადლი. “ვის დაეცემა ნიჭი, არავინ იცისო”, ხომ გაგიგიათ? ნიჭს განვითარება უნდა, “მიეცი ნიჭსა გზა ფართოო”, ცნობილი შეგონებაა. ბავშვს თუ არ ასწავლე, ის თავისით არ ისწავლის. სკოლადამთავრებულებმა ზეპირად არცერთი ლექსი არ იციან. ასეთი გამოკითხვა ჩავატარე: მაგალითად, დაასრულეთ სტროფი: “ცა-ფირუზ”, ხმელეთ-ზურმუხტო,…” ანდა “დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ”… დარჩა დაუსრულებელი… სტუდენტი რომ გეტყვის, ილია მე-7 საუკუნეში მოღვაწეობდაო, ეს მისი ბრალი არ არის, მას, უბრალოდ, არ ასწავლეს. თვითონ რატომ არ მოინდომაო, _ საკითხს ასე ნუ დავსვამთ. სკოლას, უმაღლეს სასწავლებლებს პირობები უნდა შევუქმნათ, რათა ქართველმა სპეციალისტებმა ქართული იცოდნენ. ჩვენ კადრებს უცხო ქვეყნებს ხომ არ ვუზრდით?.. უცხოენოვანი ფაკულტეტები ძალიან მომრავლდა. არადა, პირველ რიგში, ხომ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. ჩემს ქვეყანას ქართულენოვანი სპეციალისტი სჭირდება, რომელმაც “ვეფხისტყაოსანიც” უნდა იცოდეს, ილიაც, აკაკიც და ვაჟაც, თუ უნდა, რომ ჯერ მოქალაქე იყოს და მერე სპეციალისტი. ბავშვი ქართულად უნდა გავზარდოთ!.. გოგებაშვილმა თქვა: თუ ადამიანი გენიოსად არის გაჩენილი და მას არამშობლიურ ენაზე მივაღებინებთ განათლებას, მისგან ნიჭიერი კაცი გამოვა. თუ ადამიანი ღმერთმა ნიჭიერ კაცად გააჩინა და არამშობლიურ ენაზე მივაღებინებთ განათლებას, მისგან საშუალო დონის კაცი გამოვა, ხოლო თუ ღმერთმა ის საშუალო ნიჭის კაცად გააჩინა და მას არამშობლიურ ენაზე მივაღებინებთ განათლებას, ის “მტკნარ სიტუტუცეზე ჩამოხტებაო”. ანუ, არამშობლიური ენისა თუ ლიტერატურის გარეშე გაზრდილი კაცის გონებრივი შესაძლებლობა ერთი საფეხურით დაბლა დაიწევსო. უამრავი კვლევაა, რაც ამტკიცებს, რომ ბავშვში მშობლიური ენა იმთავითვე არის კოდირებული. თუ მისი გონების განვითარება მშობლიურ ენაზე არ მოხდება, ეს აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს.
_ ბატონო გიორგი, კვლევის შედეგებით, კერძო სკოლების მოსწავლეებმა უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე საჯარო სკოლებისამ. ეს რამ განაპირობა?
_ აქ შემდეგი მომენტია გასათვალისწინებელი: კერძო სკოლებში პედაგოგებს მეტი მოტივაცია აქვთ, ანაზღაურებაც დიდია, კლასში კი მოსწავლეთა ნაკლები რაოდენობაა. სულ სხვაა, როცა კლასში 15-20 ბავშვია და არა 30-45. ასე რომ, შედეგებზე ყველაფერი მოქმედებს. საჯარო სკოლაში, მთელი სემესტრის განმავლობაში, მოსწავლე პედაგოგმა შეიძლება მხოლოდ ერთხელ გამოკითხოს (მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო), რაც შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. 15-მოსწავლიან ჯგუფში კი ბავშვი სასწავლო პროცესში მეტად ჩართულია.
_ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ვინც “პიზა”-ს კვლევა ჩაატარა საქართველოში, შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღეს გადადგა.
_ თუ ეს ფაქტი დადასტურებულია, მაშინ გადადგომის მიზეზი უნდა გაირკვეს: იქნებ, არასწორი შედეგები დაიდო და არასწორი ინფორმაცია გაიგზავნა; თუ ისეთმა ინფორმაციამ გაჟონა, რაც არ უნდა გახმაურებულიყო? ამგვარი ეჭვის საფუძველი ჩნდება… ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კვლევის შედეგები ძალიან მძიმეა, წინა კვლევასთან შედარებით გაუარესებული. აი, ამაზე უნდა ატეხოს განგაში განათლების სამინისტრომაც, პარლამენტმაც, მთავრობამაც და ქვეყანამაც.
_ ბოლოს გკითხავთ, როგორ დავაბრუნოთ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ზრდილობა?
_ საუბარში ვახსენე, რომ ეროვნული განათლების სისტემა ორ მთავარ პრინციპს დაეფუძნამეთქი _ ეროვნულობასა და ზნეობრიობას. კი, ბატონო, სტუდენტებს აქვთ გარკვეული უფლებები, მაგრამ მოვალეობებიც ხომ აქვთ. მათ უნდა გაითავისონ, რომ უნივერსიტეტი, უპირველესად, ზნეობრივი სივრცეა. წინა ინტერვიუში აღვნიშნე და ისევ გავიმეორებ: ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში ქუდმოხდილი შედიოდა. ამით უნივერსიტეტს პატივს მიაგებდა. არ შეიძლება აღშფოთებული თუ გაბრაზებული სტუდენტი მერხებზე დარბოდეს, ყვიროდეს, ღრიალებდეს. ეს არ შეეფერება უნივერსიტეტს. ზნეობაც დავკარგეთ, რაც ცუდ შედეგს მოგვიტანს… თუმცა, მოგვიტანა კიდეც: როცა სცენიდან, ტელევიზიიდან, პარლამენტიდან, ნებისმიერი საჯარო სივრციდან ბილწსიტყვაობის კორიანტელია და განმკითხავი არავინაა…

თამარ შველიძე