საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

“პ”რეზიდენტი ნაცია-კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის ალიანსი, რომელიც სახელმწიფო წინააღმდეგ არის სამწუხაროდ მიმართული – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

“პ”რეზიდენტი ნაცია-კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის ალიანსი, რომელიც სახელმწიფო წინააღმდეგ არის სამწუხაროდ მიმართული

მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ სახელმწიფოზე და ინსტიტუტებზე თავდასხმა, როცა ღიად გიწევთ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა. რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა? „რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა“, დაგამსგავსათ რიგით „ნაციონალს“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი „ღირსეულად ეზიდა პასუხისმგებლობა საკუთარი დიდი წინაპრების წინაშე“.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებულია საქართველოში ლეგიტიმურად ფუნქციონირებად ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან.

„ეს არის ინსტიტუტები, რომლებმაც ამ ქვეყანას 11 წლის მანძილზე შეუნარჩუნეს უწყვეტი მშვიდობა. ეს არის ინსტიტუტები, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო დეკემბერში, ძალიან მაღალი ალბათობით, მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ინსტიტუტები, რომელსაც უპირისპირდება სალომე ზურაბიშვილი. ასეთი ადამიანი არ შეიძლება იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, საპირისპირო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, პლენარულ სხდომათა დარბაზში არავის ჰქონია.

„არის უმარტივესი კაზუსი. 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტს სჭირდებოდა თანხმობა, მან ეს იცოდა, მოითხოვა თანხმობა, მიიღო უარი, მაინც წავიდა, რა თქმა უნდა დაირღვა კონსტიტუცია. რად უნდა ამას იურისტობა? ვინმემ მოისმინა აქ ერთი არგუმენტი მაინც ამ ლოგიკის საპირისპიროდ? როგორ შეიძლება ამაზე გქონდეს საპირისპირო ლოგიკა? აქ კეთილსინდისიერებაზეა საუბარი, აქ არ შეიძლება საპირისპირო პოზიცია დააფიქსირო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობას თავიდანვე არ ჰქონდა 100 ხმის მიღების იმედი, თუმცა, იმპიჩმენტის პროცედურამ გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო.

„შეიძლება ითქვას რომ იმპიჩმენტის პროცედურამ გამოიღო კონკრეტული შედეგი. ერთი, ჩვენ რეაგირების გარეშე არ დავტოვეთ კონსტიტუციის დარღვევა და სათანადო პასუხი გავეცით ამ ყველაფერს, მეორე – კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის ალიანსი, რომელიც სახელმწიფო წინააღმდეგ არის სამწუხაროდ მიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.