საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

აგენტოკრატები – სახელად “ვეტინგი” – საერთო მედია
მაისი 19, 2024

აგენტოკრატები – სახელად “ვეტინგი”

 

“ჩვენი გენიალური კინოშედევრი “გიორგობისთვე” ხომ გახსოვთ? ამა და იმ თვის ჩამოსხმულ ღვინოს არც თქვენ გაეკაროთო და ახლობლებიც გააფრთხილეთო. იგივე შემიძლია ვთქვა “მოსამართლეებად” წოდებულ ამ ხუთეულზე (საკრალური რიცხვი) – თქვენც ეცადეთ, ისე წესიერად იცხოვროთ და თქვენი ახლობლებიც დაარწმუნოთ ამაში, რათა ამ ხუთეულის ხელში არ მოხდეს თქვენი ბედის გადაწყვეტა.
ეს არის ხუთეული, რომელიც თქვენს ბედში კი არა, საკუთარ კეთილსინდისიერებაში და პროფესიონალიზმშია დაეჭვებული იმდენად, რომ მოსამართლეებად საკუთარი თავის არჩევასაც ე. წ. “ვეტინგის” სისტემით უცხოელებს ანდობენ. ესენი არიან კოლონიზატორების წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები, რომლებიც აქამდეც და დღეიდან მით უმეტეს – თითოეულ განსახილველ საქმეზე იმ განაჩენს გამოიტანენ, რასაც მათ აგენტოკრატები უბრძანებენ.
თავისი აღიარებითი ჩვენებით, ქვეყნის ბედში, მის სუვერენიტეტში ეს ხუთეული ვერანაირ ფატალურ ცვლილებას ვერ შეიტანს, გარდა იმ აუცილებელი თვითლუსტრირებისა, როდესაც მათთვის უცხო სამშობლომ უნდა უწყოდეს საკუთარი ანტიგმირების შესახებ – რომელი სფეროს წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი. ეკლესიური ტერმინით შევეგებოთ ამ მორიგ მარიონეტებს: ანაქსიოს!” _ დავით ქართველიშვილი.

რა არის ვეტინგი და როგორ იმუშავა იქ, სადაც ეს სისტემა საჭიროდ მიიჩნიეს და, ნებით თუ ზეწოლით, თანხმობასაც მიაღწიეს, ამის შესახებ უკვე მრავალჯერ ითქვა. ამდენად, აღარ განვაზოგადებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რასაც მოქალაქეობრივი გუმანი მარტივად მეუბნება – ესენი 1993 წელში ჩარჩნენ!
პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა იქნებოდა, მოსამართლე ვყოფილიყავი და ვიღაც გადამთიელს ეთქვა, ახლა მე უნდა შეგამოწმო ქართველო მოსამართლევ, კეთილსინდისიერი ხარ თუ არაო.
ელემენტარულია, მე ხელფასს ქართველი ხალხი მიხდის და მან უნდა განსაზღვროს ჩემი კეთილსინდისიერებაც და სხვა, ნებისმიერი მხარეც და არა ვიღაცამ, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ მე და იმ ვიღაცას (პირთა წრეს) ერთმანეთი გვჭირდება, ერთმანეთს ჩავებმებით.
ვინაიდან, რატომღაც, უცხოელები ჩემზე მაღლა მდგომებად მიიჩნევიან, მაშასადამე, ისინი მიმითითებენ, როგორ უნდა განვსაზღვრო სამართალი, სანაცვლოდ კი გამოხრულ ძვალზე უკეთეს რამეს მივიღებ _ ვეტინგის ნდომასთან დაკავშირებით, სხვა აზრი არ მრჩება.
როდესაც დამოუკიდებლობა გაქვს მოპოვებული, რატომღა უნდა გინდოდეს ვიღაცის ყურმოჭრილი ყმობა?!
ასეთი ყურმოჭრილი ყმები პრეზიდენტებად რომ დაგვისვეს და დღემდე ასეთი გვიზის, ისიც კი აუტანელია და ახლა კიდევ ყურმოჭრილი მოსამართლეები გვინდა? ადამიანთა იმავე წრეს კი უნდა, რადგან მათთვის, ამ ტანდემის, ყურმოჭრილი პრეზიდენტისა და მოსამართლეების თანაარსებობის რამდენიმე თვეც საკმარისია, რადგან მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე ბოგანო ჰყავთ დასახსნელი. მოშიაშვილის შემთხვევაა, მე იმდენი რამე ვიცი, ცოტა ხანში ბადრაგი შემოვა და დაიძახებს, მოშიაშვილი, ს ვეშჩამიო.
ზოგადად, ჯერ ისედაც რას ჰგავს ქართული სასამართლო სისტემა! იშვიათი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მართლაც რომ არ ჰგავს სასამართლოს, პირადად ვიწვნიე საკუთარ თავზე და ამას ერთხმად ამტკიცებს ადვოკატთა კორპუსი, მაგრამ ეს ქვეყნის შიდა პრობლემაა და არა გარედან ვიღაცების დასალაგებელი.
ასე ხელჰყვეს შსს და ისიც რას დაამსგავსეს, დადასტურებულად დამნაშავე(ები)სთვის უბატონოდ ხმა ვერ გაუციათ, სამაგიეროდ, გენდერული პოლიცია წარმატებით ჩამოაყალიბეს _ გენდერული ნიშნით, ყოველგვარი მტკიცებულებისა და მოწმეების გარეშე ხელყოფენ ადამიანის უფლებებს, მათ “მონაპოვარს” კი უსიტყვოდ ამყარებს გენდერული სასამართლო. შერჩევითი სამართლის ქვეყანა გვაქვს და ეს სასწრაფოდ დასალაგებელია, თუმცა ჩვენ არ აგვირევია, გარედან აგვირიეს სხვებმა და მათი არეული ჩვენ უნდა დავალაგოთ.
ერთი, კარგად გადახედეთ, მხოლოდ მე ხომ არ ვხედავ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ისედაც სავალალო მდგომარეობაში ჩააგდეს გარედან ყურით მოთრეული ვითომ რეფორმებით და ახლა ახალი შტურმი დაიწყეს გარედან მხარდაჭერილმა ადგილობრივმა გოშიებმა? _ მიხეილ სააკაშვილს რომ დაუძახებენ “ს ვეშჩამიო”, უფრო კარგად დაინახავთ; კიდევ რომ გადაწვავენ რუსთაველის პროსპექტს და პასუხს არავინ აგებს, უკეთ დაინახავთ;
ცოცხლად კიდევ რომ დაუპირებენ პოლიციელებს დაწვას და მხოლოდ ერთ ვინმე უბირს დააკავებენ მხოლოდ, დაინახავთ;
ევროკავშირის დროშის დაწვის გამო რომ ზოგს ექვს წელს მიუსჯიან და ზოგს ჯარიმას აკმარებენ, დაინახავთ და ა. შ. მეტი რაღა ჩამოვთვალო…
ამდენად, საქართველოს სასამართლოს დაპყრობის გეგმა ღიად კოდური სახელწოდებით “ვეტინგი”, მისმა მსურველებმა უკვე სახეზე აიკრეს და ბედნიერება ვუსურვოთ, ჩვენ კი, იქნებ, რამენაირად ჩვენით მოვახერხოთ ქვეყნის მთავარი ქვაკუთხედის მთავარი საყრდენებიდან შსს-ისა და სასამართლოს დალაგება.
შსს-ის უსამართლობით გაწამებულ ადამიანს იქნებ, პირუთვნელმა და სამართლიანმა სასამართლომ უშველოს და პირიქით, შსს-მ თავსმოხვეული გენდერული ნიშნით, მტკიცებულების გარეშე მაინც არ მოახვედროს გენდერულ სასამართლოში უდანაშაულო ადამიანი (ახლახან საპატიმროში ავადმყოფი ადამიანის გარდაცვალება ხომ ამ ორივე უწყებას ადევს მხრებზე ცოდვად! რამდენი ასეთია კიდევ, ხალხს გვკითხეთ, თუ ადვოკატი დაცვის გამო მხარედ ითვლება).
არანორმალური ვითარებაა ქვეყანაში და ამის თქმა და აღიარება იმავე სტრუქტურებიდან არავის უნდა!
ვეტინგის მსურველი ყველა შესამოწმებელი მოსამართლის ვინაობა არ მაინტერესებს, მათში რომ ეკატერინე გასიტაშვილი აღმოჩნდა, ჩემთვის ესეც საკმარისია. ძაღლის ნაკბენივით მახსოვს იმ ორი მოსამართლის ვინაობა, რომელთაც ჩემს ოჯახს საბოლოოდ გადაუწყვიტეს, რომ მათი უპასუხისმგებლობის გამო აღარ გვქონდეს მამაპაპისეული კარ-მიდამო.
რომ ვამბობ, მთლიანად სასამართლო სისტემაა ძირგამომპალი, მოსამართლეები კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მცონარები-მეთქი, ცილს კი არ ვწამებ, ნამდვილად ასეა. შეიქმნას რაღაც, კომისიის მსგავსი და შეამოწმონ მოსამართლეები, ნახავთ, რამდენი ვადაგადაცილებული საქმე უდევთ, რომელთა განხილვაზე აღარაფერს ვამბობ, წაკითხულიც კი არ აქვთ!
პირად მაგალითს გიამბობთ მოკლედ.
ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ და თბილისში ცხოვრობდა ჩემი მამამთილიც, რომელიც წარმოშობით მარტვილის რაიონიდან იყო. მისი გარდაცვალებიდან 4-5 წლის შემდეგ (ფოტოები მაქვს, ბავშვი რამხელაა იმ დროს და როგორ დაცუნცულებს წინაპრების მიწაზე), როდესაც უკვე იმის საშუალება გვქონდა, რომ სოფლისთვის მიგვეხედა, აღმოჩნდა, რომ რომელიღაც თანასოფლელი სარგებლობდა ჩვენი საკუთრებით. მოვიძიეთ, მაგრამ სოფელში არ იყო არც თვითონ და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი. ჩვენმა მეზობლებმა გვითხრეს, ლოთი ქმარი ჰყავს და ამჟამად შვილიანად დედულეთშია გაქცეულიო.
გადავაწყვიტეთ ჩვენი საკუთრების დარეგისტრირება. აღმოჩნდა, რომ მარტვილის რაიონის არქივი დამწვარა, იუსტიციის სახლში კი მარტვილის რაიონთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტი არ აღმოჩნდა. თანასოფლელებმა თქვეს, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ თვითონაც. მოკლედ, ვერაფრით ვამტკიცებდით ჩვენს კანონიერ უფლებას ჩვენს საკუთრებაზე და, შესაბამისად, ვერც ვირეგისტრირებდით, არაფერს ნიშნავდა არც მომიჯნავე მეზობლებისა და სოფლის გამგებლის ხელმოწერები, რომ ნამდვილად ჩვენი საკუთრება იყო. საუბარია 4181 კვ.მ მიწის ნაკვეთზე!
ამასობაში დრო გადიოდა. ზღვაზე დასვენების შემდეგ გავივლიდით ხოლმე, ადრეული შემოდგომის ნობათს მოვკრეფდით და მოვდიოდით. ერთ-ერთ ჩასვლაზე, როგორც იქნა, ვნახეთ ის თანასოფლელი ქალი, რომელმაც გვთხოვა, მადროვეთ, ჩემი შვილი თურქეთშია სამუშაოდ და მის გარეშე ვერაფერს ვიზამო. რა უნდა ქნა, ქალბატონო, აიღეთ თქვენი მოსავალი და კარგად ბრძანდებოდეთ. იმის გამო გეძებდით, რომ სამომავლოდ აღარ გაისარჯოთ სხვისი მიწის დამუშავებაზე ტყუილად-მეთქი. ის ლოთი ქმარი არ გვინახავს, მაგრამ ამ ქალის შვილმა მომდევნო წელს 20 000 აშშ დოლარი მოგვთხოვა ჩვენივე ნაკვეთის უმტკივნეულოდ დატოვებაში.
აქედან დაიწყო ჩემი და სასამართლოების შეხება.
არცერთ მოსამართლეს საქმე არ ჰქონდა წაკითხული!
მანამდე, დრო რომ გადიოდა და სასამართლო არ ინიშნებოდა, მრავალგზის მივმართეთ მოსამართლეს (სენაკი), მაგრამ ჩამიჩუმი არ იყო. ვადაც გადიოდა, ამიტომ თბილისში დავასმინეთ. იქამდე გასუსულმა და დამალულმა მოსამართლემ მყისიერად გამოიტანა განაჩენი და ჩვენი მამა-პაპის ნაშრომ-ნაჯაფი იმ ქალს არგუნა. გავასაჩივრეთ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დარწმუნებული რომ ვიყავი ნორმალურად გადაწყვეტაში, აღმოჩნდა, რომ მოსამართლეს საქმე წაკითხული არ ჰქონდა (მოსამართლეების ვინაობებს არ ვწერ, რამე რომ არ გავაფუჭო) და პირველი ინსტანციის გამოტანილი დასკვნა გაიმეორა.
საქმის მთელი აბსურდი ის არის, რომ მარტვილის არქივი დამწვარია. არც მე და არც იმ ქალს არანაირი საბუთი არ გვაქვს იმის დასტურად, რომ აღნიშნული ფართობი ჩვენია. მე ორი მომიჯნავე მეზობელი მყავს მოწმეებად, რომ ჩემია, მაგრამ რატომღაც, თურმე სადღაც, სოფლის სხვა მხარეს მცხოვრები იმ ქალისაა!
მივედი უზენაეს სასამართლომდე. ისევ გამამტყუნებელი განაჩენი და ისევ იმის აღმოჩენა, რომ მოსამართლეს არათუ ნაფიქრი და განსჯილი, საქმე წაკითხულიც კი არ აქვს. ამ დროს ჩემმა მულმა საიდანღაც ამოაძვრინა ანდერძი, სადაც გარკვევით წერია, რომ აღნიშნული ქონება ჩემი მამამთლისაა. ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო კვლავ მიბრუნდა საქმე სასამართლოებში და ისევ უსაქმური მოსამართლეები, რომლებიც ჩივილის გამო მტრად მოკიდებული სენაკის მოსამართლის თავდაპირველ გადაწყვეტილებას ეყრდნობიან კოლეგიალურად და თავს არ იწუხებენ, რომ თვითონ გაერკვიონ საქმეში.
ჯერ ხომ რამდენი დრო გავიდა 2016 წლიდან, ამას კიდევ ის დაემატა, რომ უზენაეს სასამართლოში ორ უსაქმურს _ ეკატერინე გასიტაშვილსა და ნინო ბაქაქურს გადავეყარე.
ეკატერინე გასიტაშვილი ვინც აღმოჩნდა, თვითონვე განაცხადა, ვეტინგ-მოსამართლე, რომელიც დაეჭვებულია საკუთარ კეთილსინდისიერებაში, მაგრამ რით ჩამორჩება მას ნინო ბაქაქური, რომელზეც გასულ წელს ხმაური ატყდა?
“მოსამართლე ნინო ბაქაქური წლებია, დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს არ წერს და აბუჩად იგდებს მხარეს და მის წარმომადგენელს. 2017 წლიდან 2022 წლის ივნისამდე, მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზე”, _ ამბობდა ბატონი ზურაბ ქადაგიძე საკუთარ განცხადებაში. საუბარი იყო ნინო ბაქაქურის მხრიდან უპრეცედენტო გულგრილობასა თუ აგდებულ დამოკიდებულებაზე.
2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისის მდგომარეობით, კანონით განსაზღვრული 6 თვის ვადის პირობებში, 2 წლის ვადის დარღვევით განხილული აქვს 200 საქმე; 3 წლის ვადის დარღვევით _ 20 საქმე; ერთ წელზე მეტი ვადის დარღვევით _ 308 საქმე. ჯამში, ვადის დარღვევით განიხილა 560 საქმე, სადაც 45%-ზე მეტ საქმეზე საქმის განხილვის ვადის დარღვევამ შეადგინა 2 წელი ან მეტი.
ისღა დამრჩა, ამ მაწაკების გამო საქართველოს ვუჩივლო სტრასბურგში…
რატომ?! რატომ?!
P.S. ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა ნატა წნორიაშვილმა, დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, იტალიაში წაიყვანა სამი მოსამართლე: ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე, თამარ ხაჟომია. მოწოდებული ინფორმაციით, ისინი ხუმრობდნენ, რომ თან ჰყავდათ „მოსამართლე-ალიბი“. როგორც ჩანს, “ალიბი” მათთან ერთად მყოფი მოსამართლე თამარ ჩიხლაძეა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რატომ არის ეს მოსამართლე „ალიბი“.

მაია ჭელიძე