ადვოკატთა უფლებები კვლავ დასაცავია
რა ხდება სასამართლო სისტემაში, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მართლმსაჯულება, რა შეიცვალა ნაციონალური რეჟიმის შემდეგ და რას ფიქრობენ იურისტები დასავლეთის მიერ მოსამართლეთა დასანქცირებასთან დაკავშირებით.
ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ადვოკატი გია ტაბლიაშვილი.
– ბატონო გია, წლების განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდით, შემდეგ მოღვაწეობა განაგრძეთ ადვოკატურაში, ხელმძღვანელობდით ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, რომელიც ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას შეისწავლის. ფაქტობრივად, ერთ-ერთი მემატიანე ხართ, რომლის თვალწინაც შეიქმნა თანამედროვე ქართული მართლმსაჯულება. რა განსხვავებაა წარსულ და დღევანდელ მართლმსაჯულებას შორის?
– ქართულმა მართლმსაჯულებამ განვითარების ურთულესი ეტაპები გაიარა, თანამედროვე ქართული სამართალწარმოება და მართლმსაჯულება (ვგულისხმობ საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდს) მუდმივ რყევებს განიცდიდნენ, როგორც ნეგატიური, ასევე დადებითი მიმართულებით.
2003 წლამდე, ქართული მართლმსაჯულება იყო ეგრეთ წოდებულ დეპრესიულ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში არაერთი გამოჩენილი და უაღრესად კვალიფიციური იურისტი გვყავდა იმ დროს, სახელმწიფოში არსებული პოლიტიკურ – სოციალური მდგომარეობა არ აძლევდა სამართალს სრულფასოვანი განვითარების და მისთვის შესაბამის სიბრტყეში გადასვლის საშუალებას. სამართალი ძალიან ნელა მიიწევდა წინ. ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის, ხელისუფლების სისუსტისა და უკონტროლობის ფონზე ჩამოყალიბებული კორუფციის განუზომელი მასშტაბები, მართლმსაჯულებას საშუალებას არ აძლევდა, თანამედროვე, დემოკრატიული, ევროპული მოდელის წარმონაქმნად ჩამოყალიბებულიყო.
– ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს გამოძიება არ არსებობდა, პროკურატურა ითავსებდა თემიდის როლსაც. იმ ფონზე მახსოვს თქვენი, როგორც ადვოკატის, აქტიურობაც…
– 2003 წლის 23 ნოემბერს ქვეყანაში დატრიალებული ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციას მოსახლეობის უმრავლესობა იმედით შეხვდა. ქვეყანა ახლი მოლოდინითა და იმედით სულდგმულობდა სააკაშვილის მოწოდებების ფონზე, რომელიც კორუფციისა და სიღარიბის აღმოფხვრის ლოზუნგით მოვიდა. ნაცვლად იმედის გამართლებისა საზოგადოებამ მიიღო უმძიმესი მდგომარეობა, ქართული სამართალდამცავი და სასამართლო სისტემები მთლიანად უზურპირებული აღმოჩნდა და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარჩა მოტყუებული. ქვეყანაში დაიწყო ტოტალური რეპრესიები, სასამართლო სრულად დაექვემდებარა პროკურატურის სისტემას და სანოტარო ბიუროდ იქცა.
2010 წლის 1-ელ ოქტომბერს მიღებული იქნა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, რომელმაც სრულად მოახდინა ადვოკატთა ინსტიტუტის უგულებელყოფა, საპროცესო კანონმდებლობაში მოხდა ადვოკატის როლის უგულებელყოფა, ბრალდებული ადამიანი პროკურატურის კლანჭებში მოექცა და, ბუნებრივია, მართლმსაჯულებაზე კი არა, იოტისოდენა ობიექტურ და მიუკერძოებელ სამართალზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ქვეყანა ტოტალური უსამართლობის მსხვერპლად იქცა. საქართველოს ისტორიის არცერთ ეტაპს არ ახსოვს მსგავსი უკანონობა და უსამართლობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ხდებოდა.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სისხლის სამართალწარმოებაში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 1%, რაც თანამედროვე მსოფლიოში წარმოუდგენელი მაჩვენებელია. ამ ფაქტის პირდაპირ პროპორციულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრები ადამიანის უფლებების დარღვევის წარმოუდგენელ ფაქტებზე. ჩემი პირადი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე (არაერთ გახმაურებულ და გაუხმაურებელ საქმეებში მიმიღია მონაწილეობა), შემიძლია გულწრფელად განვაცხადო, რომ მდგომარეობა სააკაშვილის მართლმსაჯულების სისტემასთან შედარებით რადიკალურად არის შეცვლილი დადებითი კუთხით. 2013-2017 წლებში სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართალწარმოების მიმართულებით არაერთი მნიშნელოვანი ცვლილება შევიდა სისხლისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში. ადვოკატის როლი მართმსაჯულების განხორციელების პროცესში უდავოდ გაიზარდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ადვოკატის მიერ გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარების საშუალება, ადვოკატის მიერ მტკიცებულებების მოპოვების უფლება.
– რამდენად კომპეტენტურია დღეს ჩვენი გამოძიება? მაგალითად, ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დავა რამდენიმე ადვოკატის, კერძოდ, ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას წინააღმდეგ, რომელიც მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას და საჯარო რეესტრში დაცულ დოკუმენტებს ეხება. ფაქტია, პროკურატურას უჭირს, ერთმანეთისგან გამიჯნოს სისხლისა და სამოქალაქო დავის პასუხისმგებლობა, კერძოდ, სად იწყება და სად მთავრდება ადვოკატის როლი მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე სამოქალაქო სასამართლოს ადვოკატებისა და მათ კლიენტთა სასარგებლოდ გამოტანილი აქვს გამამართლებელი ვერდიქტი. ამ ფონზე, ზოგადად, არსებობს თუ არა სისხლის სამართლის და სამოქალაქო დავის გამიჯვნის პრობლემა დღევანდელ გამოძიებაში და რა შეიძლება გაკეთდეს?
– ადვოკატთა კორპუსი ისევ აწყდება მნიშვნელოვან პრობლემებს სამართალწარმოების განხორციელების დროს, კერძოდ, ადვოკატს ხშირად აყენებენ არათანაბარ მდგომარეობაში ბრალდების მხარესთან, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მკაცრად არის გაწერილი მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ადვოკატი ხშირად არის უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლი, დაუცველი და დღეისათვის სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ გააჩნია მკაცრი მარეგულირებელი მექანიზმები ადვოკატის პროფესიისა და ღირსების დასაცავად.
თქვენ მიერ დასახელებული ჩემთვის პატივსაცემი ქალბატონების ნათელა გოდერიძის და მზევინარ კოსტავას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც ხსენებულ საქმეზე სრულიად უსაფუძვლოდ და იურიდიულ ნონსენსად მიმაჩნია.
ადვოკატი ჯერ კიდევ არ არის გაიგივებული სახელმწიფოს მიერ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებადამცველთან. ადვოკატს სახელმწიფო ჯერ კიდევ არ ანიჭებს სათანადო რეიტინგს და პატივს იმისათვის, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ბრალდების მხარე ვერ ბედავდეს დევნის დაწყებას, როცა სახეზეა სამოქალაქო დავის თემა.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება სრულიად გაუმართლებელია. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს პრაქტიკაში, მაშინ როდესაც სახეზეა სრულიად ნათლად და ცალსახად სამოქალაქო დავის ყველა საფუძველი. სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს ცალსახად გამოკვეთილი საკანონმდებლო ბაზა, მკაცრად უნდა იყოს დაწესებული მონიტორინგი ამ კატეგორიის ნებისმიერ საქმეზე და ბრალდების მხარე, რომელიც სრულიად გაუმართლებლად და ადვოკატის ღირსების შელახვის ხარჯზე იწყებს დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო დევნას, მკაცრად უნდა დაისაჯოს, უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს მსგავსი თანამდებობის პირთა მიმართაც.
უნდა შეიზღუდოს ბრალდების მხარის დისკერციის ფარგლები (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნები) და მკაცრად უნდა გაიწეროს კონკრეტული მიმართულებები, რა შემთხვევებია ასეთ დროს გასათვალისწინებელი. საპროცესო კოდექსის ეს მუხლი სააკაშვილის რეჟიმის გადმონაშთია და ამიტომაც არის დღეს ეს მდგომარეობა.
– არ შემიძლია არ გკითხოთ, რას იტყვით ჩვენი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მაგალითად, რამდენად ადეკვატური იყო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ამგვარი დასჯა დასავლეთის მიერ, როცა მისი პროფესიული საქმიანობის შესწავლა არ მომხდარა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მსჯავრდებულმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ამ მოსამართლეს აღარ შეეხებოდნენ და ციხიდან გათავისუფლების დროსაც კი მის წინააღმდეგ ერთი საყვედურიც არ დასცდენია. დაირღვა თუ არა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის უფლება და რა სამართლებრივი მექანიზმი დარჩა მას, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს?
– რაც შეეხება მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას, ეჭვგარეშეა, რომ ეს სრულიად უსაფუძვლო, არაგონიერი და მიკერძოებული ფაქტია. არაფერი საერთო არ აქვს ამას კანონიერებასა და ობიექტურობასთან. სანქციის გამოყენება დასავლეთის მხრიდან მოსამართლეთა კორპუსის დაშინების სრულიად უშედეგო მცდელობაა, ვინაიდან მათ წინააღმდეგ. არცერთი კონკრეტული ფაქტი ან თუნდაც ირიბი სამხილი არ არსებობს.
“საერთო გაზეთი”
ლევან ჭიღლაძე