საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ახლა ჩვენი თავი ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის – საერთო მედია
მაისი 8, 2024

ახლა ჩვენი თავი ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის

 

“საერთო გაზეთის”
სტუმარია ფილოსოფოსი
ზაზა შათირიშვილი:

_ ბატონო ზაზა, მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ამ ფონზე საქართველოში მიმდინარე პროცესები ქვეყნის მომავალზე როგორ აისახება?
_ დიახ, ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვიმყოფებით. ცხადია, ისრაელისა და ირანის კონფლიქტი მარტივად არ დასრულდება. ახლა ისეთი ჟამი დადგა, რომ რეზო გაბრიაძის უკვდავი ფრაზა მახსენდება, თვალი დაუდგეს ევროპას, მეც ქართველი ვარ ბოლოს და ბოლოსო.
რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დასავლეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ჩვენს ქვეყანაზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება. საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს დასავლეთის ზეწოლასთან დაპირისპირება უწევს. ამ ფონზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა. ხალხს “უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი, არსი მშვენივრად ესმის. პირველი ეტაპი გადალახულია _ პარლამენტმა პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღო. მიუხედავად ამისა, არჩევნებამდე წინ დაშანტაჟების არაერთი ეტაპი გველის. თუმცა, ხელისუფლებისა და ხალხის კონსოლიდაციის, ერთიანობის იმედი მაქვს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუნდაც 2003 წლისგან განსხვავებით, დღეს მეხუთე კოლონას ქარიზმატული ლიდერი არ ჰყავს. არც გვარამიას, არც მელიას, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, გახარიას თუ სხვას, ეს ქარიზმა არ აქვთ. აქ რეიტინგზეც როდია საუბარი. ისინი ბოლომდე გაიშიფრნენ, გაჭრილი კარტები არიან.
გადავხედოთ, როგორ ხდება ფერადი რევოლუციები. ჩვენთან ეს ერთხელ წარმატებით მოახერხეს. მერე რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა იყო გავრილოვის ღამიდან დაწყებული, შარშანდელი 7-8 მარტის აქციებით დამთავრებული. მნიშვნელოვანია, რომ რევოლუციის მოსაწყობად მხოლოდ მეხუთე კოლონა საკმარისი ვერ იქნება, საზოგადოებაში ნეგატიური ენერგიის მუხტი უნდა იყოს დაგროვილი, რაც არ არის. არ ჰყავთ ქარიზმატული ლიდერი. ეს “სკოლა” უკვე გავიარეთ, ხალხმა გამოცდილება მიიღო. ანუ, რისი თქმა მინდა: დასავლური გლობალისტური ფრთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, იმედს მაძლევს ის, რომ გადმორიცხული ფულისა და მეხუთე კოლონის გარდა, რევოლუციის მოწყობის რეალური რესურსი არ არსებობს. მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელმაც სერიოზული განსაცდელი გამოიარა, მას ყოფნა-არყოფნის საკითხი არაერთხელ ედგა. ერთ-ერთი სერიოზული გამოცდილება 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. ხალხს მეორეჯერ იმავე მდინარეში შესვლა, ანუ, მეორე ფრონტის გახსნა აღარ უნდა.
ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს გადატრიალება. მით უმეტეს, რომ ახლა შუაგულ ევროპაში რეალური ომი მიმდინარეობს. სრულიად ცხადია, არც არავინ მალავს და ღიად გვეუბნებიან, დემოკრატიისთვის სისხლი უნდა გაიღოთო. აქედან გამომდინარე, გამოწვევა სერიოზულია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისტორიის სუბიექტი ვართ, იმ აზრით, რომ ჩვენ საკუთარ თავს თავად განვაგებთ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახლა ჩვენი თავი ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის.
_ ანუ, პროცესები, რაც ახლა ხდება, იმით არის გამოწვეული, რომ მეტი სუვერენიტეტის მიღება გადავწყვიტეთ?
_ 2022 წლამდე კოაბიტაციაზე, თანამონაწილეობაზე იყო ლაპარაკი. 2022 წლიდან მოყოლებული, დასავლეთის განსაკუთრებული ამოცანა ამა თუ იმ ხერხით საქართველოს დაშანტაჟება იყო. ჯერ კანდიდატის სტატუსის არმოცემით გვაშანტაჟებდნენ. ეს პირდაპირ ჟღერდებოდა არამხოლოდ უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის, არამედ ევროპის ბიუროკრატიის ზედა ეშელონების მხრიდანაც. ჩვენ, ფაქტობრივად, პირდაპირ მსხვერპლის გაღებას, სისხლის დაღვრას გვთხოვდნენ. ანუ, ამოსავალი წერტილი კონფლიქტში საქართველოს ჩართვა გახდა. აქედან გამომდინარე, “უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ტესტივით არის, რითაც ვხედავთ, ვის უნდა ქვეყნის სუვერენიტეტი და ვის _ არა. რად გვინდა სუვერენიტეტი? _ ეს თავისთავად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ბედი თავად უნდა განვკარგოთ. სახელმწიფომ საბედისწერო ნაბიჯი უნდა გადადგას, მაგრამ ერთია, როდესაც ამას საკუთარი ნებით აკეთებ, მეორეა, როცა თავად არ ხარ სუბიექტი და, ფაქტობრივად, სხვის ხელში მარიონეტი ხარ. ამ სიტუაციაში კარგად ჩანს, რატომ არის მნიშვნელოვანი სუვერენიტეტი – იმიტომ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს, რათა არ გადავდგათ ბრმა ნაბიჯი, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.
1999 წელს სერბეთის დაბომბვით სუვერენულ ქვეყანას პირველად გაუსწორდნენ. ეს არა იმდენად ომი, რამდენადაც პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო. გავიდა 25 წელი და ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცით. ნიშანდობლივია რომ: მაშინ ამერიკელების მიერ სერბეთის დაბომბვას სპეციალური სამხედრო ოპერაცია ერქვა. ახლა რა ჰქვია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს? _ სპეციალური სამხედრო ოპერაცია…
_ დასაწყისში ახსენეთ, “გავრილოვის ღამეს” რევოლუციის მოწყობა აღარ გამოუვიდათო. დღეს რა ხდება, ისევ “გავრილოვის ღამეში” ვცხოვრობთ?
_ “გავრილოვის ღამიდან” ხუთი წელი გავიდა. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა ბევრი რამ შეცვალა. ვერავინ შეძლო წინასწარმეტყველება, რომ შუაგულ ევროპაში დაიწყებოდა ომი, რომელიც ამდენ ხანს გასტანდა პირველი მსოფლიო ომის სცენარით. ომი ევროპის შუაგულში, უკვე ორ წელიწადზე მეტია, გრძელდება. ფაქტობრივად, ეს არის არა რუსეთისა და დასავლეთის, არამედ გლობალური ჩრდილოეთისა და გლობალური სამხრეთის დაპირისპირება. კარგად ვხედავთ, რომ რუსეთი ამ ომში მარტო არ არის. მას პირდაპირ თუ არა, ეკონომიკურად ეხმარება ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვები. მეორე მხარესაა ე. წ. კონსოლიდირებული დასავლეთი. უამრავი რესურსი იხარჯება. თავიდან თამამად ამბობდნენ, უკრაინა გაიმარჯვებსო. გუშინ კი ამერიკის ჩIA-ს ხელმძღვანელი კონგრესს არწმუნებდა, თუ უკრაინას სამხედრო შეიარაღებით არ დავეხმარებით, წლის ბოლოს შეიძლება ყველაფერი კატასტროფით დამთავრდესო. ანუ, უკრაინა დამარცხდებაო. ამას ღიად ამბობენ. ამ ყველაფერმა ვითარება ძალიან შეცვალა.
მადლობა ღმერთს, ამ კონფლიქტში როგორც მხარე, თავიდანვე არ ჩავერთეთ _ ეს ჩვენი ქვეყნის დასასრული იქნებოდა. ზეწოლას რომ ვუძლებთ, ასევე, ვახერხებთ, კონფლიქტის არცერთ მხარეს არ აღმოვჩნდეთ, ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს, ეს ჩვენთვის გადამწყვეტია. აი, ეს არსებითი განსხვავებაა “გავრილოვის ღამესთან”. მაშინ ბოლომდე ნათელი არ იყო, რა პროცესებში ვმონაწილეობდით. ეს ინტუიციურად გვესმოდა. დღეს, უკვე, ყველაფერი ცხადია. რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერი დაალაგა. ანუ, გასაგებია, რაც ხდება და აქვე გასაგებია ჩვენი ინტერესიც _ ეს არის ქვეყნის გადარჩენა, ისტორიაში არსებობის გაგრძელება.
_ აშკარაა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიდიან. შოლცმა პირდაპირ განაცხადა, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდებაო. რეალურად, ყველა ქვეყანა იბრძვის, რომ თავის ქვეყანაში უცხოური გავლენები შეამციროს, რასაც საფუძვლად ისევ და ისევ სუვერენიტეტი ედება.
_ რა თქმა უნდა. საფრანგეთი ამ კანონს ახლა იღებს. ეს ორმაგი სტანდარტებია. ანუ, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. საფრანგეთისთვის შეიძლება ამ კანონის მიღება, საქართველოსთვის _ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს _ არც ევროკავშირის წევრი ვართ, არც _ ნატო-სი. ფაქტობრივად, თავი იმედისთვის უნდა გავწიროთ. გახსოვთ, კობახიძემ რომ თქვა, საქართველოს უკრაინიზაციას არ დავუშვებთო. ამაში რა იგულისხმებოდა? უკრაინიზაცია ნიშნავს, როდესაც შენ სხვის ხელში იარაღი ხდები და საკუთარ პოლიტიკურ ობიექტურობას კარგავ. კი ბატონო, სახელმწიფო ფასეულობაა, ოღონდ, იმ შემთხვევაში, როცა სუვერენული ხარ.
_ ბატონო ზაზა, ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პრემიერის შეთავაზებამ დიპლომატიური კორპუსის მიმართ _ საჯაროდ გაირჩეს გამჭვირვალობის კანონი.
_ ოპოზიციამ საკუთარი ქვეყნის პრემიერი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან გერმანიის კანცლერ შოლცს ღირსეული პასუხი გასცა. ეს მათ უსამშობლო ბუნებაზე მიანიშნებს და სხვაზე არაფერზე. რატომ უნდა ბედავდეს სხვა ქვეყნის კანცლერი, მიგვითითოს, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი არა?! ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და სუვერენიტეტის შებღალვაა. უსამშობლოებს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის განცდა არ გააჩნიათ, რადგან გარედან მართული, დავალებების შემსრულებელი სუბიექტები არიან _ ამიტომ ანიჭებენ პრიორიტეტს ყველა სხვას, გარდა ქართველისა და საკუთარი ქვეყნისა. რაც შეეხება კობახიძის მიმართვას დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ეს უსამშობლოებისთვის სრული ფსიქოზისა და ისტერიის საბაბი გახდა.
პრემიერის შეთავაზება ეფუძნებოდა შემდეგს, ელჩები ჯერ კიდევ ახერხებენ და საზოგადოებას ამ კანონის შესახებ მცდარ ინფორმაციას აწვდიან. რადიკალური ოპოზიციის ლოგიკით, კობახიძე ელჩებს ამ ტონალობით არ უნდა ელაპარაკებოდეს. თურმე, ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევა ყოფილა და არცერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი რამ არ მომხდარა. უსამშობლოებს ისედაც დაბეჩავებული ინსტინქტები ქვეყნის საწინააღმდეგოდ აქვთ მომართული, ამიტომ შევეცდები, მათ სიმართლე “საერთო გაზეთის” ფურცლებიდან ვუთხრა: ამ პროცესში თუ ვინმე რამეს არასწორად ბედავს, ეს დიპლომატიური კორპუსია. ელჩები წლებია, საკუთარ უფლებამოსილებას გასცდნენ და ჩვენი ქვეყნის საქმეებში ღიად ერევიან. მეტიც, მათ ხშირად შეთავსებული აქვთ ხელისუფლების ოპონირების ფუნქცია და კანონშემოქმედებით საქმიანობაში უხეშად მონაწილეობენ. ამის ნათელი მაგალითი სწორედ გამჭვირვალობის კანონია.
ცალკე საკითხია, თუ რატომ არის დიპლომატიური კორპუსი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებიდან გასული. ამ ყველაფერს “საფუძველი” სწორედ რადიკალების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩაეყარა _ 2003 წლიდან ქვეყანა გარედან, აგენტურის ხელით იმართებოდა და ამ პროცესში ელჩებს განსაკუთრებული როლი ჰქონდათ. სწორედ ელჩები იყვნენ ადგილზე დავალებების გამცემები. 2012 წელს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩინოვნიკები ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან ათანხმებდნენ. აღარაფერს ვიტყვი იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რა დროსაც ხელისუფლების მმართველებს დიპლომატიური კორპუსი აზრსაც კი არ ეკითხებოდა! სწორედ ამ უმძიმესი მემკვიდრეობის გამოსწორების გზას გადის ახლა ეროვნული ხელისუფლება. უსამშობლო ოპოზიციას მივმართავ: სწორედ დიპლომატიური ეთიკისა და ნორმების ფეხქვეშ გათელვაა ის, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები უხეშად ერევიან ქვეყნის სუვერენულ საკითხებში და მიგვითითებენ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა, ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ.
თქვენს ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც გავამახვილებ, როცა უსამშობლო ოპოზიცია ამბობს, რომ ელჩებისადმი დისკუსიაში მონაწილეობის შეთავაზება არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, ის მთავარ მომენტს შეგნებულად მალავს. საქმე ის არის, რომ ვერავინ დამისახელებს ვერცერთ სუვერენულ სახელმწიფოს, სადაც სხვა ქვეყნის დიპლომატი გაბედავს, ხელისუფლებას მოუწოდოს, ესა თუ ის კანონი უკან გაიწვიოს! ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში ასეთი ფაქტი დიპლომატიური სკანდალის საბაბი გახდებოდა. პრემიერის მხრიდან ელჩების მიმართ გაკეთებული შეთავაზება ერთადერთ მიზანს ემსახურება _ მათი მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების პრევენცია მოხდეს. ამ შეთავაზებაზე რადიკალების მძაფრი რეაქცია, მათი თვითლუსტრაციის თვალსაჩინო მაგალითია. რადიკალების ისტერიული ქმედებები ცხადყოფს, თუ საიდან, ვისგან იმართებიან და რომ მათთვის მთავარი ის დაფარული დაფინანსებაა, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და შემდგომ ჩვენს ქვეყანაში ანტიქართული საქმისთვის გამოიყენება.
_ ბოლოს, რას გვეტყვით ხელოვანების პროტესტზე, რაც ხან სცენიდან ისმის, ხან ქუჩიდან. რა პროცესთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე?
_ ამ უსამშობლო პოლიტიკოსებს სააკაშვილს, გვარამიას, ხაზარაძეს, გახარიას, ჯაფარიძეს და მათ მსგავს მარიონეტულ აგენტურას, რომელთაც ეროვნულ ინიციატივას გავეშებული ბრძოლა გამოუცხადეს, აჰყვნენ ე. წ. ხელოვანები და კონკრეტულ მიზანზე გათვლილი ყალბი, გულისამრევი სოლიდარობის ნიშნად ზოგი სცენიდან, ზოგი ტრიბუნიდან, ზოგიც ქუჩიდან გაიძახიან ოკეანის გაღმიდან მოფიქრებულ ფრაზას _ “არა რუსულ კანონს”. მათი პოზიცია სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი, ორსახოვანი ბუნების ლოგიკური თვითლუსტრაცია. კრებსითმა დოიაშვილებმა, ჭოლებმა, სუხიშვილებმა, ქათამაძეებმა მშვენივრად უწყიან ხელისუფლების დემოკრატიული ბუნება და ხასიათი. მათ იციან, რომ თუნდაც სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რადიკალების მიმართ გამოცხადებული სოლიდარობის გამო, არავინ ჩარეცხავს, არც სამსახურებიდან გაყრიან და არც რეპრესიებს მოუწყობენ. სწორედ ამით სარგებლობენ ეს ადამიანები. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ, სანამ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, მათ თავისუფალი სცენა, სიტყვა, ფუნჯი, კალამი გარანტირებული აქვთ. ამიტომ ფიქრობენ, რატომ არ უნდა ვიმრუშო, რატომ არ უნდა დავიზღვიო თავი და ველაქუცო ოპოზიციასო?!
მათ მონობის კომპლექსი ვერაფრით დაძლიეს. მუდმივად პატრონის ძიებაში არიან და ამ პროცესმა ისინი ისევ მოძალადე, მჩაგვრელ და აგრესიულ ოპოზიციასთან მიიყვანა, რადგან სრული თავისუფლების მიმნიჭებელი “ქართული ოცნება” მათ პატრონად ვერ გამოდგება. ამ საქციელს, მარტივად, საკუთარი ქვეყნისა და მომავლის ღალატს ვუწოდებ. მათ ჰქონდათ შანსი საქართველოს სუვერენიტეტის ბრძოლის გზაზე სამშობლოს გვერდით დამდგარიყვნენ, მაგრამ ახლაც ისტორიის არასწორ მხარეს დგომა და ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა არჩიეს.

თამარ შველიძე