საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სახელმწიფო უწყებებმა ამ არასამთავრობოებთან უნდა გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

სახელმწიფო უწყებებმა ამ არასამთავრობოებთან უნდა გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა!

FARA-ს ქართული ანალოგის შექმნის მიზნებსა და მიზეზებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ. როგორც მან აღნიშნა, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი ვარიანტი ინფორმირებულობასა და გამჭვირვალობაზე იყო ორიენტირებული, მაშინ როდესაც, პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ადრე, მსგავსი კანონის გაცილებით მკაცრი ფორმით მიღებას ემხრობოდნენ.
„მახსენდება, როდესაც „ხალხის ძალამ“ წარვადგინეთ კანონპროექტი, განხილვებზე პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ოთხი წლით ადრე ითხოვდნენ FARA-ს ანალოგს. ოღონდ FARA, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, იყო სუფთა თვალსაზრისით ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობისთვის და პრევენციაზე აგებული. ეს ადამიანები კი, რომლებიც FARA-ს ბევრად მკაცრი ფორმით მიღებასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კომპონენტის გათვალისწინებას ემხრობოდნენ, ახლა ჩამწკრივებულები წაუკითხავად აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის უზრუნველმყოფ კანონპროექტს და გააპროტესტებდნენ კიდეც,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
მან ისიც გაიხსენა, რომ პარტიის ლიდერებს არაერთხელ უსაუბრიათ იმაზე, თუ რა გზავნილები კეთდებოდა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის მხრიდან, „კელი დეგნანმა პირდაპირ როგორ განუცხადა სახელმწიფოს ზოგიერთ ლიდერს, რომ თუ კანონპროექტი არ იქნებოდა ანულირებული, იგი მონათლავდა მას „რუსულ კანონპროექტად“. ასევე ცნობილია, რომ რეგიონულ ორგანიზაციებს პირდაპირ მისდიოდათ მესიჯები, რომ მხარი დაეჭირათ პროტესტისთვის, თბილისში ჩამოსულიყვნენ და ა.შ. გამჭვირვალობა და მიზნობრიობა ჩვენ გვაინტერესებდა იმისთვის, რომ გვცოდნოდა, რაზე იხარჯება და რა რაოდენობით ნებისმიერი დაფინანსება. საია იქნებოდა ეს, USAID, თუ ნებისმიერი ორგანიზაცია, წარმოიდგინეთ, იხდის გირაოს თანხას დამნაშავისათვის და რა სიგნალის იძლევა ის – დააშავეთ და მე თქვენს გვერდით ვიქნები ფინანსურად. ამავდროულად, გვახსოვს კელი დეგნანის ცნობილი პოლიტიკური გამოსვლები, ასევე ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია რომ გამოდიოდა და თეთრზე შავს გვიმტკიცებდა,“ – დასძინა ქადაგიძემ.

 რაც შეეხება იმას, თუ რა საშუალებები აქვს სახელმწიფოს საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს დესტაბილიზაციის საფრთხეები, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ საჭირო ბერკეტები არსებობს. „დღეისთვის სახელმწიფოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის თვალსაზრისით აქვს საკანონმდებლო ბერკეტი, მაგრამ არსებობს ყველაზე კარგი საშუალება და ბერკეტი – არ ეკონტაქტოს და არ ჰქონდეს ურთიერთობა ამ ორგანიზაციებთან. ამ არასამთავრობოებს შეუძლიათ გააკეთონ ფრანკლინის კლუბი უნდათ, თუ რაიმე სხვა სივრცე, მოაწყონ ტრენინგები, ოღონდ არ უნდა გაცდნენ ჩარჩოს, რომლის გადალახვაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. იყვნენ ამ თავის სივრცეში, მოაწყონ ტრენინგები და გამოურეცხონ ერთმანეთს ტვინები და სტერილური გარემო ჩამოაყალიბონ, ამას ვერავინ აუკრძალავს.
 მაგრამ განათლების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, საერთოდ უნდა გაწყდეს კომუნიკაცია ამ ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლის დონეზეც კი, არათუ წარიმართოს საერთო პროექტებზე საუბარი,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.