საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

გორდიას კვანძი გამჭირვალობის კანონმა უნდა გადაჭრას – საერთო მედია
მაისი 8, 2024

გორდიას კვანძი გამჭირვალობის კანონმა უნდა გადაჭრას

 

გვესაუბრება პოლიტიკოსი,
დიპლომატი, პროფესორი
გიგლა ბარამიძე:

_ ბატონო გიგლა, შოლცისა და კობახიძის მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა: “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონი საქართველოს არ სჭირდებაო.
_ მივესალმები ჩვენი მთავრობის პოზიციას, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი, უპირველესად, ქართველი ერია. ოკეანისგაღმელმა “მეგობრებმა” რაც უნდა თქვან, ჩვენ ქართველი ერის ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ, _ აცხადებს ხელისუფლება. გერმანიის კანცლერის სიტყვებმა ძალიან შემაშფოთა. ვფიქრობ, იგი და სხვა მედასავლეთეები კანონის შესახებ სათანადოდ ინფორმირებულნი არ არიან. მეამაყება, რომ ჩვენმა ახალგაზრდა პრემიერმა უკან არ დაიხია და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. მან ასევე აღნიშნა, იმედია, ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმები ევროკავშირში აღიარებას ჰპოვებსო.
რაც შეეხება კანონს, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სამართლებრივ პრინციპებს ეფუძნება. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნული კანონის მიღებას მხარს უჭერს. ჩვენ გარე და შიდა _ მეხუთე კოლონის _ თავდასხმები არ უნდა დავუშვათ. “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონის ისევ უკან გაწვევა არამც და არამც არ უნდა მოხდეს. პირიქით, ის მოქალაქეებმა ხმალამოღებული უნდა დავიცვათ. ვის ეყრდნობიან მაღალი რანგის უცხოელები, როცა გვტუქსავენ, ეს ევროპის საბოტაჟიაო?! _ თავიანთ მიერვე დაფინანსებულ “დამოუკიდებელ” არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც დავალებებს აძლევენ. მერე ურცხვად აცხადებენ, სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებს ვეყრდნობითო. არა, ბატონებო, თქვენ თქვენს რეზიდენტებს ეყრდნობით. ამაში უზარმაზარი ფულია გადახდილი.
ხაზგასმით ვამბობ, არავის ეგონოს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვებრძვით. დემოკრატიული სახელმწიფოს ინსტიტუტებისთვის ენჯეოების არსებობა მნიშვნელოვანია. საქართველოში მსგავსი ენჯეოები ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. მაგრამ ამ კანონის მიხედვით, ერთმანეთისგან ვმიჯნავთ იმ ენჯეოებს, რომლებიც ქართველ ხალხს, ქვეყანას ემსახურებიან და მათ, რომლებიც კლანად, ჩაკეტილ, გაუმჭირვალე ორგანიზაციებად იქცნენ და გაიძახიან, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვართო. ეს სიცრუეა. სამოქალაქო საზოგადოების უპირველესი ვალდებულება სწორედ გამჭირვალობაა. მათ მოქალაქეებს უნდა უთხრან, საიდან აქვთ ეს მილიონები და რაში ხარჯავენ. შეეკითხვებზე პასუხს გაურბიან, რადგან ამ მილიონებს ცუდი საქმისთვის იყენებენ. მათ ეროვნულობის არაფერი სცხიათ, თუ დამფინანსებლები უბრძანებენ, დარტყმას აყენებენ მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, კულტურას და ა. შ. მეტიც, ისინი დარტყმას აყენებენ საქართველოში ყველაზე დიდ მეცენატს, ასევე, ქართულ პარტიოტულ იდეებს, ეროვნულ მთლიანობას, მოწადინებული არიან ლგბტ პროპაგანდის კეთებისთვის.
უცხოელი დონორები აქაურ აგრესიულ ჯგუფებს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ აფინანსებენ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ სტუდენტებს გრანტები ცოდნის გასაღრმავებლად მისცენ, ასწავლიან, როგორ გამოიყენონ მოლოტოვის კოქტეილები და როგორ შეცვივდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებში. მეორე საკითხია, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები უზრუნველად ცხოვრობენ _ იმდენი ფული აქვთ, 25 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა მათთვის არაფერია. მეტსაც გადაიხდიან, რადგან მილიონები ერიცხებათ. აბა, რატომ აპროტესტებენ ამ კანონს ასე გაკაპასებულები? _ მათთვის სიკვდილის ტოლფასია, ამ კანონიდან გამომდინარე, მოსახლეობამ დაინახოს, როგორ ტკბილად ცხოვრობენ ფუფუნებაში, როცა ხალხს ასე უჭირს და რისკენ მიმართავენ ამ მილიონებს. აი, ეს არის მათთვისაც და მათი დამფინანსებლებისთვისაც მომაკვდინებელი. თანაც, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, ვეღარ წამოგვაყვედრებენ, მილიარდები დაგახარჯეთო. ეს თანხები ქართველ ხალხს კი არა, ენჯეოებს ხმარდება, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაზე ზემოქმედებას ცდილობენ. ეს საქართველოს ინტერესებთან კავშირში არ არის.
“საერთო გაზეთს” ძალიან ღირსეული რედაქტორი ჰყავდა – ვახტანგ ხარჩილავა და მიხარია, რომ მის გზას პირნათლად აგრძელებთ. ამიტომ თქვენი გაზეთის საშუალებით ვსვამ შეკითხვას: ვისთან აქვთ კუდი ამ არასამთავრობოებს გადაჭდობილი?! _ შემთხვევით, იმ პარტიასთან ხომ არა, ექსტრემისტულ ჯგუფად რომ იქცა. ნაცები მყავს მხედველობაში, რომელთაც სისხლიანი რეჟიმი შექმნეს; საქართველოს სტრატეგიული ობიექტების 85% რუსებს მიჰყიდეს; ევროსტრუქტურებში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც საკუთარი სახელმწიფო და ჯარისკაცები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. აი, ამ სექტის მიერ არის ეს ენჯეოები შექმნილი, რომლებიც ქართველ ხალხს უმალავენ, რაში ხარჯავენ მილიონებს.
300-მილიონიან აშშ-ში ხუთი მილიონი დოლარი რომ გაქრება და ადრესატი არ ჩანს, თუ ვინ რაში დახარჯა თანხა, ერთი აჟიოტაჟი ტყდება-ხოლმე და აქ ენჯეოებმა 70 მილიონი გააქრეს და თურმე, ამაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ. განა შეურაცხმყოფელი არ არის, როცა პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო დონორებს ეკითხება, რაში იხარჯება მათ მიერ გადმორიცხული მილიონები და შეკითხვა ორი წელია, პასუხგაუცემელია. ჩვენ ასეთი შეგნებით გავიზარდეთ: თავი _ სახელმწიფოს, გული _ სატრფოს, ღირსება _ არავის. ღირსებას ვერავის შევალახვინებთ. “საერთო გაზეთის” მეშვეობით მინდა, მკაფიოდ ვთქვა: საქართველოს არავის ვალი არა აქვს! მადლობა, თუ ვინმე გვეხმარება, მაგრამ დასავლეთს საქართველო გეოსტრატეგიული, პოლიტიკური თვალსაზრისით ათჯერ მეტად სჭირდება, ვიდრე ჩვენ ის. ჩვენ ე. წ. გლობალური მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, ავღანეთში თითოეული ჩვენი დაღუპული ჯარისკაცის დაღვრილი სისხლი მილიარდებზე მეტად ფასობს.
დასავლური ცივილიზაციის გზაზე, უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ, 2008 წელს ტერიტორიები დავკარგეთ, ვაჟკაცი ბიჭები დაგვეღუპა და გვერდით არავინ დაგვდგომია. მარტო შევეჭიდეთ იმ ბირთვულ სახელმწიფოს, რომელსაც 40-მილიონიანი უკრაინა და დასავლეთის 52 ქვეყანა ებრძვის და ვერაფერი დააკლეს. ამის მერე ვის აქვს უფლება, ის ორიოდე კაპიკი დაგვამადლოს, რომელიც თურმე ქართულ წარმოებას, სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას კი არ ხმარდება, არამედ ენჯეოებს, რომლებიც თანხებს, ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, ქვეყნის საზიანო დავალებების შესრულებისთვის იღებენ!
როგორ დავიჯეროთ იმ ევროპელების, ამერიკელი სენატორების მოძღვრების, რომლებიც წლებია, ჩაგვჩიჩინებენ, სააკაშვილი პოლიტპატიმარიაო. ჩვენი “მეგობრების” მტკიცებით, თურმე სააკაშვილს აწამებენ, კეზერაშვილი _ მედიამენეჯერია, ნაცბანდის წარმომადგენლები _ პოლიტპატიმრები ყოფილან და ა. შ. ნუ იტყვით და სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელი ადეიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში რომ იყო წამოტრაკული, ეს ყოფილა ევროპული გზა. ვინც ამას ამბობს, ევროპასთან საერთო არაფერი აქვს. ევროპარლამენტარები თუ აშშ-ის სენატორები, ვინც ამას გვეუბნება, ნეოლიბერალური მენტალიტეტის აგრესორები, ფაშისტები არიან. ამას ევროპაზე კი არა, იმ ჩინოვნიკებზე ვამბობ, ვინც ამ ბაკქანალიაში იღებს მონაწილეობას.
სირცხვილი იმ ხელოვანებს, სპორტსმენებს, რომლებიც ქლესა-ქლესობით, “ევროპა”, “ევროპა”-ს ძახილით, ხან სცენიდან, ხან სტადიონიდან სისულელეებს ყრანტალებენ. ისინი ან უვიცები არიან, ან მავანმა ტვინი გადაუგლისა და რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებენ, ან, უბრალოდ, იმ შავი ფულის გადანაწილებაში არიან ჩართულნი, რასაც ენჯეოების კასტას აძლევენ. გორდიას კვანძი აუცილებლად უნდა გადაიჭრას. მაკედონელმა ხმალი იშიშვლა და გორდიას კვანძი გადაჭრა. ხელისუფლების მახვილი გამჭირვალობის კანონის მიღებაა, ჩვენი მახვილი კი ამ კანონის დაცვაა. თუ საჭირო იქნება, ეროვნული დროშებით, ევროკავშირის სიმბოლიკითაც, ქუჩაშიც გავალთ. თუ მათი მხრიდან ათასი კაცი გამოვა, ჩვენ ასი ათასი უნდა ვიყოთ. მერწმუნეთ, დასავლეთი თუ დაინახავს, რომ ხალხი ამ კანონს მხარს უჭერს, უკან დაიხევს. სხვა გამოსავალი არ არის. სექტანტს რაც უნდა ჭეშმარიტებაზე ელაპარაკო, აზრს ვერ შეაცვლევინებ. ვერც იმ ადამიანს, ვინც ამ კანონის გასაპროტესტებლად ფული აიღო, ან რაღაც ბენეფიტებს ელოდება. ამიტომ ძალა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რასაც ორგანიზება სჭირდება. ძალა ხალხშია. თუ ამ კანონის მიღებას საფრთხე დაემუქრა, მის დასაცავად ყველანი ქუჩაში უნდა გამოვიდეთ.
_ რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ხალხი?
_ საკითხი ასე დგას: საქართველო ან დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, ან მეხუთე კოლონის, უცხოეთიდან დაფინანსებული რეზიდენტების, აგენტურის მეშვეობით გადატრიალება მოხდება და ისეთ ხელისუფლებას დაგვისვამენ, რომელიც ყოველგვარ ანტიეროვნულ, ანტიქართულ ქმედებას ხელს მოაწერს. ამიტომ, არ უნდა დავთმოთ. უცხო ქვეყნის პირველი პირები, ყველა რომ გაერთიანდნენ, ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. სად აქვს შოლცს იმის დრო, რომ ქართული კანონი იკითხოს. ვიმეორებ, დასავლეთი თავის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, ან დაინტერესებულ პირთა იმ წრეს ეყრდნობა, რომელთაც საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა სურთ, რომელიც ქვეყანას ომში ჩართავს. ომში დიდი ფული კეთდება, საქართველო ან უკრაინა ვის ადარდებს. დაფინანსებული ენჯეოები ორ ცეცხლს შუა არიან. ერთი მხრივ, თავიანთ პატრონებს, დამგეშავებს სათანადო შედეგებს ვერ აწვდიან და მეორე მხრივ, სიკვდილივით ეშინიათ, ქართველმა ხალხმა არ გაიგოს, როგორ ცხოვრობენ ფუფუნებაში და რაში აბანდებენ გადმორიცხულ მილიონებს. მთავარი ესაა, თორემ ევროპული ფასეულობები სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ქართველი ერის სასიკეთოდ რომ ხარჯავდნენ ფულს, მაშინვე აყაყანდებოდნენ, თქვენზე ზრუნვაში ვხარჯავთ ამ მილიონებსო. უმდიდრესი ბიზნესმენიც კი არ მისცემს თავს უფლებას, ისეთ ფუფუნებაში იცხოვროს, როგორშიც ესენი ცხოვრობენ. ეს მათი ბოლო გაბრძოლება იქნება და ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუთმოს.
ჩვენ უდიდესი სახალხო გამოსვლისთვის უნდა ვემზადოთ. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ მიწა ზანზარებდეს. ეს სალახანები მაშინვე სოროებში შეძვრებიან. უმრავლესობამ ეს კანონი რომ გავიტანოთ, ერთადერთ გზას ვხედავ _ ჩვენი სრულიად სახალხო ერთიანობა მთელ მსოფლიოს უნდა დავანახვოთ.
ანგლოსაქსებმა თუ დაინახეს, რომ ქართველი ხალხი ამ კანონს მხარს უჭერს, მაშინვე უკან დაიხევენ. მაგრამ თუ ხელისუფლება მიკროფონს ხელში იმ ხალხს ჩაუგდებს, საკუთარ თავს ოპოზიციას რომ ეძახიან, ანუ, გაწიწმატებულ რევანშისტ ნაცბანდის ქალებს, ხალხს თუ გვერდით არ დაიყენებს, მაშინ დასავლეთიც და მეხუთე კოლონაც თავისას გაიტანენ.

თამარ შველიძე