საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

მარტის კატასავით ატეხილი ოპო-ციც-ია! – საერთო მედია
სექტემბერი 19, 2024

მარტის კატასავით ატეხილი ოპო-ციც-ია!

რადიო “თავისუფლების” ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი: “ევროკომისია ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებაზეა დაფუძნებული; რომ ისინი აკვირდებიან რეკომენდაციების შესრულებას და გადაწყვეტილებას ამაზე დაყრდნობით მიიღებენ. დიახ, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ვფიქრობ, საქართველო საბოლოოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს მთავრობამ დაიმსახურა, არამედ იმიტომ, რომ ახლა ასეთი პოლიტიკური ვითარებაა ევროპაში. ევროკავშირი იაზრებს, რომ ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა და საქართველო პროცესის მიღმა არ უნდა დატოვონ”.

მისივე თქმით, ევროკავშირს არ ენდომება, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, მოლდოვა-უკრაინას შორის ინტერვალი გააღრმავოს, რადგან, უარის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს ქვეყნები ერთმანეთს უფრო დაშორდნენ.
იოზვიაკს ვინ ეკითხება ევროკომისიის გადაწყვეტილებებს, მაგრამ ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს ყველას მიმართ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაასახელა კონკრეტული პირები და ორგანიზაციები, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავენ ხელისუფლების პრორუსულობის მიზეზით, რაც, საბოლოოდ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ითვალისწინებს. აი, ისინიც: უკრაინაში მყოფი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე; მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხაილ ბატურინი; უკრაინაში მოქმედი “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი; ორგანიზაცია “კანვასი”, რომლის ბირთვსაც ორგანიზაცია “ოტპორი” წარმოადგენს.
საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ყველაფრისა და ყველას შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ისიც კარგად ვიცით საქართველოში, რომ საქართველოსა და, კონკრეტულად, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი ყველა მავნებლობა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
 ატყდა ჟრიამული, არავინ აპირებს გადატრიალებასო და “დიდმა ხაბემაც” ამოიტატყანა რაღაც, ყველამ თავის საწოლში იკოტრიალოსო. მთლად ედუარდ შევარდნაძის ფრაზა ვერ გაიმეორა, მაგრამ წაიპლაგიატა, ეტყობა, სიყრმეში მოჰკრა ყური და ფრიად მოეწონა.
ვინ არ აპირებს და რას არ აპირებს?!
2012 წლიდან რევოლუცია, სისხლი და გადატრიალება ელანდება ყველა მანამდე ნაპატივებს, უბრალოდ, მონდომება რელობად ვერ აქციეს. იმდენი “ცხელი შემოდგომა” აქვთ გამოცხადებული ანონსად, თავები გაცხელებისგან გადაეწვათ და ტვინი გაეყინათ. წელიწადში ორჯერ წამოუვლით, ხან შემოდგომაზე ირევიან, ხან გაზაფხულზე ატყდებიან ხოლმე მარტის კატებივით. არც ზაფხულში აკლებენ ხელს, მაგრამ ვერც მაშინ გამოსდით, “პოროხი” არ ჰყოფნით. ყოველმხრივ გარედან მართულები არიან ეს გაჭირვებულები. იმ “გარეთ” კიდევ, რეალობიდან იმდენად დაშორებული წარმოდგენა აქვთ საქართველოში არსებულ შიდა დინებებზე, ყოველი მცდელობა ნაცარში უვარდებათ. ნამდვილი ჯარი, თვალით რომ არ უნახავთ ამ უნიფხვო მეომრებს, ესაა მიზეზი, რომ ვეღარ გაუგიათ, როდის შეწყვიტონ ფაფხური. ხელში რომ ცარიელი კონდახიღა გრჩება, იმის იმედზე როგორღა უნდა იყო? გამომივიდნენ ესენიც ძალგულოვანი მეომრები!
“ნაცმოძრაობის” ე.წ. ლიდერები კი არა, ორღობეში რომ “ნაციონალი” შეგხვდება მიყრუებულ ადგილზე, ისიც კი რევოლუციაზე ოცნებობს და თბილისში მათ მიერ წამოწყებული ყოველი დესტაბილიზაციის მცდელობაზე იმ მიყრუებულში ხარობს.

სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ “საერთო გაზეთის ” ბოლო ნომერში.