საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

კორუფცია და ათასი უბედურება უკრაინაში! – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

კორუფცია და ათასი უბედურება უკრაინაში!

“სტატუსმინიჭებული” უკრაინა
უკრაინის ბიზნესში კორუფციასთან დაკავშირებით განწყობები გაუარესდა. მაშინ, როდესაც რუსეთთან ომს ეწირებიან უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები, უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი კოლოსალურად მდიდრდება. ამ მხრივ გამოირჩევა საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, რომელმაც უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფინანსური ზარალი მიაყენა სახელმწიფოს, რაც კორუფციულ მაქინაციებს უკავშირდება და საერთო ჯამში 16,2 მლნ დოლარს შეადგენს.
როგორც ირკვევა, არახამია მოელაპარაკა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და მათი ერთობლივი მფარველობის ქვეშ მყოფმა „ინდუსტრიული ინოვაციების ჯგუფმა“ ფაქტობრივად, პოლიგრაფიული წარმოების სფეროში სრული მონოპოლია მოიპოვა. მათ მთლიანად დაიქვემდებარეს პოლიგრაფიული კომბინატი „უკრაინა“, რომელიც ყოველგვარი ტენდერებისა და კონკურსების გარეშე, უკონკურენტოდ იღებს ყველა სახელმწიფო შეკვეთას და მის ხელშია ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტის ბეჭდვა, დაწყებული პირადობის მოწმობებიდან, დასრულებული საგადასახადო დოკუმენტაციისა და ნოტარიული აქტების შაბლონებით.
ამ მონოპოლიის პარალელურად, არახამიას მფარველობის ქვეშ იხსნება ჩრდილოვანი ბიზნესი, რომელიც არალეგალურად ბეჭდავს გაყალბებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და სარფიან ფასებში ასაღებს. ცხადია, გადასახადებს ეს არალეგალური სტამბები არ იხდიან, სამაგიეროდ, მოგებას მფარველებს უნაწილებენ; მორიგი ხმაურიანი კორუფციული სკანდალი არავის უკვირს, რადგან ეს უკრაინის ყოველდღიურობაა და ბევრი სწორედ ამითი ხსნის ფრონტზე წარუმატებლობასაც.
უკრაინაში თითქოსდა ანტიკორუფციული ოპერაცია ხორციელდება, თუმცა, როგორც უკრაინული მედია წერს, გამოძიება მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომლებიც დაპირისპირებული არიან ზელენსკის გუნდთან. ამის მაგალითია მმართველი პარტიის – „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანატოლი გუნკოზის დაკავება, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს. გუნკოზი ბოლო პერიოდში დაუპირისპირდა პარტიის თავმჯდომარე არახამიას, მიზეზი კორუფციული გადაკვეთა იყო.
უკრაინის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში კორუფციის აქამდე არნახული დონეა, რაც გავლენას იქონიებს კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობებზე, კერძოდ, ამერიკიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებაზე, რასაც ის აშშ-ში შიდაპოლიტიკურ ბრძოლას უკავშირებს.
„კორუფცია, კორუფცია, კორუფცია, კორუფცია“. თუ ჩვენებს ჰგონიათ, რომ დასავლეთში არაფერი იციან, ეს დიდი შეცდომაა. მათ ყველაფერი იციან. და, რა თქმა უნდა, იმ ქურდობის ბაკქანალიაზეც, რომელიც ჩვენთან არის. კორუფციის ასეთი დონე უკრაინის ისტორიაში, ალბათ, არასოდეს ყოფილა. განსაკუთრებით, როდესაც ამერიკულ ფულს იპარავენ“, – აცხადებს ალექსეი არესტოვიჩი.
უკრაინის საბაჟო სამსახურის განცხადებით, იმ ჰუმანიტარული ტვირთიდან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე უნდა მისულიყო, ერთი მესამედი დაკარგულია. კერძოდ, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 9 000 ტვირთიდან დანიშნულების ადგილებამდე 3 000 ტვირთი არ ჩავიდა.! უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტების დადგენა შესაძლებელი გახდა სამხედრო ნაწილებში ჰუმანიტარული ტვირთების ჩასვლაზე ერთობლივი კონტროლის დაწესების საშუალებით.
მებაჟეებმა სამართალდამცველ ორგანოებს გაუგზავნეს 387 შეტყობინება ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე შედგენილია 320 ოქმი საბაჟო წესების დარღვევის თაობაზე, სადაც კანონდარღვევის საგანს ჰუმანიტარული დახმარების საქონელი წარმოადგენს.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პრეზიდენტ ზელენსკის გარშემო, ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა და ამას ადასტურებს სექტემბერში აშშ-ში, რბილად რომ ვთქვათ, მისი „ნელთბილი“ მიღება, ოქტომბერში ჯერ რუმინეთის პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლის ჩაშლა, ისრაელში მისი ვიზიტისთვის ფაქტობრივი უარის თქმა, მაშინ, როდესაც თელ-ავივს უპრობლემოდ ეწვია რამდენიმე ევროპელი ლიდერი და ამერიკის პრეზიდენტი.
„ზელენსკის მისი ყოფილი სპიკერი არესტოვიჩიც აუჯანყდა, რომელმაც ქვეყანა და მისი ხელისუფლება კორუფციასა და ათას უბედურებაში დაადანაშაულა. აქტიურად მუშაობს მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის ფრონტზე ამერიკელების მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ), თვე არ გადის, ხმაურიანი დაჭერების შესახებ ინფორმაცია არ მივიღოთ.
სკანდალის ფონზე დატოვა თანამდებობა თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა, შავი ღრუბელია ჩამოწოლილი არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავზეც. არანაირ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აღმოჩენა, სადაც ათობით ათასობით რაკეტაზე, უბრალოდ, ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებაა დატანილი. ამის ფონზე მორიგი კატასტროფაა ქვეყნის საბაჟო სამსახურის ზემოთხსენებული ინფორმაცია, უკრაინაში შემოსულისამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი გამქრალია.
რა იქნა ამ ტვირთების დანარჩენი 70%, ალბათ, ეს უკრაინის ფარგლებს გარეთ ძიების საგანია“, – აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამ ყველაფრის ფონზე სავსებით ლოგიკურია აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის გამოყოფის თაობაზე გამოჩენილი სკეპტიციზმი. გარდა ამისა, იგრძნობა ზელენსკისა და მისი სახელისუფლებო გუნდის მიმართ მსოფლიოში დაგროვებული მზარდი უნდობლობა და უკმაყოფილება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც საბაჟო სამსახური და ვერც ანტიკორუფციული ბიურო ზელენსკის მთავრობის დამაზიანებელ ფაქტებს ასე სააშკარაოზე ვერ გამოიტანდნენ. შეგახსენებთ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ეხება „სტატუს მინიჭებულ“ უკრაინას, რომლის ქართველი ფანატიკოსები დეტალურად ებღაუჭებიან ჩვენი ქვეყნისთვის ხელოვნურად თავსმოხვეულ 12-პუნქტიან „ხაფანგს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სავალალო სიტუაციაა ზელენსკის კორუმპირებულ ადმინისტრაციაში. ამ ფონზე უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ისევ მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ. კორუფციის მასშტაბი კატასტროფულია, მისი დონე არ შემცირდება, მაგრამ ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, არც გაიზრდება, რადგან ეს უკვე წარმოუდგენელია.
„არ შეიცვლება არც ის, რომ დავით არახამია და მსგავსი ნაძირლები ამ ომით კოლოსალურ, თუმცა სისხლიან ფულს აგროვებენ. რა გასაკვირია, რომ სააკაშვილი მწარედ დასტირის თავის ბედს, რადგან ამ გაგანია შოვნაში ტყუილად ცდება და მუქთახორობს, როგორც თავად აცხადებს – „დროს ფუჭად აკარგვინებენ“ „ვივამედში“ კოტრიალით. არადა, რამდენს იშოვიდა და ვინ იცის, ეგება მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებებით „შაჰის ცოლობისთვის“, ე.ი. ზელენსკის პრემიერ-მინისტრობისთვისაც კი გამოეკრა ხელი“, – გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში არსებული ვითარება გარკვეული დემორალიზაციის შედეგია. მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნია სადაზვერვო შეღწევადობა უკრაინის ხელისუფლებაში და თუ ეს პროცესი კომბინირებულად განვითარდება, ნიშნავს, რომ ეს უკრაინის ისედაც უმძიმესი მდგომარებისთვის დამანგრეველი ზემოქმედება იქნება.
 „რაც შეეხება კორუფციას, ეს თემა მშვიდობიანობის დროსაც საკმაოდ ფრთაგაშლილი იყო უკრაინაში. კორუფცია იყო, როდესაც ზელენსკი მოვიდა ხელისუფლებაში და, შესაბამისად, ამ კორუფციამ კიდევ უფრო გაშალა ფრთები საომარი მოქმედების მიმდინარეობისას. არსებობს ასეთი მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომ სახელმწიფოში, სადაც კორუფციის მასშტაბები უკვე არსებობს, მის გაფართოებაზე ფიქრობენ დაინტერესებული სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურები, ისევე როგორც ეს ხდებოდა ჩვენთან 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს.
არა მარტო სამდღიანი ომის, არამედ შემდეგი პერიოდიც კორუფციის უფრო გაფართოებისთვის შესანიშნავი დრო იყო. ომი ხელისუფლებამ საკუთარი მადის კიდევ უფრო გასაძლიერებლად გამოიყენა. ვფიქრობ, რომ უკრაინაშიც მსგავსი სიტუაციაა. უფრო მეტიც, პოლიტიკური, სამხედრო და კრიმინალური ელიტა ემზადება იმისთვის, რომ საომარი მოქმედების შემდეგ, ეგრეთ წოდებული მშენებლობის პროცესში, მნიშვნელოვანი თანხების გათეთრება განხორციელდეს. ასე რომ, კორუფციის მასშტაბის ზრდას უკრაინაში კიდევ უნდა ველოდოთ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

“საერთო გაზეთი”

ანი გოდერძიშვილი