საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

განხეთქილების მელია ანუ როგორ “დასცხეს” ერთმანეთს სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ფულის გამო უკვე მეორედ – საერთო მედია
მაისი 18, 2024

განხეთქილების მელია ანუ როგორ “დასცხეს” ერთმანეთს სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ფულის გამო უკვე მეორედ

12 ნოემბერს “რუსთავი 2”-ის გადაცემამ “კურიერი P.S” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დავით კეზერაშვილმა წერილი მისწერა მიხილ სააკაშვილს, რომელშიც აღნიშნულია, თუ როგორ უნდა გააგრძელოს მუშობა “ნაციონალურმა მოძრობამ”, ვინ უნდა დარჩეს თამაშგარე და ვის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში.

“რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, კეზერაშვილი წერილში სააკაშვილს წერს: “ეს პროცესი დასასრულებელია და წერტილია დასასმელი. თუ არადა, პროექტს ვხურავ” და იქვე აღნიშნავს:”ნაყოფიამ მიგიხედოს პარტია”.

ტელეკომპანიის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ. საქმე ეხება ნიკა მელიას როლს პარტიაში, რომელიც უპირისპირდება კეზერაშვილს და მის ახალ მენეჯმენტს(ხაბეიშვილი, ცისკარიშვილი, კირკიტაძე და ა.შ). სააკაშვილმა კი ვერ გადაწყვიტა, რომელს უჭერს მხარს – ხან მელიას აკრიტიკებს, ხან აქებს, ხან ამბობს, რომ 2024 წლის საარჩევნო სია სრულად ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს, რაც პირდაპირი დარტყმაა კეზერაშვილის გეგმებზე.

რას უპასუხებს სააკაშვილი კეზერაშვილს უცნობია. თუმცა ფაქტია – მისი ფბ გვერდიდან წაშლილია პოსტი, რომელშიც მელიას აქებს.

ეს სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. პირველად ეს 2017 წელს მოხდა და მთავარი მოქმედი პირი კვლავ მელია იყო. პრეისტორია ასეთი იყო: კეზერაშვილი მაშინ მხარს “ევროპულ საქართველოს” უჭერდა, თუმცა ცალი ფეხი “ნაცმოძრაობისკენ” ჰქონდა. “ნაცმოძრაობამ” მაშინ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელა, რაც კეზერაშვილისთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო. ამას სიტუაციის გამწვავება მოჰყვა, რაც დაგვირგვინდა ნიკა მელიას სკანდალური განცხადებით.

“არა მაქვს მორალური უფლება, სამართლიანად ვაკრიტიკო ფარცხალაძე ასობით მილიონის შოვნისთვის, როდესაც ვიცი, რომ იმ პარტიაში, რომელშიც ახლა პოლიტიკურ საბჭოს ვხელმძღვანელობ, წლების წინ იყო ადამიანი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები – ყაჩაღობით, ქურდობით, ძარცვით და ახლა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ “ევროპულ საქართველოს” აფინანსებს. ეს და სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილი და ვერაფრით ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე… ფინანსურ პოლიციაში მუშაობისას ძარცვავდა, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საზოგადოებას. ყველა მისი ბიზნესპარტნიორი, ყველა მისი მოწილე დღეს საქართველოშია, ისინი სამართლიანად თუ უსამართლოდ განდევნილები იყვნენ და დღეს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს, ბოკერია-უგულავას პარტიას რომ აფინანსებს, როგორ გგონიათ, ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება ეს?.. “ნაციონალური მოძრაობა” განახლებული პარტიაა და ამ პარტიაში მოღალატე უგულავების დრო აღარ იქნება, აღარც ბოკერიების, აღარც კორუმპირებული კეზერაშვილების, ფარცხალაძეების”, – აცხადებდა მელია 2017 წელს. მაშინ ის “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო.

კეზერაშვილმა ჩათვალა, რომ მელიას განცხადება სააკაშვილთან იყო შეთანხმებული. 2017 წლის სექტემბერში “კვირის პალიტრას” ინფორმირებული წყარო უყვებოდა:” სააკაშვილი და კეზერაშვილი ბოლოს ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ, სადაც მათ შორის მძიმე საუბარი გაიმართა. კეზერაშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ ფულს აღარ მისცემდა. ოდესის ყოფილი გუბერნატორი გაცოფდა – შენი “გადასაგდები ვინ არისო და ერთმანეთს “დასცხეს”…

შემდეგ კი “შერიგდნენ” სააკაშვილი და კეზერაშვილი. თუმცა, როგორც ჩანს, მათ შორის მეორე რაუნდი დაიწყო.