საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

საქართველოს მოსახლეობა ახალ სახელმწიფო გადატრიალებას არ შეეგუება – საერთო მედია
სექტემბერი 7, 2024

საქართველოს მოსახლეობა ახალ სახელმწიფო გადატრიალებას არ შეეგუება

 

გვესაუბრება ანალიტიკოსი,
ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე:

_ ბატონო სოსო, ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო. 705 ევროპარლამენტარიდან 425-მა მხარი დაუჭირა ჩანაწერს ივანიშვილის დასანქცირების, სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვიზალიბერალიზაციის გადახედვის თაობაზე. რეზოლუციის თანახმად, თუ ხელისუფლება “უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს არ გაიწვევს, წლის ბოლოს მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
_ გამჭვირვალობის კანონპროექტი მხოლოდ საბაბია. რეალურად, ეს იმ პროცესების გამოხატულებაა, რომლებიც უკრაინის ომთან ერთად დაიწყო. საქართველოს სამსხვერპლოდ, მეორე ფრონტის გასახსნელად ამზადებდნენ. კარგად ვიცით, რა მეთოდებით ხდებოდა ხელისუფლებაზე ზეწოლა. ამ საკითხში ჩართული გახლდათ აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, რომელიც ხან ღარიბაშვილთან მივარდებოდა, ხან ივანიშვილთან, ხან თავდაცვის მინისტრთან და მოუწოდებდა, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა.
ჩვენი ქვეყნის მიმართ დასავლეთის უკმაყოფილება არსად გამქრალა. დეგნანის შემდგომ დანიგანი მოვიდა, რომელიც თავის მოადგილესთან ერთად, გადატრიალებების მოწყობის მაღალი დონის სპეციალისტია. შესაბამისად, ის, რომ საქართველოში არჩევნები ახალი რევოლუციის და ხელისუფლების ცვლის ტრიგერი უნდა გამხდარიყო, საიდუმლო არავისთვისაა. არჩევნები ხელისუფლების ცვლილებისთვის საკმაოდ კარგი საბაბია. რადგან ცოტა რთულია, საკუთარ ბაზარზე შემდეგი ვერსია გაყიდო: პარლამენტმა მიიღო კანონი, რის გამოც ვიღაცები აჯანყდნენ, ხელისუფლება გადაატრიალეს, ხოლო დასავლეთი ამ ახალ ხელისუფლებას ლეგიტიმურად ცნობს. შემდეგ იწყება საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და სინამდვილეში, სახელისუფლებო პარტიამ წააგო. თურმე მან გაყალბების წყალობით ხელისუფლება იმ ძალებისგან მიიტაცა, რომელთაც თითქოს, არჩევნები მოიგეს. კანონიერი ხელისუფლება კი ის არის, ვინც ხალხმა აირჩია. დასავლეთი ასეთად თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ძალას აცხადებს ხოლმე და ქვეყნის სათავეში მოჰყავს. ეს კი, როგორც სახალხო რევოლუცია, ისე საღდება. ყველამ ვიცით, ამ ტექნოლოგიების უკან ვინც დგას, მაგრამ ეს კარგად გამოცდილი მეთოდია და ამ ხაზს მიჰყვებიან.
ამჯერად საქართველოსთან მიმართებით ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ხელისუფლებამ ეს გათვალა და გამჭვირვალობის კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა. ხელისუფლებისთვის აღნიშნული სცენარი ცნობილია და ცდილობს, ახალი რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა მათ წინასწარ მოუსპოს. მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელთა მეშვეობით საქართველოში უკონტროლო ფული შემოდის, ჩვენი ქვეყნის და, ზოგადად, რეგიონის მასშტაბით, დესტაბილიზაციის მძლავრი ინსტრუმენტია. მაგალითად, ამ შავი ფულის მოძრაობა აზერბაიჯანის, ასევე, ირანის, რუსეთის წინააღმდეგაც არის მიმართული.
რაც შეეხება ევროკავშირს, იქ დრამატულ ცვლილებებს ელიან, რადგან ივნისში არჩევნებია, რის შედეგადაც იქ მემარჯვენე ძალების წარმომადგენლობა საკმაოდ გაიზრდება. ეს ეხება არამხოლოდ უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, არამედ საფრანგეთს, იტალიას. მოსალოდნელია მემარჯვენე ძალების გაძლიერება და ამ კუთხით, მკვეთრი ცვლილებები. გარდა ამისა, 1-ელი ივნისიდან უნგრეთი ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, აშშ-ისა და “სოროსის ფონდის” დიდ გავლენას განიცდის, რადგან ეს უკანასკნელი მრავალ მათგანს წინასაარჩევნო კამპანიებში აფინანსებდა.
ვიცით, რომ ამერიკაში წინასაარჩევნო წელია, ვითარება კი მძიმდება. შესაძლოა, ტრამპი ციხეში აღმოჩნდეს, რაც ბაიდენის ხელახლა გაპრეზიდენტებას გამოიწვევს. დიდი დაძაბულობის ფონზე, ალბათ, ჩვენთვის ვერ მოიცლიან. გარდა ამისა, ევროკავშირის რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახა. კერძოდ, ლგბტ უფლებების დაცვის საკითხი, რაც დღევანდელი ევროპარლამენტისთვის რელიგიური დოგმაა. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდა, წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით, “ქართული ოცნებისთვის” აბსოლუტურად მიუღებელია. ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა, თუმცა ლგბტ პროპაგანდამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია და სხვა მოთხოვნებს შეერწყა: ე. წ. ვეტინგს, კოალიციური მთავრობის შექმნას, მიშას გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას.
“ქართული ოცნება” ვა-ბანკზე წავიდა და მთელი რიგი კანონების პაკეტი შეიმუშავა. ესენია: უცხო გავლენების გამჭვირვალობა, გენდერული კვოტირების გაუქმება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოფშორებიდან გადმორიცხულ თანხებზე ბეგარის გაუქმება. ეს ოთხი კანონი მიუღებელია როგორ ევროკავშირისთვის, ისე აშშ-ისთვის, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვა.
ამავე დროს, უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმამდე საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდა. ის რუსეთთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს. რუსეთს აქ არსებული ვითარება კარგად ესმის. ამიტომ მისი ინტერესია, საქართველოში უმართავი პროცესები არ დაიწყოს. თუ საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილება, დასუსტება, დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება, საქართველო ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სამხრეთისთვის კვლავ უდიდეს პრობლემად იქცევა. საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით განხორციელდება ისლამისტი ტერორისტების ტრანზიტი, რაც, დიდწილად, დასავლური სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშაა. ეს რუსეთს არ აწყობს. დიახ, რუსეთს აქ არეულობა არ აწყობს და ეს ჩვენს ინტერესშიცაა. ასე რომ, საქართველოსა და რუსეთს შორის ინტერესების დროებითი თანხვედრა არსებობს, რასაც მეხუთე კოლონა პრორუსულ კურსად ასაღებს. არანაირი პრორუსული კურსი არ არსებობს, ეს სიტუაციური ინტერესების თანხვედრაა, რისი საქართველოს სასარგებლოდ გამოყენებაც ძალიან საშური საქმე იქნებოდა.
გარდა ამისა, არსებობს სამხრეთ-ჩრდილოეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ქვეყნების ერთ ნაწილს აწყობს, მეორეს კი _ არა. მაგალითად, აშშ-ს მიაჩნია, რომ ლოჯისტიკური პროექტები, რომელსაც თავად ვერ გააკონტროლებს, ევრაზიაში არ უნდა არსებობდეს. იმავეს ფიქრობს ბრიტანეთიც. აი, ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი, თუ რატომ მიიღო ევროპარლამენტმა ზემოხსენებული უპრეცედენტო რეზოლუცია. მოკლედ, ორმხრივ საცირკო სანახაობაში ვიმყოფებით _ ნატო-სა და გაეროს გენმდივნებმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროდეპუტატებმა გამჭვირვალობის კანონი დაგმეს, რომელიც სახელმწიფოს წინაშე უცხოური ფულით დაფინანსებული ენჯეოებისგან, ყოველგვარი რეპრესიული მექანიზმების გარეშე გარკვეულ ანგარიშგებას ეხება. მეორე მხრივ, ეს რეზოლუცია მეხუთე კოლონისა და მათი სასარგებლო იდიოტებისთვის ერთგვარი სიგნალია, რათა აქ რევოლუცია გააჩაღონ და თავიანთ პატრონებს მხარდაჭერა დაუდასტურონ.
_ რეზოლუციის მიღებისას დარბაზში იმყოფებოდა ნიკა გვარამიაც, რომელიც, სხვათა შორის, წინასწარ საუბრობდა, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენო.
_ დიახ, გასაოცარი, იცით, რა არის? _ ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიჩნიეს, რომ ნიკა გვარამია ქართველ ხალხში განსაკუთრებულ აღტკინებას გამოიწვევს. იგი ქართველი ხალხის ნების გამომხატველად აირჩიეს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ევროდეპუტატების ნაწილს _ კალიურანდებს, პავილიონისებს, გრეგოროვებს, ამ მართლაც კრეტინებს, საერთოდ არ ესმით, რა ხდება საქართველოში. ეს კრეტინიზმი მათ ანგარებას არ გამორიცხავს, ისე გვიყურებენ, როგორც თავის დროზე, ევროპელები პაპუასებს უყურებდნენ, ანუ, როგორც დაბალ რასას, რომელსაც რასაც ეტყვი, იმას გააკეთებს. ჰოდა, ჩაიყვანეს სტრასბურგში ეს “სახელოვანი ინდიელი”, გაპარსეს, გაკრიჭეს, რათა რესპექტაბელური ყოფილიყო. როგორც ავი ენები ამბობენ, სწორედ გვარამია იქნება იმ ფულის განმკარგავი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და ენჯეოების მოსყიდვისთვის, რევოლუციური პროცესებისთვის გამოიყოფა. რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ამით ევროდეპუტატებმა სტიმული მისცეს, რომ ამ ქმედებით აღშფოთებული ხალხი ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად გამოვიდეს.
_ ევროპარლამენტმა მანამდეც გამოსცა რეზოლუცია, სადაც მიშას წამებაზე საუბრობდნენ, მერე კეზერაშვილი მედიამენეჯერად გამოგვიცხადეს, რომელიც, საბოლოოდ, ევროპის ინსტიტუციამ თაღლითად გამოაცხადა. რატომ გამოსცემენ ისეთ რეზოლუციებს, რომელთაც მერე მათივე კოლეგა ინსტიტუციები აქარწყლებენ?
_ ჩვენ საზოგადოებრივი აზრის კოლაფსის პირობებში, პოსტსიმართლისა და პოსტსამართლის ეპოქაში შევედით. მათ სამართლის არ ეშინიათ. მაგალითად, მე-19-მე-20 საუკუნეებში, როცა ადამიანები რამეს აშავებდნენ და ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ხდებოდა, ისინი საჯარო სივრციდან მიდიოდნენ. ახლა ასე აღარ არის, პასუხის მომთხოვნი არავინაა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა “ფაიზერთან” გარიგება დადო და ვითომც არაფერი, დღეს ჩვენ გვიკითხავს მორალს. კოვიდ-შიზოფრენიის პერიოდში უამრავი ადამიანი იმსხვერპლეს, გიჟურ რეკომენდაციებს იძლეოდნენ და ამის გამო ვინმე დაისაჯა?!
ახლა რეზოლუციით კვლავ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. არადა, უღირს საქციელთა რეესტრი რომ შევადგინოთ, დავინახავთ, რომ მიშამ ყველაფერი იკადრა: სიმხდალე, ტყუილი, მუცელღმერთობა, სიძვა, მრუშობა, მრავალცოლიანობა, მკვლელობა, გაუპატიურება, თაღლითობა, თავის მომკვდარუნება, ბიუჯეტის ფლანგვა და ა. შ. ერთი ეგ არის, რომ ჯერჯერობით, დიქტატორ ბოკასას მსგავსად, არავინ შეუჭამია და მაცივარში ადამიანის თავებს არ ინახავს. სხვა რა დაიკლო?
_ 29 აპრილს ხალხი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. როგორ აფასებთ, ამ სახალხო ერთობას?
_ მავანს სურდა, ეს ვითომ “ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობად გაესაღებინა. ეს აქცია იმის დემონსტრირება იყო, რომ საქართველოს მოსახლეობა ახალ სახელმწიფო გადატრიალებას არ შეეგუება. 29 აპრილს ქუჩაში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, მთელი თბილისი გარეთ იყო. დაე, ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს ხელახლა არევას ქართველი ხალხი აღარ შეეგუება. ხალხი გამოვიდა, რითაც ამ მავნებლებს უთხრა, რომ საზოგადოების უმრავლესობას ის ნაწილი წარმოადგენს, რომლისთვისაც რუსთაველზე მიმდინარე ბაქკანალია, რასაც სათავეში მეხუთე კოლონა, უდგას, უნდა დასრულდეს.

თამარ შველიძე