საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ზურაბიშვილი სააკაშვილს „არა და არასდროს“ შეიწყალებს! – საერთო მედია
ივლისი 26, 2024

ზურაბიშვილი სააკაშვილს „არა და არასდროს“ შეიწყალებს!

„საერთო გაზეთი“ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრს, საქართველოს

დამსახურებულ ჟურნალისტს ბონდო მძინარაშვილს ესაუბრა.

ბატონო ბონდო, სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს განსახილველად უკან დაუბრუნა. როგორ ფიქრობთ, ეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისი კონტრნაბიჯი ხომ არ არის?

– პრეზიდენტისთვის ამა თუ იმ კანონპროექტზე ვეტოს დადება კანონმდებლობით განსაზღვრული მისი უფლებაა. შესაბამისად, ეს რომელიმე კონკრეტული პარტიის საწინააღმდეგო მოქმედებად ან რომელიმე პარტიის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებად ითვლება. როდესაც პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს არ აწერს და პარლამენტში აბრუნებს, ეს ნიშნავს, რომ მას გარკვეული მოსაზრებები აქვს. ორი კვირის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ხელს მოაწერს და კანონში ცვლილება მაინც შევა ძალაში.

კანონშემოქმედებით საქმიანობა ჩვეულებრივი პროცესია პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობის დროს. არ ვფიქრობ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი კანონში ცვლილებებს ხელს მოაწერდა, ამით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იქნებოდა და რადგან ხელი არ მოაწრა, ვეტო დაადო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი აუცილებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ძალების განმტკიცებაზე ფიქრობს. ასე არ არის. ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მისი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი.

ანუ, გასული კვირის მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას…

– პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა გაწერილია კანონმდებლობით. ასევე არსებობს ორგანული კანონი იმპიჩმენტის შესახებ. თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტი, პრეზიდენტის გარდა, შეიძლება გამოუცხადო მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, მთავრობის წევრს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს. სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირი ამ „საფრთხისგან“ სრულად დაცულია. საპარლამენტო უმრავლესობამ, სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებში კონსტიტუციის დარღვევის ნიშნები დაინახა. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა და იმპიჩმენტის პროცედურა აღეძრა.

ისიც ცხადი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ ვიზიტების განსახორციელებლად პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა სჭირდება. იგივე დაამტკიცა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე წევრმა და ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა სამმა მათგანმა განსხვავებული აზრი გამოხატა. იმ სამ წევრს ისე ნუ აღვიქვამთ, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერიათ. ისინი ოდნავ განსხვავებულად ფიქრობდნენ და ეს გამოხატეს კიდეც. ამას ითვალისწინებს სწორედ დემოკრატია.

მართალია, პრეზიდენტი თანამდებობაზე დარჩა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია. სამართლებრივად, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დამრღვევი, მაგრამ პოლიტიკურად ეს აქტი ვერ განხორციელდა.

მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. რჩება თუ არა ის თანამდებობაზე, სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენი უცხოელი „დაუძინებელი მეგობრების“ თვალში, რომლებიც გამუდმებით გვამუნათებენ და თავიანთ წესებს გვკარნახობენ. ეს რას უნდა ნიშნავდეს, მათ თვალში სალომე ზურაბიშვილს რეპუტაცია არ შეილახა?

– რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, რეპუტაცია შეელახა, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არის საკონსტიტუციო სასამართლო, დიდ პატივს სცემენ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმპიჩმენტს, ოპოზიციამ კი კატეგორიული უარი თქვა მხარდაჭერაზე და მათი ნაწილი არც კი გამოცხადდა სხდომათა დარბაზში, ნიშნავს, რომ ოპოზიცია პატივს არ სცემს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს.

გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი ძალიან სერიოზულად დააზიანა ამ პროცესმა, ასევე, ძალიან დააზიანა საკონსტიტუციო სასამართლოც. საქართველოში ინსტიტუტების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ერთგვარ „ტრადიციად“ ჩამოყალიბდა. დროა, ამ „ტრადიციაზე“ უარი თქვან უპირველესად, პოლიტიკოსებმა და შემდეგ ყველამ, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ასე რომ, ამ ყველაფერმა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით შელახა პრეზიდენტის იმიჯი, არამედ საზღვარგარეთაც. ის პროცესები კი, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში მიმდინარეობს, სერიოზულად აზიანებს ქართველი პოლიტიკოსების რეპუტაციას ქვეყნის გარეთ.

უცხო ქვეყნის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული შეფასება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, არსად მინახავს. იქნებ გამომრჩა და მათ ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს?

– შეიძლება, მათ პერსონალურად რაღაც მოსაზრება გამოთქვან, როგორც დეპუტატებმა, მაგრამ ინსტიტუციები ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებენ. ისინი დიდ პატივს სცემენ კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ნებისმიერი განცხადება აღიქმებოდა არამხოლოდ საქართველოს შინაურ საქმებში ჩარევად, არამედ სასამართლო ინსტიტუტზე თავდასხმად, რასაც არ დაუშვებენ.

რეალურად ყველამ იცის, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მათ შორის იმ პოლიტიკოსებმაც, ვისთანაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. არადა, პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის უპირველესი გარანტი უნდა იყოს. ამის გაკეთება, ჩემი აზრით, მისი მხრიდან საბედისწერო შეცდომა იყო. პარლამენტს უნდა აღეძრა იმპიჩმენტის საკითხი, რადგან საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა არც ერთი თანამდებობის პირი არ დგას. ამის უგულებელყოფა ნიშნავდა იმას, რომ არც საქართველოს პარლამენტი სცემს პატივს კონსტიტუციას და არ იცავს მის ფასეულობებს.

„სიუპრიზების“ მოყვარული ქალბატონია ჩვენი პრეზიდენტი და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ საკითხზე ერთხელ უკვე გარკვევით განაცხადა „არა და არასდროს“?!

– არა, არავითარ შემთხვევაში! მიუხედავად იმისა, როგორი დამოკიდებულება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ის გამოცდილი დიპლომატია, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გუშინ არ შემოსულა და საქართველოს სიტუაციას ძალიან კარგად იცნობს. ასევე ძალიან კარგად იცის, ვინ არის, რა დააშავა სააკაშვილმა და რა შეიძლება გამოიწვიოს შეწყალებით მისმა გათავისუფლებამ. ამიტომ, ზედმეტი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, მან თავიდანვე განაცხადა, რომ სააკაშვილს „არა და არასდროს“ შეიწყალებს. ეს ასეც დარჩება, რადგან სააკაშვილის შეწყალება იქნება უკვე ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ სერიოზული საფრთხის წინაშე არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდება. პრეზიდენტი ამას არ იზამს, არა იმიტომ, რომ კეთილი ქალბატონია, არამედ იმის გამო, რომ კარგად აქვს გააზრებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით.

ბატონო ბონდო, სამოქალაქო არეულობის მოწყობის საფრთხის წინაშე ვდგავართ. სუს-მა გაგვაფრთხილა, რომ დესტრუქციული ძალები საქართველოში „მაიდანს“ გეგმავენ. როგორ შეიძლება ამ საფრთხის თავიდან აცილება?

– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან სწორად მოიქცა, როდესაც პრევენციული განცხადება გაავრცელა. უშიშროების სამსახურები მოქმედებენ ფარულად და ყველაფერს, რასაც იკვლევენ, იძიებენ და აკვირდებიან, საჯაროდ ვერ გამოიტანენ. თუმცა, დესტრუქციული ძალები რეალურად ცდილობენ, მოამზადონ გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გასაჩენად. ასეთი მცდელობები იყო, არის და კიდევ იქნება. ეს ჯგუფები: „თავისუფლების ინსტიტუტი“, აკერმანის შეგირდები, „კანვასი-საქართველო“, სერბეთიდან ჩამოყვანილი ტრენერები, „ფრანკლინის კლუბი“ და ასე შემდეგ, უკვე წლებია, ამ მიმართულებით მოქმედებენ. ცდილობენ, საზოგადოებრივი აზრი შეამზადონ და შემდომ საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერით გადატრიალება მოაწყონ. ეს მცდელობები დიდი ხანია, განათლების სისტემაში ძალიან აქტურად მუშავდება, ვგულისხმობ უმაღლესი განათლების კერებს, როგორიცაა „ილიას უნივერსიტეტი“, „ალასანიას უნივერსიტეტი“, ბენდუქიძის უნივერსიტეტები… დააკვირდით, ვინ არის ამ უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალი და ყველაფერი ნათელი გახდება.

ნაცმოს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა 2012 წლის შემდეგ, სწორედ ამ უმაღლეს სასწავლებლებში გადაინაცვლეს. ისინი შეეცდებიან, ქართველი ხალხის აზრის და განწყობის საწინააღმდეგოდ, გარე ძალების დახმარებით კვლავ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ძალიან აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

9 ნოემბერს გამოცხადდება ევროკავშირის პირველადი დასკვნა საქართველოს ეროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე დეკემბერში, ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე უნდა გადაწყდეს სტატუსის მინიჭების საკითხი. ვფიქრობ, რომ სტატუსს საქართველოს მიანიჭებენ და არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ უახლოეს ორ თვეში რაიმე სერიოზულ საფრთხეს გვიმზადებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ყოფილი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ემზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. იქ ჩვენ დაგვჭირდება ყურადღების გამახვილება იმაზე, ვინ რა ინტერესებით შეიძლება გამოიწვიოს ქაოსი და დესტაბილიზაცია საქართველოში.

თქვენ აღნიშნეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არჩევნებისთვის. ემზადებიან მართლაც ყველანაირი ხერხით და მეთოდით, მაგრამ ვისი სახით იქნებიან წარმოდგენილი, ეს არის საინტერესო.

– „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად არანაირი პერსპექტივა არა აქვს. მათ მხოლოდ დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლიათ, მაგრამ საფიქრებელიც სწორედ ისაა, რომ, თუკი ამ დესტაბილიზაციაში საერთაშორისო ძალები აქტიურად ჩაერთვებიან, ქვეყანა არ დააზიანონ.

ერთადერთი საფრთხე, რაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე შეიძლება შეექმნას, ეს არის ეგრეთ წოდებული ნეგატიური ხმა. არჩევნებში ყოველთვის ჩნდება მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო ადამიანთა ხმები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, მაგრამ აღარც მმართველი პარტიის მხარეს არიან. ეს არის დაკარგული ხმები.

ქართული პოლიტიკური სივრცისთვის იქნება ის, რომ დღევანდელი ოპოზიცია თავისი უგუნურებით, თავისი რადიკალიზმით, თავისი დესტრუქციულობით, ამომრჩეველს საარჩევნო უბანთან მიიყვანს და, შედეგად, შესაძლოა, უკვე მომდევნო ვადით „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობითაც ვიხილოთ. ფაქტობრივად, მმართველ პოლიტიკურ ძალას არ დარჩება ოპონენტად ჯანსაღი ძალა, რომელიც შეცდომებზე კვალიფიციურად მიუთითებს და ამ შედომების დაშვების საშუალებას არ მისცემს. ეს კი ძალიან ცუდია. ამიტომ უნდა გაჩნდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალები, რომლებიც მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ.

ვისურვებდი, საქართველოში გაიზარდოს ახალგაზრდა პოლიტიკოსების ისეთი თაობა, რომლებიც ჩასაფრებულის პოზიციებიდან კი არ შეუტევენ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფო ინტერესებით იმოქმედებენ.

უგუნურება ახსენეთ და მეტი უგუნურება რა უნდა იყოს, რაც ახლა სოფო ჯაფარიძისა და მისი გუნდის ჭორვილაში ჩასვლა იყო.

– მართლაც ძალიან უგუნური საქციელი იყო, მაგრამ მე ამას მხოლოდ ერთ „გამართლებას“ ვუძებნი. სააკაშვილი ისტერიულ მდგომარეობაშია და პარტიის წევრების მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ძალიან კარგად ხედავს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობა“ დაიშალა და ამის გამო პანიკაშია. ფიქრობს, რომ თუ არ იაქტიურებენ და მისი სახელი აქტუალური არ იქნება, ამ შემთხვევაში ის ყველას მიავიწყდება. სააკაშვილი უკვე ქართული პოლიტიკის წარსული და პენიტენციური სისტემის დღევანდელობაა. სოფო ჯაფარიძე მართლა სულელი ხომ არ არის?! ძალიან კარგად ხვდებოდა, ამას რა შედეგიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს მხოლოდ სააკაშვილის ისტერიკის დაცხრობისთვის გაკეთდა.

აი ასეთ, თვითგანადგურების რეჟიმშია ოპოზიცია და ვერ ხვდებიან, რომ ამით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ. სწორედ ამიტომ არის, რომ, ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს დარჩა საქართველოში, „ქართული ოცნებაა“.

“საერთო გაზეთი”

ნონა ქარქაშაძე