საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია, ჯერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე მუშაობის საბოტაჟს ცდილობდა, მერე კი მისი მნიშვნელობის დაკნინებას – როგორც კი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა სტატუსს, შეეცადნენ თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა – საერთო მედია
სექტემბერი 8, 2024

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია, ჯერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე მუშაობის საბოტაჟს ცდილობდა, მერე კი მისი მნიშვნელობის დაკნინებას – როგორც კი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა სტატუსს, შეეცადნენ თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა

რადიკალური ოპოზიცია, ჯერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე მუშაობის საბოტაჟს ცდილობდა, მერე კი მისი მნიშვნელობის დაკნინებას. თუმცა, როგორც კი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, შეეცადნენ თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აღნიშნა.

მისივე თქმით, მაშინაც კი, როდესაც შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარები თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, ისინი ხდებოდნენ სისტემატური ბულინგის მსხვერპლნი მათი რადიკალური კოლეგებისა და ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან.

„ოპოზიციამ ბევრი გააკეთა სტატუსის მისაღებად -აღნიშნული წარმოადგენს ყველაზე მანკიერ და ცინიკურ მითს. ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია, ჯერ შეეცადა ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე მუშაობის საბოტაჟს, მერე კი მისი მნიშვნელობის დაკნინებას. თუმცა, როგორც კი ისინი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა დიდი იქნებოდა, შეეცადნენ თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა.

სიმართლე, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი ოპონენტების მხარეს. საპარლამენტო მუშაობა 12 პრიორიტეტზე წარმოებდა სამუშაო ჯგუფებსა და საპარლამენტო კომიტეტებში. ოპოზიციის მონაწილეობა (უფრო სწორად, არმონაწილეობა) არის საკითხი, რომლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება ძალიან მარტივია. მარტივი ანალიზი გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის წვლილი იყო ძალიან მოკრძალებული, რბილად რომ ვთქვათ. პირიქით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა პროცესის დაზიანებას. მათ გათვლას წარმოადგენდა, რომ 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა მიგვიყვანდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ წარუმატებლობასთან. შედეგად, ოპოზიციის აზრით, ხალხი განეწყობოდა ხელისუფლების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ რადიკალურმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მუშაობას. მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესის უდიდეს ნაწილში, რომელიც აუცილებელი იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობის მისაღებად. აღნიშნულის გადამოწმება ძალიან მარტივია. გარდა ამისა, მათი დიდი ნაწილი არ იშურებდა ენერგიას საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და ხელისუფლების ძალისხმევის დასაკნინებლად. ოპოზიცია წარუმატებელი იყო ევროპულ დედაქალაქებში და ევროკომისიაში, თუმცა უფრო „წარმატებული“ გამოდგა ევროპულ პარლამენტში, რომელიც ევროკავშირის ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენას და მიკერძოებას. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა რადიკალებთან.

შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც მმართველ პარტიას შეეძლო თანამშრომლობა ოპოზიციის შედარებით ზომიერ ფრთასთან (მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა საპარლამენტო კონსენსუსით), პროგრესი მიღწეული იქნა და რეკომენდაცია ერთხმად შესრულებულად ჩაითვალა. იგივე შეიძლება ითქვას საარჩევნო რეფორმაზეც, რომელთან დაკავშირებითაც, ევროკავშირის შეფასებით, „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის განსაზღვრული პრიორიტეტები, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვდა, რბილად რომ ვთქვათ უფრო პრობლემური აღმოჩნდა, ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, ხელს უშლიდა მათი შესრულების პროცესს. ასეთი იყო დეპოლარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შემთხვევები. მაშინაც კი, როდესაც შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარები თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, ისინი ხდებოდნენ სისტემატური ბულინგის მსხვერპლნი მათი რადიკალური კოლეგებისა და ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ეს სამარცხვინო პრაქტიკა საჯაროდ გამოაშკარავდა შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ, რომლებიც ხმა მისცეს სახალხო დამცველის კონსენსუსით არჩევას, ისე, როგორც ამას ევროკავშირის პრიორიტეტები მოითხოვდა.

ამის მსგავსად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება იჩენდა ინტერესს და განზრახვას თანამშრომლობისა, ხელისუფლება რთავდა მათ პროცესში (მაგალითად პარლამენტის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან). სამწუხაროდ, პოლიტიკურად მიკერძოებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეთიშა პროცესს და გარედან დაესხა თავს ხელისუფლებას“,- ნათქვამია წერილში.