საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

დეგნანისა და დანიგანის გვარი ერთიდაიგივე ხმოვნებსა და თანხმოვნებს უყრის თავს, ოღონდ სხვადასხვა თანმიმდევრობით! – საერთო მედია
სექტემბერი 20, 2024

დეგნანისა და დანიგანის გვარი ერთიდაიგივე ხმოვნებსა და თანხმოვნებს უყრის თავს, ოღონდ სხვადასხვა თანმიმდევრობით!

“საერთო გაზეთს” ესაუბრა პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:
– ბატონო რამაზ, უნგრეთის პირველი პირი ორბანი სამდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. როგორ შეფასებთ მის ვიზიტს?
– საქართველოში მოვლენებს ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს. ოპოზიციამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ორბანი რუსეთის მეგობარი და მისი სტილის მმართველიაო. ამის საპასუხოდ შემდეგს ვიტყვი: ორბანი იმყოფებოდა კონფლიქტის ზონასთან, საზღვარზე, რითაც ყველაფერია ნათქვამი. მოგეხსენებათ, ანალოგიური ვიზიტების დროს ყველაფერი წინასწარ იგეგემება. ამიტომ მას შეეძლო კონფლიქტის ზონაში მისვლაზე უარი ეთქვა, მაგრამ ასე არ მოიქცა. ის მივიდა იქ, სადაც რუსეთის დანაშაული, რუსული ოკუპაციის ფაქტი ცალსახად გამოხატულია. იქ მისვლა, ორბანის მხრიდან, პირიქით, ანტირუსული ნაბიჯია ისევე, როგორც ანტირუსულ ნაბიჯად მიაჩნია რუსეთს რიგი პოლიტიკოსების ვიზიტს უკრაინაში. პუტინი მათ მტრებად მიიჩნევს. ორბანი რუსეთის აზრს რომ უწევდეს ანგარიშს, იგი ოკუპაციის ხაზთან მისვლაზე უარს იტყოდა. ასე რომ, ოპოზიცია ტყუილად ცდილობს ამ თემით მანიპულირებას. ორბანის სამდღიანი ვიზიტი ქართული პოლიტიკის ძალიან დიდი გამარჯვებაა.
ანალოგიური ითქმის ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობაზე. ოპოზიცია მაშინაც იგივეს ამბობდა: ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა და მასთან ურთიერთობა დემოკრატიის უკუსვლააო. ასეთი შეფასებების მოტივი ის იყო, რომ საზოგადოებას ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის წარმატება უარყოფითად შეეფასებინა. აქაც, სახეზეა საგარეო პოლიტიკის წარმატება.
ჩვენ არ ვართ განებივრებული ქვეყნების პირველი პირების ვიზიტებით. პოლიტიკაში ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. სამდღიანი ვიზიტი სერიოზული განაცხადია. ჩინეთის პირველმა პირმაც იგივე მხარდაჭერა აღგვითქვა: რაც უნდა მოხდეს, ჩინეთი თქვენს გვერდით იქნებაო. ზოგმა ქილიკი დაიწყო: სამი დღე საქეიფოდ ჩამოვიდაო. ეტყობა, ისინი ცუდად იცნობენ უნგრულ სამზარეულოს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ სამზარეულოს თავისუფლად უწევს კონკურენციას. სირცხვილია, როცა ქვეყნის პირველი პირის ვიზიტს ასეთ ჩარჩოში აქცევ, თითქოს აქ საჭმელად ჩამოვიდა. ამ ვიზიტის დადებითი მხარეები იმდენაც ცხადია, მხოლოდ ასეთი ქილიკით მხოლოდ თავად ოპოზიცია დააკნინებდა. რამდენიმე პოზიტივს გამოვყოფ: მნიშვნელოვანია ორბანის გულითადი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი; მას გამბედაობა ჰყოფნის, კრიტიკა გამოთქვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის ქმედებაზე. როცა ბორელი იყო ჩამოსული, ველოდი, რომ ბოდიშს მაინც მოიხდიდა სტატუსის არმონიჭების გამო. მსგავსი არაფერი წამოსცდენია. ანუ, ისინი თავიანთი გადაწყვეტილების მონები გახდნენ. რაც ერთხელ თქვეს, იმის გადათქმა უჭირთ ისევე, როგორც ბევრ ევროპულ სახელმწიფოს. ევროპამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ესე იგი სწორია _ ასეთი კონფორმისტული დამოკიდებულება ბევრს აქვს. ორბანის მხრიდან დასაფასებელია, რომ მას შეუძლია საკუთარი პოზიცია დაიცვას, თანაც ყურადღება არ მიაქციოს იმას, მისი განცხადებები ფეხის ხმას მიჰყვება თუ არა.
-ევროკავშირის ინტერესი კავკასიის რეგიონს ხომ სწორედ საქართველოს მეშვეობით უნდა დაუკავშირდეს?
– რა თქმა უნდა, ევროკავშირის ინტერესი საქართველოს რეგიონს უნდა დაუკავშირდეს, თანაც იმ პირობებში, როცა ჩინეთი ემზადება, ტრანზიტის სარტყელი აქეთ გადმოიტანოს. ეს არის ჩინეთის ტრანზიტი ევროპისკენ. ამიტომ სრულიად გაუგებარია ევროკავშირის კავკასიის მიმართ დამოკიდებულება. მათ ფონზე ორბანის პოზიცია პოლიტიკური სიმწიფის მაჩვენებელია. სხვები განცხადებებს ერთმანეთის მიბაძვით აკეთებენ. ხალხს ცხვრის ფარას ვადარებთ-ხოლმე. ასეთივე მიმართებაა სახელმწიფოებს შორის. ლიდერ სახელმწიფოს სხვები ცხვრის ფარასავით მიჰყვებიან. დასაფასებელია, რომ ორბანმა გადაწყვიტა საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოეხატა. ჩვენი ქვეყნის მიმართ სრულიად ევროპულ გაერთიანებასაც იგივე პოზიცია რომ ჰქონოდა, ეს მათთვისაც პოლიტიურად გაცილებით მომგებიანი იქნებოდა.
გამორიცხული არც ისაა, ამერიკა სატრანზიტო დერეფნის “გაფუჭებით” იყოს დაინტერესებული, რათა ჩინეთი უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ჩინეთი ამერიკისთვის კონკურენტია. ამერიკას შეუძლია ჩინეთთან კონკურენციას ევროპა “წააკლას”. ევროპამ საკუთარ თავს თვითონ უნდა მოუაროს და განსაზღვროს, რა აწყობს და რა – არა. მხოლოდ ამერიკის გამო იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არ აწყობდეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ახლომხედველობის გამოხატულებაა. ცუდად აღიქმება, როცა ადამიანი სხვების საამებლად დგამს ამა თუ იმ ნაბიჯს და დამოუკიდებლად ფიქრიც კი არ შეუძლია. ამ ფონზე უნგრეთი სასიამოვნოდ გამოირჩევა. თქვენი რეპლიკა სწორია, ევროპამ, წესით, ძალების ახალ გადანაწილებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.
– ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით. რა შეიძლება გახდეს სტატუსის არმოცემისთვის რეალური ხელისშემშლელი ფაქტორი?
ირაკლი კობახიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ წინა ჯერზე კანდიდატის სტატუსის არმონიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. გადწყვიტეს, ევროპის კონტურებისგან, საზღვრებისგან დაშორებული ქვეყნისთვის თავი არ შეიწუხონ. ამას შეიძლება, ისიც დაემატოს, რომ ამერიკისა და რუსეთის ინტერესებში არ შედის ჩინეთიდან ტრანზიტის აქეთ გადმოტანა, ევროპამ კი ამას ანგარიში უნდა გაუწიოს. აქვე შეიძლება გამოიკვეთოს ჩინეთის, როგორც დაინტერესებული მხარის ფარული, წმინდა დიპლომატიური აქტივობა და მოითხოვოს, რომ ტრანზიტი ხელუხლებელი დარჩეს. ჩინეთთან კამათის თავი არც რუსეთს აქვს და არც ევროპას. ეს პირობა მეჩვენება იმის გარანტად, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვების უფრო მყარი საფუძველი გვქონდეს.
– სააკაშვილმა საზოგადოებრივი დარბაზი გახსნა…
– ეს მხოლოდ სააკაშვილის ემოციებზე მიუთითებს. საქმე ისაა, რომ “ნაცმოძრაობაში” მიმდინარეობს პროცესები, რომლებმაც სააკაშვილს გვერდი აუქცია. ამ მისაღების გახსნა იმის მცდელობაა, რომ მიშამ საზოგადოებას და თავის პარტიას თავი შეახსენოს, ცოცხალი ვარო.
– ვიდრე მიშა მუზეუმს ხსნის, კეზერაშვილი კვიპროსზე ტრენინგებს მართავს…
– ნიუტონმა შექმნა თეორია მიზიდულობის შესახებ, ოღონდ მას გამორჩა, რომ დედამიწის მატერიალური სხეულების მასის გარდა, მიზიდულობის დიდი უნარი ფულის მასასაც აქვს. კეზერაშვილის ფულის მასამ მიიზიდა ოპოზიციონერი ლიდერები, თორემ კეზერაშვილი არ არის ცნობილი პოლიტიკური აქტივობებით, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მის პოლიტიკურ ხიბლს ვერ გაუძლეს. ჯერჯერობით ჩანს ის, რომ ამ პოლიტიკური ძალის კონცენტრაცია კეზერაშვილის გარშემო ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ნაცმოძრაობა” სააკაშვილზე მალე უარს იტყვის. ორი ხანჯალი ერთ ქარქაშში ვერ ჩაეგება. სააკაშვილს ამ პროცეში თავის მიზნების მიღწევა დასჭირდება. შეიძლება საინტერესო და პროდუქტიული ყოფილიყო, მას ახალი პარტია რომ შეექმნა. თუმცა ეს შეუძლებელია. ამას მეტი ფიქრი სჭირდება. თვითონ სააკაშვილს და მის პირად გარემოცვას ასეთი რესურსი აღარ აქვთ. რესურსის უქონლობა თუნდაც იმაში ჩანს, რომ იგი ხან მოწამლული იყო, ხან კვდებოდა, ხან დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, მერე უცებ გამოკეთდა და აქტივობა გადაწყვიტა. ეს ხომ ნიშნავს, რომ გაწერილი სცენარი კარგად დათვლილი არ აქვს, მხოლოდ განწყობილებებით, ემოციებით ხელმძღვანელობს. სანამ ციხიდან გასვლა უნდოდა, სამედიცინო დიაგნოზების კორიანტელი დააყენა, მერე როცა შეაწუხა იმ ემოციამ თავის პარტიაში ლიდერობას კარგავს და როგორც პოლიტიკური ფიგურა ნული ხდება, აქტიურობა დაიწყო. სააკაშვილი ემოციებით მოქმედებს და არა სტრატეგიით. სტრატეგია რომ გააჩნდეს, ვიმეორებ, ცალკე პარტიას შექმნიდა, სადაც მისი თაყვანისმცემლები გაერთიანდებოდნენ და ეს ახალი ჯგუფი 5%-იან ბარიერს გადააბიჯებდა. “ნაცმოძრაობა” ბარიერს ხომ მიშას მხარდამჭერების ხარჯზე ლახავს. გამოიყვანოს მიშამ თავისი მხარდამჭერები ცალკე და ვინც უღალატა, ზურგი შეაქცია, მშრალზე დატოვოს.
– ხოშტარიამ და ჯაფარიძემ შექმნეს საიტი მონა.ჯი, სადაც იმ ხალხის მხილება მოხდება, ვინც რუსეთისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს.
– ეს ხერხი, რუსეთის მტრობა გაიხადოს მთავარ საქმედ, ვინც თავად რუსეთზე მუშაობს, საკმაოდ ხშირია. ამას თავად რუსეთიც ხშირად მიმართავს. ის პრაგმატიკოსია და თანახმაა, ამა თუ იმ ჯგუფმა აგინოს, ოღონდ ის საქმე გააკეთოს, რაც მას სჭირდება. რუსული ფარული სპეცპოლიტიკის სტილი ხშირად არის ისეთი, რასაც ახლა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ამჟღავნებს.
– ბოლოს, ახალი ელჩის რობინ დანიგანის დანიშვნაზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა…
დეგნანისა და დანიგანის გვარი ერთიდაიგივე ხმოვნებსა და თანხმოვნებს უყრის თავს, ოღონდ სხვადასხვა თანმიმდევრობით. ეს ისე. ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი, როგორი იქნება ამერიკის პოლიტიკა საქართველოში. დანიგანი არ არის იმ დონის დიპლომატიური გამოცდოლების მქონე, რომ მის დამოუკიდებლობაზე, მიღწევებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მას თავისი მოკარნახე ჰყავს. დასაწყისში დეგნანიც, სანამ ტრამპის პოლიტიკას ატარებდა, ძალიან ზომიერი და კორექტული იყო, ბაიდენის პოლიტიკის გატარება რომ დაიწყო, უტაქტო, არადიპლომატიური გახდა. მისი ქცევები დემონსტრირება იყო იმისა, რაც ქართულ სუვერენიტეტს სირთულეს უქმნიდა. ბაიდენს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა ახასიათებს. გავიხსენოთ საფრანგეთის პრეზიდენტის, ასევე შარლ მიშელის მიერ წარმოთქმული სიტყვები: ჩვენს სუვერენიტეტს პატივი ეცითო. ასე რომ, ამერიკას მხოლოდ ჩვენდამი არ აქვს ასეთი დამოკიდებულება. ეს ნიშნავს, რომ სხვის სუვერენიტეტს ამერიკა პატივს არ სცემს. ვშიშობ, ვიდრე ბაიდენი ხელისუფლებაში იქნება, ჩვენი მიმართულებით არაფერი შეიცვლება. მნიშვნელოვანია არა ელჩი, არამედ ხელისუფლება, რომელსაც ის ემორჩილება. 2024 წელს ამერიკის ხელისუფლება თუ შეიცვლება, დანიგანიც თავის სტილს შეიცვლის.

“საერთო გაზეთი”
თამარ შველიძე