საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

არეულობის მეორე ტალღა დაიწყება 2024 წლის არჩევნების პერიოდში,ერთად დავდგეთ მშვიდობის შესანარჩუნებლად! – საერთო მედია
ნოემბერი 29, 2023

არეულობის მეორე ტალღა დაიწყება 2024 წლის არჩევნების პერიოდში,ერთად დავდგეთ მშვიდობის შესანარჩუნებლად!

“ჰამასი” მშვიდობიან პალესტინელებს ფარად გამოიყენებს, რომ მსხვერპლი
დიდი იყოს და ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს
დიდი ცვლილებების შედეგად, მსოფლიოში დიდი თამაში და გადალაგება მიმდინარეობს. მოიშალა სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა ჩამოყალიბებული, იმსხვრევა ამერიკის ჰეგემონია და ამ პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ „საერთო გაზეთთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელში განვითარებული მოვლენები გავლენას მოახდენს უკრაინაზე, რამაც შეიძლება, უკრაინელი ხალხი სერიოზულად დააზარალოს:
– ძალიან დიდი ტრაგედია ტრიალებს, დიდი სისხლისღვრა და უბედურება, მაგრამ თუკი მთლიანობაში შევხედავთ, ახალი არაფერი მომხდარა. ეს პროცესი სათავეს იღებს ისტორიულად რამდენიმე ათასლეულის წინათ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც მოსემ ჩამოიყვანა ეგვიპტიდან ებრაელები და დაასახლა ღმერთისგან ბოძებულ ქანაანის მიწაზე, სადაც სხვა ხალხი ცხოვრობდა. საუკუნეების შემდეგ, მე-19 საუკუნიდან, დაიწყო ებრაელების მასობრივი განსახლება და სიონისტური მოძრაობის პროცესი, ანუ ალიას გამოცხადება – ებრაელების დაბრუნება ისრაელის მიწაზე. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ეტაპობრივად დაიწყო ეს მოძრაობა და უფრო ფართომასშტაბიანი სახე უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო, როდესაც, პირველი მსოფლიო ომის შედეგად, ახლო აღმოსავლეთი ორ – ფრანგულ და ბრიტანულ მისიად გაიყო. ფრანგულ ნაწილში მოხვდა სირია-ლიბანი, სამხრეთ, ინგლისურ ნაწილში მოხვდნენ იორდანია და ეგვიპტე. პალესტინა მაშინ მხოლოდ გეოგრაფიული დასახელება იყო, სადაც არაბულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა და იქ არანაირი სახელმწიფოებრივი ნიშნები არ არსებობდა.
ისრაელში გადასახლების დიდი პროცესი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს, რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობდა სტალინი. სტალინს უნდა უმადლოდნენ ებრაელები სახელმწიფოს შექმნას. იალტის კონფერენციაზე, როცა ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ და მსოფლიოს ინაწილებდნენ, მიიღეს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება. ჰოლოკოსტის შედეგად, მაშინდელი საბჭოთა კავშირის და ევროპის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ისეთი ნაკადი წარმოიშვა, რომ სტალინსაც და ევროპასაც ხელს აძლევდა, ებრაელთა გადასახლების პროცესი დაჩქარებულიყო. 1947 წელს, როცა ბრიტანეთის მანდატი დასრულდა, გაერო ახალი შექმნილი იყო და იქ გადაწყვიტეს, რომ ამ ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინათ – ისრაელი და პალესტინა. არაბებსაც და ებრაელებსაც თავიანთი სახელმწიფო ჰქონდათ, საზღვრებიც კი გაავლეს, მაგრამ როგორც კი ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამის აღიარება არაბულმა ქვეყნებმა არ მოინდომეს. დაიწყეს ომი სირიამ, ლიბანმა, ტრანს-იორდანიამ და ერაყმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილი დაიკავეს. ეგვიპტემ სამხრეთი ნაწილი დაიკავა და მისი ტანკები თელ-ავივიდან 35 კილომეტრში განთავსდა.
ამ არაბულმა სახელმწიფოებმა დაუშვეს ძირეული შეცდომები. როცა გაერომ მიიღო გადაწყვეტილება პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, იმის მაგივრად, რომ ამისთვის შეეწყოთ ხელი, მათ ისრაელს ომი გამოუცხადეს და ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელეს. შეცდომა შემდეგ წლებშიც გაგრძელდა, რასაც ისრაელმა უპასუხა. უკვე ცივი ომის პერიოდში კი ისრაელი აშშ-ის მფარველობის ქვეშ გადავიდა. მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ისრაელმა სინას ტერიტორია დაიკავა, კაიროშიც შევიდოდა , მაგრამ საბჭოთა კავშირმა გააჩერა. ბოლო პერიოდისთვის ისრაელმა აღიარა პალესტინის ავტონომია, მაგრამ მათ დაიწყეს ბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღებად. იასერ არაფატმა ბევრი შეძლო პალესტინის უფლებების მოსაპოვებლად. ახლა ამ მოძრაობას მაჰმუდ აზიზი ხელმძღვანელობს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში…
პალესტინელი არაბები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ღაზაში სუნიტები ცხოვრობენ, ჩრდილოეთ დასავლეთში კი – შიიტები, სადაც უფრო ირანის გავლენა სჭარბობს. თავის დროზე ისრაელმა შეუწყო ხელი, რომ პალესტინელ არაბებში ბზარი გაეღრმავებინა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ შექმნაში დაეხმარა. შემდგომ ეს ორგანიზაცია ისრაელის საწინააღმდეგო ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში თითქოს სიწყნარე იყო. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიაღწია იმას, რომ ისრაელში მშვიდობამ დაისადგურა. თუმცა, ხომ ხედავთ, აბსოლუტურად საპირისპირო რამ მოხდა. საკმაოდ უცნაური და წარმოუდგენელია, რომ მოსადს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სადაზვერვო სამსახურია თავისი სპეციფიკითა და სიძლიერით, არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღაზაში ათასობით ადამიანი ემზადებოდა ისრაელზე თავდასხმისთვის. თუმცა ახლა ამაზე მსჯელობის დრო არ არის, ყველაფერი გაირკვევა, როგორც კი ეს პროცესები დასრულდება. ებრაელი ხალხი არ აპატიებს ხელისუფლებას, ეს საშიშროება რომ გამოეპარათ და ამაზე პასუხის გაცემა ნეთანიაჰუს და მის მმართველობას მოუწევთ. ჩემი ვარაუდით, ამ დიდი გადალაგებისა და დიდი თამაშის ფონზე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს, რომლის ლეგიტიმურ საფუძველსაც „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა და მშვიდობიანი მოქალეების დიდი მსხვერპლი აძლევს. უნდა ითქვას, რომ ღაზა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. წარმოიდგინეთ, თბილისში, მხოლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში 2 მილიონი ადამიანი რომ ცხოვრობდეს, დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა, თან ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს ხალხი. „ჰამასის“ გვირაბების მიგნებაც საკმაოდ რთული პროცესია, მათ აქვთ გვირაბების ქსელი გაყვანილი მთელ ტერიტორიაზე, საკმაოდ მომზადებულები არიან, აქვთ შეიარაღება, აქვთ კუსტარულად დამზადებული რაკეტები, რომლებსაც მომენტალურად ამზადებენ და ისეთი რაოდენობით ისვრიან, რომ ამას ისრაელის      ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები ვერ აჩერებს.

ასევე, სახმელეთო ოპერაციის დროს საკმაოდ რთულია ქუჩებში საბრძოლო პროცესის წარმართვა, რადგან ერთმა პალესტინურმა ყუმბარამ შეიძლება მილიონობით ღირებულების საბრძოლო ტექნიკა გამოიყვანოს მწყობრიდან. თან „ჰამასი“ მშვიდობიან პალესტინელებს ფარად გამოიყენებს, რომ მსხვერპლი დიდი იყო და ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდეს. თუმცა ისრაელი ყველაფერს გააკეთებს და როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა „ამ ტერორისტულ ბუდეს ბოლოს მოუღებს“, მაგრამ თუკი ისრაელმა სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში პროცესი არ დაასრულა, ეს გამოიწვევს უკურეაქციას, დაიხოცება ძალიან ბევრი ადამიანი. შედეგად, ისრაელის მხარდაჭერა ბევრ ქვეყანას გაუჭირდება და წინააღმდეგობა გაიზრდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს არაბული ქვეყნების ჩართვა, ირანის გააქტიურება და უფრო ფართო მასშტაბის ომი. უნდა ითქვას, რომ ამ პროცესს უკვე აქვს ზეგავლენა უკრაინაში მიმდინარე ომზე და თუ დროულად არ დასრულდება, უკრაინას თავდაცვის პრობლემები შეექმნება.
– კონკრეტულად რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ორ ომს ერთმანეთთან?
– ეს ორი ომი ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება. უკრაინა ზელენსკის ადმინისტრაციამ ისეთ ქვეყანად ჩამოაყალიბა, რომელიც უკვე მთლიანად დამოკიდებულია იმ ფინანსურ, ტექნიკურ თუ სამხედრო დახმარებაზე, რასაც მას დასავლეთი აღმოუჩენს და როგორც კი დახმარება შეუმცირდება, თავდაცვის პრობლემებიც შეექმნება. უკრაინის სახელმწიფო სრულიად დაუცველი დარჩება იმ პოლიტიკის შედეგად, რაც ზელენსკიმ გაატარა, ფაქტობრივად, ქვეყანას სუვერენიტეტი დაუკარგა და მთლიანად დამოკიდებული გახადა დასავლეთზე. ზოგი ამბობს, მერე რა, რომ ხალხი იხოცება, სამაგიეროდ, არმია ჰყავს ძლიერი უკრაინასო, მაგრამ ამ ძლიერებისგან აღარაფერი დარჩება, როგორც კი დახმარებას შეუწყვეტენ. ვხედავთ, რომ ამერიკა ისრაელის დახმარებაზე გადაერთო, 24-მილიარდიანი შეპირებული დახმარება 200 მილიონზე დაიყვანეს, აღარც სამხედრო ტექნიკას აწვდიან იმ რაოდენობით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა კი არა, თუნდაც თავის დაცვა რომ შეძლონ.
ამიტომ, თუ სამხედრო ოპერაციის პერიოდი გახანგრძლივდა ისრაელში, ეს ვითარება კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს უკრაინას. გამორიცხული არ არის, რომ ამით ირანმა ისარგებლოს და გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში. ასევე, თუ სამხედრო ექსპერტების პროგნოზებს დავეყრდნობით, ზამთრის დადგომასთან ერთად გააქტიურდება რუსეთიც და გადავა შეტევაზე. არ არის გამორიცხული, რომ დაძაბულობა ვიხილოთ ყვითელი ზღვის მიდამოებში ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაპირისპირება მოსალოდნელია ორ კორეას შორისაც…
მოიშალა სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა სამი ქვეყნის მეთაურის მიერ. აშშ-ის ჰეგემონია უკვე იმსხვრევა, დოლარი მსოფლიო ვალუტის სტატუსს კარგავს. დიდი ცვლილებები და დიდი გადანაწილება მიმდინარეობს, როგორც ტერიტორიული ასევე – ეკონომიკური. არა მგონია, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ეს ყველაფერი დამთავრდება, მე ვფიქრობ, რომ პირიქით, წინ არანაკლებ რთული პროცესები გველის.
– ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და მაიდანს გვიმზადებდა, შედეგად, არც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდებოდა ნაკლებ დღეში. ვფიქრობ, ისრაელში განვითარებულმა მოვლენებმა მათი გეგმები ჩააგდო და ისე აქტიურადაც ვეღარ ემზადებიან „ქვეყნის ასაყირავებლად“…
– უახლოეს პერიოდში რა მოვლენებიც განვითარდა, ამის საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს ქვეყანაში წამოვა დევნილთა ნაკადი ისრაელიდან. როგორც ამბობენ, უკვე შემოვიდა რამდენიმე ათასი ადამიანი. ეს ის ხალხია, რომლებიც წარმოშობით არიან საქართველოდან. საქართველოს ეს მისია გააჩნია, განსაკუთრებით ებრალებთან მიმართებაში და ამ ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთ. ისტორიულად, საქართველო ყოველთვის ისრაელის მხარდამჭერი იყო და ასეც გრძელდება. ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია ჩვენმა ხელისუფლებამ დააფიქსირა და ეს მიმართულება უნდა განვაგრძოთ.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ვერ დაგეთანხმებით, რომ, როგორც თქვით, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა შეასუსტა მეხუთე კოლონის მოქმედება. აშშ-ისა და დასავლეთის გარკვეულ ჯგუფებს გამოყოფილი აქვთ საკმაოდ დიდი თანხა იმისათვის, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი განხორციელდეს. პროცესი დაწყებულია, თანხა შემოდის, დაფინანსება დიდია… თქვენ ოპოზიცია ახსენეთ, მაგრამ ოპოზიცია საქართველოს არ ჰყავს. ეს არის მეხუთე კოლონა, ანუ საზოგადოებრივი, არასამთავრობო და პოლიტიკური დაჯგუფება, მათ შორის, მედიასაშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და მათ დავალებას ასრულებენ. ოპოზიცია კი ნიშნავს ქვეყნისთვის და ხალხისთვის პრობლემების მოგვარების ალტერნატივას და ჩვენ, სამწუხაროდ, ასეთი ფუფუნება არ გვაქვს. ეს მეხუთე კოლონა ახლა თანხის ათვისების პროცესშია და პირველი ტალღა, რომელიც ახლოვდება, ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მიღება-არმიღების საკითხია. ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მათ არ არ აწყობთ, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პლუსი და ამის დაშვება არ უნდათ. ჩვენ რომ ნორმალური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია გვყოლოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იბრძოლებდნენ ევროინტეგრაციისთვის და კანდიდატის სტატუსის მოპოვების თანამონაწილე გახდებოდნენ. ესენი კი ცდილობენ, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ და ეს გამოიყენონ საქართველოში რევოლუციური პროცესების გასაღვივებლად.

ბევრი ამბობს, რომ ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. თუმცა, როგორც პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტი, გეტყვით, რომ სოციალური ფსიქოლოგია და სოციუმის მართვა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებს ის გააკეთებინო, რაც განსაზღვრული გაქვს. მით უმეტეს, თუ დიდი თანხები, ორგანიზებული ჯგუფები და მედიასტრუქტურები გაგაჩნია, ნებისმიერ რამეს მოახდენ, მით უფრო, პატარა ქვეყანაში. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს ყველაფერი შეაჩეროს, ისაა, რომ ხალხის „მოქოქვა“, ხალხის გამოყვანა გაუჭირდებათ. ამაში უკვე საკმაოდ დიდი ფულის დახარჯვა მოუწევთ, რადგან ხიბლი დასავლეთთან დაკავშირებით მეხუთე კოლონამ და თვითონ დასავლეთმა უკვე ისე გააუბრალოვა, ისე გააღარიბა, რომ თუ აქამდე ევროპა აღიქმებოდა კეთილდღეობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის სიმბოლოდ და ნორმალური ცხოვრების სტანდარტად, დღეს უკვე სჭარბობს აზრი, რომ ეს არის გარყვნილების, მოტყუების, „გადაგდების“ და უსამართლობის ბუდე, ამიტომ ადამიანებზე მანიპულირება შედარებით გართულებულია. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში რევოლუცია და გადატრიალება გადის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვის ზღვარზე. წარმოიდგინეთ, რას მოიმოქმედებს ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს მიტაცებული და საჯარისო ნაწილები ჰყავს განლაგებული საქართველოს მიწებზე, როცა დაინახავს, რომ „ომის პარტია“ გადატრიალების გზით მოდის! რუსეთი თვითონ შექმნის იმის საფუძველს, რომ თბილისში ტანკები შემოიყვანოს. სამხრეთის ფლანგზე რუსეთი მეორე ფრონტის გახსნას არ შეურიგდება და აგრესიას განახორციელებს მთელ საქართველოზე, რასაც დასავლეთის „აღშფოთება“ და სანქციები ვეღარ შეაჩერებს.
მარტის მოვლენების დროს მართლა კანონის გატანამ კი არ გააჩერა ის ადამიანები, ქუჩებში რომ მანქანებს წვავდნენ და პოლიციას ესხმოდნენ თავს, პიკზე იყო სიტუაცია, მაგრამ უკან დაიხია დასავლეთმა. შეჩერდა იქითა მხარე, რომელიც მილიონებს აგზავნის და ორგანიზებას უკეთებს ამ პროცესებს, რადგან უკვე დატრიალდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სამზადისს იწყებდა, საჭიროების შემთხვევაში ინტერვენცია განეხორციელებინა საქართველოზე. აშშ-მ უკან დაიხია და უცბად გააჩერეს რევოლუციური პროცესი. ეს არის რისკი დასავლეთისთვის, რადგან, თუკი რევოლუციური გადატრიალება ბოლომდე მიიყვანეს, შეიძლება მთლიანად დაკარგონ საქართველოსა და კავკასიაზე ზეგავლენა. ამისი ეშინიათ. თუმცა, დიდი სურვილი აქვთ, ზეგავლენა მოახდინონ, დაიქვემდებარონ და უფრო მორჩილი გახადონ ჩვენი ქვეყანა. „მეხუთე კოლონის“დაფინანსებასაც ამიტომ აგრძელებენ.
– სულ ახლახან ლარნაკადან დაბრუნდა ხაბეიშვილი და მისი გუნდი. დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ ახალი გეგმები და პერსპექტივები დაუსახავთ. აქ კი სააკაშვილის „მისაღები“ დახვდათ, მიშაზე შეყვარებული ქალებით სავსე…
– სააკაშვილი უკვე ჩამოწერილი პროდუქტია და აღარც მისი ჰარამხანა აკვირვებს ვინმეს. სასაცილო ის არის, ცოცხალ კაცს მუზეუმს რომ უკეთებენ და შეიძლება მალე მუმიფიცირებაც მოითხოვოს. ხომ ხვდებით, როგორ მძიმე ფსიქიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაზე პრაქტიკოსმა ფსიქიატრებმა უნდა გააკეთონ შეფასება! რაც შეეხება მათ აქეთ-იქით სიარულს, ჩვენ ხომ ვთქვით, რომ მეხუთე კოლონასთან გვაქვს საქმე. უნდათ, მეტი დაფინანსება მოიპოვონ და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძოლონ. ერთხელაც ვერ დავინახეთ, რომ რომელიმე მათგანი გამოვიდეს და პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზა შემოგვთავაზოს, კონკრეტული მიმართულებები უჩვენონ საზოგადოებას, მაგალითად, როგორ შეიძლება შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, გაიზარდოს ხელფასი, გაიზარდოს ქვეყნის ბიუჯეტი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა მეტი შემოსავალი, მეტი კეთილდღეობა მიიღონ, შემცირდეს მიგრაცია… ამაზე კი არ არის საუბარი, მათ უნდათ, რომ ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, თორემ ვის რაში აინტერესებს საქართველოს ან მისი მოქალაქეების ბედი. ამიტომაც უნდა ველოდოთ სიტუაციის გართულების ორ ტალღას: პირველი ტალღა ახლა იწყება ფაქტობრივად, როცა სტატუსის მონიჭება-არ მონიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს. მე მაინც ვფიქრობ, ევროპელების საღი აზრი გადაწონის, არ აყვებიან ამ თამაშებს და ამჯერად სტატუსს მოგვცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა საქართველოზე გავლენას დაკარგავს და, როგორც თვითონვე აღიარებენ, საქართველო რუსეთის გავლენის ზონაში მოექცევა, რაც მათ მიერ დაშვებული შეცდომა და უკან გადაგმული ნაბიჯი იქნება…
არეულობის მეორე ტალღა დაიწყება 2024 წლის არჩევნების პერიოდში, როდესაც, შესაძლოა, პიკს მიაღწიოს ამ ყველაფერმა, თუმცა მანამდე ბევრი ცვლილება მოხდება მსოფლიოში. კარგი იქნება, თუ ჩვენი თითოეული მოქალაქე დაფიქრდება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი შენარჩუნება ქვეყანაში და რა ფასი აქვს მშვიდობას! ამიტომ, მოგვწონს თუ არა ხელისუფლება, ყველანი ვალდებულები ვართ, ერთად დავდგეთ მშვიდობის შესანარჩუნებლად.
– საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე მიღებული დასკვნის შედეგი გამოაცხადა, რის მიხედვითაც მან კონსტიტუცია დაარღვია…
– ჩვენ არა გვყავს საქართველოს ინტერესების დამცველი პრეზიდენტი. ჩვენ გვყავს რეზიდენტი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ყველაფერში, რომელიც ცდილობს, საქართველო იყოს დასავლეთის მორჩილი ქვეყანა და მისი კარნახით ვიმოქმედოთ. სახელმწიფო ინტერესების, ჩვენი იდენტობისა და ჩვენი პერსპექტივის დაცვაზე რომ არ ფიქრობს, ისეთი პრეზიდენტი გვყავს. აქამდეც უამრავი მიზეზი გვქონდა იმისა, რომ ეს ქალბატონი იმპიჩმენტის ნიჩაბზე შეგვესვა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და პარლამენტს აქვს ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისთვის. რა სახეს მიიღებს ეს საქართველოს პარლამენტში, ცოტა ხანში დავინახავთ.

“საერთო გაზეთი”
ნონა ქარქაშაძე