საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ოპოზიციავ, 27 ოქტომბრისთვის მზადებას აზრი არ აქვს! – საერთო მედია
მაისი 19, 2024

ოპოზიციავ, 27 ოქტომბრისთვის მზადებას აზრი არ აქვს!

 

გვესაუბრება “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე:

_ ბატონო ლადო, საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გასულ კვირას დიდი ხმაური იყო. ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, რასაც ოპოზიცია ფარსს და ცესკო-ს საბოლოოდ მიტაცების მცდელობას უწოდებს. რა ხდება რეალურად?
_ საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხებოდა. გახსოვთ, რომ ე. წ. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ცესკო-ს წარმომადგენლობა პარლამენტის წევრთა 2/3-ს უნდა აერჩია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ პროცესში ერთი მხრივ, ჩართული იყო პირადად პრეზიდენტი, მეორე მხრივ კი, ოპოზიცია, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ცესკო-ს ხელმძღვანელობა ხუთი წლით არ აერჩია, რაც, წესით, სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია დროებით არჩეულ თავმჯდომარესა და წევრებს ემართათ. მათ შორის, გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც ვადა დღემდე უგრძელდება. იგი თავის დროზე ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე თავად ზურაბიშვილმა წარადგინა.
გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რაზეც პრეტენზიები არც ოპოზიციის მხრიდან ყოფილა და არც საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. ოპოზიცია სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში შევიდა, მაგრამ მაინც ყოველმხრივ ცდილობდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე არ აერჩია. მიზეზი ის გახლდათ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე იყო ოპოზიციის, კერძოდ, “ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე, რომელსაც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა. ცდილობდნენ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გიორგი კალანდარიშვილს შექმნოდა ისეთი სახის პრობლემა, რომ არჩევნებს ვეღარ გაძღოლოდა. ასეთ შემთხვევაში, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას ოპოზიციონერი წევრი შეასრულებდა, რომელსაც შეიძლება ოქმზე ხელი არ მოეწერა, არჩევნები კანონმდებლობის გათვალისწინებით ღიად, გამჭირვალედ არ ჩაეტარებინა, რასაც გარკვეული დესტაბილიზაცია, არეულობა, შესაძლოა, სისხლიანი რევოლუციაც კი მოჰყოლოდა. რადგან ასეთი რეალური საფრთხე არსებობდა, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რასაც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ის დაძლია.
25 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა შესაბამის აქტს და ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. პრეზიდენტის ინსტიტუტის ნაცვლად, ეს საკითხი პარლამენტში განიხილება, თუმცა პრინციპი იგივეა _ კომისიაში იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისინი შეარჩევენ კანდიდატურებს, წარუდგენენ პარლამენტს. შედეგად, 3/5-ით, ანუ 90 ხმით შესაძლებელია კანდიდატის ხუთი წლით არჩევა. თუ ეს ვერ მოხერხდა, მერე პარლამენტს შეეძლება კენჭი უმრავლესობით უყაროს. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეს ჩიხური მდგომარეობა, ფაქტობრივად, სამ წელზე მეტია, გრძელდება.
ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის კუთხით, ოპოზიციიდან პრობლემების შექმნის გარდა, მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის, ახალი ტექნოლოგიების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ოპოზიციის მიზანია, საზოგადოებაში არჩევნების მიმართ ნდობა შემცირდეს, რათა საკუთარი გეგმების განხორციელება უფრო მარტივად შეძლონ _ მოსახლეობა დაარწმუნონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ ასახავდა ხალხის განწყობებს და ამის ნიადაგზე რევოლუციური პროცესები დაიწყონ.
გიორგი კალანდარიშვილს ერჩიან, რაც მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანიაა. საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ. “ნაცმოძრაობა” არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. მათ არჩევნებში გამარჯვების იმედი არც აქვთ. ასე იყო 2016, 2020 წლებში და ასე იქნება 2024 წელსაც. საკუთარი მარცხი სჯობს იმ ცხრაწლიან რეჟიმს დააბრალონ, რაც ქვეყანაში დაამყარეს და არა არჩევნების გაყალბებას.
როგორც იცით, 2024 წლის არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. ვერიფიკაციის სისტემა აბსოლუტურად გამორიცხავს “კარუსელს” ან გაყალბების სხვა მექანიზმის გამოყენებას. სკანერის აპარატი კი კენჭისყრის დასრულებიდან საკმაოდ მოკლე დროში, საზოგადოებას არჩევნების წინასწარ შედეგებს გააცნობს. საბოლოო ოფიციალურ შედეგებს ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგად გავიგებთ. ე. წ. ეგზიტპოლებთან და გაყალბებულ პარალელურ დათვლასთან დაკავშირდებული მანიპულაციები, რაც 2020 წელს “სამართლიანმა არჩევნებმა” განახორციელა, ამ შემთხვევაში, გამორიცხულია. ანუ, გარკვეული მტკიცებულებების შეგროვებას, თითქოს, საზოგადოების განწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ ემთხვევა, აზრი აღარ ექნება, რადგან კენჭისყრის დასრულებიდან 20-30 წუთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება. აქედან გამომდინარე, 2024 წლის არჩევნები სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და გამჭირვალე იქნება. ამიტომ, ოპოზიციის გეგმა, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს, ცესკო-ს მონაცემები რეალურ შედეგებს არ ასახავს, წარუმატებელი, ფუჭი იქნება. ამ კამპანიაში ოპოზიციასთან ერთად ჩართული არიან ზურაბიშვილი, სამოქალაქო სექტორის, მედიის ნაწილი. ასევე, გარე ძალები, რიგი ევროპარლამენტარები. თუმცა 26 ოქტომბერს არჩევანს თავად ქართველი ხალხი გააკეთებს.
ელექტრონულ არჩევნებზე იმის თქმა, რომ გაყალბების მექანიზმია, ეს გახლავთ ქარიშხალი ჭიქაში. პირიქით, აღნიშნული ტექნოლოგიები უფრო მეტად უზრუნველყოფს არჩევნების გამჭირვალობას და სწორედ ამაზე წუხს ოპოზიცია _ თუ ადრე შეეძლოთ ემტკიცებინათ: “კარუსელი” დატრიალდაო, ახლა მსგავსს ვერაფერს იტყვიან. არანაირი საბაბი აღარ არსებობს, რომ არჩევნების შედეგებს არ დაეთანხმონ. აი, რა აწუხებთ.
_ ცესკო-ს ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსს დავუბრუნდეთ. ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ ეს ცვლილებები ცხრა დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დარღვევით არის დამტკიცებული.
_ პირიქით, ეს სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციას პარლამენტის თანხმობით, კომისიის, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით არჩეული თავმჯდომარე და წევრები ეყოლება. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლის 90%-ზე მეტი, ხმის მიცემას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რაც აქამდე არსებობდა, ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანაში არ მოქმედებს. მსოფლიოში არ მოიძებნება ანალოგი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყოს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესში ცვლილება სწორედ ევროპულ კანონმდებლობას შეესაბამება ამიტომ, არც ამ რეკომენდაციას და არც სხვას, არაფერი ემუქრებათ. ხელისუფლება რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს, რათა არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მის ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის საბაბი არავის მისცენ. 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის მზად ვიქნებით. ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პერიოდში მოხდა ნატო-სთან და ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება, ასევე, გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.
_ ევროკავშირის ელჩმა საარჩევნო რეფორმას ფასადური უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეუთო-ოდირის რეკომენდაციები არ გაითვალისწინაო.
_ ჩვენს პარტნიორებს სურთ, პოლარიზაცია შემცირდეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად მიიღოს. ანუ, პარლამენტმა სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმება შეძლოს. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიცია თანამშრომლობისთვის განწყობილი არ არის. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რათა პროცესები ჩიხში შევიდეს. ესაა მათი ინტერესი და არა სამართლიანი არჩევნების ჩატარება, დემოკრატიის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები თანამშრომლობისკენ ოპოზიციასაც მოუწოდებენ. მაგალითად, ეს უკანასკნელი ცხრა დათქმის შესრულებაზე სამუშაო პროცესში ჩართული არ არის. გახსოვთ, რა დღეში იყვნენ, ევროპაში დარბოდნენ და ევროპარლამენტარებს არწმუნებდნენ, ქვეყნისთვის სტატუსი არ მოეცათ. ის რაც ევროპასთან დაგვაახლოვებს, მათთვის მიუღებელია. ქვეყნის წარმატება, წინსვლა, კეთილდღეობა, ყველაფერი “ქართულ ოცნებას” უკავშირდება. ამიტომ, წესით, ამომრჩეველს სწორი არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.
_ წელს არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება. რას უკავშირდება პარტიულ სიაში დელეგატების შემოყვანა?
_ 2017 წელს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით კომისია შეიქმნა და კონსტიტუციის ახალი რედაქცია მივიღეთ. მასში ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ ჩაიწერა, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, 5%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა. 2020 წელს კი 1%-იანი საარჩევნო ბარიერი იყო, რათა პარლამენტში შესულ პარტიებს საპარლამენტო მანდატის გამოყენება შეძლებოდათ და მეტად გაძლიერებულიყვნენ, ასევე, ჰქონოდათ დაფინანსება, საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის უფასო პოლიტიკური დრო. თუმცა, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებდა, “ნაცმოძრაობის” დანამატად იქცა. რაც შეეხება დელეგატებს, ბუნებრივია, ცვლილება შეეხება არამხოლოდ “ქართულ ოცნებას”, არამედ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ეს, წესით, თანაბრად მისაღები უნდა იყოს, რადგან ყველას ინტერესია, საზოგადოებას არ დარჩეს განცდა, რომ მათი მუნიციპალიტეტი, თუ რეგიონი, პარლამენტში წარმომადგენლის გარეშე დარჩა. მაჟორიტარი ხარ, თუ არა, პროპროციულ სიაში ხარ, თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებულნი ვართ. აღნიშნული რეგულაცია კიდევ უფრო გაზრდის ანგარიშვალდებულებას კონკრეტულ პოლიტიკოსსა და რეგიონს შორის. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და არავითარი კავშირი რაიმე სხვა ტიპის ზრახვებთან არ აქვს.
_ ცვლილებები ეხება თვითმმართველობის არჩევნებსაც, სადაც მეორე ტური აღარ ჩატარდება. რატომ უქმდება 40%-იანი ბარიერი და როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?
_ ბარიერის შემოღება 2020 წლის არჩევნებს უკავშირდებოდა. საუბრობდნენ, თითქოს “ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა ის მხარდაჭერა, რაც 2020 წლის არჩევნებში მივიღეთ. ეს უფრო 53%-იანი ბარიერის თემაა. თუ “ქართული ოცნება” ამ ბარიერს ვერ გადალახავდა, მაშინ რიგგარეშე არჩევნები უნდა დანიშნულიყო. მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ გვეუბნებოდნენ, ამხელა მხარდაჭერა არ გაქვთო. ამიტომ შემოვიღეთ ბარიერი და, რა თქმა უნდა, თუ რომელიმე პარტია ამ ბარიერს ვერ გადალახავდა, მეორე ტური დაინიშნებოდა. არჩევნებმა აჩვენა, რომ “ქართულ ოცნებას” მოსახლეობაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს. მათ შორის, ეს გამოჩნდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც. ამიტომ, მეორე ტურისთვის დამატებითი ფინანსების დახარჯვა საჭირო აღარ არის, რადგან, თუ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ გაქვს, საკრებულოებში ისედაც ვერ მოხვდები. ეს განხილვის თემაა, რაც პარლამენტში პირველი მოსმენით გაიმართება სასესიო კვირაში. ბუნებრივია, მოვისმენთ ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის არგუმენტებს. მიღებული გადაწყვეტილება ამომრჩევლებსა და არჩეულებს შორის კომუნიკაციაზე იქნება ორიენტირებული. 2025 წლის არჩევნებისთვის სათანადოდ მოვემზადებით. ვეცდებით, ყველა პირობა, რაც 2021 წელს მივეცით ამომრჩეველს, მაქსიმალურად შევასრულოთ და რეგიონების განვითარებას ხელი მეტად შევუწყოთ.
_ ზურაბიშვილმა საარჩევნო თემაზე შეხვედრა გამართა, სადაც დიასპორისთვის ხმის მიცემის გაადვილების საშუალებებზე ისაუბრა.
_ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ. ამისთვის ყველა პირობა შექმნილია, კანონმდებლობა სრულად არის მოწესრიგებული. თუმცა, ცოტა უცნაურია, საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრეზიდენტის საუბარი იმაზე, რომ დამატებითი საკონსულოები უნდა გაიხსნას _ თითქოს ეს მარტივი პროცედურაა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობებს არ უკავშირდება. ამ საკითხს ვენის კონვენცია არეგულირებს. ყველას, ვინც საკონსულო აღრიცხვას გაივლის, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. ეს არ უკავშირდება ქვეყანაში ლეგალურად თუ არალეგალურად ყოფნას, მთავარია, აღრიცხვაზე ახვიდე. რაც შეეხება უცხოეთიდან ელექტრონულად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ამერიკის არჩევნების შემდგომ მთელ მსოფლიოში ცდილობენ, ელექტრონული ტექნოლოგიები ნაკლებად გამოიყენონ რადგან ეს უსაფრთხო არ არის. ჩვენს შემთხვევაში, როცა ელექტრონულ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ არც ვერიფიკაციის აპარატი და არც სკანერი ინტერნეტთან დაკავშირებული არ არის. ამ თვალსაზრისით, 2024 წლის არჩევნები უსაფრთხო იქნება. თუმცა, ელექტრონულად ხმის მიცემა უფრო მეტი პრობლემაა, ვინაიდან დიდია ჰაკერულად ჩარევის საფრთხეები. ამასთან, ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, რომ ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამიტომ ქვეყნის გარეთ ამ ყველაფრის ორგანიზება ცოტა რთული იქნება. საკმაოდ გაზრდილია ჩვენი მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც საკონსულო აღრიცხვა გაიარეს და წინა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. ასეთი ემიგრანტების რიცხვი თითქმის გაორმაგებულია. მათ ახლაც მოვუწოდებთ, იაქტიურონ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს მნიშვნელოვანია მათთვისაც და ჩვენთვისაც. შენი ქვეყნის პროცესებში ჩართულობა საარჩევნო უფლებაა. ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია.
_ 27 ოქტომბერს ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად თუ გამოაცხადებს, ამ ყველაფერს რა მოჰყვება?
_ ეს სცენარი არსებობს. ასე იყო წინა წლებშიც და 2024 წელსაც ამ გეგმას მიჰყვებიან, რაშიც ჩართულია პრეზიდენტიც, ენჯეოებიც, ოპოზიციაც, მედიის ნაწილიც. თუმცა, მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი და რამდენად დაიჯერებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა ან ვინმემ მათ საარჩევნო უფლება წაართვა. ზურაბიშვილის შეფასებას არც სამართლებრივი, არც სხვა სახის შედეგი არ და ვერ მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რას იტყვის ეუთო-ოდირი, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა და არჩევნებს დააკვირდება. ასევე, “აირაის” და “ენდიაის” გრძელვადიანი დამკვირვებლები უკვე შვიდი თვით ადრე, პროცესებს ადგილზე აკვირდებიან. მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებიც, მაგრამ მთავარია, რა განცდა ექნება საზოგადოებას. არ მგონია, ზურაბიშვილის მოწოდებას, არჩევნები გაყალბდა და ქუჩაში გამოდითო, შედეგი მოჰყვეს. ოპოზიციას ვურჩევ, 26 ოქტომბრისთვის მოემზადოს, რადგან 27 ოქტომბრისთვის მზადებას არანაირი აზრი არ აქვს. ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ქართული სახელმწიფო, ხალხი არეულობას, დესტაბილიზაციას, სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს. ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა გვჭირდება.
_ ბატონო ლადო, არჩევნებისთვის სააკაშვილიც ემზადება. მან ნაცების “ბორდს” უნდა უხელმძღვანელოს.
_ სააკაშვილს შევახსენებ, რომ უკრაინის მოქალაქეა და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ამას მანამდეც აკეთებდა, როცა უკრაინაში იყო _ იქიდან აქციებზე ერთვებოდა და კონსტიტუციას არღვევდა. ახლაც, როცა ქვეყანაში შემოიპარა და სასჯელს ლუქსში იხდის, იგივეს აგრძელებს. სააკაშვილის ჩართულობის არავის ეშინია. მისი მხარდაჭერა არაერთ არჩევნებზე ვნახეთ და ვიცით, რითაც სრულდება. მან კარგად იცის, რა რეიტინგი აქვს მის პარტიას განსაკუთრებით მას მერე, რაც ხაბეიშვილი გახდა თავმჯდომარე და რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს. ასევე, რა პერსპექტივა აქვს მელია-გვარამიას გაერთიანებას, იგივე გირჩი-ზურაბს, ხოშტარიას, “ლელოს”, გახარიას, რომელიც ნაცებთან აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალურ დონეზე და ა. შ. მიშა უკრაინის მოქალაქეა და მოვუწოდებ: საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ დაარღვიოს!

თამარ შველიძე