საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

თბილისში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესხებ კონფერენცია გაიმართა – საერთო მედია
მაისი 19, 2024

თბილისში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესხებ კონფერენცია გაიმართა

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არის განვითარებისა და ინდივიდუალური კეთილდღეობის ძირითადი ხელშემწყობი და უნდა დარჩეს უმთავრეს პრიორიტეტად, მთელი რიგი გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ან მეტიც, აფერხებს პროგრესს, – ამის შესწახებ 26 სექტემბერს ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე მონაწილეებმა განაცხადეს, რომელსაც თბილისში ერთობლივად უმასპინძლეს გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), საქართველოს მთავრობამ და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პოლიტიკის აკადემიურმა ქსელმა (ANSER).

გაეროს მოსახლეობის ფონდის ცნობით, ღონისძიება აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელს. იგი იმართება 2023 წლის 19-20 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილი ICPD30 რეგიონული კონფერენციის წინ, რომელიც განიხილავს 1994 წელს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) მიერ მიღებული სამოქმედო პროგრამის განხორციელების 30 წლიან პროგრესს.

„ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ: დღეს, როგორც არასდროს, უნდა ვაღიაროთ მიღწეული პროგრესი და მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვისკენ, როგორც ცენტრალური საკითხისკენ რეგიონში არსებული სოციალური და დემოგრაფიული გამოწვევების გადასაჭრელად“, – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილემ, ჯულია ვალესემ.

„სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისადმი ქვეყნების ვალდებულების შესრულება მოითხოვს მთავრობების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების შეთანხმებულ და კოორდინირებულ ძალისხმევას, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. „აუცილებელია, რომ მოქალაქეები მივიჩნიოთ არა როგორც მომსახურების პასიურ მიმღებებად ან პროგრამების ბენეფიციარებად, არამედ როგორც უფლებების აქტიურ მფლობელებად, რომლებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა“.

მდგრადი განვითარების მიზნების დიდ ჩარჩოში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები გადამწყვეტია, რადგან ისინი ფუნდამენტურია მთელი რიგი მიზნების მისაღწევად, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, გენდერული თანასწორობის მიღწევისა და უთანასწორობის შემცირებისთვის“, – აღნიშნა ANSER-ის კოორდინატორმა, ემილი პიტერსმა.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მათ შორის ოჯახის დაგეგმვის ხელმისაწვდომობა, გამოწვევად იქცა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბოლო წლების განმავლობაში, რადგან მთავრობებმა ყურადღება დემოგრაფიული ცვლილებებისკენ მიმართეს, ხოლო რეპროდუქციული უფლებები, გენდერული თანასწორობისადმი გამოხატული წინააღმდეგობის ფარგლებში, დარტყმის ქვეშ მოექცა, და არაერთმა დონორმა რეგიონი დატოვა.

გასული ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა რეგიონში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებისა და ინფორმაციის უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ქვეყნებმა მიიღეს პოლიტიკა და სამოქმედო გეგმები გლობალური ვალდებულებებისა და ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად, გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი, ნაკლები ქალი იღუპება მშობიარობისას და მცირდება მოზარდთა ორსულობის მაჩვენებელი.

მაგრამ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეიძლება საფრთხე შეექმნას. რამდენიმე ქვეყანამ 1990-იანი წლების შემდეგ პირველად დაინახა დედათა სიკვდილიანობის ზრდა COVID-19 პანდემიის დარტყმის შემდეგ. თანამედროვე კონტრაცეფციის გამოყენების მაჩვენებელი რეგიონში შემცირდა და ზოგიერთ ქვეყანაში შეჩერდა კიდეც. ბევრ ახალგაზრდას ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა განათლებაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ, და საშუალოდ, ქვეყნებში, სადაც მონაცემები ხელმისაწვდომია, ყოველი მეოთხე ქალი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს საკუთარი სხეულის ან რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის ხელმისაწვდომობა, შეიძლება გარდამტეხი იყოს, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, სრულად გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი და დაძლიონ სიღარიბისა და გარიყულობის ციკლი.

„რეპროდუქციული უფლებები და არჩევანი არ არის ბარიერი ქვეყნების განვითარებისთვის – პირიქით: ეს ცენტრალური საკითხია ხალხის სრული პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებების ადამიანური კაპიტალის გასაძლიერებლად, რითაც ხელს უწყობს ქვეყნების განვითარებას სწრაფი სოციალური და დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე,“ – აცხადებს ჯულია ვალესე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მონაწილეები შეთანხმდებიან და მიიღებენ მოწოდებას მოქმედებისკენ, რათა აიღონ ვალდებულება, გააორმაგონ ძალისხმევა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების გასაუმჯობესებლად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში.

კონფერენციაზე განიხილება, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს დააჩქარონ პროგრესი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ, მათ შორის, სერვისებში ინვესტიციების გაზრდით და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ინტეგრირებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით საყოველთაო ჯანდაცვის წინსვლის ფარგლებში.

გაეროს მოსახლეობის ფონდი, თავის პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს რეგიონის ქვეყნებს პოლიტიკის შემუშავებითა და შესაძლებლობების გაძლიერებით, რათა უზრუნველყოს, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, ჰქონდეს წვდომა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე და ინფორმაციაზე.