საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ერთი მხრივ, ცუდია, საქართველოს პრეზიდენტმა რომ დაარღვია კონსტიტუცია და მეორე მხრივ, კარგია, რომ მას არ ეპატია ეს დარღვევა! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

ერთი მხრივ, ცუდია, საქართველოს პრეზიდენტმა რომ დაარღვია კონსტიტუცია და მეორე მხრივ, კარგია, რომ მას არ ეპატია ეს დარღვევა!

რა გახდა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინების მიზეზი, ამ თემაზე ჟურნალისტებთან ვრცლად საუბრობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან აღნიშნა, დავის ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, როგორც მინიმუმ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია და ამოსავალი წერტილი არის ეს. ის სამი შემთხვევა, რომელიც წარდგენილია სასამართლოში და რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან სამ პრეზიდენტთან შეხვედრას ეხება, ჩვენ ვთქვით, რომ კონსტიტუციის დარღვევაა.

სამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მაინც აპირებს წასვლას, მიუხედავად იმისა, საქართველოს მთავრობა მისცემს თუ არა თანხმობას და რომ არ აპირებს ბიუჯეტის თანხით წასვლას. რატომ არ აპირებს საბიუჯეტო თანხით წასვლას? იმიტომ რომ კარგად იცის, ვიზიტისთვის სჭირდება მთავრობის თანხმობა და ეს რომ არ ჰქონდა, საბიუჯეტო თანხებით გამგზავრების შემთხვევაში მის საქმეს არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავდა, არამედ ბიუჯეტიდან არასწორად თანხების ხარჯვისთვის, გაფლანგვისთვის, სხვა სახის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ის ამას მოერიდა. საზოგადოებამ, მინდა კარგად გაიგოს, რომ სამ პრეზიდენტთან შეხვედრით, როდესაც მას არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის თანხმობა, დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, თან უხეშად. უხეშად იმიტომ, რომ პრეზიდენტმა თქვა – მივმართე მთავრობას, მან არ მომცა თანხმობა და მომავალში მაინც წავალო – ეს არის კონსტიტუციის საქართველოს საზოგადოების თავზე გადახევა. მიმართვაშიც კი, საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ აღიარა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ანუ, მან თქვა, რომ ჩემი მიზანია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ვიბრძოლო და გავმართო შეხვედრებიო. სად რაზე მსჯელობდა, ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ. სადაც ჩავიდა პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, ყველა შეხვედრის შემდეგ გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და აღმოჩნდა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას და სადაც კი იმყოფებოდა პრეზიდენტი, ბალტიის ქვეყნებში, გამოვიდნენ და თქვეს, რომ სანქციები ვერ ასრულებს რეკომენდაციებს და სანქციები დავუწესოთო“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი იმ დადებით და უარყოფით მხარეზეც საუბრობს, რაც მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოებას. „რეზიუმეს სახით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროცესს ჰქონდა ერთი დადებითი შედეგი ის, რომ შედგა სამართლებრივი სახელმწიფო, როცა ორ საკონსტიტუციო ორგანოს შორის წარიმართა დავა და რაც მთავარია, კონსტიტუცია იქნა დაცული.

საქართველოს კონსტიტუციამ, რომელიც აქამდე არავის ახსოვდა და მას როგორც უნდოდათ ისე არღვევდნენ, ამოისუნთქა და თქვა, რომ მართლა ძირითადი კანონია ქვეყანაში, რადგან ოთხმოცმა დეპუტატმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა არ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია. საზოგადოების მხრიდან კონსტიტუცია აღქმულია ძირითად კანონად.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი – ერთი მხრივ, ცუდია, საქართველოს პრეზიდენტმა რომ დაარღვია კონსტიტუცია და მეორე მხრივ, კარგია, რომ მას არ ეპატია ეს დარღვევა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო. თუმცა, სხვა გადაწყვეტილებას არც ველი. იურისტი კი არა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი რომ შეხედავს, ნახავს 52-ე მუხლის აშკარა დარღვევას. პოზიტივი მთელს ამ პროცესს ეს აქვს. ეს ვნახეთ და დანარჩენს მივყვეთ,“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.