საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სამშობლო – დავიწყებული დიადი სიტყვა – საერთო მედია
მაისი 14, 2024

სამშობლო – დავიწყებული დიადი სიტყვა

 

რა არის ის უმთავრესი და უპირველესი, ის ყველას გამაერთიანებელი, ყველასთვის საერთო რამ, რომელიც წესით და რიგით, თანაბრად უნდა აწუხებდეს და თანაბრად უნდა ტკიოდეს ყველას, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა და პოლიტიკური შეხედულებებისა?
რა არის და სამშობლო.
სამშობლო – გლობალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის სატანისტურ ეპოქაში დავიწყებული დიადი სიტყვა.
– რომელი დგას უფრო მაღლა – სამშობლო თუ ჭეშმარიტება? – იკითხა ფილოსოფოსმა და იქვე უპასუხა – ჭეშმარიტებაო.
მცდარი მგონია ეს მოსაზრება, რამეთუ სამშობლოა თავად ჭეშმარიტება და ამდენად, სამშობლოზე მაღლა ჭეშმარიტება დგასო, როცა ამბობ, ეს იგივეა, ჭეშმარიტებაზე მაღლა ჭეშმარიტება დგასო, რომ თქვა.
,,როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა…”
უსამშობლო ადამიანი ადამიანის მაგვარი ბიოლოგიური არსებაა, ვიღაცის მიერ შეკოწიწებული რობოტია, რომელსაც ღმერთის დამღა არ აკრავს.
მთელი ქართული მწერლობა დაწყებული დასაბამიდან დღემდე ერთ საერთო მიზანს ემსახურება – აღზარდოს ქართველ ადამიანში სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი, განუსაზღვროს, განუმარტოს და შეასწავლოს მთავარი მიზანი და დანიშნულება ადამიანის არსებობისა – სამშობლოს მსახურება.
ავად თუ კარგად, თითქოს, სახელმწიფოს კი ვაშენებთ, თავისი სტრუქტურებით, ჯარით, პოლიციით, სხვადასხვა სტრუქტურებით, მაგრამ ამ სახელმწიფოში სულ უფრო და უფრო ნაკლებ ჩანს მთავარი, რისთვისაც სახელმწიფო უნდა შენდებოდეს – სამშობლო.
ოკუპანტებიო რომ ვთქვი, მარტო რუსები არ მიგულისხმია, ევროპელებიც ვიგულისხმე და ამერიკელებიც.
რუსები თუ ტერიტორიებს სამხედრო ძალით გვართმევენ, ევროპელები და ამერიკელები ადმინისტრაციული ბერკეტებით, ინსტრუქციებით, დირექტივებით, ეგრეთწოდებული რეფორმებით, ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტებით, არასამთავრობოთა ქსელით, მედიასაშუალებების მიზანმიმართული გამოყენებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით გვიპყრობენ ნელ-ნელა, დაგემოვნებით, აუჩქარებლად, ლუკმა-ლუკმა.
ეს ის მტერია, რომლის შესახებაც დიდი ილია საუკუნენახევრის წინათ გვაფრთხილებდა – თოფ-იარაღით მოსული მტრის კი არა, ცოდნით, ხერხით, განათლებით მოსული მტრისა გეშინოდეთ, ის დაგამარცხებთ და დაგმარხავთო.
აკი დაგვმარხეს უკვე და თუ ვყვირით საფლავიდან ვყვირით…
დიდი სახელმწიფოები ხშირ შემთხვევებში შეთანხმებულად მოქმედებენ როგორც საქართველოს, ასევე სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც რაღაც ფორმით სათანადოდ ვერ ჯდება მათ ინტერესებში, ინტერესები კი მათ უმეტესწილად საერთო აქვთ.
საქართველო თავისი აკვიატებული “ენა, მამული სარწმუნოებით” ჯერჯერობით ვერ ჯდება გლობალიზმის იდეოლოგიურ ჩარჩოში – სამივე ეს ღირებულება, – ენა, მამული, სარწმუნოება, მიუღებელი, უცხო და ხელისშემშლელია გლობალისტური პროცესების განვითარებისათვის.
იმ გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებით, არავის არ აძლევს ხელს ამ გზაჯვარედინის ჩამკეტი ძლიერი, თავისუფალი, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო არსებობდეს.
სამშობლო არ არის მხოლოდ მიწა-წყალი, მთა და ბარი, მდინარე და ტყე, ველი და კორდი, მშობლიური სოფელი, საყვარელი ქუჩა და უბანი.
სამშობლო არის ის კულტურა, ის სულიერი ფასეულობები და ღირებულებები, რაც შენმა წინაპრებმა შექმნეს, როცა შენ არ იყავი, არ იყავი მაგრამ აუცილებლად იგულისხმებოდი, რადგან რაც კეთდებოდა ყველაფერი კეთდებოდა შენთვის ანუ მომავლისთვის.
როცა სამშობლო გაქვს და როცა სამშობლოს პატრონობ, არავინ არ არის მკვდარი, თუნდაც ისინი, ვინც ათასი თუ ორიათასი წლის წინათ გარდაიცვალა.
ისინი კვდებიან მაშინ, როცა სამშობლოსათვის ომს შეწყვეტ.
წინ, სამშობლოსათვის! არცერთი ნაბიჯი უკან!
ვახტანგ ხარჩილავა, 2010 წ.