საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

„კანვასი“ უბედურების სათავე საქართველოში! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

„კანვასი“ უბედურების სათავე საქართველოში!

 „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელსაც არ სურს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება და მოვიშველიებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ ნათქვამ სიტყვებს, „თუ მთავრობა არღვევს წესებს, ხალხმა უნდა აიღოს ხელში წესრიგის დამყარების სადავეები”. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც გეგმავს ოქტომბერ-დეკემბერში რევოლუციური სცენარის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში და დიახ, ამისთვის გადამზადება ხდება ორგანიზაცია „კანვასის” და მისი ბირთვის „ოტპორის” მეშვეობით. მათი სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდობა, რომელთა გადამზადებასაც ისინი ახორციელებენ. რატომ ვახსენე ეს ორგანიზაციები.

ეს არის სტრუქტურა, რომელსაც აქვს ქვეყანაში დესტრუქციის და არეულობის გამოწვევის პრაქტიკული გამოცდილება. „კანვასის“ მზაკვრულ გეგმებზე გაკეთდა უკვე განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. მე ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო „კანვასზე“, როგორც დესტრუქციული და რევოლუციური გამოცდილების მქონე ორგანიზაციაზე და რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველი 2011 წელს ქაიროში დაიწყო გამოსვლები, რა დროსაც სტუდენტები შეინიშნებოდნენ „კანვასის“ ლოგოს მაისურებით. მაშინ, ერთ-ერთმა ლიდერმა მუჰამედ ადელიმ, პირდაპირ აღიარა, რომ 2009 წლიდან მას ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა „კანვასთან“ და ეს კავშირი რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარებას ემსახურებოდა. დიახ, „კანვასი“ არის ორგანიზაცია, რომელმაც მოაწყო არაბულ სამყაროში რევოლუცია სახელწოდებით „არაბული გაზაფხული,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ახლა უკვე საქართველოში, 2023 წლის 25 სექტემბერს USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლ;ეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ „კანვასისა“ და „ოტპორის“ ბორდის ყოფილი წევრები, რომლებსაც, მისი თქმით, პირდაპირი კავშირი აქვთ 2003 წელს საქართველოში განხორციელებულ რევოლუციასთან.

„საკითხს თუ გლობალურ ჭრილში შევხედავთ, ეს არ არის ხალხის მიერ სპონტანურად დაგეგმილი ქმედება, ეს არის კარგად დაგეგმილი და კარგად მართული პროცესი, რომელსაც ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ უდგანან სათავეში. ამის დასტურია ადამიანები, რომლებიც ამას ახორციელებენ და ამავდროულად არანაირ მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. გეტყვით, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ გამოცემაში, „კანვასის“ წევრი სინისა სიკმანი აცხადებს, რომ ის არანაირ პოლიტიკურ და მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს უკრაინასა და საქართველოში, იმიტომ რომ არ არის შემსრულებელი და არის ადამიანი, რომელიც ასწავლის სხვებს, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუციები.

ასევე მან თქვა ერთი საინტერესო რამ, რომ იყო მზად ეთანამშრომლა ოპოზიციასთან, მათი თანხმობის, შემთხვევაში. მან პირდაპირ თქვა, რომ იყო მზად ესწავლებინა მათთვის ის, რაც ასწავლა სააკაშვილის ხალხს. ეს კი, იყო პირდაპირი აღიარება იმისა, რომ 2003 წელს, რევოლუციურ პროცესებში ჩართული იყო „კანვასი“. ჩემი ღრმა რწმენით, რადგან ამ ინტერვიუში სიკმანი ახსენებს საქართველოსთან ერთად უკრაინას, 2014 წლის „მაიდნის“ სცენარი „კანვასის“ ხელწერაა, იმიტომ, რომ „მაიდნის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ჟვანია რამდენიმე წლის წინ აცხადებდა, რომ მზად იყო ეთანამშრომლა უკრაინის პროკურატურასთან და „მაიდნის“ შესახებ ესაუბრა უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაში. თუმცა, 2022 წელს ეს ადამიანი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და დიდი ალბათობით, ის მოიშორეს. საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ნათლად უნდა დავინახოთ ვინ გვებრძვის, თუ ვინ დგას იმ ადამიანების უკან, ვინც ქვებს ისვრის და ჯოხებით არიან და ა.შ.“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

მანვე პარალელი გაავლო სააკაშვილისა და ზელენსკის ქმედებებს შორის და იმ მსგავსებაზე ისაუბრა, რაც დამახასიათებელი აღმოჩნდა „ვარდების რევოლუციის“ და უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე მათი ხელისუფლებების მიერ ჩადენილ ქმედებებში. „ძალიან დიდი მსგავსებაა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილისა და ომის დაწყებიდან ზელენსკის ხელწერას შორის. კერძოდ ის, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ცოტა ხანში ზელენსკიმ დაიწყო შეძლებული ადამიანებისათვის ქონების ჩამორთმევა, რაც პირდაპირი ასლია 2003 წლის რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედების, როცა სააკაშვილის ხელისუფლება ადამიანებს ასახელებდა აგენტებად და ართმევდა ქონებას.

„კანვასი“ არის ორგანიზაცია, რომელიც იდგა უკრაინული მოვლენების უკან, პოლიტიკურ ბექებში და დგას საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების მოწყობის მცდელობის რიგებში“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.