საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობა და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება – საერთო მედია
მაისი 8, 2024

გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობა და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება

 

გვესაუბრება პარტია
„ხალხის ძალის“ წევრი
ზურაბ ქადაგიძე

– ბატონო ზურაბ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბერლინში შეხვდა, მხარდაჭერის დაპირების პარალელურად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ არ იქნება მიღებული ის კონცეფცია, არსებული სახით. რა გავლენა შეიძლება მოახდიონოს მმართველ გუნდზე ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის ასეთმა შეფასებამ?
– გერმანიის პირველი პირი იქნება ეს თუ აშშ-ის, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც კანონპროექტის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება აქვს, უნდა მოიყვანოს არგუმენტი, თუ რა მიზეზით ეწინააღმდეგება მას და, პირობითად, როგორი სახით უნდა იყოს კანონპროეტი წარმოდგენილი. დავსხდებით და ვისაუბრებთ საჯაროდ, ნებისმიერი ფორმატით და აქედან გამომდინარე შევჯერდებით. ცალსახად საუბარია იმაზე, რომ ასეთი ფორმირების კანონი არა აქვს ევროკავშირს და ასეც არის. არც ევროკავშირის ქვეყნებს და არც აშშ-ს არა აქვს ზუსტად ასეთი კანონი, რადგან მათი კანონები გაცილებით მკაცრია. ახლა კიდევ საფრანგეთი იღებს ბევრად მკაცრ კანონს, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამ თითოეული კანონის ინსპირაცია გამომდინარეობს კონკრეტული ქვეყნის საგარეო თუ საშინაო გამოწვევებიდან და სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი არის მხოლოდ ქართული და არ ჰგავს სხვა კანონებს. ხელაღებით საუბარი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, არ შეიძლება. რეგიონის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და შიდა პოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის გამჭვირვალობის კანონი, რომლის სულისკვეთებაც არის სუფთა დასავლური. ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობა არის სწორედ გამჭვირვალობა და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ ფორმულირებაზე თუკი ვინმეს აქვს პრეტენზია, მაშინ კითხვა უნდა დავსვათ – აბა, როგორს გვთავაზობ? რადგან ამ კითხვაზე პასუხი არ არის, გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ ეს დაუსაბუთებელი წინააღმდეგობა გლობალური პოლიტკონიუნქტურის ნაწილია. თუ აქვთ პრეტენზია, კონკრეტული ფაქტებით გვესაუბრონ, რადგან ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხი და ვინც უნდა წავიდეს ამის წინააღმდეგ, ჩვენ მაინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.
– როგორც აღნიშნეთ, ეს კანონპროექტი არ ჰგავს არც ევროპულს და არც ამერიკულს და მხოლოდ ქართულ რეალობაზეა მორგებული, მაგრამ იქნებ, ის რამით მართლა ჰგავს ამ ყბადაღებულ რუსულ კანონს? არის რაიმე მათ შორის საერთო?
– აბსოლუტურად არაფერი! ამ ადამიანებს წაკითხულის გააზრებაც უჭირთ და წაუკითხავს, აბა, როგორ გაიაზრებენ?! უბრალოდ, ფიქრობენ, რომ თუ ყველაფერს „რუსულს“ დაარქმევენ, ეს გაამართლებს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე იმოქმედებს. რეალურად კი, ცა და დედამიწასავით განსხვავდება რუსული კანონი ჩვენი ქართული ვარიანტისგან. ზედაპირულად გეტყვით, თორემ რომ ჩავუღრმავდეთ, პუნქტი-პუნქტსაც ვერ დავამთხვევთ ერთმანეთს. რუსული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას, საქმიანობაში ხელის შეშლას, აღკვეთის ღონისძიებად – პატიმრობას, აქვს ძალიან დიდი სანქციები… ჩვენს კანონპროექტში კი საუბარია მხოლოდ და მხოლოდ შემოსული თანხის მიზნობრიობაზე და ფინანსურ ვალდებულებებზე, რომელიც უნდა იყოს გაწერილი. დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა 25 ათასი ლარის ოდენობით, ადმინისტრაციული წესით. აქედან გამომდინარე, ყველა პარალელი ბათილდება და კითხვის ნიშანიც აღარ რჩება. თუმცა, თანამედროვე „სეთურები“: გიგაური, ლომჯარია და მათი უფროსები დაჟინებით გაჰკივიან „პოლიქრონიონს“ და ცდილობენ, ადამიანებზე ემოციურად იმოქმედონ. ათიდან ერთი ადამიანიც რომ დაარწმუნონ, რომ ეს არის „რუსული კანონი“, ესეც მიღწევაა მათთვის, აქციებში თუ დაპირისპირებაში ამ ადამიანების გამოსაყენებლად.
– პრემიერმა განმარტა და სხვებმაც შენიშნეს, რომ საქართველოდან წარგზავნილმა რადიკალიურად განწყობილმა თარჯიმანმა შეგნებულად დაამახინჯა გერმანიის კანცლერის საუბარი და ტექსტი თარგმნა ისე, რომ თითქოს აღნიშნული კანონპროექტი შოლცმა „აგენტების კანონად“ მოიხსენია…
– ეს არის ძალიან დიდი პრობლემა თვითონ გერმანული მხარისთვის, რადგან, როგორც ვიცი, სწორედ მათი მხარდაჭერით იყო ეს ადამიანი თარჯიმნად წარგზავნილი. ის კი იმდენად გათავხედდა, რომ გერმანიის ლიდერის სიტყვები გააყალბა! ესენი არიან 21-ე საუკუნის მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ პირადი ინტერესების გამო. წარმოიდგინეთ, რამხელა თაღლითობასთან და როგორი მასშტაბის ფეიკკამპანიასთან გვაქვს საქმე! ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რეალურად როგორ ოპონირებს რადიკალური ოპოზიცია, – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ ადამიანებს არ მოეკითხებათ არანაირი საღი აზრი და სრულიად დაცლილი არიან რაციონალიზმისგან. მათი ერთადერთი მიზანი და შესაძლებლობაა, საზოგადოების დაპირისპირება გამოიწვიონ და ფეიკკამპანიები მართონ, რათა ადამიანების ემოციებით ითამაშონ. ეს თარჯიმანიც ერთ-ერთი ნაცნაძირალათაგანია, რომელიც ასეთი დონის შეხვედრაზე მიიწვიეს იმისათვის, რომ ტექტი სიტყვა-სიტყვით ეთარგმნა, მან კი რა გააკეთა! აქ ხომ გრამატიკულ შეცდომაზე არ არის საუბარი, ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა და, პირველ რიგში, გერმანიის მხარის შეურაცხყოფა, რაზეც მას, სავარაუდოდ, პასუხი უნდა მოსთხოვონ.
– თუმცა, არამხოლოდ თარჯიმანი, ხელოვანი ადამიანებისა და სპორტსმენების გარკვეული ნაწილიც აქტიურობს აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ…
– საზოგადოებაში არსებობს გარკვეული „კასტა“, რომელსაც აქვს პრეტენზია პრივილეგირებულობაზე და მიიჩნევს, რომ ის არის აზრის გენერატორი და აქვს ვალდებულება, რაღაც იდეა მიაწოდოს საზოგადოებას! ასეთ ადამიანებში მოიაზრება ხელოვნებას ამოფარებული მხატვრების, მწერლების, მუსიკოსების, მოცეკვავეების თუ სპორტსმენების გარკვეული ნაწილი. სწორედ ასეთი კატეგორიის ადამიანები იყვნენ საქართველოში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, რომლებიც დღისით სცენაზე იდგნენ და საღამოს ბერიას „დანოსებს“ უწერდნენ. სწორედ ასეთმა ადამიანებმა დაამხეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, ტაშს უკრავდნენ სამხედრო გადატრიალებას და ძმათამკვლელ ომს… ახლა კი იგივე კატეგორია სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის მარტივ არჩევანს აკეთებს, რადგან მიიჩნევს, რომ იმაზე მეტ „სალაფავს“ ვერ მისცემს საქართველო, რასაც თავიანთი დონორები აძლევენ. ესენი არიან კუჭის კანონზომიერებას მორგებული ადამიანები.
მეც ევროპას ვირჩევ და ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი ირჩევს, რა თქმა უნდა, ევროპას, ამაში ორი აზრი არ არსებობს! თუმცა, 30 წელია გავიძახით, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ და როცა საშუალებაა, ეს უნდა გამოვიყენოთ, სასარგებლო იდიოტის როლი არ უნდა მოვირგოთ. თუ გარკვეულ კარიერულ წარმატებას მიაღწიე და ავტორიტეტით სარგებლობ საზოგადოებაში, ეს ავტორიტეტი მერკანტილურ ინტერესებზე არ უნდა დაახურდავო და თავი არავის უნდა გამოაყენებინო, რადგან ამ შემთხვევაში ბოროტების ისეთივე თანამონაწილე გამოდიხარ, როგორიც ლომჯარიაა. შემდეგ ამ ადამიანებს რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ აპოლიტიკურები არიან, პოლიტიკაში საერთოდ არ ერევიან. ვისაც გინდა, მიეცი ხმა, ვინც გინდა, ის აირჩიე, მაგრამ, როდესაც ასეთი მასშტაბური საკითხი წყდება, შენ კი არათუ არ წაგიკითხავს, წარმოდგენაც არ გაქვს რაზე საუბრობ, მაგრამ ამბობ, რომ „ტანით გრძნობ“ და ამიტომ ეწინააღმდეგები, წარმოიდგინეთ, როგორი მავნებლობაა. კი გამეცინა თავიდან, როცა ერთ-ერთმა ხელოვანმა ასეთი „არგუმენტი“ მოიყვანა, მაგრამ რომ დააკვირდეთ, რა დონის მავნებლობაში შეყვნენ ამ ნაძირლებს, ეგრეთ წოდებულ კამპანიის დამგეგმავებს მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები – სასაცილო ნამდვილად არ არის! ამიტომ პოლიტკონიუნქტურებს და „ტრენდებს“ აყოლილი საზოგადოება ცოტა უნდა დაფიქრდეს, რათა ის „ორი კინკილა“ ავტორიტეტიც არ დაკარგოს, რაც გააჩნია!
– გეთანხმებით, ჩვენ ყველა ვირჩევთ ევროპას, მაგრამ ხომ არ არის რისკი იმისა, რომ მსგავსმა განწყობებმა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელების მხრიდან შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა?
– როდესაც ჩვენ ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭეს, მოლდოვას და უკრაინას კი – კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, გამოვიდა ემანუელ მაკრონი და ქართველებს ქვეყნის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე მიგვანიშნა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამ ორივე ქვეყანაზე წინ ვიყავით და დამსახურებულად მოგვანიჭეს კიდევაც კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, კონიუნქტივები, სიტუაციიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სინათლის სისწრაფით იცვლება. წელს არჩევნებია ევროპის ქვეყნებში, არჩევნებია აშშ-ში და გადამწყვეტი არჩევნებია, ასევე, საქართველოში. დამიჯერეთ, შედეგებიდან ჩანს, რომ ასეთი პათოსით, დამოკიდებულებით, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობით, სადაც გამორიცხულია სპეკულაციური პოლიტიკა, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ, ევროკავშირისკენ! შეიძლება სპიკერები რაღაც ნარატივს აჟღერებენ, მაგრამ მერწმუნეთ, გაერთიანებაში არავის სჭირდება სუვერენიტეტჩამოშლილი, ცალ ფეხზე მდგომი ქვეყანა. მყარად მდგომი სუვერენული სახელმწიფო, დემოკრატიულ წეს-წყობილებასთან შეთავსებული კანონებით, თავისი მართლმსაჯულებით, საპარლამენტო მმართველობით და აღმასრულებელი ხელისუფლებით, მეტად მისაღებია, ვიდრე „ბალასტი“ სახელმწიფო. ამის ძალიან კარგი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი. პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე, სააკაშვილის „მეგობარი“ ელჩები ამბობდნენ, რომ მიშა დემოკრატიის შუქურაა, რომ საქართველოში ყვავის დემოკრატია, მაგრამ რეალურად ყველამ იცოდა, რა სისტემა შექმნა სააკაშვილმა და როგორი მოძალადეობრივი იყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. ამიტომაც ვიდექით კარგა ხანს ღია კარში და ველოდებოდით, როდის შეგვამჩნევდნენ.
ევროპულ ოჯახს სჭირდება ძლიერი სუვერენული სახელმწიფო უსაფრთხოების გარკვეული პარამეტრებით, სტაბილური პოლიტიკური პროცესებით, რომელიც არის, ასევე, მშვიდობის გარანტი თავის რეგიონში. ეს ყველაფერი ავტომატურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და არავის დააწვები მხრებზე ზომაზე მეტად, როცა გაერთიანებაში შეხვალ. აქედან გამომდინარე, ხელი არანაირად არ შეგვეშლება.
აღნიშნული კანონპროეტი არის ძალიან სერიოზული მსჯელობის შედეგად წარმოდგენილი, რომელიც მოიწონა უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არის უნივერსალური ვერსია. თუკი ვინმე თავის არგუმენტებს და შენიშვნებს წარმოგვიდგენს, მზად ვართ ნებისმიერ ადამიანთან დისკუსიისთვის. მთავარია, მათი მხრიდან იყოს ამის სურვილი.

ნონა ქარქაშაძე